სიკვდილს გადარჩენილმა ჭეშმარიტი სიცოცხლე ვიპოვე
სიკვდილს გადარჩენილმა ჭეშმარიტი სიცოცხლე ვიპოვე
მოგვითხრო სემ ტანმა
მე და ჩემი ოჯახი ქვეყნიდან 2 000 კამპუჩიელთან ერთად გავიქეცით და ბოლოს, როგორც იქნა, მივადექით ტაილანდის საზღვართან გამავალ მდინარეს. მჭიდროდ ჩავსხედით ერთ პატარა ნავში, რომელსაც ხალხი უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდა. როგორც კი ბოლო ნავი დაიძრა, „წითელი ქმერების“ ჯარისკაცები გამოჩნდნენ და სროლა დაგვიწყეს.
ჩვენდა საბედნიეროდ, უსაფრთხოდ გადავედით ტაილანდში. ყველა გახარებული იყო ჩვენ გარდა, რადგან მამა და ბიძა გვერდით არ გვყავდა. ისინი რამდენიმე თვის წინ „წითელმა ქმერებმა“ წაიყვანეს; დედაჩემი სულ ტიროდა. სანამ თხრობას გავაგრძელებდე, ნება მომეცით, ჩემი წარსულის შესახებ ზოგი რამ გიამბოთ.
ბუდას ტაძარში მსახურება
დავიბადე კამპუჩიაში (იგივე კამბოჯა) 1960 წელს. მშობლებს ჩემ შემდეგ კიდევ ერთი ბიჭი და ერთი გოგო ეყოლათ. ცხრა წლისა ვიყავი, როცა მშობლებთან ერთად გადავწყვიტე, ბუდისტურ ტაძარში მემსახურა, რაც ჩვენს მხარეში მიღებული იყო. ამ ტაძარში ბერები დილის ექვს საათზე დგებოდნენ, ხალხთან კარდაკარ მიდიოდნენ და საჭმელს სთხოვდნენ. ჩემთვის ძალიან რთული იყო ისეთი ხალხისთვის საჭმლის თხოვნა, რომლებიც ძალიან ღარიბები იყვნენ. ამიტომ ახლად მისულები თავად ვამზადებდით საჭმელს და ჯერ უფროს ბერებს ვაჭმევდით, მერე ჩვენ ვჭამდით.
საღამოს ექვს საათზე უფროსი ბერები იკრიბებოდნენ და ბევრისთვის, ან შესაძლოა ყველასთვის, გაუგებარ ენაზე ლოცულობდნენ. ორი წლის შემდეგ გავხდი უმცროსი ბერი და ზოგიერთი იმ უპირატესობით ვსარგებლობდი, რაც უფროს ბერებს ჰქონდათ. აგრეთვე უფლება მომცეს, ზოგჯერ მეც წარმომეთქვა ხმამაღლა ლოცვა. იმ დროს მეგონა, რომ ბუდიზმი ერთადერთი რელიგია იყო მსოფლიოში.
კამპუჩიიდან გაქცევა
ტაძარში ცხოვრება არ მაკმაყოფილებდა, ამიტომ 14 წლის ასაკში სახლში დავბრუნდი. მალევე ქვეყნის სათავეში პოლ პოტი მოვიდა. „წითელი ქმერების“ მოძრაობა 1975—1979 წლებში მოქმედებდა და აიძულებდა ყველას, რომ ქალაქებიდან სოფლებში გადასახლებულიყვნენ, რათა ამით კომუნისტური რეჟიმი გაემყარებინათ. ჩვენს ოჯახსაც მოუწია საცხოვრებლის შეცვლა. მოგვიანებით პოლ პოტის ხალხმა მამაჩემი და ბიძაჩემი წაიყვანეს და მას შემდეგ ისინი აღარ გვინახავს. ამ რეჟიმის დროს მთლიანობაში დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი კამპუჩიელი მოკლეს, ზოგი მათგანი მძიმე შრომამ, დაავადებებმა და შიმშილობამ იმსხვერპლა.
