არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კათოლიკე ახალგაზრდებს ქადაგებისკენ მოუწოდეს

კათოლიკე ახალგაზრდებს ქადაგებისკენ მოუწოდეს

კათოლიკე ახალგაზრდებს ქადაგებისკენ მოუწოდეს

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

გასული წლის ივლისში კათოლიკებმა მთელი მსოფლიოდან თავი მოიყარეს სიდნეიში (ავსტრალია) მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად. ამ რელიგიურ დღესასწაულს კათოლიკური ეკლესია აფინანსებს.

170 ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები, ანუ პილიგრიმები, ქალაქის ქუჩებში დროშების ფრიალით, შეძახილებითა და სიმღერით საზეიმო განწყობას ქმნიდნენ. ათასობით დამსწრე იდგა სიდნეის ნავსადგურთან და ელოდა პაპის, ბენედიქტ XVI-ის გემს, რომელსაც 12 ნაირფერი ხომალდი ახლდა, დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი კი მთელ მსოფლიოში ამ მოვლენას პირდაპირი ტელეეთერით ადევნებდა თვალყურს.

ბოლოს ქალაქის იპოდრომზე ჩატარდა მესა, რომელსაც დაესწრო 400 000-მდე ადამიანი, მათ შორის იყო 4 000 სასულიერო პირი და 2 000 ჟურნალისტი. ავსტრალიაში ეს ყველაზე დიდი თავყრილობა იყო. იქ თავმოყრილთა რაოდენობამ 2 000 წელს სიდნეიში ჩატარებულ ოლიმპიურ თამაშებზე დამსწრეთა რაოდენობას გადააჭარბა.

რა არის მსოფლიო ახალგაზრდობის დღე? რატომ ტარდება? რა ღონისძიებები ტარდება ამ დროს? რა ცხადყო ამ თავყრილობამ სიდნეიში ჩასული ახალგაზრდების რწმენის შესახებ?

„ხალხს რწმენა უნელდება“

მსოფლიო ახალგაზრდობის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ კათოლიკე ახალგაზრდების რწმენის განსამტკიცებლად. ეკლესიის მრევლი, როგორც წესი, ადგილობრივ ეპარქიებში აღნიშნავს ამ დღეს. ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ კი ერთი დიდი ქალაქი მასპინძლობს კათოლიკე ახალგაზრდებს. ხუთი კონტინენტის ათმა ქალაქმა უკვე უმასპინძლა მილიონობით ახალგაზრდას.

როგორც სასულიერო პირები ამბობენ, მსოფლიო ახალგაზრდობის დღე იმ მიზნითაც აღინიშნება, რომ კათოლიკები როგორმე გაააქტიურონ. ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი ჯორჯ პელი ამბობს: „ჩვენ მრევლს ვკარგავთ, ხალხს რწმენა უნელდება. ვცდილობთ მდგომარეობა გამოვასწოროთ მსოფლიო ახალგაზრდობის დღის აღნიშვნით“.

როგორც ვატიკანი იუწყება, მსოფლიოში მრავალი მღვდელი ტოვებს ეკლესიას. ათობით ათასი მღვდელი დაქორწინდა და ეკლესიიდან წასვლა მოუწია. ბოლო 30 წლის განმავლობაში სასულიერო განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა ავსტრალიაში 70 პროცენტით შემცირდა. ავსტრალიის უდიდეს ეპარქიაში ამჟამად მღვდლების საშუალო ასაკი 60 წელია, 1977 წელს კი მღვდლების საშუალო ასაკი 40 წელი იყო.

მრავალ ქვეყანაში ეკლესიის მრევლის რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. იმ ავსტრალიელთა დაახლოებით 25 პროცენტიდან, რომლებიც თავს კათოლიკებად აცხადებენ, მხოლოდ 14 პროცენტი დადის რეგულარულად ეკლესიაში. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა კათოლიკეთა 10 პროცენტზე ნაკლები დადის ეკლესიაში. ბევრი კათოლიკე უგულებელყოფს ეკლესიის შეხედულებებს ზნეობასთან, კონტრაცეპტივებთან და გაყრასთან დაკავშირებით. ბევრმა რწმენა დაკარგა იმ სკანდალების გამო, რომელიც პედოფილ მღვდლებს უკავშირდება.

მსოფლიო ახალგაზრდობის დღე „იმედის უკანასკნელი ნაპერწკალია. ავსტრალიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის ლიდერები ახალგაზრდების მეშვეობით ცდილობენ რწმენის აღდგენასა და განახლებას“, — ნათქვამია გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდში“. მაგრამ რით იზიდავენ ეკლესიის მესვეურები ახალგაზრდებს?

