აბორტი გამოსავალი არ არის
აბორტი გამოსავალი არ არის
ბილი აბორტს ყოველთვის სერიოზულ ცოდვად მიიჩნევდა, მისთვის ეს მკვლელობის ტოლფასი იყო. მაგრამ 1975 წელს, როცა მისი მეგობარი გოგონა, ვიქტორია მისგან დაორსულდა, აზრი შეიცვალა. მას არ სურდა ვიქტორიას ცოლად მოყვანა და ოჯახური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. „მე ადვილი გამოსავალი ვიპოვე — ვიქტორიას ვუთხარი, ბავშვი მოეშორებინა“, — ამბობს ბილი.
არასასურველი თუ დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში დღეს ბევრისთვის აბორტი ადვილი გამოსავალია. 2007 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 2003 წელს 42 მილიონმა ქალმა გაიკეთა აბორტი. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას მიმართავენ ქალები განურჩევლად რასის, ეროვნების, რელიგიის, განათლების, შემოსავლის ოდენობისა თუ ასაკისა. როგორ მოიქცეოდი, თუ გაიგებდი, რომ ორსულად ხარ, ბავშვის გაჩენა კი არ გინდა? რატომ არჩევს ბევრი აბორტის გაკეთებას?
„სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი!“
„არც ისე დიდი ხანია, რაც ვიმშობიარე. ორსულობა და მშობიარობა ძალიან რთული მქონდა, ფინანსური და ოჯახური პრობლემებიც ტვირთად მაწვა. მშობიარობიდან ექვსი კვირის შემდეგ ისევ დავფეხმძიმდი. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ აბორტს გავიკეთებდი. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავდი!“, — ამბობს 35 წლის მანდილოსანი.
ქალები აბორტს სხვადასხვა მიზეზის გამო იკეთებენ. მაგალითად, ფინანსური პრობლემების გამო, ან შესაძლოა პარტნიორებს შორის იმდენად ცუდი ურთიერთობაა, რომ ქალს არ უნდა მასთან რაიმე აკავშირებდეს. გარდა ამისა, შეიძლება ქალის ან წყვილის გეგმაში ბავშვის ყოლა არ შედის.
ზოგჯერ ბავშვს იმის გამო იშორებენ, სახელი რომ არ შეელახოთ. დოქტორ სიუზენ უიკლანდმა თავის წიგნში დაწერა ერთი თავისი პაციენტის სიტყვები, რომელიც აბორტის გაკეთებას აპირებდა: „ჩემი მშობლები ღრმად მორწმუნეები არიან . . . თუ უკანონო ბავშვს გავაჩენ, ოჯახს სახელს გავუტეხ. ყველა მათი მეგობარი გაიგებს, რომ შევცოდე“ (This Common Secret — My Journey as an Abortion Doctor).
დოქტორმა უიკლანდმა ჰკითხა თავის პაციენტს: „დავუშვათ, რომ მათ თვალში შესცოდე, მაგრამ აბორტზე რას ფიქრობენ შენი მშობლები?“. გოგონამ გულახდილად უთხრა: „ოჰ, ეს მიუტევებელი ცოდვაა. მაგრამ ასე აჯობებს, რადგან ამის შესახებ არავინ გაიგებს. ბავშვს თუ მოვიშორებ, [ჩემი მშობლების] მეგობრები ამას ვერასოდეს გაიგებენ“.
რა მიზეზითაც არ უნდა იკეთებდეს ქალი აბორტს, ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის. ეს პროცედურა დიდ ემოციურ ტკივილს აყენებს ქალს. მაგრამ ისმის კითხვა: არის აბორტი ადვილი გამოსავალი?
