არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს სინამდვილეში მეუღლის ერთგულება?

რას ნიშნავს სინამდვილეში მეუღლის ერთგულება?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას ნიშნავს სინამდვილეში მეუღლის ერთგულება?

ბევრი ფიქრობს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგული უნდა იყოს. ასეთი შეხედულება ეთანხმება ბიბლიას, სადაც ვკითხულობთ: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“ (ებრაელები 13:4).

მეუღლის ერთგულება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სხვასთან არ იქონიო სქესობრივი კავშირი? რისი თქმა შეიძლება, თუ ქმარს ან ცოლს ვინმეს მიმართ სექსუალური ფანტაზიები აქვს? ხომ არ არის საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ახლო ურთიერთობა ღალატის ერთ-ერთი გამოვლინება?

უწყინარია სექსუალური ფანტაზიები?

ბიბლიის თანახმად, სექსი არის ცოლქმრული ცხოვრების ბუნებრივი, ჯანსაღი და განუყოფელი ნაწილი, ორმხრივი სიამოვნებისა და კმაყოფილების მომტანი ურთიერთობა (იგავები 5:18, 19). მაგრამ ბევრი თანამედროვე ექსპერტი თვლის, რომ დაქორწინებული ადამიანისთვის სრულიად ნორმალურია და ჯანმრთელობისთვისაც კი სასარგებლო, თუ სხვის მიმართ ექნება სექსუალური ფანტაზიები. შეიძლება ასეთი ფანტაზიები უწყინარი იყოს, თუ მეუღლეს პირდაპირი გაგებით არ ღალატობ?

ადამიანი სექსუალური ფანტაზიებით გონებას კვებავს, ძირითადად, საკუთარი თავისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. ასეთი ეგოცენტრული საქციელი კი ეწინააღმდეგება იმ რჩევას, რომელსაც ბიბლია დაქორწინებულებს აძლევს. სქესობრივი ურთიერთობის შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი. არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი“ (1 კორინთელები 7:4). თუ გაითვალისწინებთ ამ ბიბლიურ რჩევას, გასაქანს არ მისცემთ სექსუალურ ფანტაზიებს და ჩაკლავთ საკუთარ თავში ეგოისტურ, ავხორცულ სურვილებს. ამის წყალობით როგორც ქმარი, ისე ცოლი ბედნიერი იქნება და მათ ურთიერთობას საფრთხე არ დაემუქრება (საქმეები 20:35; ფილიპელები 2:4).

მეუღლე, რომელიც სექსუალური ფანტაზიებით ივსებს გონებას, შეიძლება ითქვას, რომ ემზადება ისეთი ქმედებისთვის, რაც დიდ ტკივილს მიაყენებს თავის მეორე ნახევარს. ზრდის სექსუალური ფანტაზიები მრუშობის ჩადენის ალბათობას? რასაკვირველია. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რამდენად მჭიდრო კავშირია ფიქრებსა და მოქმედებებს შორის: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15).

იესომ აღნიშნა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28). თუ თქვენს გულსა და გონებაში ფესვს არ გაადგმევინებთ სექსუალურ ფანტაზიებს, ‘გაუფრთხილდებით გულს’ და თქვენს ცოლქმრულ კავშირს (იგავები 4:23).

რატომ უნდა შეინარჩუნოთ მეუღლესთან ემოციური სიახლოვე?

თუ ცოლ-ქმარს სურს, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ, ერთმანეთის მიმართ „შეუდრეკელი ერთგულება“ უნდა გამოავლინონ (ქებათა ქება 8:6; იგავები 5:15—18). რას ნიშნავს ეს? ნორმალურია, გყავდეს მეგობრები, მნიშვნელობა არა აქვს კაცი იქნება თუ ქალი, მაგრამ თქვენი დრო, ყურადღება და ემოციური მხარდაჭერა პირველ რიგში მხოლოდ თქვენს მეორე ნახევარს ეკუთვნის. თუ ამ ყველაფერს თქვენს მეუღლეს კი არა, სხვას აძლევთ, ეს შეიძლება ერთგვარი ღალატი იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სქესობრივი ურთიერთობა არ გექნებათ. *

როგორ შეიძლება სხვაზე გახდე ემოციურად დამოკიდებული? შეიძლება სხვა უფრო მიმზიდველი ან გამგები მოგეჩვენოთ, ვიდრე თქვენი მეუღლე. ასეთ ადამიანთან ურთიერთობისას, იქნება ეს სამსახურში თუ სადმე სხვაგან, შეიძლება ადვილად დაიწყოთ პირად საკითხებზე, მათ შორის მეუღლესთან წამოჭრილ პრობლემებზე ლაპარაკი. ამ დროს შეიძლება თანდათანობით გახდეთ მასზე ემოციურად დამოკიდებული. პირისპირ, ტელეფონით თუ ინტერნეტით ხშირი ურთიერთობის შედეგად ადვილად შეიძლება დაიწყოთ მასთან ძალიან პირადულ საკითხებზე საუბარი. არსებობს ისეთი საკითხები, რომელზეც ცოლ-ქმარმა მხოლოდ ერთმანეთთან უნდა იმსჯელოს და ეს საიდუმლო მათ შორის უნდა დარჩეს (იგავები 25:9).