პომპეზური სანახაობები და თავყრილობები

2008 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღის პროგრამით გათვალისწინებული იყო პომპეზური სანახაობები, ჯგუფური დისკუსიები, რელიგიური მსვლელობები და მესის აღსანიშნავად გამართული გრანდიოზული თავყრილობები. ბევრზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა ამ ღონისძიებებმა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც განსხვავებული შეხედულება დაუტოვა ამ ყოველივემ. შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა ერთმა ახალგაზრდა კათოლიკემ, ალექსანდრამ მსოფლიო ახალგაზრდობის დღის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ეს სხვა არაფერია, თუ არა ერთი დიდი წვეულება“.

სიდნეის ექვსდღიან შეკრებაზე დაგეგმილი იყო 450 სადღესასწაულო ღონისძიება, კერძოდ, კონცერტები, ფილმების ჩვენება, თამაშები, გამოფენები და ქუჩის წარმოდგენები. მუსიკის ჟანრიც მრავალფეროვანი იყო — საოპერო მუსიკითა და გრეგორიანული საგალობლებით დაწყებული ჰევი-მეტალითა და რეპით დამთავრებული. როკ-კონცერტებმა გართობის მოყვარული ათასობით ახალგაზრდა მიიზიდა.

ამ ღონისძიებებმა ზოგი კათოლიკის აღშფოთება გამოიწვია. ეს დღესასწაული „მხიარულ წვეულებად იქცა — ერთკვირიან თავყრილობას, კონცერტებსა და ამქვეყნიურ ღონისძიებებს თითქმის არაფერი ჰქონდა საერთო ღვთიურსა და წმინდასთან“, — განაცხადა მღვდელმა პიტერ სკოტმა ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიისთვის (ABC) მიცემულ ინტერვიუში. 2000 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ, რომელიც იმ დროს კარდინალ რაცინგერის სახელით იყო ცნობილი, შემდეგი სიტყვები თქვა: „როკში [მუსიკა] ვლინდება ძლიერი ხორციელი სურვილები, როკ-ფესტივალები საკულტო ხასიათს იღებს, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას“ (The Spirit of the Liturgy).

მაგრამ იბადება კითხვა: შეცვლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღე კათოლიკების ცხოვრებას? როგორც ყოფილმა მღვდელმა პოლ კოლინზმა აღნიშნა, „შესაძლოა, თუმცა — ერთეულების. უმეტესობა ცხოვრების ჩვეულ წესს დაუბრუნდება. ძირეულად ადამიანის ცხოვრებას სანახაობრივი ღონისძიებები კი არ ცვლის, არამედ ღრმად დაფიქრება, სამომავლო გეგმების შედგენა და მანკიერი თვისებების თავიდან მოცილების ძლიერი სურვილი“.

‘იყავით ჩემი მოწმენი’

ეკლესიის მესვეურებმა შესანიშნავად იციან ამ ფაქტების შესახებ. 2008 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღის დევიზი იყო: „წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები“. *

ეპისკოპოსებმა მოუწოდეს პილიგრიმებს, რომ „გამოევლინათ მოციქულების მსგავსი ენთუზიაზმი, რათა უკეთესად გაეცნოთ თანამედროვე მსოფლიოსთვის სახარება“. პაპმა ბენედიქტ XVI-მ მოუწოდა პილიგრიმებს, რომ გამხდარიყვნენ „ჩვენი საუკუნის მოციქულები“. სხვა დროს კი წაახალისა იმისკენ, რომ ექადაგათ „სასიხარულო ცნობა მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და ყველასთვის, ვისაც შეხვდებოდნენ“.

ამ მოწოდებას ზოგი პილიგრიმი გამოეხმაურა. შეერთებული შტატებიდან ჩასულმა 20 წლის რამიდომ ჟურნალისტს უთხრა: „ამიერიდან ქადაგებას სერიოზულად მოვეკიდები“. 18 წლის იტალიელმა ბიატრისმა კი თქვა: „ახალგაზრდები ღვთის შესახებ არ საუბრობენ, ამიტომ დღეს ქადაგება ადვილი საქმე არ არის“. ბევრი პილიგრიმი იზიარებს ორი ტეხასელი (აშშ) მოზარდი გოგონას აზრს. მათ თქვეს: „ჩვენს ქალაქში მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ!“.

ახალგაზრდები, რომლებიც ქადაგებენ

ახალგაზრდა თუ ხნიერი იეჰოვას მოწმეები მართლაც რომ ცნობილი არიან გულმოდგინე ქადაგებით. რატომ ქადაგებენ ისინი? როგორც 22 წლის სიდნეელი სოტირი ამბობს, „ამისკენ ღვთის, ხალხისა და ბიბლიის სიყვარული უბიძგებთ“.

