უკეთესი მეგობრები ხომ არ მჭირდება?
ახალგაზრდების შეკითხვები
უკეთესი მეგობრები ხომ არ მჭირდება?
„როცა გაბრაზებული ვარ, მინდა ვინმეს გული გადავუშალო; როცა დამწუხრებული ვარ, მინდა ვინმემ მანუგეშოს; როცა გახარებული ვარ, მინდა ჩემი სიხარული სხვასაც გავუზიარო. მეგობრის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ (ბრიტნი).
ამბობენ, რომ ბავშვს ისეთი ვინმე სჭირდება, ვინც ეთამაშება, ზრდასრულ ადამიანს კი მეგობარი სჭირდება. რა სხვაობაა მათ შორის?
ბავშვები, რომლებიც ერთად თამაშობენ, უბრალოდ, ერთად ატარებენ დროს.
ადამიანები, რომლებიც მეგობრობენ, ერთმანეთის ფასეულობებსაც იზიარებენ.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ამ მუხლში ისეთ მეგობრობაზეა საუბარი, რომელიც დროის ერთად გატარებაზე გაცილებით მეტს მოიცავს!
ფაქტია: რაც უფრო იზრდები, უფრო მეტად გჭირდება მეგობრები, რომლებიც
1) სასურველ თვისებებს ავლენენ.
2) მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ.
3) დადებით გავლენას ახდენენ შენზე.
კითხვა: როგორ უნდა მიხვდე, არიან თუ არა შენი მეგობრები ასეთები? განვიხილოთ მეგობრობისთვის საჭირო ზემოხსენებული სამი ფაქტორი.
ფაქტორი #1 — სასურველი თვისებები
რა უნდა იცოდე: ყველა, ვინც ამბობს, რომ კარგი მეგობარია, შესაბამისად არ იქცევა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „არიან მოძმეები, რომლებიც ერთმანეთის გასაგლეჯადაც კი მზად არიან“ (იგავები 18:24). შესაძლოა ფიქრობ, რომ ეს გაზვიადებულია, მაგრამ დაფიქრდი: გყოლია ისეთი „მეგობარი“, რომელიც შენს გამოყენებას ცდილობდა ან შენს ზურგს უკან ლაპარაკობდა და ჭორებს გივრცელებდა? ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება სხვებისადმი ნდობა დაგიკარგოს. * გახსოვდეს, რომ ბევრი ორგული მეგობრის ყოლას ჯობია, ცოტა მეგობარი გყავდეს, მაგრამ ერთგული!
რა უნდა გააკეთო: აირჩიე ისეთი მეგობრები, რომელთაც მისაბაძი თვისებები ექნებათ.
„ჩემს მეგობარ ფიონას ყველა დადებითად ახასიათებს. მინდა, რომ ჩემზეც ასე ლაპარაკობდნენ და ისეთივე რეპუტაციით ვსარგებლობდე, როგორითაც ის. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იქნებოდა“ (ივეტი, 17 წლის).
სავარჯიშო:
1. წაიკითხე გალატელების 5:22, 23.
2. ჰკითხე საკუთარ თავს: «ავლენენ ჩემი მეგობრები „სულის ნაყოფს“?»
3. ქვემოთ ჩამოწერე ახლო მეგობრების სახელები და ერთი-ორი სიტყვით დაახასიათე ისინი.
სახელი დახასიათება
․․․․․ ․․․․․
․․․․․ ․․․․․
․․․․․ ․․․․․
მინიშნება: თუ მეგობრების დახასიათებისას უფრო მეტად უარყოფითი მხარეები გახსენდება, დროა უკეთესი მეგობრები ეძებო!
ფაქტორი #2 — მაღალზნეობრივი ნორმები
რა უნდა იცოდე: თუ შენს მეგობრებს ბევრი ცუდი თვისება აქვთ, დიდი ალბათობაა, რომ მალე შენც მათ დაემსგავსები. ბიბლია ამბობს: „სულელებთან საქმის დამჭერი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „სულელი“ არ მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანი უინტელექტოა. აქ საუბარია იმაზე, რომ ასეთი ადამიანი არ ითვალისწინებს გონივრულ რჩევას და უგუნურად იქცევა. ასეთ მეგობრებთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს!
რა უნდა გააკეთო: იყავი გონიერი და ნუ დაუმეგობრდები ყველას, ვინც შენთან ურთიერთობას მოისურვებს (ფსალმუნი 26:4). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ეჭვის თვალით უყურო. ამით იმის თქმა გვინდა, რომ არ უნდა დაკარგო გარჩევის უნარი, რათა ‘დაინახო განსხვავება მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას’ (მალაქია 3:18).
ღმერთი მიკერძოებული არ არის, მაგრამ ვინც მის მოსაწონად არ იქცევა, არ აძლევს უფლებას, რომ ‘ესტუმროს კარავში’ (ფსალმუნი 15:1—5). მეგობრების არჩევისას შენც ასე მოიქეცი. იცხოვრე მაღალზნეობრივი ნორმებით და ისეთი ადამიანები დაგიმეგობრდებიან, რომლებიც ცდილობენ ღვთისმოსაწონად მოიქცნენ. ისინი საუკეთესო მეგობრობას გაგიწევენ.
„მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ სულიერად მოწიფული მეგობრების არჩევაში დამეხმარნენ“ (ქრისტოფერი, 13 წლის).
სავარჯიშო:
უპასუხე კითხვებს:
მეგობრებთან ყოფნისას ხშირად ხომ არ ვიძაბები იმის გამო, რომ შეიძლება არასწორი საქციელისკენ მიბიძგონ?
□ დიახ □ არა
▪ თავს ხომ არ ვიკავებ იმისგან, რომ მშობლებს ჩემი მეგობრები გავაცნო, რადგან მათ შეიძლება არ მოეწონოთ ისინი?