თავი არ იმართლოთ იმით, რომ რომანტიკული გრძნობა არა გაქვთ ამ ადამიანის მიმართ, მაშინ როცა სინამდვილეში შეიძლება გქონდეთ. ‘გული ვერაგია’, — ნათქვამია იერემიას 17:9-ში. თუ ახლო ურთიერთობა გაქვთ საპირისპირო სქესის ადამიანთან, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ ვიმართლებ თავს ან ხომ არ ვასაიდუმლოებ ამ ურთიერთობას? თავს უხერხულად ხომ არ ვიგრძნობ, თუ ჩემი მეორე ნახევარი ჩვენს საუბარს მოისმენს? მე რას ვიგრძნობდი, ჩემს მეუღლესაც მსგავსი ურთიერთობა რომ ჰქონოდა ვინმესთან? (მათე 7:12)

ასეთმა ურთიერთობამ ოჯახი შეიძლება დანგრევამდე მიიყვანოს, რადგან ემოციური სიახლოვე სქესობრივი ურთიერთობის წინაპირობაა. იესო გვაფრთხილებდა: „გულიდან გამოდის . . . მრუშობა“ (მათე 15:19). ეს ურთიერთობა მრუშობითაც რომ არ დასრულდეს, მეუღლისადმი ნდობის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. კარენა * ყვება: „როცა გავიგე, რომ ჩემი ქმარი, მარკი დღეში რამდენჯერმე ფარულად ესაუბრებოდა ერთ ქალს, გული დამეწვა. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ მასთან სქესობრივი ურთიერთობა არ ჰქონდა. არა მგონია, მას ოდესმე ვენდო“.

იმეგობრეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, ოღონდ ზღვარს ნუ გადახვალთ. ნუ უგულებელყოფთ იმას, რომ უმართებულო გრძნობები აღგეძრათ, რეალურად შეაფასეთ საკუთარი მოტივები. თუ გრძნობთ, რომ ეს ურთიერთობა საფრთხეს უქმნის თქვენს ქორწინებას, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ: ან შეზღუდეთ ურთიერთობა ამ ადამიანთან ან საერთოდ გაწყვიტეთ. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3).

დარჩით ერთ ხორცად

ჩვენი შემოქმედის ჩანაფიქრის თანახმად, ქორწინება უნდა ყოფილიყო ორ ადამიანს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი. მან თქვა, რომ ქმარი და ცოლი ‘ერთი ხორცი უნდა ყოფილიყვნენ’ (დაბადება 2:24). ერთ ხორცად ყოფნა ინტიმურ კავშირზე უფრო მეტს გულისხმობს. ეს ნიშნავს ცოლ-ქმარს შორის მჭიდრო ემოციურ კავშირს, რომელიც უნდა მტკიცდებოდეს უანგარობის, ნდობისა და ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე (იგავები 31:11; მალაქია 2:14, 15; ეფესოელები 5:28, 33). თუ ამ პრინციპებით იხელმძღვანელებთ, გაუფრთხილდებით თქვენს ქორწინებას და იქნებით მეუღლის ერთგული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 თუმცა აღსანიშნავია, რომ განქორწინების ბიბლიურ საფუძველს მხოლოდ და მხოლოდ სხვასთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება იძლევა (მათე 19:9).

^ აბზ. 14 სახელები შეცვლილია.

გიფიქრიათ?

▪ შეუძლია სექსუალურ ფანტაზიებს მრუშობა ჩაგადენინოთ? (იაკობი 1:14, 15).

▪ შეუძლია თქვენს ქორწინებას საფრთხე შეუქმნას საპირისპირო სქესის ადამიანთან ახლო ურთიერთობამ? (იერემია 17:9; მათე 15:19).

▪ როგორ შეგიძლიათ განამტკიცოთ ცოლქმრული კავშირი? (1 კორინთელები 7:4; 13:8; ეფესოელები 5:28, 33).

[Blurb on page 29]

„ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28).