ვინ დგას თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე?
ვინ დგას თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე?
ღილაკზე თითის დაჭერა და სასწრაფო დახმარების მანქანის თავზე მომენტალურად ირთვება სირენა, რომლის მოციმციმე სინათლე გზადაგზა მანქანებსა თუ შენობებზე აირეკლება. სირენის გამკივან ხმაზე მანქანები და ქვეითად მოსიარულეები გზას გვითმობენ, ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანა გასაჭირში მყოფი ადამიანის საშველად მიქრის.
უკვე ოც წელზე მეტია, რაც მაშველად ვმუშაობ — გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ვუწევ ავადმყოფებსა და დაშავებულებს. * ყოველი სამუშაო დღე სავსეა მოულოდნელობებით. რა შემთხვევას არ შევსწრებივარ — ორდინარულს თუ არაორდინარულს, ბედნიერი დასასრულით თუ ენით აუწერელი ტრაგედიით დამთავრებულს.
ხალხის სამსახურში
კანადის ჯანდაცვის სისტემაში მაშველების საქმე უმნიშვნელოვანესად ითვლება. კვალიფიცირებულ სამედიცინო დახმარებას, რითაც ისინი ხალხს უზრუნველყოფენ, არაერთი ადამიანის მდგომარეობა შეუმსუბუქებია და არაერთის სიცოცხლე გადაურჩენია. *
ბევრგან მაშველები ხალხის სამსახურში ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში არიან. ისინი შეიძლება ექვემდებარებოდნენ მუნიციპალიტეტს, კომერციულ ორგანიზაციას ან საავადმყოფოსთან არსებულ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას. მაშველთა ზოგი ჯგუფი თანამშრომლობს სასწრაფო დახმარებასა თუ სახანძროსთან.
სპეციალურად მომზადებული კაცები და ქალები მყისვე გადიან გამოძახებაზე. ზარი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემოვიდეს. ახლა გავიგოთ, როგორ ეხმარებიან მაშველები ადამიანებს.
ხალხის გადარჩენაში გაწაფულნი
კანადის სხვადასხვა რეგიონში მაშველთა მომზადება განსხვავდება. მაშველის სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა თუ გამოცდილი მედიცინის მუშაკების თანხმობა.
რაც შემეხება მე, გავიარე თეორიული სწავლების კურსი, მქონდა პრაქტიკები საავადმყოფოში თუ სასწრაფო დახმარების გამოძახებისას. ვისწავლე ტემპერატურის და პულსის შემოწმება, სისხლის არტერიული წნევის გაზომვა, სასუნთქი გზების შემოწმება,
ჟანგბადის მიწოდების ხელსაწყოების გამოყენება, კარდიოპულმონარული რეანიმაცია, სახვევებისა თუ არტაშანის დადება და არტახებით ხერხემლის ფიქსაცია.გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე უშუალოდ კლინიკაში პრაქტიკების დროს, სადაც რამდენიმე საავადმყოფოში 300 საათი ვიმუშავე გადაუდებელი დახმარების, ინტენსიური თერაპიისა და სამშობიარო განყოფილებებში. არასოდეს დამავიწყდება პირველი მშობიარობა, რომელსაც დავესწარი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სასწაულის მომსწრე გავხდი. ამ და სხვა პრაქტიკებმა კარგად მომამზადა სწავლების შემდგომი საფეხურისთვის, კერძოდ, რეალური საგანგებო სიტუაციებისთვის. ამ სამუშაოს ორი გამოცდილი მაშველის მეთვალყურეობის ქვეშ ვასრულებდი და 300-ზე მეტი საათი დავუთმე. მას შემდეგ, რაც ჩავაბარე გამოცდები თეორიასა თუ პრაქტიკაში, მივიღე სამაშველო სამსახურის გადაუდებელი დახმარების თანამშრომლის ასისტენტის სერტიფიკატი.
რამდენიმე წელი სოფლებსა და ქალაქებში ვიმუშავე. მალე გავაცნობიერე, რამდენად საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებდი. ერთხელ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოვიდა მშენებელი გულმკერდის არეში მწვავე ტკივილით. ცოტა ხანში მას გული გაუჩერდა. იმ ექიმებს და ექთნებს ვეხმარებოდი, რომლებმაც მას ჩაუტარეს გულის არაპირდაპირი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, აგრეთვე დეფიბრილაცია და მიაღებინეს მედიკამენტები. რამდენიმე წუთში პაციენტის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო. ამის შემდეგ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მეორე დღეს ამ განყოფილებაში გამაგზავნეს; იქ ექიმმა გამაცნო ერთი ავადმყოფი, რომელიც თავის ცოლს ელაპარაკებოდა. მხოლოდ მაშინ გავიხსენე ეს კაცი, როცა მითხრა: „გახსოვარ? გუშინ სიკვდილს გადამარჩინე!“ ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა.
ჩემი პრაქტიკის ბოლო ეტაპზე თორმეტი საათის განმავლობაში ვიმუშავე ექიმთან — ვაკონტროლებდი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბოლოს ჩავაბარე გამოცდები თეორიასა თუ პრაქტიკაში და მოწინავე მაშველის სერტიფიკატი მივიღე.
