არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ არ მოვწონვარ გოგონებს?

რატომ არ მოვწონვარ გოგონებს?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ არ მოვწონვარ გოგონებს?

მას თავბრუ დავახვიე. ჩემ შესახებ ყველაფერი ვუთხარი. მოვუყევი, რამდენი რამე მქონდა, სად ვიყავი ნამყოფი და ვის ვიცნობდი. წესით, სიხარულით უნდა დაეწყო ჩემთან ურთიერთობა!

მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი! ნუთუ ვერ მიხვდა, რომ არ მომწონდა?! არ ვიცოდი, როგორ შემეწყვეტინებინა საუბარი ისე, რომ უხეშად არ გამომსვლოდა.

ალბათ, ასაკი ხელს გიწყობს, რომ ვინმესთან ურთიერთობა დაიწყო და გინდა, იპოვო მიმზიდველი გოგონა, რომელიც შენს რწმენას იზიარებს (1 კორინთელები 7:39). შესაძლოა, სცადე კიდეც ვინმესთან ურთიერთობის დაწყება, მაგრამ არაფერი გამოგივიდა.

რა უნდა გაითვალისწინო, თუ ვინმესთან ურთიერთობის დაწყება გინდა? რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელო ამ დროს?

პირველი ნაბიჯი

სანამ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტ, კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოყვანილ ძირითად პრინციპებს გაითვალისწინებ, რომლებიც ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობის დროს გამოგადგება.

▪ განივითარე კარგი მანერები. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარული „უწესოდ არ იქცევა“ (1 კორინთელები 13:5). კარგი მანერებით ცხადყოფ, რომ პატივს სცემ სხვებს და მოწიფული ქრისტიანი ხარ. მაგრამ კარგი მანერები კოსტიუმი არ არის, რომ გარეთ კარგი შთაბეჭდილება დატოვო, სახლში მისვლისთანავე კი გაიხადო. ჰკითხე საკუთარ თავს: „ვავლენ კარგ მანერებს ოჯახის წევრებთან?“ თუ არა, მაშინ სხვებთან ურთიერთობის დროს გამოჩნდება, რომ ამას ხელოვნურად აკეთებ. გახსოვდეს, რომ გამჭრიახ გოგოს ვერაფერს გამოაპარებ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დროს ის შეამჩნევს, თუ სინამდვილეში როგორი ხარ (ეფესოელები 6:1, 2).

გოგონები ამბობენ: „ძალიან მომწონს, როცა ბიჭი კარგ მანერებს ავლენს როგორც უმნიშვნელო, ისე მნიშვნელოვან საკითხებში — მაგალითად, როცა კარებს მიღებს ან თანაგრძნობასა და ყურადღებას ავლენს ჩემდამი და ჩემი ოჯახისადმი“ (ტინა, 20 წლის). *

„ძალიან ვღიზიანდები, როცა ახალგაცნობილი პირადულ კითხვებს მისვამს, მაგალითად, „ხვდები ვინმეს?“ ან „რა მიზნები გაქვს?“ ასეთი კითხვების დასმა უზრდელობად მიმაჩნია და თავს უხერხულად ვგრძნობ“ (ქეითი, 19 წლის).

დაიცავი პირადი ჰიგიენა. ჰიგიენის დაცვით ცხადყოფ, რომ პატივისცემას ავლენ როგორც სხვების, ისე საკუთარი თავისადმი (მათე 7:12). როცა საკუთარ თავს პატივს სცემ, სხვები უფრო განეწყობიან შენდამი პატივისცემით. მაგრამ, თუ ჰიგიენას არ იცავ, გაგიჭირდება გოგოს მოხიბვლა.

გოგონები ამბობენ: „იმ ბიჭს, რომელსაც მე მოვწონდი, პირიდან ცუდი სუნი ამოსდიოდა. ეს იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ არ შემეძლო ამაზე თვალის დახუჭვა (კელი, 24 წლის).

▪ იყავი კარგი მოსაუბრე. კარგი კომუნიკაცია ხანგრძლივი ურთიერთობის საწინდარია. ამაში იგულისხმება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ისაუბრო, არამედ გოგონასაც მოუსმინო (ფილიპელები 2:3, 4).

