არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გამოწერილი წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

გამოწერილი წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

გამოწერილი წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

ერთმა გოგონამ, ენჯიმ ყური მოჰკრა მშობლების საუბარს, რომლებიც მის უმცროს ძმაზე ამბობდნენ, რომ ექიმის გამოწერილი წამლები მადას დაუკარგავდა. ენჯის უნდოდა წონაში დაეკლო, ამიტომ ძმის წამლებს ჩუმად იღებდა და დღეში თითო აბს სვამდა. ენჯის მეგობარიც სვამდა ასეთივე აბებს, ამიტომ მშობლები რომ არ მიმხვდარიყვნენ, ენჯი მასაც სთხოვდა ამ წამალს. *

რა უწყობს ხელს იმას, რომ ბევრი უმართებულოდ იყენებს გამოწერილ წამლებს? პირველი მიზეზი ის არის, რომ სახლში მათ ადვილად მიუწვდებათ ხელი ასეთ პრეპარატებზე. მეორე, მრავალი მოზარდი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე იღებს წამლებს. მესამე, ასეთი პრეპარატები მათ კანონით აკრძალულ წამლებთან შედარებით ნაკლებად მავნებელი ეჩვენებათ და ფიქრობენ: „თუ წამალს ბავშვს უწერენ, ესე იგი ის უსაფრთხოა“.

მართლაც, როდესაც სათანადოდ ვიყენებთ გამოწერილ წამლებს, ამან შეიძლება ჯანმრთელობა გაგვიუმჯობესოს და სიცოცხლის წლებიც კი გაგვიხანგრძლივოს. მაგრამ მათმა არასწორმა გამოყენებამ, ნარკოტიკული საშუალებების მსგავსად, შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მაგალითად, როდესაც ვინმე არასწორად იყენებს ექიმის მიერ გამოწერილ სტიმულატორებს, ამის გამო მას შეიძლება გულის უკმარისობა ან შეტევა დაემართოს. გარდა ამისა, ამან შესაძლოა გამოიწვიოს პულსის შენელება და უეცარი სიკვდილი. ეს წამლები ადამიანისთვის შეიძლება მავნებელი იყოს მაშინაც, თუ მათთან ერთად სხვა პრეპარატებს ან ალკოჰოლს იღებს. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო, რომ 2008 წლის დასაწყისში გარდაიცვალა პოპულარული მსახიობი, „რომელმაც ერთდროულად მიიღო ექვსი ტრანკვილიზატორი, აგრეთვე საძილე აბები და ტკივილგამაყუჩებლები“ (Arizona Republic).

კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ ადამიანი წამლებზე დამოკიდებული ხდება. წამლის არასწორი მიზნით გამოყენება, მაგალითად დიდი დოზით მიღება, ნარკოტიკივით მოქმედებს და ასტიმულირებს ტვინის იმ უბანს, რომელიც სიამოვნების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში ადამიანს შეიძლება ამ ნივთიერებისადმი მოთხოვნილება განუვითარდეს. წამლების მიღებას ხანგრძლივი სიამოვნება არ მოაქვს და არც ცხოვრებისეული სირთულეების გადაჭრაში ეხმარება ადამიანს. მათი ბოროტად გამოყენება აუარესებს მდგომარეობას, იწვევს სტრესს, ღრმა დეპრესიას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ნორმალურად ფუნქციონირების უნარის დაქვეითებას, წამლებზე დამოკიდებულებას ან ამ ყველაფერს ერთად. აგრეთვე, გარდაუვალია პრობლემები ოჯახში, სკოლასა თუ სამსახურში. რა შემთხვევაში შეიძლება იმის თქმა, რომ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს მართებულად ან უმართებულოდ იყენებთ?

წამლების მართებულად და უმართებულოდ გამოყენება

მარტივად რომ ვთქვათ, წამლებს მაშინ იყენებთ მართებულად, როცა მათ იმ ექიმის დანიშნულებისამებრ სვამთ, რომელმაც კარგად იცის თქვენი ავადმყოფობის ისტორია. ამაში იგულისხმება წამლების სათანადო დოზით, დროულად და დანიშნულების მიხედვით მიღება. ამ ყოველივეს გათვალისწინების მიუხედავად, შესაძლებელია არასასურველმა და მოულოდნელმა სიმპტომებმა მაინც იჩინოს თავი. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება შეგიცვალოთ დანიშნულება ან საერთოდ მოგიხსნათ წამალი. იმავეს თქმა შეიძლება ურეცეპტო წამლებზე — მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ ისინი, თუ ნამდვილად არის ამის საჭიროება და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

წამლის უმართებულოდ გამოყენება მაშინ ხდება, როცა მას დანიშნულების გარეშე სვამენ, დოზას არ ითვალისწინებენ და სხვისთვის გამოწერილ პრეპარატებს იღებენ. მაგალითად, ინსტრუქციის მიხედვით, ზოგი აბი უნდა გადაიყლაპოს, რათა ნელა შევიდეს რეაქციაში. მაგრამ ზოგიერთი ასეთ აბებს ღეჭავს, ფხვნის და ცხვირით ისრუტავს ან წყალში ხსნის და შპრიცით შეჰყავს ორგანიზმში. შედეგად წამალმა შესაძლოა მალევე იმოქმედოს, მაგრამ ამან შეიძლება თანდათანობით წამალზე დამოკიდებული გახადოს ადამიანი და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

მეორე მხრივ, თუ ვინმე დანიშნულებისამებრ იღებს გამოწერილ წამლებს, მაგრამ გრძნობს, რომ მათზე დამოკიდებული ხდება, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თავის ექიმს. ექიმმა კარგად იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა ისე, რომ არც ის დაავადება გამორჩეს მხედველობიდან, რისთვისაც პაციენტს ეს წამალი დაუნიშნა.

