არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ათვინიერებენ სპილოს?

როგორ ათვინიერებენ სპილოს?

როგორ ათვინიერებენ სპილოს?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ინდოეთიდან

სპილოს მომთვინიერებელი, იგივე მომვლელი და გამრეკი, მდინარე ნარმადასთან ახლოს კერძს ამზადებს, თავის პატარას კი სპილოს უტოვებს; მისი პატარა მიწაზე გაწოლილი სპილოს ფეხებთან ზის. ბავშვი ვერ ისვენებს, წამდაუწუმ ცდილობს, წამოდგეს და გაიქცეს. ამ დროს „სპილო ნაზად ხვევს წელზე ხორთუმს და იმ ადგილას აბრუნებს, სადაც მამამ დატოვა, — მოთხრობილია ერთ წიგნში. — მამა სრულიად დამშვიდებული განაგრძობს კერძის მომზადებას, რადგან დარწმუნებულია, რომ თავისი პატარა საიმედო ხელშია“ (Project Elephant).

ცნობილია, რომ სპილოები ძვ. წ. 2000 წლიდან ადამიანთა სამსახურში არიან. ძველად ამ ცხოველს, ძირითადად, საომრად წვრთნიდნენ, დღეს კი ინდოეთში მათ სხვადასხვა სამუშაოს აკეთებინებენ. სპილოებს იყენებენ რელიგიური რიტუალებისა თუ საქორწილო ცერემონიალის დროს, აგრეთვე რეკლამებში, ცირკებში, მორების გადასაზიდად და სამათხოვროდაც კი. როგორ ათვინიერებენ სპილოებს?

მოსათვინიერებელი გაკვეთილები

ინდოეთში არსებობს ცენტრები, სადაც ზრდიან ველურ ბუნებაში დაჭერილ, მიტოვებულ თუ დაშავებულ სპლიყვებს. ერთ-ერთი ასეთი ცენტრი კერალას შტატში მდებარე სოფელ კონიშია. აქ სპლიყვებს სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად წვრთნიან. პირველ რიგში მომთვინიერებელმა სპლიყვის ნდობა უნდა მოიპოვოს. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება. სპლიყვი ცნობს თავისი მომთვინიერებლის ხმას და როდესაც საჭმელად ეძახის, ის სიხარულით მიიჩქარის მასთან, რომ პირი რძითა და ფეტვის ფაფით ჩაიტკბარუნოს. სპილო 13 წლის მაინც უნდა იყოს, რომ მომთვინიერებელმა სხვადასხვა სამუშაოსთვის მისი გაწვრთნა დაიწყოს. 25 წლის ასაკში სპილო უკვე მზადაა ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. კერალას შტატის კანონით, 65 წლის სპილოებს აღარ ამუშავებენ.

გადაადგილების დროს სპილომ საფრთხე რომ არავის შეუქმნას, აუცილებელია მისი კარგი გაწვრთნა. ტრიჩურში (კერალა) ერთი ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც სპილოებზე ზრუნავენ, აღნიშნავენ, რომ ვინც სპილოს მომთვინიერებლად აპირებს გახდომას, სულ მცირე, სამთვიანი ინტენსიური სწავლების კურსი უნდა გაიაროს. ამ კურსში არ შედის მხოლოდ ბრძანებების მიცემის სწავლება, არამედ ყველაფრის ცოდნა, რაც სპილოებს ეხება.

