არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო, დაიცავით შვილები!

მშობლებო, დაიცავით შვილები!

მშობლებო, დაიცავით შვილები!

შეშფოთებულ მშობლებს აინტერესებთ, რატომ იღებენ მოზარდები წამლებს ასე ხშირად. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ზოგ მოზარდს სურს, რომ ეიფორია დაეუფლოს. სხვები ფიქრობენ, რომ წამლები სწავლის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ და პრობლემებს დაავიწყებთ. ზოგიერთი კი შეიძლება ფიზიკურ და ემოციურ სისუსტეს გრძნობს და სურთ, თავი უკეთ იგრძნონ. 12 წლამდე ბავშვებს ჩვევაში აქვთ ექიმის მიერ გამოწერილი წამლების არასწორი მიზნით გამოყენება. მათ შესაძლოა ამისკენ უბიძგებს ასობით ათასი ვებ-საიტი, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია წამლების შეძენა. ზოგი მოზარდი ეგრეთ წოდებული მეგობრებისგან ყიდულობს წამლებს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ შვილების დასაცავად?

ესაუბრეთ შვილებს იმ საშიშროებაზე, რაც წამლების ან ნარკოტიკების არასწორად გამოყენებას ახლავს თან. წამლები ისეთ ადგილზე შეინახეთ, სადაც შვილებს ხელი არ მიუწვდებათ ან ჩაკეტეთ წამლების ყუთი. სასურველია იცოდეთ, რა სახის და რა რაოდენობის წამალი გაქვთ სახლში. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენმა შვილმა ჩუმად არ აიღოს ისინი და არ დალიოს. თუ ექიმის მიერ გამოწერილი წამლები აღარ გჭირდებათ, გადაყარეთ ისე, რომ შვილებმა არ მიაგნონ. თუ თქვენს მოზარდ შვილს აღარ ახველებს, მაგრამ მაინც სვამს წამალს, დაინტერესდით, რატომ აგრძელებს მის მიღებას. თვალყური ადევნეთ, როცა ის ინტერნეტით სარგებლობს, შეამოწმეთ, რას ყიდულობს საკრედიტო ბარათით და ვის წერს წერილებს ელექტრონული ფოსტით. დააკვირდით, ვისთან იწყებს თქვენი შვილი ურთიერთობას. რაიმე ცვლილებას ხომ არ ამჩნევთ მის გარეგნობასა და საქციელში და სწავლას ხომ არ მოუკლო?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოზარდს წამლებზე დამოკიდებულება განუვითარდა?

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ დანამდვილებით იცით ან ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი არასწორი მიზნით იყენებს წამლებს? ისაუბრეთ მასთან ამ საკითხზე გულახდილად და სიყვარულით. „კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 20:5). ბავშვისგან სიმართლის გაგება შეიძლება ჭიდან წვრილ თოკზე დაკიდებული ვედროთი წყლის ამოღებას შევადაროთ. თუ შვილს მკაცრად ან უხეშად დაელაპარაკებით, შეიძლება თქვენ შორის ურთიერთობის „თოკი“ გაწყდეს. გახსოვდეთ ორი მნიშვნელოვანი რამ: პირველი, უნდა გაარკვიოთ, იღებს თუ არა თქვენი შვილი გამოწერილ წამლებს არასწორი მიზნით და მეორე, თუ იღებს, რამ გამოიწვია ეს. ხშირად ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან ყველა.

ცუდი საზოგადოება და თანატოლების ზეგავლენა. „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“, — ნათქვამია 1 კორინთელების 15:33-ში. გონიერი მშობლები დაანახვებენ შვილებს, რომ ცუდ საზოგადოებას უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მათზე, და კარგი მეგობრების არჩევაში დაეხმარებიან (იგავები 13:20). მშობლებს შეუძლიათ სახლში დაპატიჟონ ან ერთად გაისეირნონ ხოლმე იმ მოზარდებთან ერთად, რომლებიც მათ შვილებზე დადებით გავლენას მოახდენენ.

სტრესი. დღეს მოზარდებზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიონ წარმატებას და ზოგჯერ მშობლები აუარესებენ მათ მდგომარეობას. * იცით თქვენი შვილის სუსტი და ძლიერი მხარეები? უსახავთ გონივრულ მიზნებს და ეხმარებით მათ მიღწევაში? ხომ არ ადარებთ ბავშვს სხვებს და ხომ არ ამცირებთ? ეს მას გულს გაუტეხდა და დეპრესიაში ჩააგდებდა. თუ ბავშვს სახლში ემოციური მხარდაჭერა არა აქვს, ის სხვაგან შეეცდება სითბოსა და თანაგრძნობის მიღებას. გამჭრიახი მშობლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ოჯახში ღვთისადმი თაყვანისცემა პირველ ადგილზე იდგეს. ამ მხრივ მათ შესაძლოა ბავშვებთან ერთად ბიბლიის კითხვა დაეხმაროს. იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

მეტისმეტი თავისუფლება. ზოგი მოზარდი იმიტომ ეჩვევა წამლებს, რომ მშობლებს ისინი თავიანთ ნებაზე ჰყავთ მიშვებული. იგავების 29:15-ში ნათქვამია: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“. ბავშვებს შეიძლება არ მოსწონთ, როცა გარკვეულ წესებს უდგენენ, მაგრამ კარგად ესმით, რომ მშობლები ამას სიყვარულიდან გამომდინარე და მათი დაცვის მიზნით აკეთებენ. ბიბლია მშობლებს მოუწოდებს, გონივრული ხელმძღვანელობა გაუწიონ შვილებს და კარგი მაგალითი მისცენ (ეფესოელები 6:4). ბიბლიიდან აგრეთვე ჩანს, რომ საჭიროა სიმტკიცის გამოვლენა. „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (იაკობი 5:12).

ცხადია, თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი ბოროტად იყენებს წამლებს, გონივრული იქნება, ექიმს მიმართოთ. ბავშვმა ამ მავნე ჩვევას თავი რომ დააღწიოს, შეიძლება სპეციალისტის ჩარევა გახდეს საჭირო. თუ იეჰოვას მოწმეები ხართ, შეგიძლიათ რჩევისთვის ქრისტიანული კრების უხუცესებსაც მიმართოთ (იაკობი 5:13—16). სულიერად მოწიფული მამაკაცები დაგეხმარებიან, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით თავი გაართვათ ამ სირთულეს.

შემდეგ სტატიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული იქნება კიდევ რამდენიმე დამხმარე პრინციპი. გარდა ამისა, ვისაუბრებთ იმ შესანიშნავ მომავალზე, რომელიც წინ გველოდება.

[სქოლიო]

[ჩანართი 7 გვერდზე]

„კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას“ (იგავები 20:5).

[ჩარჩო 7 გვერდზე]

მოზარდებს წამლებზე დამოკიდებულება ემუქრებათ, თუ . . .

▪ მათი ოჯახის რომელიმე წევრი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან რაიმე სხვა ნივთიერებას.

▪ დეპრესია და უღირსობის გრძნობა აქვთ.

▪ ფიქრობენ, რომ სხვები ვერ უგებენ და არავის სურს მათთან ახლო ურთიერთობა.

▪ ზანტები არიან და ძილის პრობლემები აქვთ.

▪ აგრესიულები არიან და უფროსებს არ ემორჩილებიან. *

[სქოლიო]

^ აბზ. 21 დაფუძნებულია მოზარდებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ-ჟურნალზე (Teen Help).