მაშველი მუშაობს იმ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც, ჩვეულებრივ, ექიმთა სათათბირო კომისიის წევრია და ადგენს პაციენტის მკურნალობის მეთოდებს. მაშველები საგანგებო სიტუაციების დროს სწორედ ამ მეთოდებით ხელმძღვანელობენ ან პირდაპირი რადიო თუ სატელეფონო კავშირი აქვთ ექიმებთან. ამიტომ ხშირად მაშველებზე ამბობენ, რომ ისინი ექიმის თვალები, ყურები და ხელები არიან. მაშველები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ სახლებში, საზოგადოებრივ შენობებში, ავტოკატასტროფების დროს. ისინი მზად არიან, დაშავებულებს აღმოუჩინონ პირველადი დახმარება, კერძოდ, მიაწოდონ ჟანგბადი, უზრუნველყონ მედიკამენტებით, ჩაუტარონ დეფიბრილაცია, ინტუბაცია და ქირურგიული პროცედურები (იხილეთ ჩარჩო „რა ხერხებს მიმართავენ მაშველები?“, გვერდი 15).
დაძაბულობა და რისკი
მაშველის სიცოცხლეს საფრთხე ყოველდღე ემუქრება, ისინი არაერთ სირთულეს ხვდებიან. მაშველები თავიანთ სამუშაოს ყველანაირ ამინდში, სახიფათო ადგილებსა თუ ვითარებებში ასრულებენ. არც სამაშველო ავტომობილით გამოძახებაზე გასვლაა ყოველთვის უსაფრთხო.
მაშველებს გამუდმებით ემუქრებათ დაავადებული პაციენტების სისხლით ან ნერწყვით დაინფიცირების საშიშროება. უსაფრთხოების მიზნით ჩვენ სპეციალური აღჭურვილობა გვაქვს: ხელთათმანები, ნიღბები, დამცავი სათვალეები და სპეცტანსაცმელი.
პაციენტების გარდა ურთიერთობა გვიწევს დაშავებულის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ
სრულიად უცხო ადამიანებთან, რომელთა რეაქციაც შეიძლება მწვავე და მოულოდნელი იყოს. საშინელებაა, როდესაც სიკვდილი ერთმანეთს აშორებს დიდი ხნის ცოლ-ქმარს. ძალიან რთულია, მეუღლეს შეატყობინო ამის შესახებ. ერთხელ ერთ ქალბატონს ქმრის დაღუპვის ამბავი შევატყობინე. გამწარებულმა დამარტყა, სახლიდან გავარდა და ქუჩაში სასოწარკვეთილი მოთქვამდა. როგორღაც დავეწიე, მან მაგრად ჩამავლო ხელი, მომეხვია და დიდხანს ქვითინებდა.ემოციურად განადგურებულ ადამიანებთან თუ მათთან ურთიერთობა, რომლებიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, თანაგრძნობასა და ტაქტიანობას მოითხოვს. ასეთი ადამიანებისგან ყველაფერს უნდა ელოდო. ჩემი მუშაობის პერიოდში არაერთხელ ვუცემივარ, შეუფურთხებია თუ სხვაგვარი შეურაცხყოფა მოუყენებია იმ პაციენტებს, რომლებმაც თავი ვერ გააკონტროლეს.
ძალიან დაძაბული სამუშაო მაქვს, რომელიც გამუდმებით მოითხოვს სიმძიმეების აწევას, ზოგჯერ მოუხერხებელ მდგომარეობაშიც. უმეტესი დრო მუხლებზე ვდგავარ ან მოხრილი ვარ. მაშველებისთვის უცხო არ არის სხეულის დაზიანებები. ხშირია ზურგის, მხრებისა და მუხლების ტრავმები. ზოგჯერ ტრავმა ისეთი სერიოზული შეიძლება იყოს, რომ სამსახურის დატოვება მოგიწიოს. გარდა ამისა, ცვლაშიც ვმუშაობთ, რაც დამღლელია.
ძალიან დიდი სტრესია, როდესაც განწირულ ადამიანს ეხმარები. მაშველები ყოველთვის უნდა ინარჩუნებდნენ სიმშვიდეს, უნდა ხელმძღვანელობდნენ საღი განსჯის უნარით და კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოთ. ისინი ადამიანების ტანჯვისა და ტრაგედიის მოწმენი ხდებიან. მაშველები ხედავენ ადამიანებს, რომლებიც ენით აუწერელი ტკივილებისგან იტანჯებიან. დღემდე თვალწინ მიდგას ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც საწარმოში დატრიალებული უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ის საშინლად იყო დასახიჩრებული, მე და ჩემს თანამშრომელს გვემუდარებოდა, გადაგვერჩინა. სამწუხაროდ, მაშველთა ჯგუფის, ექიმებისა თუ ექთნების დიდი მცდელობის მიუხედავად, ის რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ზოგი შემთხვევა მართლა რომ გულს მოგიკლავს. ერთხელ დილაუთენია ზარი შემოვიდა, რომ სახლი იწვოდა. აღმოჩნდა, რომ სამუშაოდან დაბრუნებულ ქმარს ცოლი და სამი წლის ქალიშვილი ქუჩაში დახვდა, სახლი კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. მათი სამი შვილი, რომელთაგანაც უფროსი ხუთი წლისა და უმცროსი ოთხი თვის იყო, ჯერ ისევ პაპასთან ერთად სახლში იყვნენ. მეხანძრეებმა როგორღაც მოახერხეს მათი გამოყვანა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მე ვიყავი მაშველთა იმ ერთ-ერთ ბრიგადაში, რომელიც ამაოდ ცდილობდა მათ გადარჩენას.
