არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წამლების ბოროტად გამოყენება

წამლების ბოროტად გამოყენება

წამლების ბოროტად გამოყენება

„თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ექიმის მიერ გამოწერილი წამლების მიღება დავიწყე, — გვიამბობს ლენა *. — მინდოდა, გამხდარი და მიმზიდველი ვყოფილიყავი, ამიტომ ჩვენი ოჯახის ექიმმა გასახდომი აბები დამინიშნა. თავს მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი კარგად, როცა ვხედავდი, რომ ბიჭებს მოვწონდი. დროთა განმავლობაში ნარკოტიკებზე გადავედი. სულ ვცდილობდი, ეიფორიაში ვყოფილიყავი. ბოლოს უზნეო ცხოვრებაც დავიწყე.

მაირს ძლიერი თავის ტკივილები ჰქონდა. ექიმმა მას ტკივილგამაყუჩებელი გამოუწერა. გარკვეული დროის შემდეგ მაირმა ნორმაზე მეტი აბების მიღება დაიწყო. ამას მხოლოდ ტკივილის გასაყუჩებლად კი არ აკეთებდა, არამედ იმიტომ, რომ წამლებზე გახდა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მან ოჯახის წევრებისთვის გამოწერილი წამლების დალევაც დაიწყო.

მონაცემების თანახმად, იზრდება იმ მოზარდებისა და, რა გასაკვირიც უნდა იყოს, უფროსი ასაკის ადამიანების რიცხვი, რომლებიც ბოროტად იყენებენ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს, რათა დამშვიდდნენ, პრობლემები დაივიწყონ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, წონაში დაიკლონ ან გუნება-განწყობილება აიმაღლონ. მრავალ ოჯახში ხელმისაწვდომია ტკივილგამაყუჩებლები, დამამშვიდებლები და სტიმულატორები. * ბევრი აგრეთვე არასწორად იყენებს ისეთ ურეცეპტო წამლებს, როგორიცაა საძილე აბები, შარდმდენი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები.

წამლების ბოროტად გამოყენება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ პრეპარატებს არასწორი მიზნით იყენებენ. აფრიკის, ევროპისა და სამხრეთ აზიის ზოგ ქვეყანაში ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ბოროტად გამომყენებელთა რიცხვმა გადააჭარბა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვს. შეერთებულ შტატებში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც რეცეპტით გაცემულ წამლებს ბოროტად იყენებენ, ნარკოტიკების მომხმარებელზე გაცილებით მეტია, თუ არ ჩავთვლით კანაფის მომხმარებელთა რიცხვს. ახლახან გამომავალ ერთ-ერთ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ 12—17 წლამდე ახალგაზრდებში „ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უფრო პოპულარულია, ვიდრე კოკაინი, ჰეროინი და მეტამფეტამინი“. რეცეპტით გამოწერილ წამლებზე მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ასეთ წამლებს ყალბი რეცეპტით იღებენ.

როგორ შეგიძლიათ ექიმის მიერ გამოწერილი წამლებისა თუ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისგან საკუთარი თავისა და შვილების დაცვა? ამ კითხვას მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 4 ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაეხმარება მათაც, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

„წამლებზე დამოკიდებული მაშინ ხდება ადამიანი, როცა ეჩვევა წამლებს, დანიშნულების გარეშე იღებს მათ და დიდი რისკის მიუხედავად აგრძელებს გამოყენებას“, — ნათქვამია ერთ-ერთ სამედიცინო სახელმძღვანელოში (Physicians’ Desk Reference). ეს ემართება მათ, ვისაც არ შეუძლია თავის ხელში აყვანა და უარის თქმა ამ მავნე ჩვევაზე.

წამლების მოთხოვნილება უვითარდება პაციენტს მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ გამოწერილი განსაზღვრული პრეპარატების, მაგალითად ოპიოიდის, მიღებას წყვეტს. ამ დროს უარყოფითი რეაქციები სავსებით ნორმალურია და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი წამლებზე დამოკიდებული ხდება.

წამლებზე შეჩვევის დროს ტკივილის გასაყუჩებლად საჭირო ხდება დოზის გაზრდა.