გოგონები ამბობენ: „ძალიან მესიამოვნა, როცა ერთმა ბიჭმა თავისუფლად დამიწყო ლაპარაკი. მან გაიხსენა ყველაფერი, რაც მასთან მქონდა ნათქვამი, და დამისვა კითხვები, რასაც საინტერესო საუბარი მოჰყვა“ (კრისტინა, 20 წლის).

„ჩემი აზრით, ბიჭები გოგონებს გარეგნობით აფასებენ, გოგონები ბიჭებს კი იმით, რასაც მათგან ისმენენ“ (ლაურა, 22 წლის).

„საჩუქრების მიღება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, თუ ბიჭი კარგი მოსაუბრეა და შეუძლია თავისი სიტყვებით განუგეშოს და გაგამხნეოს . . . ეს ბევრად უკეთესია!“ (ემი, 21 წლის).

„ისეთ ბიჭთან ვისურვებდი ურთიერთობას, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებს სერიოზულად ეკიდება“ (კელი, 24 წლის).

ზემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება კარგი მეგობრობის განვითარებაში დაგეხმარება. როგორ უნდა მოიქცე, თუ ფიქრობ, რომ მზად ხარ სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად?

შემდეგი ნაბიჯი

▪ აიღე ინიციატივა. თუ ვინმე მოგწონს და ფიქრობ, რომ ის კარგი მეუღლე იქნება, გაუმხილე შენი გრძნობები. გულახდილად დაელაპარაკე და ნათლად აუხსენი, რას გრძნობ მისდამი. ბუნებრივია, შეიძლება გიჭირდეს შენი გრძნობების გამხელა იმის შიშით, რომ უარს გეტყვის. მაგრამ, თუ ინიციატივას აიღებ, ამით ცხადყოფ, რომ პატარა აღარა ხარ.

გოგონები ამბობენ: „მე აზრების წაკითხვა არ შემიძლია. თუ ვინმეს ჩემთან ურთიერთობის დაწყება სურს, გულწრფელი უნდა იყოს და სათქმელი პირდაპირ უნდა მითხრას“ (ნინა, 23 წლის).

„შეიძლება რთული იყოს გრძნობების გამხელა იმ ადამიანისთვის, რომელიც შენი მეგობარია. მაგრამ მირჩევნია, ასეთმა ადამიანმა პირდაპირ მითხრას, რომ უფრო ახლოს სურს ჩემი გაცნობა“ (ჰელენი, 25 წლის).

პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას. როგორ უნდა მოიქცე, თუ გოგონამ ახლოს გაცნობაზე უარი გითხრა? პატივი ეცი მის გადაწყვეტილებას, რადგან მან უკეთ იცის, რატომ გითხრა უარი. შენი მხრიდან მოწიფულობის მაჩვენებელი არ იქნება, თუ შენსას დაიჟინებ. თუ ყურადღებას არ მიაქცევ მის მიერ გასაგებად ნათქვამ უარს ან გაბრაზდები, ცხადყოფ ამით, რომ ითვალისწინებ მის ინტერესებს? (1 კორინთელები 13:11).

გოგონები ამბობენ: „ძალიან ვბრაზდები, როცა ბიჭს უარს ვეუბნები, ის კი მაინც თავისას ცდილობს“ (კოლინი, 20 წლის).

„ერთ ბიჭს ავუხსენი, რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ის დაჟინებით მთხოვდა ტელეფონის ნომერს. ვცდილობდი, თავაზიანი ვყოფილიყავი. როგორც ჩანს, ეს ათამამებდა მას და ფიქრობდა, რომ აზრს შევიცვლიდი. მაგრამ, ერთხელაც მკაცრად დაველაპარაკე“ (სარა, 23 წლის).

რა არ უნდა გააკეთო

ზოგი ბიჭი ადვილად აწონებს გოგოებს თავს. ისინი შესაძლოა ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს, თუ ვინ უფრო მეტ გოგონას მოხიბლავს. ასეთი საქციელი არასწორია და ცუდ რეპუტაციას შეგიქმნის (იგავები 20:11). კარგი სახელი გექნება, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებ.