ზრდასრული სპილოს გაწვრთნას გაცილებით დიდი დრო უნდა. დამწყვდეულ სპილოს მომთვინიერებელი თავდაპირველად ასწავლის, როგორ დაემორჩილოს მის სიტყვიერ ბრძანებებს. კერალაში მომთვინიერებლები დაახლოებით 20 ბრძანებისა და ნიშნის საშუალებით ასრულებინებენ სპილოს ამა თუ იმ სამუშაოს. მომთვინიერებელი გასაგებად და ხმამაღლა აძლევს სპილოს ბრძანებას და, ამავდროულად, ჯოხის მოძრაობით აჩვენებს, რა უნდა გააკეთოს. თუ სპილო ბრძანებას დაემორჩილება, გემრიელი ლუკმით დაჯილდოვდება. მას შემდეგ, რაც მომთვინიერებელი დარწმუნდება, რომ სპილო დაუმეგობრდა, შეუძლია თავისუფლად მივიდეს და მოეფეროს. ისინი ეჩვევიან ერთმანეთს და ასე მტკიცდება მათ შორის ურთიერთნდობა. ცოტა ხანში სპილო გამოჰყავთ გარეთ, ოღონდ დიდი სიფრთხილით, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს ველური ნიშნები. სანამ საბოლოოდ ცხადი არ გახდება, რომ სპილო მოთვინიერებულია, საბანაოდ თუ გასასეირნებლად სხვა ორ სპილოზე ჯაჭვებით მიბმული მიჰყავთ.

როცა სპილო სიტყვიერი ბრძანებების მნიშვნელობას ისწავლის, მომთვინიერებელი გადადის მის ფიზიკურ წვრთნაზე, კერძოდ, ზურგზე აჯდება სპილოს და ქუსლების რტყმით აძლევს ბრძანებებს. სპილო წინ რომ წავიდეს, მომთვინიერებელი ფეხის ცერა თითებს აჭერს ყურების უკან, ხოლო უკან რომ დაიხიოს, მხრებზე ურტყამს ქუსლებს. ცხოველი რომ არ დაიბნეს, სიტყვიერ ბრძანებებს მხოლოდ ერთი მომთვინიერებელი იძლევა. სამი-ოთხი წელია საჭირო, რომ სპილომ ყველა ბრძანების მნიშვნელობა ისწავლოს. ამის შემდეგ სპილოს აღარასოდეს დაავიწყდება ეს ბრძანებები. სხეულის მასასთან შედარებით სპილოს ტვინი პატარაა, მაგრამ ძალიან გონიერი ცხოველია.

მოვლა-პატრონობა

აუცილებელია სპილოს ჯანმრთელობასა და განწყობაზე ზრუნვა. საჭიროა მისი ყოველდღე დაბანა. მომთვინიერებელი ქვებითა და ქოქოსის ქერქით უხეხავს სპილოს სქელ, მაგრამ ნაზ და მგძნობიარე კანს.

შემდეგ დგება საუზმის დრო. მომთვინიერებელი სპილოს უმზადებს ხორბლისა და ფეტვის ფაფებს. სპილოს ძირითადი საკვები დამზადებულია ბამბუკის, პალმის ტოტებისა და ბალახებისგან. თუ ამ საჭმელს უმ სტაფილოსა და შაქრის ლერწამს დაამატებენ, სპილო სიამოვნებით შეექცევა. სპილოები უმეტეს დროს ჭამაში ატარებენ. ისინი ყოველდღიურად დაახლოებით 140 კილოგრამ საკვებს მიირთმევენ და 150 ლიტრა წყალს სვამენ. ამ სქელკანიან ცხოველს რომ დაუმეგობრდეთ, ყველა ეს მოთხოვნილება უნდა დაუკმაყოფილოთ.

ცუდი მოპყრობის შედეგი

დინჯ აზიურ სპილოს ყოველთვის ყველაფერს ვერ გააკეთებინებ. თუ სპილოს სიტყვიერად ან ფიზიკურად დასჯით, შეიძლება უპასუხოდ არ დაგტოვოთ. ინდოეთში გამომავალი გაზეთი „სანდეი ჰერალდი“ იტყობინებოდა, რომ ერთი ეშვებიანი სპილო „ძალიან გაშმაგდა . . . რადგან მომთვინიერებელი ცუდად მოეპყრო. მომთვინიერებელმა გაშმაგებული სპილო ცემა . . . შემდეგ დამამშვიდებელი გაუკეთა და დააძინა“. 2007 წლის აპრილში ინდოეთში გამომავალი ერთი გაზეთი იუწყებოდა: „გასული ორი თვის განმავლობაში დღესასწაულებზე ათზე მეტი მამალი სპილო ისე გააფთრდა, რომ მათი გაკონტროლება შეუძლებელი გახდა. გასული წლის იანვრიდან ასეთ გააფთრებულ სპილოებს 48 მომთვინიერებლის სიცოცხლე შეეწირა“ (India Today International). ასეთი რამ სპილოებს ხშირად შეწყვილების პერიოდში ემართებათ, როცა ახალგაზრდა და ჯანმთრელი მამალი სპილოს ორგანიზმში ტესტოსტერონი მატულობს. ამ დროს ის მამალი სპილოებისა და ადამიანების მიმართ აგრესიულია და სრულიად უმართავი ხდება. ეს პერიოდი 15 დღიდან სამ თვემდე გრძელდება.