ასეთმა გაუსაძლისმა პირობებმა გვიბიძგა ზემოთ მოხსენიებულ 2 000 კაცს, დავდგომოდით ტაილანდისკენ მიმავალ სამდღიან სახიფათო გზას, რომელიც მთებში გადიოდა. ყველანი მშვიდობით ჩავედით, მათ შორის გზაში დაბადებული ბიჭუნა. უმრავლესობას თან ფული გვქონდა, მაგრამ გადავყარეთ, რადგან იმ დროს ტაილანდში კამპუჩიის ვალუტა უსარგებლო იყო.
ცხოვრება ტაილანდში
ტაილანდში ჩვენს ნათესავებს შევეკედლეთ. მე თევზით ვაჭრობა დავიწყე. კატერით ხშირად გვიწევდა
კამპუჩიის წყლებში შესვლა, რადგან თევზი იქ ისევე ბევრი იყო, როგორც „წითელი ქმერების“ საპატრულო კატერები. თუ დაგვიჭერდნენ, კატერსაც დავკარგავდით და სიცოცხლესაც. ორჯერ მათ კინაღამ ხელში ჩავუვარდით. თუმცა ზოგი ვერ დაუსხლტა, მაგალითად ჩემი მეზობელი, რომელსაც თავი მოჰკვეთეს. მართალია, ამ შემთხვევამ შემაშინა, მაგრამ მაინც განვაგრძობდი კამპუჩიის სანაპიროებთან თევზაობას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი ოჯახი იშიმშილებდა.ოჯახის უზრუნველსაყოფად გადავწყვიტე, ტაილანდის ლტოლვილთა ბანაკში გადავსულიყავი, რათა სხვა ქვეყანაში იმიგრირების შესაძლებლობა მქონოდა და იქიდან ფული გამომეგზავნა ოჯახისთვის. როცა ამის შესახებ ნათესავებს ვუთხარი, შეეცადნენ, აზრი შემეცვალა, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა.
ლტოლვილთა ბანაკში გავიცანი ინგლისურენოვანი სტუმრები, რომლებმაც მითხრეს, რომ ქრისტიანები იყვნენ. დავინახე, რომ ბუდიზმი ერთადერთი რელიგია არ ყოფილა მსოფლიოში. მე და ჩემი ახალშეძენილი მეგობარი ტენგ ჰანი მათ დავუახლოვდით. ამ უცხოელმა სტუმრებმა ბიბლია გვაჩვენეს და საკვები მოგვცეს. ერთი წელი ლტოლვილთა ბანაკში ვცხოვრობდი და ახალ ზელანდიაში გადასვლის უფლებას ველოდებოდი.
ახალი ცხოვრება ახალ ზელანდიაში
ჩემი მოთხოვნა 1979 წლის მაისში დააკმაყოფილეს და მალევე ოკლენდის ლტოლვილთა ბანაკში გადავედი. ერთი გულისხმიერი კაცის დახმარებით უელინგტონის ქარხანაში დავიწყე მუშაობა. მუყაითად ვშრომობდი და სახლში ფულს ვგზავნიდი.
ქრისტიანობის შესახებ მეტი რომ გამეგო პროტესტანტულ ეკლესიებში დავიწყე სიარული. თუმცა ბიბლიიდან ისინი ბევრს არაფერს ასწავლიდნენ. მინდოდა, ღვთისთვის მისაღები სახით მელოცა, ამიტომ ერთმა ჩემმა მეგობარმა მასწავლა ლოცვა, რომელიც „უფლის ლოცვის“ ანუ „მამაო ჩვენოს“ სახელითაა ცნობილი (მათე 6:9—13). ლოცვა კი ვისწავლე, მაგრამ მისი მნიშვნელობა არავის აუხსნია ჩემთვის. ბუდისტური ლოცვების მსგავსად, ამ ლოცვასაც ისე ვიმეორებდი, რომ არაფერი მესმოდა.