მოერიდე ფლირტს. ფლირტის დროს ადამიანი პირფერულ კომპლიმენტებს ეუბნება მეორეს და ჟესტებითა და მიმიკით მის გრძნობებზე თამაშობს. ასეთი ადამიანი სერიოზული განზრახვის გარეშე ავლენს რომანტიკულ ინტერესს მეორისადმი. ამგვარი საქციელი და აზროვნება ეწინააღმდეგება ბიბლიურ რჩევას, სადაც ნათქვამია, რომ ‘ახალგაზრდა ქალს, როგორც დას, მთელი სიწმინდით’ უნდა მოვეპყროთ (1 ტიმოთე 5:2). ფლირტი ადამიანს მეგობრებს აშორებს და მეუღლესთან ურთიერთობას უფუჭებს. გამჭრიახმა გოგოებმა ეს კარგად იციან და შენთან ურთიერთობას მოერიდებიან.

გოგონები ამბობენ: „ძალიან არ მომწონს, როცა ისეთი ბიჭი გეუბნება კომპლიმენტებს, რომელიც ერთი თვის წინ შენს დაქალს აწონებდა თავს“ (ჰელენი, 25 წლის).

„ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა არშიყობა დამიწყო და სულ თავის თავზე ლაპარაკობდა. როცა ერთი გოგო შემოგვიერთდა, მასაც არშიყობა დაუწყო. მერე სხვა მოვიდა და მასთანაც თავს იწონებდა. ძალიან არ მომეწონა მისი საქციელი“ (ტინა, 20 წლის).

არ ითამაშო სხვის გრძნობებზე. ნუ იფიქრებ, რომ გოგოებთან მეგობრობის დროს ისეთივე დამოკიდებულება გამოგადგება, როგორიც ბიჭებთან გაქვს. მაგალითად, თუ ბიჭს ეუბნები, რომ ახალი კოსტიუმი უხდება, ხშირად საუბრობ მასთან და შენს საიდუმლოს ანდობ, ის არასოდეს იფიქრებს, რომ მისდამი რომანტიკული გრძნობები გაქვს. მაგრამ, თუ გოგოს ეუბნები კომპლიმენტს, ხშირად ესაუბრები მას და საიდუმლოს უმხელ, მან შეიძლება იფიქროს, რომ მოგწონს.

გოგონები ამბობენ: „ვფიქრობ, ბიჭებს არ ესმით, რომ გოგოებთან ისე არ უნდა მოიქცნენ, როგორც ბიჭებთან იქცევიან“ (შერილი, 26 წლის).

„ბიჭმა შეიძლება ტელეფონის ნომერი გთხოვოს და შემდეგ SMS-ები მოგწეროს. მიზეზი ცხადია! ზოგჯერ შეიძლება SMS-ებით ვინმესთან ურთიერთობა გქონდეს და ემოციურად მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მესიჯებით ყველაფერს ვერ იტყვი“ (მელორი, 19 წლის).

„ჩემი აზრით, ბიჭი ვერ ხვდება, რა სწრაფად შეიძლება გაუჩნდეს გოგოს გრძნობები მის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მზრუნველი და კომუნიკაბელურია. ეს არ ნიშნავს, რომ გოგო გულუბრყვილოა. უბრალოდ, გოგოების უმრავლესობას სურს, რომ შესაფერისი შეყვარებული ჰყავდეს“ (ალისონი, 25 წლის).

იყავი რეალისტი

არარეალური და ეგოისტური იქნება იმის მოლოდინი, რომ ყველა გოგოს მოეწონები. მაგრამ ზოგს მოეწონები, თუ გემახსოვრება შემდეგი: გარეგნობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შინაგანი ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, ‘შევიმოსოთ ახალი პიროვნება’ (ეფესოელები 4:24).

21 წლის ქეითი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ბიჭები ფიქრობენ, რომ გოგოებს ჩაცმულობითა და გარეგნობით მოაწონებენ თავს. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ვფიქრობ, გოგოებს უფრო მეტად ბიჭების კარგი თვისებები იზიდავს“. *

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 38 იხილე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 3.

დაფიქრდი

▪ რით შეგიძლია აჩვენო, რომ საკუთარ თავს პატივს სცემ?

▪ როგორ შეგიძლია ცხადყო, რომ გოგოების გრძნობებს ითვალისწინებ?

[სურათი 19 გვერდზე]

კარგი მანერები კოსტიუმი არ არის, რომ გარეთ კარგი შთაბეჭდილება დატოვო, სახლში მისვლისთანავე კი გაიხადო