სპილო უმართავი მაშინაც ხდება, როცა მას ყიდიან და ახალი პატრონის ხელში ხვდება. ეს გასაგებიცაა, რადგან ძველ პატრონს შეჩვეული იყო. ახალ გარემოსთან შესაგუებლად ძველ პატრონს ახალთან თვითონ მიჰყავს ცხოველი. ისინი ერთად უვლიან მას, სანამ ახალი პატრონი და სპილო ერთმანეთს არ შეეჩვევიან. გაცილებით მეტი სირთულე მაშინ იქმნება, როცა მომთვინიერებელი კვდება და სპილო სხვა პატრონის ხელში გადადის. თუმცა საბოლოოდ სპილო მაინც ეჩვევა თავის ახალ პატრონს და ახალ გარემოს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეშინია ამ გიგანტი ცხოველის, კარგად გაწვრთნილი სპილო კეთილი პატრონის მორჩილია. თუ პატრონი კარგად ეპყრობა სპილოს, მისი არყოფნის შემთხვევაშიც კი აღარ არის საჭირო სპილოს ჯაჭვით დაბმა. ადგილიდან ფეხი რომ არ მოიცვალოს, სრულიად საკმარისია, პატრონმა ჯოხის ერთი ბოლო სპილოს ფეხს მიადოს, ხოლო მეორე ბოლო — მიწას, და უბრძანოს, რომ არ გაინძრეს. სპილო სრულ მორჩილებას ავლენს და სანამ პატრონი არ მოვა, ადგილიდან არ იძვრის. როგორც სტატიის დასაწყისში იყო მოთხრობილი, პატრონსა და სპილოს შორის გასაოცარი და გულის ამაჩუყებელი ურთიერთობაა. კარგი პატრონი ენდობა თავის სპილოს.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

ადამიანისა და სპილოს ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია

სპილოების მოშინაურებას დიდი ისტორია აქვს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ანტიკური ეპოქის კართაგენის მხედართმთავარს, ჰანიბალს უკავშირდება. ძვ. წ. III საუკუნეში კართაგენს, ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ-სახელმწიფოს საუკუნის მანძილზე ჰქონდა რომთან ბრძოლები, რომლებიც პუნიკური ომების სახელითაა ცნობილი. ჰანიბალმა კართაგენში (ესპანეთი) შეკრიბა ჯარი რომზე იერიშის მისატანად. თავდაპირველად მან გადალახა პირენეს მთები და შევიდა დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. შემდეგ, როგორც ჟურნალ „არქეოლოგიაშია“ ნათქვამი, მან „ისტორიაში ყველაზე გაბედულ სამხედრო მანევრს“ მიმართა და 25 000-კაციანი ჯარით, რომელსაც 37 აფრიკული სპილო და სურსათ-სანოვაგით დატვირთული ცხოველები ახლდა, ალპების გავლით იტალიაში გადავიდა. მათ მოუწიათ სიცივეში, ქარბუქში და კლდე-ღრეში სიარული, აგრეთვე მთაში მცხოვრებ ტომებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ გზის გავლა სპილოებს ძალიან გაუჭირდათ. იტალიაში ჰანიბალის ჩასვლის პირველივე წელს ყველა დაიხოცა.

[საავტორო უფლება]

© Look and Learn Magazine Ltd/The Bridgeman Art Library

[სურათი 17 გვერდზე]

მომთვინიერებელი სპილოს სქელ, მაგრამ ნაზ და მგძნობიარე კანს უხეხავს

[საავტორო უფლება]

© Vidler/mauritius images/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

© PhotosIndia/age fotostock