არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა

კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა

კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბელგიიდან

იდგა 1544 წელი. გერჰარდ მერკატორი ცივ და ბნელ საკანში იჯდა და იმაზე ფიქრობდა, დააღწევდა თუ არა ცოცხალი თავს ციხეს. როგორ აღმოჩნდა XVI საუკუნის უდიდესი კარტოგრაფი ციხეში? სანამ ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ, ჯერ გავიგოთ მისი ცხოვრებისა და იმ დროის შესახებ, რომელშიც მას მოუწია მოღვაწეობა.

მერკატორი დაიბადა 1512 წელს პატარა საპორტო ქალაქ რუპელმონდეში ანტვერპენთან (ბელგია) ახლოს. განათლება ლუვენის უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ არისტოტელეს მოძღვრების შესწავლით დაკავდა. ცოტა ხანში მერკატორმა დაინახა, რომ არისტოტელეს შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებთან სრულიად შეუთავსებელი იყო. ის წერდა: «როგორც კი დავრწმუნდი, რომ „დაბადებაში“ აღწერილი შემოქმედების მოსესეული ვერსია ეწინააღმდეგებოდა არისტოტელესა და სხვა ფილოსოფოსების შეხედულებებს სამყაროს გაჩენის შესახებ, ყველა ფილოსოფოსის შეხედულებებმა დამაეჭვა და ბუნებისმეტყველების სწავლას შევუდექი».

მერკატორს არ სურდა ფილოსოფოსი გამხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ განხრით სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესის უტყუარობის დამტკიცებას მიუძღვნა.

გეოგრაფიით დაინტერესება

1534 წელს მერკატორმა მათემატიკის, ასტრონომიისა და გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო მათემატიკოს გემა ფრიციუსთან. გარდა ამისა, მერკატორმა გრავირება ისწავლა შესაძლოა გრავიორ გასპერ ვან დერ ჰაიდენთან, რომელიც ასევე გლობუსებს ამზადებდა. XVI საუკუნის დასაწყისში კარტოგრაფები გოტიკურ მსხვილ შრიფტს იყენებდნენ, რის გამოც რუკებზე ინფორმაციის მისათითებლად საკმარისი ადგილი არ იყო. მერკატორმა გლობუსებზე წარწერის გასაკეთებლად კურსივი, დახრილი შრიფტი დაამკვიდრა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.

1536 წელს მერკატორი გრავიორად მუშაობდა ფრიციუსთან და ვან დერ ჰაიდენთან ერთად მსოფლიო გლობუსის შექმნაზე. ამ პროექტის წარმატებას იმან შეუწყო ხელი, რომ მერკატორს ძალიან ლამაზი ხელწერა ჰქონდა. მერკატორის თანამედროვე გეოგრაფი ნიკოლას კრეინი წერს, რომ მაშინ, როცა სხვა კარტოგრაფმა „ამერიკის ტერიტორიის ორმოცდაათი პუნქტი ადამიანის სიმაღლისხელა რუკაზე დაიტანა, მერკატორმა სამოცი პუნქტი დაატია გლობუსზე, რომლის დიამეტრიც ორი მტკაველისხელა იყო“.

ახალი კარტოგრაფის გამოჩენა

1537 წელს მერკატორმა შექმნა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნაშრომი — „წმინდა მიწის“ რუკა, რომელიც იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „ხალხს უკეთ გაეგო ძველი და ახალი აღთქმა“. XVI საუკუნეში „წმინდა მიწის“ რუკები ძალიან უზუსტო იყო. ზოგ რუკაზე სულ რაღაც 30 ადგილი იყო დასახელებული და მათგან უმრავლესობის ადგილმდებარეობა არასწორად იყო მითითებული. მერკატორის რუკაზე კი 400-ზე მეტი ადგილის ნახვა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მის რუკაზე აღნიშნული იყო ის გზა, რომელიც ისრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ განვლეს უდაბნოში. თავისი სიზუსტით ამ რუკამ მერკატორის თანამედროვეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

წარმატებით გახალისებულმა მერკატორმა 1538 წელს მსოფლიო რუკა გამოსცა. იმ დრომდე კარტოგრაფებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ და მას „შორეულ, უცნობ ქვეყანას“ უწოდებდნენ. თუმცა გეოგრაფიული სახელი „ამერიკა“ უკვე არსებობდა, მერკატორი პირველი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ეს სახელი მიაკუთვნა.