□ დიახ □ არა
მინიშნება: თუ ორივე კითხვას დადებითად უპასუხე, დროა, ისეთი მეგობრები მოძებნო, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. მეგობრებად შეგიძლია შენთან შედარებით უფროსი ადამიანები აირჩიო, რომლებიც კარგ ქრისტიანულ მაგალითს იძლევიან.
ფაქტორი #3 — დადებითი გავლენა
რა უნდა იცოდე: ბიბლიაში ნათქვამია: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ერთი გოგონა, ლორენი ამბობს: „თანაკლასელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმიღებდნენ თავიანთ სამეგობროში, თუ იმას გავაკეთებდი, რასაც მეტყოდნენ. თავს გარიყულად ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე, მათსავით მოვქცეულიყავი“. ლორენს გამოცდილებამ დაანახვა, რომ ადამიანი თუ სხვისი ნორმებით ცხოვრობს, მას ისე ათამაშებენ, როგორც ჭადრაკის პაიკს. ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებ!
რა უნდა გააკეთო: ყველანაირი კავშირი გაწყვიტე მათთან, ვინც ცდილობს, თავისნაირი გაგხადოს. თუ ასე მოიქცევი, ეს შენთვის კარგი იქნება. ამგვარად შენ შეძლებ უკეთესი მეგობრების შეძენას, რომლებიც შენზე დადებით გავლენას მოახდენენ (რომაელები 12:2).
„ჩემი უახლოესი მეგობარი კლინტი გაწონასწორებული და შეგნებული ადამიანია. მასთან ურთიერთობა ძალიან მამხნევებს“ (ჯეისონი, 21 წლის).
სავარჯიშო:
ჰკითხე საკუთარ თავს:
▪ მეგობრების გულის მოსაგებად ხომ არ შევიცვალე ჩაცმულობა, მეტყველება ან საქციელი?
□ დიახ □ არა
▪ ხომ არ დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც, მეგობრები რომ არა, არასდროს წავიდოდი?
□ დიახ □ არა
მინიშნება: თუ ორივე კითხვას დადებითად უპასუხე, რჩევისთვის მშობლებს ან სხვა გაწონასწორებულ ადამიანს მიმართე. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, ჰკითხე ქრისტიან უხუცესს, როგორ აირჩიო კარგი მეგობრები.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
^ აბზ. 14 ცხადია, შეცდომებს ყველა უშვებს (რომაელები 3:23). ამიტომ, თუ მეგობარმა გული გატკინა, მაგრამ შემდეგ გულწრფელად მოგიბოდიშა, ნუ დაგავიწყდება, რომ „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).
დაფიქრდი
▪ ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასებ მეგობარში და რატომ?
▪ რომელი თვისებები უნდა განივითარო, რომ უკეთესი მეგობარი იყო?
[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]
შენი თანატოლები ამბობენ . . .
„როცა მშობლებს სურდათ, მეგობრების გარკვეულ წრეს ჩამოვშორებოდი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ მათთან მინდოდა მეგობრობა. მშობლებს კარგი უნდოდათ ჩემთვის, ამიტომ ერთხელაც სერიოზულად დავფიქრდი მათ რჩევაზე და მივხვდი, რომ შემეძლო უკეთესი მეგობრები შემეძინა“ (კოული).
„ქრისტიანული მსახურება მეხმარება, რომ კრების წევრები უკეთ გავიცნო. ახალგაზრდებთანაც მაქვს ურთიერთობა და ხანდაზმულებთანაც. ასე რომ, დროს იმ ხალხთან ვატარებ, ვისაც იეჰოვა უყვარს“ (ივეტი).
„ვლოცულობდი, რომ მეგობრები მყოლოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ამისთვის არაფერს ვაკეთებდი. გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო ინიციატივა და კრების წევრებთან საუბარი წამომეწყო. მალე ბევრი მეგობარი შევიძინე. ამის შემდეგ თავი მარტოდ აღარ მიგრძნია“ (სემი).
[ჩარჩო 20 გვერდზე]
გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:
დაელაპარაკე მშობლებს მათი ახალგაზრდობის მეგობრებზე. ჰკითხე, როგორი მეგობრები ჰყავდათ შენს ასაკში. ხომ არ ნანობენ, მათთან რომ მეგობრობდნენ? თუ ნანობენ, რატომ? ჰკითხე, როგორ შეგიძლია აირიდო ის პრობლემები, რომლებიც მათ ჰქონდათ.
გააცანი მშობლებს შენი მეგობრები. თუ ამის სურვილი არა გაქვს, ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ ვერიდები ამის გაკეთებას?“ ხომ არ ახასიათებთ მათ ისეთი რამ, რაც შენს მშობლებს არ მოეწონებათ? თუ ასეა, მაშინ მეტი დაკვირვება გმართებს მეგობრების არჩევისას.
[ჩარჩო 20 გვერდზე]
სამი რჩევა კარგი მეგობრობის შესანარჩუნებლად
▪ იყავი კარგი მსმენელი. დაინტერესდი შენი მეგობრის კეთილდღეობითა და გასაჭირით (ფილიპელები 2:4).
▪ იყავი მიმტევებელი. სრულყოფილებას ნუ მოელი. „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).
▪ თავს ნუ მოაბეზრებ. აუცილებელი არ არის დღე და ღამე ერთად იყოთ. ნამდვილი მეგობარი საჭირო დროს შენ გვერდით იქნება (ეკლესიასტე 4:9, 10).
[სურათი 18, 19 გვერდებზე]
თუ სხვისი ნორმებით ცხოვრობ, ისე გათამაშებენ, როგორც ჭადრაკის პაიკს