უიღბლო ქორწინება
1981 წელს ცოლი მოვიყვანე. მოგვიანებით მე და ჩემი მეუღლე ქრისტიანებად მოვინათლეთ — ერთმა მღვდელმა თავზე წყალი მოგვასხურა. დროთა განმავლობაში ორი სამსახური გამომიჩნდა, მქონდა კარგი სახლი და აწყობილი ცხოვრება. ამას კამპუჩიაში ვერც კი ვინატრებდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბედნიერი არ ვიყავი. მალე მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობა დაგვეძაბა, რის მოგვარებაშიც ეკლესიაში სიარულმა ვერ გვიშველა. რელიგია ვერც ცუდი ჩვევების დაძლევაში დამეხმარა — აზარტული თამაშებით ვიყავი გატაცებული, ვეწეოდი, უზომოდ ვსვამდი და ქალებში დავდიოდი. სინდისი მქენჯნიდა და ვფიქრობდი, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში ვერ მოვხვდებოდი, რადგან ეკლესიაში მითხრეს, რომ იქ მხოლოდ კარგი ადამიანები მიდიოდნენ.
1987 წელს დედაჩემს და ჩემს დას ფული გავუგზავნე, რომ ჩემთან ჩამოსულიყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ ცოლს დავშორდი და დედასთან და დასთან ერთად ოკლენდში გადავედი საცხოვრებლად.
ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე
ერთხელ მეგობრის სახლიდან მოვდიოდი და ორ კაცს შევხვდი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ. ერთმა მათგანმა, რომელსაც ბილი ერქვა, მკითხა: „როგორ ფიქრობთ, სად მოხვდებით სიკვდილის შემდეგ?“ „ზეცაში“, — ვუპასუხე მე. მან ბიბლიიდან მიჩვენა, რომ მხოლოდ 144 000 წავა ზეცაში, სადაც ქრისტესთან ერთად იმმართველებენ დედამიწაზე. ბილმა ისიც მითხრა, რომ დედამიწაზე მილიონობით ღვთისმოშიში ადამიანი იცხოვრებს და ისინი დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ (გამოცხადება 5:9, 10; 14:1, 4; 21:3, 4). თავიდან ამ სწავლებამ გამაღიზიანა, რადგან მე სულ სხვა რამ მქონდა ნასწავლი. თუმცა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ მათ კარგად იცოდნენ ბიბლია და სიმშვიდე შეინარჩუნეს. როცა წავიდნენ, ვინანე, რომ არ ვკითხე, რომელი რელიგიიდან იყვნენ.
რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემს მეგობარს ვესტუმრე, რომლის შვილებსაც ერთი წყვილი, დიკი და სტეფანი ბიბლიას ასწავლიდნენ. ბიბლიის შესასწავლად ისინი იყენებდნენ ბროშურას „მარადიულად იხარე სიცოცხლით დედამიწაზე!“ მეც დავიწყე ამ ბროშურის კითხვა და დავინახე, რომ მასში ყველაფერი გასაგებად ეწერა. ისიც გავიგე, რომ დიკი და სტეფანი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მივხვდი, რომ ის ორი მამაკაციც მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათი ნათქვამი ბროშურაში ჩაწერილ აზრებს ემთხვეოდა.
ფსალმუნის 83:18, სადაც წერია: „რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ ამ მუხლმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. იმ დროს ლასთან ვცხოვრობდი, რომელიც ლაოსელი იყო. შესწავლაში ისიც შემომიერთდა. იმ პერიოდში ჩემს ძმასა და რძალსაც გავუგზავნე ფული, რომ ჩემთან ჩამოსულიყვნენ ახალ ზელანდიაში. როცა ისინი ჩამოვიდნენ, მათაც დაიწყეს შესწავლა მოწმეებთან.
ძალიან მინდოდა, რომ ბიბლიიდან ბევრი რამ გამეგო, ამიტომ დიკი და სტეფანი სახლში მივიწვიე და ბევრი კითხვა დავუსვი. სტეფანიმ მკითხა, ვიცოდი თუ არა ღვთის სახელი. მან წამაკითხაამის შემდეგ, მალევე მე და ლას შესწავლის შეწყვეტა მოგვიწია, რადგან ავსტრალიაში გადავედით სამუშაოდ. ფულს ვშოულობდით, მაგრამ ბიბლიის შესწავლას ვეღარ ვაგრძელებდით. ერთ ღამესაც მხურვალედ ვილოცეთ, რომ მოწმეებს შევხვედროდით.