მერკატორი მოღვაწეობდა დიდი აღმოჩენების ეპოქაში, კერძოდ, მსოფლიო ოკეანეთა და ახალი მიწების შესწავლის პერიოდში. მეზღვაურები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც კარტოგრაფიის საქმეს ძალიან ართულებდა. თუმცა 1541 წელს მერკატორმა გულის წადილი აისრულა და შექმნა „ისეთი გლობუსი, რომელიც მანამდე არ ყოფილა“.

ერესში ბრალდებული

ლუვენში, სადაც მერკატორი ცხოვრობდა, ბევრი ლუთერანი იყო. 1536 წელს მერკატორი ლუთერანების შეხედულებებს იზიარებდა. როგორც ცნობილია, მისი ცოლი მოგვიანებით ლუთერანი გახდა. 1544 წლის თებერვალს მერკატორი 42 თანაქალაქელთან ერთად დააპატიმრეს „საეჭვო წერილების“ წერის ბრალდებით. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო მერკატორის გამოცემული რუკა „წმინდა მიწა“, რომელმაც ლუვენის უნივერსიტეტის ორ თეოლოგს, ტაპერსა და ლატომუსს ეჭვები გაუჩინა. მანამდე ეს თეოლოგები ბიბლიის მთარგმნელის, უილიამ ტინდალის წინააღმდეგ გამოდიოდნენ სასამართლოში, რომელიც 1536 წელს ბელგიაში სიკვდილით დასაჯეს. ტაპერსა და ლატომუსს ალბათ ეშინოდათ, რომ მერკატორის რუკა, ისევე როგორც ტინდალის ნათარგმნი ბიბლია, ხალხს ბიბლიის კითხვის ინტერესს გაუჩენდა. რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, მერკატორი თავის მშობლიურ ქალაქში, რუპელმონდეს ციხე-სიმაგრეში გამოამწყვდიეს.

ერთ-ერთმა მოწმემ, ანტუანეტა ვან რუსმალსმა სასამართლოზე დაადასტურა, რომ მერკატორი არასოდეს დასწრებია პროტესტანტების შეკრებებს, სადაც ბიბლიას კითხულობდნენ. აღმოჩნდა, რომ ანტუანეტა თავად ესწრებოდა ასეთ შეხვედრებს, რის გამოც ის ცოცხლად დამარხეს. შვიდი თვის შემდეგ მერკატორი ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა მისი ქონების კონფისკაცია მოახდინეს. 1552 წელს მერკატორი დუისბურგში (გერმანია) გადავიდა, სადაც შედარებით მეტი რელიგიური შემწყნარებლობა იყო.

პირველი ატლასი

მერკატორი შეუპოვრად განაგრძობდა ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების უტყუარობის დაცვას. მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი მიუძღვნა მთელი შემოქმედების, როგორც თვითონ ამბობს, „ცისა და მიწის დასაწყისიდან დღევანდლამდე არსებულის“ სინთეზურ კვლევას. მისი კვლევის საგანი იყო როგორც ქრონოლოგია, ისე გეოგრაფია.

1569 წელს მერკატორმა გამოაქვეყნა შემოქმედების დასაწყისიდან მოყოლებული ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ნუსხა. ეს იყო მისი სინთეზის პირველი ნაწილი, რომელსაც „ქრონოლოგია“ ეწოდება. მერკატორის მიზანი იყო, მკითხველებს სცოდნოდათ თავიანთი ადგილი დროსა და ისტორიაში. მაგრამ იმის გამო, რომ თავის წიგნში მოიხსენია 1517 წელს ლუთერის მიერ გამოთქმული პროტესტი ინდულგენციების წინააღმდეგ, „ქრონოლოგია“ შევიდა კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების ნუსხაში.

შემდგომ წლებში მერკატორმა დიდი დრო დაუთმო ნახაზებსა და საბეჭდი ფორმების გრავირებას ახალი გეოგრაფიული რუკების შესადგენად. 1590 წელს მერკატორს დამბლა დაეცა. მან მეტყველების უნარი დაკარგა და მარცხენა მხარი მთლიანად წაერთვა. სამუშაოს გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ის არ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ასეც მოხდა, ის 1594 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მერკატორი სიკვდილამდე თავისი საქმის ერთგული დარჩა. ის 5 რუკა, რომელზეც მერკატორი მუშაობდა, რუმოლდმა, მისმა ვაჟმა დაასრულა. მერკატორის რუკების სრული კრებული 1595 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუკების პირველი კრებული, რომელსაც ატლასი ეწოდა.