შედეგები
2004 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 331 რუსი და 217 ამერიკელი ქალი, ცხადყო, რომ აბორტის შემდეგ ორივე ჯგუფიდან დაახლოებით ნახევარი ემოციურად თავს განადგურებულად გრძნობდა. რუსი ქალების დაახლოებით 50 პროცენტსა და ამერიკელების თითქმის 80 პროცენტს ამ პროცედურის შემდეგ დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ. ამერიკელი ქალების 60 პროცენტზე მეტი თავს ვერ პატიობდა ამას. თუ ასეთი გრძნობა ქალების უმრავლესობას ეუფლება, თვით ისეთებსაც, ვინც მორწმუნეები არ არიან, მაშ, რატომღა დგამს ბევრი ახალგაზრდა ქალი ამ ნაბიჯს?
ხშირად ქალი სხვებისგან ზეწოლას ხვდება. მშობლები, მეუღლე და კეთილმოსურნე მეგობრები შეიძლება არწმუნებენ ქალს, რომ აბორტი „უკეთესი“ გამოსავალია. ამას კი ხშირად ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მოსდევს. დოქტორი პრისკილა ქოლმენი, რომელიც იკვლევს აბორტის შემდეგ ქალების ემოციურ რისკ-ფაქტორებს, აღნიშნავს: „სტრესული პროცედურის შემდეგ ქალი ყველაფერს აცნობიერებს, რის შემდეგაც დანაშაულის მწვავე გრძნობა, სევდა და სინანული ეუფლება“.
ამ დროს უმეტესობას უჩნდება კითხვა: არის ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა მკვლელობა? როგორც ერთ ანგარიშშია ნათქვამი, მრავალი ორსული, რომელმაც აბორტის გაკეთება დააპირა, „შეცდომით ფიქრობდა, რომ აბორტი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმიდან ქსოვილების მოცილება. ისინი ამბობენ, რომ სიმართლე რომ სცოდნოდათ, აბორტს არ გაიკეთებდნენ“ (South Dakota Task Force to Study Abortion).
მას შემდეგ, რაც 1 940 ქალის „გულის ამაჩუყებელი აღიარება“ მოისმინეს, ასეთი დასკვნა გააკეთეს: „ბევრი გულმოკლული ქალი დარდობდა იმ დაღუპული ბავშვის გამო, რომელიც, როგორც მათ უთხრეს, არასოდეს არსებობდა“. ამ ანგარიშში აგრეთვე ნათქვამი იყო: „იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი შვილის მკვლელია, ქალს ემოციურად ანადგურებს“.
მაგრამ რა არის სიმართლე? არის აბორტი მხოლოდ და მხოლოდ ქალის სხეულიდან ქსოვილების მოშორება? არის ჯერ არშობილი ბავშვი დედის მუცელში ცოცხალი არსება?
[ჩარჩო⁄სურათები 4 გვერდზე]
რა ცხადყო გამოკვლევებმა?
2006 წლის გამოკვლევაში მოცემული იყო იმ ქალების ისტორია, რომლებიც მოზარდობისას დაორსულდნენ. მათგან ნახევარმა ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, ნახევარმა კი აბორტი გაიკეთა. გამოკვლევის დასკვნის თანახმად, „მათთან შედარებით, ვინც აბორტი გაიკეთა, იმ გოგონებს, რომლებმაც ბავშვი გააჩინეს, ნაკლებად ესაჭიროებოდათ ფსიქოლოგის კონსულტაციები, ნაკლებად აღენიშნებოდათ ძილის დარღვევა და ნაკლები ალბათობა იყო იმისა, რომ მოეწიათ მარიხუანა“ (Journal of Youth and Adolescence).
ერთი წყაროს მონაცემებით, მსოფლიოს ოთხმა ფართომასშტაბიანმა გამოკლვევამ დაადასტურა: „იმ ქალებს, რომლებმაც აბორტი გაიკეთეს, უფრო ხშირად აქვთ სხვადასხვა სახის ემოციური პრობლემა, ვიდრე მათ, ვისაც არასოდეს გადაუდგამს ეს ნაბიჯი“ (Report of the South Dakota Task Force to Study Abortion—2005).