არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის კურთხევაა სიმდიდრე?

ღვთის კურთხევაა სიმდიდრე?

ბიბლიის თვალსაზრისი

ღვთის კურთხევაა სიმდიდრე?

„ღვთის წყალობით, დღესაც კარგი მოგება ვნახე და მალე გავმდიდრდები!“

„მინდა გავმდიდრდე, რადგან ეს ღმერთსაც და ანგელოზებსაც უნდათ“.

„გამდიდრების შნოს ღმერთი გვაძლევს“.

„ღმერთმა სიმდიდრით მაკურთხა, რადგან ბიბლიას ვკითხულობ“.

ეს სიტყვები იმ რელიგიების მიმდევართა თვალსაზრისს ირეკლავს, რომლებიც სიმდიდრეს ღვთის კურთხევად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ ღვთისმოსაწონ საქმეებს თუ გააკეთებთ, ღმერთი სიმდიდრეს მოგცემთ ამ ცხოვრებაში და სიცოცხლის შემდეგაც გაკურთხებთ. ბევრი ეთანხმება ამ თეორიას და ასეთი შინაარსის წიგნებზე დიდი მოთხოვნილებაა. მაგრამ ეთანხმება ბიბლიას ეს ეგრეთ წოდებული გამდიდრების თეორია?

სინამდვილეში ჩვენს შემოქმედს, რომელსაც ბიბლიაში ‘ბედნიერი ღმერთი’ ეწოდება, სურს, რომ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრება გვქონდეს (1 ტიმოთე 1:11; ფსალმუნი 1:1—3). უფრო მეტიც, ის აკურთხებს მათ, ვინც ცდილობს მას ასიამოვნოს (იგავები 10:22). მაგრამ უნდა მივიჩნიოთ მატერიალური კეთილდღეობა ღვთის კურთხევად? ამ კითხვაზე პასუხი მაშინ გახდება ნათელი, როცა გავიგებთ, ღვთის განზრახვის შესრულების რომელ პერიოდში ვცხოვრობთ.

არის ახლა გამდიდრების დრო?

ძველ დროში ღმერთმა ზოგი თავისი მსახური, მაგალითად იობი და მეფე სოლომონი, სიმდიდრით აკურთხა (1 მეფეები 10:23; იობი 42:12). თუმცა სხვა მრავალ ღვთისმოშიშ მამაკაცს, მათ შორის იოანე ნათლისმცემელსა და იესო ქრისტეს, ბევრი არაფერი ებადათ (მარკოზი 1:6; ლუკა 9:58). ამგვარად, ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი თავისი განზრახვის შესაბამისად მოქმედებს და ამ განზრახვიდან გამომდინარე ეხმარება თავის მსახურებს (ეკლესიასტე 3:1). ჩვენ როგორ გვეხება ეს?

ბიბლიის წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ ვცხოვრობთ „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს ანუ „ბოლო დღეებში“. ეს პერიოდი ხასიათდება ომებით, ეპიდემიებით, შიმშილობით, მიწისძვრებითა და საზოგადოების დაყოფით. ამ ყოველივემ განსაკუთრებით 1914 წლის შემდეგ მიაღწია უპრეცედენტო მასშტაბებს (მათე 24:3; 2 ტიმოთე 3:1—5; ლუკა 21:10, 11; გამოცხადება 6:3—8). ეს ქვეყნიერება შეიძლება შევადაროთ გემს, რომელიც ეს-ეს არის ჩაიძირება! ექნებოდა აზრი იმას, რომ ღმერთს თავისი მსახურები სიმდიდრით ეკურთხებინა?!

იესო ქრისტემ ჩვენი დრო ნოეს დროს შეადარა. მან თქვა: „როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37—39). იესომ ჩვენი დრო ლოტის დროსაც შეადარა. მან თქვა, რომ სოდომისა და გომორას მცხოვრებნი „ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გამოვიდა, ცეცხლისა და გოგირდის წვიმა წამოვიდა ციდან და ყველა მოსპო“. შემდეგ იესომ დასძინა: „ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:28—30).

ცხადია, რომ ჭამა-სმაში, ქორწინებასა და ყიდვა-გაყიდვაში ცუდი არაფერია. საშიში ის არის, რომ ასეთ საქმეებზე გადაყოლამ შეიძლება სიფხიზლე დაგვაკარგვინოს და დაგვავიწყდეს, რა დროში ვცხოვრობთ. ამიტომ დაფიქრდით: „სიკეთის გამოვლენა იქნებოდა, თუ ღმერთი გვაკურთხებდა სიმდიდრით, რასაც შეიძლებოდა ჩვენთვის ხელი შეეშალა სიფხიზლის შენარჩუნებაში?“ * პირიქით, ეს ჩვენთვის საზიანო იქნებოდა. სიყვარულის ღმერთი ასე არ მოიქცევა! (1 ტიმოთე 6:17; 1 იოანე 4:8).

ახლა ხსნის დროა!

კაცობრიობის ისტორიის ამ ძნელბედობის ჟამს ღვთის ხალხს მნიშვნელოვანი საქმე ავალია. იესომ თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეები ამ საქმეს მთელი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ისინი ხალხს ღვთის სამეფოსა და მარადიული სიცოცხლის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნების შესახებ ასწავლიან (იოანე 17:3).

მაგრამ ღმერთი არ მოელის თავისი ერთგული მსახურებისგან, რომ ყველაფერზე უარს იტყვიან. მას სურს, რომ გვქონდეს ყოველივე აუცილებელი და დაუბრკოლებლად ვემსახუროთ მას (მათე 6:33). ის ზრუნავს ჩვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე. ებრაელების 13:5-ში ვკითხულობთ: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან [ღმერთმა] თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“».

ღმერთი განსაკუთრებული სახით შეასრულებს ამ დაპირებას. ეს მაშინ მოხდება, როცა ის ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს გადაარჩენს თავის თაყვანისმცემელ „უამრავ ხალხს“ და ახალ ქვეყნიერებაში მშვიდობითა და ჭეშმარიტი სიმდიდრით აკურთხებს (გამოცხადება 7:9, 14). იესომ თქვა: „მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს [ერთგულ მიმდევრებს] სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად“ (იოანე 10:10). „უხვ სიცოცხლეში“ იგულისხმება არა დღევანდელი მატერიალური კეთილდღეობა, არამედ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს სამოთხეში მარადიული სიცოცხლე (ლუკა 23:43).

თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ეგრეთ წოდებულმა გამდიდრების თეორიამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში. ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ იესოს მიერ სიყვარულით მოცემული გაფრთხილება: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკა 21:34, 35).

[სქოლიო]

^ აბზ. 13 პირველი საუკუნის მსგავსად, დღესაც ზოგი ქრისტიანი მდიდარია. ღმერთი აფრთხილებს მათ, რომ იმედი არ დაამყარონ თავიანთ სიმდიდრეზე და უმთავრესი ადგილი მას არ დაუთმონ (იგავები 11:28; მარკოზი 10:25; გამოცხადება 3:17). მდიდარმაც და ღარიბმაც მთელი ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე უნდა გადაიტანოს (ლუკა 12:31).

გიფიქრიათ?

▪ რის დროა ახლა? (მათე 24:14)

▪ რომელი ბიბლიური პერსონაჟების დროს შეადარა იესომ ჩვენი დრო? (მათე 24:37—39; ლუკა 17:28—30)

▪ თუ მარადიული სიცოცხლის მიღება გვინდა, რას უნდა მოვერიდოთ? (ლუკა 21:34)

[ჩანართი 13 გვერდზე]

ეგრეთ წოდებულმა გამდიდრების თეორიამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში