ჩემი პატარა ვარდისფერი წიგნი
ჩემი პატარა ვარდისფერი წიგნი
მოგვითხრო სინტია ნიუელმა
შვიდი წლის ვიყავი, როცა შრივპორტის (ლუიზიანა, აშშ) სკოლის ავტობუსში ერთმა გოგონამ მაჩვენა წიგნი „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. მან მითხრა, რომ წიგნს მომცემდა, თუ 50 ცენტს გადავუხდიდი. ის ჩემთან სახლში მოვიდა და წიგნის საფასური მივეცი.
ეს პატარა ვარდისფერი წიგნი ძალიან შემიყვარდა. ცოტა ხანში ავად გავხდი და საავადმყოფოში დამაწვინეს. ჩემთვის რომ ესიამოვნებინათ, ოჯახის წევრები ჩემს საყვარელ წიგნს მიკითხავდნენ. როცა წამოვიზარდე, ამ წიგნს იშვიათად ვკითხულობდი, რადგან ის, ძირითადად, ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. წიგნიდან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა უფრო მეტის გაგების სურვილი მქონდა. ამიტომ ყოველკვირა სხვადასხვა ეკლესიაში დავდიოდი, რათა ჩემს კითხვებზე ბიბლიიდან მიმეღო პასუხები. სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერსად მივიღე.
მაღალ კლასებში რელიგიისადმი ინტერესი გამინელდა, თუმცა ბიბლიას რეგულარულად ვკითხულობდი. ერთ დღეს შევამჩნიე, რომ ჩემი კლასელი პატრიოტულ ცერემონიალში მონაწილეობას არ იღებდა. როცა მიზეზი ვკითხე, მან მიპასუხა: „მე უკვე იეჰოვას აღვუთქვი ერთგულება, ამიტომ ერთდროულად ვერ ვიქნები ღვთის ერთგულიც და დროშისაც!“ მისი პასუხი ლოგიკური იყო, მაგრამ დამაინტერესა, ვინ იყო იეჰოვა?
ყველა კითხვაზე ის ბიბლიიდან მპასუხობდა. ბოლოს ვკითხე, საიდან იცოდა ამდენი ბიბლიიდან, ჩვენ ხომ ერთი ასაკისა ვიყავით. მან მიპასუხა: „ბიბლიას სამეფო დარბაზში ვსწავლობ“. მან კვირას შეხვედრაზე დამპატიჟა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩვენს ქალაქში თითქმის ყველა ეკლესიაში ვიყავი ნამყოფი, მაგრამ, რატომღაც, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში არასოდეს მივსულვარ. იმ დღესვე დავრწმუნდი, რომ სწორედ აქ ასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
შეხვედრის შემდეგ ლიტერატურის თაროსთან მივედი და ჩემი პატარა ვარდისფერი წიგნი დავინახე. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს წიგნი მივიღე და აღარც კი მახსოვდა, ვინ იყო ის პატარა გოგონა, ვინც ეს წიგნი მომცა. მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ ეს ნენსი იყო, რომელმაც კრების შეხვედრაზე დამპატიჟა.
დავიწყე ბიბლიის შესწავლა და სწრაფად წავიწიე წინ სულიერად. პატარა ვარდისფერი წიგნიდან იმდენი მქონდა ნასწავლი, რომ შესწავლის დროს ბიბლიური საკითხების გაგება არ მიჭირდა. მალევე მივუძღვენი
თავი იეჰოვას და 1985 წელს, 18 წლის ასაკში მოვინათლე. ამასობაში ნენსი ფლორიდაში გადავიდა და ერთმანეთი დავკარგეთ.რამდენიმე წლის შემდეგ გავთხოვდი. 1991 წელს მე და ჩემმა მეუღლემ, დრუმ ტეხასის ერთ პატარა ქალაქში პიონერად მსახურება დავიწყეთ. ნენსიზე არაფერი ვიცოდი. ერთ საღამოს 1992 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკს“ ვკითხულობდი, უცბად სიხარულისგან შევყვირე: „ნენსი ვიპოვე! ნენსი ვიპოვე!“ ის გალაადის სკოლის ახალკურსდამთავრებულთა სურათში ვნახე. ნენსი და მისი მეუღლე ეკვადორში (სამხრეთი ამერიკა) დანიშნეს მისიონერებად.
2006 წელს მე და ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმეთა სამშენებლო პროექტებზე საერთაშორისო მშენებლებად დაგვნიშნეს. ძალიან გაგვიხარდა, როცა გავიგეთ, რომ ეკვადორის ფილიალის გაფართოებაზე ვიმუშავებდით. იქ ჩასვლის დღესვე შემთხვევით შევხვდი ნენსის, რომელიც ფილიალში სტუმრად იყო მოსული. სიხარულისგან ერთმანეთს გადავეხვიეთ. 32 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ნენსიმ წიგნი მომცა. მადლობას ვუხდი იეჰოვას ვარდისფერი წიგნისთვის და იმ პატარა გოგონასთვის, რომელმაც ეს წიგნი შემომთავაზა!
[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]
ისინი მილიონების გულს შეეხო
1971 წელს გამოიცა წიგნი „უსმინეთ დიდებულ მასწავლებელს“. 32 წლის შედეგ, 2003 წელს გამოიცა ამ წიგნის ახალი ვერსია სათაურით „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. დღეისთვის ამ ორივე წიგნის 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარია დაბეჭდილი 100-ზე მეტ ენაზე. ამ წიგნებში განხილულია იესოს სწავლებები. თქვენ შეგიძლიათ იეჰოვას მოწმეებს სთხოვოთ, მოგიტანონ წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“.
[სურათები 23 გვერდზე]
ჩანართი: სინტიასა და ნენსის ბავშვობის სურათები
სინტია
ნენსი
ფონი: ეკვადორის ბეთელთან წლების შემდეგ