მერკატორის „ატლასში“ განხილულია „დაბადების“ პირველი თავი, რომელშიც ღვთის სიტყვის უტყუარობის დასამტკიცებლად ფილოსოფოსების შეხედულებების საპირისპირო არგუმენტებია მოყვანილი. მერკატორმა ამ ნაშრომს უწოდა: „მთელი ჩემი შრომის მიზანი“.

„ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“

„ატლასის“ ვრცელი გამოცემა, რომელიც 1606 წელს იოდოუკუს ჰონდიუსმა გამოსცა, მრავალ ენაზე დაიბეჭდა და მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. XVI საუკუნის კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა მერკატორს „ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“ უწოდა, ხოლო მწერალმა ნიკოლას კრეინმა მერკატორზე თქვა, რომ ეს იყო „კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა“.

მერკატორის მემკვიდრეობით დღეს თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. ატლასით ვსარგებლობთ თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, შეგვიძლია ამ ადამიანის დაუღალავი შრომა გავიხსენოთ, ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმას შეალია, რომ გაეგო თავისი ადგილი დროსა და სივრცეში.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

მერკატორი — ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი

მერკატორი ბიბლიას გულდასმით იკვლევდა. მას სჯეროდა, რომ დედამიწაზე დაისადგურებდა სიმართლე, მშვიდობა და კეთილდღეობა. მან რომაელების 1—11 თავებზე დაწერა თავისი კომენტარი, რომელშიც ბედისწერის შესახებ კალვინისტური შეხედულების უსაფუძვლობას ამტკიცებდა, მაგრამ მისი ეს კომენტარი არ გამოქვეყნებულა. აღსანიშნავია, რომ მერკატორი არ ეთანხმებოდა მარტინ ლუთერს იმაში, რომ მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის ხსნა. მისი აზრით, გადასარჩენად რწმენასთან ერთად საქმეებიც მნიშვნელოვანია. მერკატორი თავის წერილში წერდა, რომ ცოდვის „მიზეზი არც პლანეტებია (ასტროლოგია) და არც ღვთის შექმნილი ბუნება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის თავისუფალი ნება“. თავის წერილებში ის რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმის, ტრანსუბსტანციის წინააღმდეგ გამოდიოდა და ამბობდა, რომ იესოს ნათქვამში „ეს არის ჩემი სხეული“, სიმბოლური აზრი იდო და ეს სიტყვები არ უნდა ყოფილიყო სიტყვასიტყვით გაგებული.

[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]

მერკატორის პროექცია

გიცდიათ ოდესმე ფორთოხლის ქერქის გაბრტყელება? თუ ასეა, დაინახავდით, რომ ქერქის დეფორმირების გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ კარტოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ დედამიწის სიბრტყეზე გამოსახვას. მერკატორმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ შექმნა მეთოდი, რომელიც დღეს მერკატორის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი. რუკის შედგენის ამ ახლებური მეთოდით ხაზები, რომლითაც აღინიშნება განედის გრადუსები, ეკვატორიდან პოლუსებამდე თანაბარი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებით მანძილები და ზომები მახინჯდებოდა (განსაკუთრებით ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ), კარტოგრაფიის ისტორიაში ამ მეთოდს დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ. მერკატორის მიერ 1569 წელს გამოქვეყნებული კედლის მსოფლიო რუკა უნიკალური ნამუშევარი იყო, რამაც მას მნიშვნელოვანწილად გაუთქვა სახელი. მერკატორის პროექცია დღესაც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციასა თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემაში.

[სურათი]

მერკატორის პროექცია შეიძლება შევადაროთ გაშლილ ცილინდრს, რომელზეც მსოფლიო სიბრტყეზეა გამოსახული

[სურათი 20 გვერდზე]

მერკატორის „წმინდა მიწის“ რუკაზე 400-ზე მეტი გეოგრაფიული ადგილია აღნიშნული (1537 წელი)

[სურათი 20, 21 გვერდებზე]

მერკატორის მსოფლიო რუკა (1538 წელი).

სიტყვა „ამერიკა“ (AMERI CAE) ამერიკის ორივე კონტინენტთან მიმართებით არის გამოყენებული

[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]

Antwerpen, Stedelijk Prentenkabinet

[სურათის საავტორო უფლება 20 გვერდზე]

Both maps: From the American Geographical Society Library, University of Wisconsin-Milwaukee Libraries