არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რუსეთის მუზეუმებიდან დაახლოებით 160 000 ექსპონატია დაკარგული („რია-ნოვოსტი“, რუსეთი).

მარსზე დაშვებულმა ნასას კოსმოსურმა აპარატმა „ფენიქსმა“ მარსის ღრუბლებიდან წამოსული თოვლი დააფიქსირა (NASA MISSION NEWS, აშშ).

საბერძნეთის გზებზე დაღუპული მძღოლებისა და მგზავრების 65 პროცენტს უსაფრთხოების ღვედები არ ეკეთათ და ჩაფხუტები არ ეფარათ (EIKONES, საბერძნეთი).

დაკარგული ბარგი

თვითმფრინავით მგზავრობისას ხშირია ბარგის დაკარგვის შემთხვევები. „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნის“ თანახმად, 2007 წელს „42 მილიონი ჩანთა დაიკარგა, რაც 2006 წელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია“. ჩანთების უმრავლესობა 48 საათში დაუბრუნდა მფლობელს, 3 პროცენტი კი საერთოდ ვერ იპოვეს — „ყოველი 2 000-დან ერთი მგზავრი უჩანთოდ დარჩა“. ავიაკომპანიებს დაკარგული ჩანთების ღირებულების ასანაზღაურებლად 2007 წელს 3,8 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიათ. ბარგის დაკარგვის მიზეზებს შორისაა „მგზავრთა ძალიან დიდი რაოდენობა, რეისებს შორის არსებული მცირე დრო, უყურადღებობა და ჩანთებზე ტალონების არასწორად დაკვრა“.

კათოლიკების დამოკიდებულება ქორწინებისადმი

საფრანგეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ რელიგია ადრინდელთან შედარებით „ნაკლებად ახდენს გავლენას“ ადამიანთა ცხოვრებასა და მათ ღირებულებებზე, ნათქვამია ერთ გაზეთში (Population & Sociétés). მაგალითად, საფრანგეთში 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდების 88 პროცენტი აცხადებს, რომ კათოლიკეა. თუმცა მათგან 80 პროცენტი საერთოდ არ დადის ეკლესიაში, თუ არ ჩავთვლით ქორწილებს, ნათლობასა და დაკრძალვის ცერემონიალებს. ადრინდელი ფასეულობების უგულებელყოფა მრავალ ოჯახზე აისახება. ორმოცი წლის წინ 10-დან 1 წყვილი ცხოვრობდა ერთად დაქორწინებამდე, დღეს კი ეს მაჩვენებელი 9-მდე გაიზარდა. „იმ კათოლიკების 75 პროცენტი, რომლებიც რეგულარულად დადიან ეკლესიაში, ქორწინებამდე ერთად ცხოვრობდა“.

ინდოელი ფერმერები თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს

გაზეთ „ჰინდუში“ ნათქვამი იყო, რომ 2002 წლიდან მოყოლებული ინდოეთში ყოველ წელს 17 000 ფერმერი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს; ისინი ხშირად პესტიციდებს სვამენ. იმ სირთულეებს შორის, რომლებსაც ფერმერები ხვდებიან, არის გვალვა, მარცვლეულზე ფასების სწრაფი ვარდნა, ბანკიდან კრედიტის გამოტანა და საკულტივაციო სამუშაოებზე ფასების ზრდა. ამიტომ ბევრი იძულებულია ფულის სასესხებლად კერძო პირს მიმართოს, რომლებიც იმდენად მაღალი პროცენტით აძლევენ ფულს, რომ დიდი ვალები ედებათ. ზოგი ფერმერი ვალების დასაფარავად საკუთარ ორგანოებსაც კი ყიდის. მაგრამ, როდესაც გამოსავალს ვეღარ პოულობენ, ათასობით ფერმერი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს.

ნილოსის ნიანგები გამოჩეკამდე ეხმიანებიან ერთმანეთს

„პატარა ნიანგები ჯერ კიდევ კვერცხებში ყოფნის დროს ერთმანეთს ეხმიანებიან“, რათა ერთდროულად გამოიჩეკონ, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. მკვლევარებმა ჩაიწერეს ის ხმები, რომლებსაც კვერცხებში მყოფი ნილოსის პატარა ნიანგები გამოსცემდნენ. შემდეგ ეს ჩანაწერი სხვა კვერცხებში მყოფ პატარა ნიანგებს მოასმენინეს. ისინი გამოეხმაურნენ ამ ხმას და კვერცხებში მათზე სწრაფად დაიწყეს მოძრაობა, რომლებისთვისაც ეს ჩანაწერი არ მოუსმენინებიათ. „ისინი, რომლებმაც ჯერ არგამოჩეკილი ნიანგების ხმა მოისმინეს, ათი წუთის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით გამოიჩეკნენ“, — ნათქვამია ზემოაღნიშნულ გაზეთში. ის კვერცხები კი, რომლებიც წყნარ ადგილზე ეწყო ან რომლებისთვისაც ჩანაწერი არ მოუსმენინებიათ, სხვადასხვა დროს გამოიჩეკნენ.