არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

2,2 მილიონი პროცენტის ინფლაციის შედეგებთან საბრძოლველად 2008 წლის აგვისტოში ზიმბაბვეში ბანკნოტებს ათი ნული ჩამოაშორეს. ამის გამო 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ბანკნოტი ერთ ზიმბაბვურ დოლარს გაუტოლდა („ფრანს პრესის სააგენტო“, ზიმბაბვე).

2005 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით 12 000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. თუმცა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, გაცილებით მეტი იყო — 2006 წელს დაახლოებით 53 000 დაჭრილს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება (THE SEATTLE TIMES, აშშ)

35 წლის მანძილზე, 1970-დან 2005 წლამდე ხერხემლიანების — თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვართა სახეობების 25 პროცენტი გადაშენდა („ზიუდოიჩე ცაიტუნგი“, გერმანია).

საშობაო „განწყობა“

სიდნეიში გამომავალი გაზეთი „სანდი ტელეგრაფი“ იუწყება, რომ ავსტრალიაში განქორწინების მსურველთა დაახლოებით 20 პროცენტს სწორედ შობის შემდეგ, ახალი წლის პერიოდში შეაქვთ სასამართლოებში განცხადება განქორწინებაზე. ადვოკატი ბარი ფრეკსი აღნიშნავს: „ჩვენი ოფისების გახსნისთანავე კარებთან უამრავი ადამიანი იყრის თავს. ეს ის ხალხია, რომლებსაც სურთ თავიანთი ოჯახურ კონფლიქტებს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვან წერტილი. ზოგს ჰგონია, რომ შობის დროს ყველაფერი ისეთივე მშვენიერია, როგორც ეს ტელევიზორებსა და რეკლამებშია წარმოდგენილი. როცა ისინი ხედავენ, რომ მათი ცხოვრება ამ სტერეოტიპს არ ერგება, გამოსავალს გაყრაში ეძებენ“. მაგრამ, როგორც ანჯელა კანვეი, ავსტრალიის ერთი-ერთი ასოციაციის (შეისწავლის ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნავს, გაყრის შედეგად იშვიათად თუ გვარდება ძირეული პრობლემები; და, როგორც ეს ბევრს ჰგონია, გაყრა მშვიდობისა და ბედნიერების გარანტი არ არის. ის დაქორწინებულებს ურჩევს: „ჯობს, არ გაეყაროთ მეუღლეს და სცადოთ მდგომარეობის გამოსწორება“.

„სამშობიარო სახლები“ სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება

პერუში დიდი ძალისხმევის ფასად საგრძნობლად შემცირდა მშობიარე ქალების სიკვდილიანობა. ნაცვლად იმისა, რომ ანდების რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა საკუთარ სახლებში იმშობიარონ, კლინიკებში პროფესიული სამედიცინო დახმარების მიღებას სთავაზობენ. ამ მიზნით ბოლო ათი წლის განმავლობაში პერუში 390 „სამშობიარო სახლი“ გაიხსნა. მშობიარობამდე ორსულ ქალსა და მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაბინავდნენ ერთ-ერთ ასეთ სახლში, რომელიც კლინიკის გვერდით მდებარეობს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რეიტერი“ იუწყებოდა ქალაქ კუსკოდან, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კლინიკები ბევრ პაციენტს იზიდავს, ის არის, რომ აქ შერწყმულია „თანამედროვე მედიცინა და ადგილობრივი წესებით მშობიარობა, [მაგალითად] ფეხზე დგომით მშობიარობა, [რაც] მშობირობის ტკივილებსა და ხანგრძლივობას ამცირებს . . . და დედას იმის საშუალებას აძლევს, რომ თვალყური ადევნოს ბავშვის დაბადებას, რასაც მწოლიარე მდგომარეობაში ვერ გააკეთებდა“.

ყოველთვის დაგვიანებული

აშშ-ს სატრანსპორტო სამინისტროს 2008 წლის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ავია-რეისების დაახლოებით 30 პროცენტი 15 წუთზე მეტს აგვიანებს. ყველაზე „არაპუნქტუალური“ აღმოჩნდა ის რეისები, რომელიც ტეხასიდან კალიფორნიის მიმართულებით ხორციელდება.

[სურათი 30 გვერდზე]