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: თუკი სამაშველო სამსახური ასეთი მძიმე და დამთრგუნველია, მაშ, რატომღა ირჩევენ ასეთ პროფესიას? ამ კითხვას დროდადრო მეც ვუსვამ საკუთარ თავს. მაგრამ მახსენდება იესოს იგავი კეთილ სამარიელზე, რომელიც დაშავებულ კაცს დაეხმარა (ლუკა 10:30—37). იყო მაშველი, ნიშნავს თავი არ დაზოგო გაჭირვებულისთვის ფიზიკური თუ ემოციური დახმარების აღმოსაჩენად. პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ სხვებს ვეხმარები, თუმცა მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ეს სამუშაო აღარ მექნება. გაინტერესებთ რატომ? ღმერთი გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში აღარავინ იტყვის, „ავად ვარო“. გარდა ამისა, ‘სიკვდილი და ტკივილი წარსულს ჩაჰბარდება’ (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4). (მოგვითხრო ერთმა კანადელმა მაშველმა).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სინდისთან დაკავშირებულ რა სირთულეებს შეიძლება შეხვდეს ქრისტიანი, რომელიც მსგავს სამუშაოს ასრულებს, შეგიძლიათ იხილოთ „საგუშაგო კოშკში“, 1999 წლის 15 აპრილი, გვერდი 29 და 1975 წლის 1 აპრილი, გვერდები 215, 216 (ინგლ.).
^ აბზ. 5 ზოგ ქვეყანაში სასწრაფო დახმარების მანქანებში მაშველები არ იმყოფებიან. საავადმყოფოში დაშავებულისა თუ ავადმყოფის დაუყოვნებლივ გადაყვანა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს ევალება.
[ჩანართი 13 გვერდზე]
მხოლოდ მაშინ გავიხსენე ეს კაცი, როცა მითხრა: „გახსოვარ? გუშინ სიკვდილს გადამარჩინე!“ ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა
[ჩანართი 14 გვერდზე]
ჩემი მუშაობის პერიოდში არაერთხელ ვუცემივარ, შეუფურთხებია თუ სხვაგვარი შეურაცხყოფა მოუყენებია იმ პაციენტებს, რომლებმაც თავი ვერ გააკონტროლეს
[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]
რა ხერხებს მიმართავენ მაშველები?
მაშველმა იცის, როგორ გახსნას პაციენტის სასუნთქი გზები, რათა ფილტვებს თავისუფლად მიეწოდოს ჟანგბადი. ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ინტუბაცია ანუ პირიდან ხორხის გავლით ტრაქეაში სპეციალური დრეკადი მილის შეყვანა ლარინგოსკოპის მეშვეობით, ან შეიძლება საჭირო გახდეს კრიკოთირეოტომია, რისთვისაც იყენებენ პატარა კათეტერს. უფრო დიდი კათეტერის შესაყვანად კვეთენ პაციენტის ყელის პატარა მონაკვეთს და ასე შეჰყავთ მილი ტრაქეაში. კათეტერის ტრაქეაში შეყვანა ფილტვის კოლაფსის დროს ხდება აუცილებელი.
კიდევ ერთი ხერხი ინტრავენური თერაპიაა. ვენაში კათეტერის მეშვეობით შეჰყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყენონ ალტერნატიული მეთოდი და პირდაპირ ძვლის ტვინში შეიყვანონ სითხე.
მაშველები ასევე იყენებენ კარდიომონიტორ/დეფიბრილატორს პაციენტის გულისცემის შესამოწმებლად. გარდა ამისა, ამ ხელსაწყოებს იყენებენ დეფიბრილაციისთვის (ელექტროშოკი გამოიყენება გულის რიტმის აღსადგენად და გაჩერებული გულის ასამუშავებლად) ან კარდიოვერსიისთვის (ამ დროს ელექტროშოკის დახმარებით ხდება მეტისმეტად სწრაფი გულისცემის შენელება). კარდიომონიტორ/დეფიბრილატორი აგრეთვე გამოიყენება, როგორც გარეგანი ელექტროკარდიოსტიმულატორი შენელებული გულისცემის ასაჩქარებლად.
[საავტორო უფლება]
All photos: Taken by courtesy of City of Toronto EMS
[სურათის საავტორო უფლება 12 გვერდზე]
Taken by courtesy of City of Toronto EMS