2008 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღეს სიდნეიში დაახლოებით 400-მა ახალგაზრდა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა სპეციალურ კამპანიაში, რომელიც კათოლიკე პილიგრიმებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობას ემსახურებოდა. „ძალიან სასიამოვნო იყო სულიერად მოაზროვნე ახალგაზრდა კათოლიკებთან შეხვედრა, — ამბობს 25 წლის ტრავესი. — ბევრ მათგანს ბიბლიასთან დაკავშირებით საინტერესო კითხვები ჰქონდა, მე კი ბიბლიის დახმარებით დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვცემდი მათ“.

„ძალიან უშუალო და არაოფიციალური ურთიერთობა მქონდა ჩამოსულებთან, — ამბობს 23 წლის ტარშა. — მინდოდა სიდნეიში ჩამოსულებს გულთბილად მივსალმებოდი და მათი მრწამსის შესახებ მომესმინა“. 20 წლის ფრაზერი ყვება: «ვისთანაც მიზანშეწონილად ვთლიდი, ვჩუქნიდი წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. * ეს წიგნი ყველამ დიდი სიხარულით გამომართვა».

ბევრი სტუმარი დიდი სიამოვნებით საუბრობდა ახალგაზრდა მოწმეებთან. ფიჯელმა სუზანმა 19 წლის ბელინდას, იეჰოვას მოწმეს, ჰკითხა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ტანჯვას. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბელინდამ შესთავაზა სუზანს, ერთად წაეკითხათ აბზაცები წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“. ბოლოს სუზანმა თქვა: „ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ღვთის გზები შეუცნობელია. ახლა კი ჩემს კითხვაზე პასუხი მივიღე!“. როცა ბელინდამ მას წიგნი მისცა, სუზანმა წამოიძახა: „ვცდილობდი კარგად დამემახსოვრებინა, რასაც ამბობდი. არ მეგონა, ამ წიგნს თუ მომცემდი!“.

ერთმა ფილიპინელმა ქალბატონმა 27 წლის მარინას, იეჰოვას მოწმეს, სთხოვა სიდნეის ცნობილი შენობის წინ მისთვის სურათი გადაეღო. მათ შორის საინტერესო საუბარი გაიმართა და მარინამ მას აჩუქა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. „წინა ღამით ვლოცულობდი, რომ ბიბლია უკეთესად გამეგო. ეს წიგნი ჩემს ლოცვაზე პასუხია!“, — თქვა ქალბატონმა.

27 წლის ლევიმ პანამელი დედა-შვილი გაიცნო. ცოტა ხანში მათ ღმერთზე დაიწყეს საუბარი. მათ ლევის გამოართვეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. შემდეგ ლევიმ ჰკითხა მათ: „აქ ყოფნის პერიოდში რა იყო თქვენთვის ყველაზე ღირსშესანიშნავი?“ შვილმა, რომელსაც ლევის ნაჩუქარი წიგნი გულზე ჰქონდა მიკრული, უპასუხა: „თქვენთან შეხვედრა“.

ბევრ კათოლიკე ახალგაზრდას სურს, მეტი გაიგოს ბიბლიის შესახებ. თქვენ რას ფიქრობთ? გსურთ თქვენც უკეთ გაეცნოთ ბიბლიას? სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, რომ ბიბლია შეგასწავლონ. ისინი დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ეს სიტყვები აღებულია საქმეების 1:8-დან.

^ აბზ. 25 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 27 გვერდზე]

„ჩვენ მრევლს ვკარგავთ, ხალხს რწმენა უნელდება“ (კარდინალი ჯორჯ პელი)

[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]

ექსპოზიცია საეკლესიო კარიერის თემაზე

2008 წლის მსოფლიო ახალგაზრდობის დღეს ავსტრალიაში მოეწყო ყველაზე დიდი ექსპოზიცია, რომელიც საეკლესიო კარიერის თემას მიეძღვნა. ასზე მეტი კათოლიკური ორდენისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 50 000-ზე მეტ პილიგრიმს მოუწოდეს, ეფიქრათ კათოლიკურ ეკლესიაში კარიერის შექმნაზე, მაგალითად, მღვდლობაზე, მონაზვნობაზე და სხვა.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

სხვადასხვა ფერის სამოსში გამოწყობილი პილიგრიმების საზეიმო სვლა

[სურათები 26 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები სიდნეის სტუმრებს ესაუბრებიან

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

Getty Images