არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაღლილი ბავშვები

გადაღლილი ბავშვები

გადაღლილი ბავშვები

▪ „ვეღარ მოვასწარი. ძალიან დაღლილი ვიყავი“, — ასე უთხრა რვა წლის პაბლომ მასწავლებელს, რომელმაც საშინაო დავალება მოსთხოვა. ამ პატარა ესპანელი ბიჭის მსგავსად, ბევრი ბავშვი ყოველდღე ძალიან ბევრს, შესაძლოა 12 საათზე მეტსაც კი მეცადინეობს. ეს მათ ძალებს აცლის. რატომ აქვთ ბავშვებს ამდენი სამეცადინო?

ზოგ ბავშვს სკოლის შემდეგ სხვადასხვა წრეზე ან მასწავლებელთან უწევს წასვლა, რათა დედიკოს და მამიკოს დაბრუნებამდე დაკავებული იყოს. ზოგიერთი მშობელი ძალიან ბევრს სთხოვს შვილებს, რადგან სურთ, რომ ბავშვებმა წარჩინებით დაამთავრონ სკოლა და კარგი კარიერა შეიქმნან. ამ მიზნით სამხრეთ კორეაში ბევრ მშობელს შვილები ისეთ სკოლებში მიჰყავს, სადაც გაძლიერებული სწავლებაა. ასეთ სკოლებში დამქანცველი გრაფიკია და ბავშვებს კვირაში შვიდივე დღე, ზოგჯერ დილის 7:30-დან გვიანობამდე ან შუაღამემდეც კი უწევთ სკოლაში ყოფნა. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამია: „მშობლები ყველაფერზე მიდიან, რომ შვილებმა უმაღლესი განათლება მიიღონ“.

ესპანურ ჟურნალში ეწერა: „მრავალ მშობელს საუკეთესო სურს შვილებისთვის, მაგრამ მათგან ძალიან ბევრს ითხოვენ“ (Mujer hoy). ასეთი მშობლების მოლოდინი რომ გაამართლონ, ბავშვები შეიძლება მაქსიმუმს სთხოვენ საკუთარ თავს, რაც მათ დიდ სტრესს უქმნით. ანტონიო კანო, რომელიც ესპანეთში იმ საზოგადოების პრეზიდენტია, რომელიც ადამიანებში სტრესის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს, ამბობს: „ჩვენი დაკვირვებით მოზარდები ძალიან გადატვირთულები არიან“. ერთი პროფესორის დაკვირვების თანახმად, ესპანეთში 15 წლამდე მოზარდების 40 პროცენტს დიდი სტრესი აქვს. ასეთმა დაძაბულობამ მოზარდები შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. მაგალითად, სამხრეთ კორეაში „10-დან 19 წლამდე მოზარდების სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის თვითმკვლელობა ავტოავარიის შემდეგ პირველია“, — ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმზში“.

ცხადია, მოზარდებმა გულმოდგინედ უნდა ისწავლონ სკოლაში და მშობლებიც ყველანაირად მხარში უნდა ამოუდგნენ მათ, რადგან ეს წლები აღარასოდეს განმეორდება. მაგრამ „ბავშვები დიდები არ არიან და არ შეუძლიათ ასეთ დამქანცველ, გადატვირთულ გრაფიკს გაუძლონ“, — ამბობს ირენე არიმადასი, რომელიც სკოლის მასწავლებელია. აქედან გამომდინარე, მზრუნველი მშობლები შვილებს საკმარის დროს დაუტოვებენ დასვენებისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. გაწონასწორებულობა რომ მნიშვნელოვანია, ეს კარგად ჩანს ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვებიდან: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). *

[სქოლიო]

^ აბზ. 5 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“, სტატიათა სერია „სწავლისგან ქანცგაწყვეტილი მოსწავლეები“.