ღმერთმა ლოცვაზე გვიპასუხა
რამდენიმე დღის შემდეგ მაღაზიიდან ვბრუნდებოდი და სახლის კართან მოწმეებს შევხვდი. გულში მადლობა გადავუხადე იეჰოვას. მე და ლამ ბიბლიის შესწავლა განვაგრძეთ. აგრეთვე სამეფო დარბაზში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დავიწყეთ. მალევე მივხვდი, ღმერთისთვის რომ მესიამოვნებინა, ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მომეხდინა. ამიტომ ცუდი ჩვევები მივატოვე და გრძელი თმა შევიჭერი. ძველი ნაცნობები დამცინოდნენ, მაგრამ თავშეკავებას ვავლენდი და არაფერს ვეუბნებოდი. ქორწინების საკითხიც უნდა მომეგვარებინა, რადგან მე და ლა ერთად ვცხოვრობდით, პირველ ცოლთან კი ოფიციალურად არ ვიყავი განქორწინებული. ამის გამო 1990 წელს ახალ ზელანდიაში დავბრუნდით.
ახალ ზელანდიაში ჩასვლისთანავე დიკსა და სტეფანის დავურეკეთ. „სემ, გვეგონა, რომ სამუდამოდ დაგკარგეთ“, — მითხრა სტეფანიმ. მე და ლამ ისევ განვაახლეთ შესწავლა. მალე პირველ ცოლს ოფიციალურად გავეყარე და ლაზე დავქორწინდი. ღვთის წინაშე უკვე სუფთა სინდისი მქონდა. ჩვენ დავრჩით ახალ ზელანდიაში და ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ. გულმოდგინედ ვქადაგებდი და ბიბლიას ვასწავლიდი ზოგიერთ კამპუჩიელსა და ტაილანდელს, რომლებიც ოკლენდსა და მის შემოგარენში ცხოვრობდნენ.
ავსტრალიაში ვბრუნდებით
1996 წლის მაისში მე და ლა ჩრდილოეთ კუინზლენდში, კერნსში გადავედით საცხოვრებლად. ამ ტერიტორიაზე კამპუჩიელ, ლაოსელ და ტაილანდელ ხალხთან ქადაგების საქმეს ვუწევ ზედამხედველობას.
სიტყვები არ მყოფნის, რომ ღვთისადმი მადლიერება გამოვხატო. მან მრავალმხრივ მაკურთხა; მყავს ძვირფასი მეუღლე და ვაჟები — დანიელი, მიქაელი და ბენიამინი. უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ დედაჩემმა, ჩემმა და-ძმამ, სიდედრმა და ჩემმა მეგობარმა ტენგ ჰანმა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში გავიცანი, ჭეშმარიტება მიიღეს. ჩვენი ოჯახი დღემდე განიცდის მამისა და ბიძის დაკარგვას, მაგრამ უიმედოდ არა ვართ. გვწამს, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს და აღმოფხვრის უსამართლობას, რომელსაც ‘აღარ გაიხსენებენ და არც გულში გაივლებენ’ (ესაია 65:17; საქმეები 24:15).
რამდენიმე წლის წინ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე ნაცნობი სახე დავინახე. ეს ბილი იყო, რომელმაც პირველად მიქადაგა. „გახსოვარ?“ — ვკითხე მას.
„როგორ არა! წლების წინ ახალ ზელანდიაში შეგხვდი და გითხარი, რომ მხოლოდ 144 000 წავიდოდა ზეცაში“, — მიპასუხა მან. ბილს ამდენი წლის შემდეგაც კი ვახსოვდი. ერთმანეთს გადავეხვიეთ და ჩვენი შეხვედრის დღე გავიხსენეთ.
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Background: AFP/Getty Images