მთელ მსოფლიოში წამლების უმართებულოდ გამოყენება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. დღეს მრავალ ოჯახში, სადაც სიყვარული და უსაფრთხოება უნდა სუფევდეს, თავს იჩენს სერიოზული პრობლემები. ასეთ ოჯახებში მაღალზნეობრივი და სულიერი ფასეულობები უგულებელყოფილია და სათანადოდ არ აფასებენ სიცოცხლეს (2 ტიმოთე 3:1—5). მათთვის მომავალი წყვდიადითაა მოცული და ფიქრობენ, რომ წინ კარგი არაფერი ელოდებათ. ამიტომ ისინი დღევანდელი დღით ცხოვრობენ და სიამოვნების მიღებისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ზოგჯერ წინდაუხედავადაც კი დგამენ ნაბიჯებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება“ (იგავები 29:18).

თუ შვილები გყავთ, უდავოა, გსურთ, რომ ისინი ზნეობრივი და სულიერი ზიანისგან დაიცვათ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? სად შეგიძლიათ საიმედო ხელმძღვანელობის მიღება და უტყუარი იმედის პოვნა? შემდეგი სტატიები პასუხს გასცემს ამ კითხვებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ინფორმაცია აღებულია ვებ-საიტიდან www.kidshealth.org

[ჩარჩო 4 გვერდზე]

ეიფორიის დაუოკებელი სურვილი

ზოგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაბრუვდეს. ისინი ამისთვის სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, მაგალითად ყნოსავენ სარეცხ ხსნარებს, ფრჩხილებისა და ხის ლაქს, ბენზინს, წებოს, სანთებელას გაზს, საღებავს და სხვა ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადვილად გადადის აირად მდგომარეობაში. ანაორთქლი პირდაპირ სისხლში ხვდება და მეყსეულ რეაგირებას ახდენს.

კიდევ ერთი საზიანო ჩვევაა იმ ურეცეპტო მედიკამენტების უმართებულოდ გამოყენება, რომლებიც ალკოჰოლურ და საძილე საშუალებებს შეიცავს. ასეთი წამლების დიდი დოზით მიღება მოქმედებს გრძნობის ორგანოებზე, განსაკუთრებით სმენასა და მხედველობაზე და იწვევს გონების დაბინდვას, ჰალუცინაციებს, მგრძნობელობის დაკარგვას და კუჭის ტკივილს.

[ჩარჩო 5 გვერდზე]

წამლების შოვნის მეთოდები

„ისინი, ვინც პრეპარატებს არასწორი მიზნით იყენებენ ან წამლებზე არიან დამოკიდებულნი, ყველა ღონეს ხმარობენ მათ საშოვნელად“, — ნათქვამია ერთ-ერთ წიგნში. „ასეთი ადამიანები რეკავენ სასწრაფო დახმარების სამსახურში ან თავად მიდიან იქ სამუშაო დღის ბოლოს, უარს ამბობენ გამოკვლევაზე, გასინჯვაზე, ექიმთან ვიზიტზე, აცხადებენ, რომ რეცეპტი დაკარგეს და ახლის მიღება სურთ, სურვილისამებრ ცვლიან რეცეპტს, არ სურთ ექიმი მათი ავადმყოფობის ისტორიას გაეცნოს და არც იმ ექიმების შესახებ აწვდიან ინფორმაციას, ვისთანაც ადრე მკურნალობდნენ. ისინი სხვადასხვა ექიმთან მიდიან იმ მიზნით, რომ რამდენიმე რეცეპტი მიიღონ და შეძლონ უფრო მეტი წამლის გამოტანა“ (Physicians’ Desk Reference).

უმეტესწილად, შემდეგ წამლებს იყენებენ ბოროტად:

ოპიოიდები — ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა) დეპრესანტები — ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინები, რომლებიც გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებებად (ხშირად მათ სედატივები ან ტრანკვილიზატორები ეწოდება).

სტიმულატორები — უწერენ მათ, ვისაც აღენიშნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ნარკოლეფსია (დაუძლეველი ძილის შეტევები) და სიმსუქნე. *

[სქოლიო]

^ აბზ. 24 ინფორმაცია აღებულია „ნარკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის“ მასალებიდან.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

გამოწერილი წამლების უსაფრთხოდ გამოყენების წესები

1. ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციას.

2. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვალოთ დოზა.

3. ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ გამოწერილი წამლების მიღება.

4. არ დაფხვნათ ან არ გატეხოთ აბი, თუ ინსტრუქციაში არაა მითითებული.

5. წინასწარ გაეცანით, რა მხრივ შეიძლება იმოქმედოს წამალმა ავტომანქანის მართვის ან სხვა საქმიანობების დროს.

6. დაადგინეთ, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ წამლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის ან სხვა წამლების მიღება.

7. უთხარით ექიმს, თუ ადრე არასწორი მიზნით იყენებდით წამლებს ან სხვა ნივთიერებებს.

8. ნუ მიიღებთ სხვისთვის გამოწერილ წამლებს და ნურც თქვენს წამლებს მისცემთ სხვას. *

[სქოლიო]

^ აბზ. 36 მასალა დაფუძნებულია აშშ-ს კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სამეთვალყურეო ადმინისტრაციის რეკომენდაციებზე.