არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პლოვდივი თანამედროვე ქალაქის ისტორიული წარსული

პლოვდივი თანამედროვე ქალაქის ისტორიული წარსული

პლოვდივი თანამედროვე ქალაქის ისტორიული წარსული

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბულგარეთიდან

პლოვდივი რომზე, კართაგენსა და კონსტანტინოპოლზე ძველი ქალაქია. ბულგარეთის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 350 000-ს შეადგენს, შვიდ ბორცვზეა გაშენებული.

თუ მის უძველეს ქუჩებს ჩაუყვებით, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მისი დიდებული და მღელვარე წარსულის ნიშნები. აქ ნახავთ მებრძოლი ტომების, თრაკიელების მიერ აშენებულ ნაგებობებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩვენს ერამდე ასობით წლით ადრე სახლობდნენ; აგრეთვე ბერძნულ კოლონებს, რომაულ თეატრებსა და თურქულ მინარეთებს.

„უმშვენიერესი ქალაქთა შორის“

პლოვდივსა და მის შემოგარენში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ძვ. წ. პირველ ათასწლეულამდე ეს ადგილი მჭიდროდ იყო დასახლებული. რომაელი ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი წერდა, რომ ძვ. წ. IV საუკუნემდე თანამედროვე პლოვდივის ტერიტორიაზე თრაკიელთა ტომების გამაგრებული დასახლება იყო, რომელსაც იუმალპესს უწოდებდნენ. ძვ. წ. 342 წელს იუმალპესი ალექსანდრე მაკედონელის მამამ, ფილიპე II მაკედონელმა დაიპყრო და ამ ადგილს ფილიპოპოლისი უწოდა.

ახ. წ. 46 წელს ეს ქალაქი რომაელებმა ჩაიგდეს ხელში. მას ტრიმონტიუმი უწოდეს და თრაკიის დედაქალაქად აქციეს. რომაელებისთვის ამ ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის მდებარეობდა „ვია დიაგონალისზე“, ბალკანეთის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე. აქ რომაელებმა სტადიონი, ამფითეატრი (იხილეთ ზემოთ), უამრავი აბანო და სხვა მრავალი რომაული ტიპის ნაგებობა აღმართეს.

ბერძენმა მწერალმა ლუკიანემ აღწერა ამ ქალაქის მშვენება, რომელიც როდოპის მთების ძირას, სამ ბორცვს შორის იყო მოქცეული (იხილეთ ჩარჩო  „შვიდ ბორცვზე გაშენებული ქალაქი“ მე-18 გვერდზე). პლოვდივის ახლოს ნაყოფიერ ველებზე მდინარე მარიცა მიედინება. ლუკიანემ დაწერა, რომ ტრიმონტიუმი იყო „დიდებული და უმშვენიერესი ქალაქთა შორის“.

შუა საუკუნეებში რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე სლავები დასახლდნენ. მომდევნო საუკუნეებში ჯვაროსნებმა ოთხჯერ გაძარცვეს ქალაქი. XIV საუკუნეში იგი თურქებმა ჩაიგდეს ხელში, სახელი შეუცვალეს და ფილიბე უწოდეს. მათმა ბატონობამ 1878 წლამდე გასტანა. ჯუმამეჩეთი თავისი მინარეთითა და მზის საათით მნახველთა თვალწინ წარსულს აცოცხლებს.

1878 წელს რუსეთმა თურქები დაამარცხა. ამჯერად რუსებმა ქალაქს პლოვდივი უწოდეს. 1892 წელს ქალაქის ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო. მას შემდეგ პლოვდივი ბულგარეთის მთავარ სავაჭრო ცენტრად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს მცირე ხნით ნაცისტები აკონტროლებდნენ ქალაქს, 1944 წელს კი იქ საბჭოთა კავშირის ჯარები შევიდნენ. 1989 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, პლოვდივმა კიდევ ერთხელ დააღწია თავი დამპყრობელთა კლანჭებს. პლოვდივის მმართველები შეიძლება გულწრფელად იყვნენ დაინტერესებული ამ ქალაქის კეთილდღეობით, მაგრამ არასრულყოფილება მიზნების განხორციელებაში უშლიდათ ხელს.

სასიხარულო ცნობა პლოვდივში

1938 წელს ამ ქალაქში ჩამოყალიბდა და რეგისტრაციაში გატარდა რელიგიური გაერთიანება, სახელწოდებით „ნაბლუდატელნა კულა“ („საგუშაგო კოშკი“). ეს გაერთიანება ბეჭდავდა და ავრცელებდა ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას ბულგარეთში.

მართალია კომუნისტური მთავრობა წინააღმდეგობას უწევდა იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ისინი ბიბლიურ ცნობას მაინც უზიარებდნენ სხვებს. დღეს პლოვდივში იეჰოვას მოწმეთა ორი კრებაა, სადაც 200-ზე მეტი აქტიური მაუწყებელია.

მოწმეთა უმეტესობა ბულგარელია. ვინაიდან ეს ქალაქი მრავალეროვანია, იეჰოვას მოწმეთა შორის სხვადასხვა ეროვნების წამომადგენლებიც არიან, მაგალითად, ამერიკელები, ბრიტანელები, იტალიელები, კანადელები, მოლდაველები და პოლონელები. ისინი აუწყებენ თანამოქალაქეებს იმ იმედის შესახებ, რომ ღვთის სრულყოფილი მთავრობა იმმართველებს დედამიწაზე. იმ დროს არა მხოლოდ პლოვდივის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა იცხოვრებს უსაფრთხოდ და „თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:4).

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

 „შვიდ ბორცვზე გაშენებული ქალაქი“

დღეს პლოვდივში ჩასული ტურისტისთვის ადვილი არ იქნება ქალაქის შვიდი ბორცვის ანუ, ეგრეთ წოდებული, ტეპეს დანახვა. ასი წლის წინათ ერთ-ერთი ბორცვი, მარკოვო ტეპე ქალაქის გაფართოების მიზნით მოასწორეს. დანარჩენი ექვსი ბორცვი კი პლოვდივის წარსულის უტყვი მოწმეა.

ტურისტებისთვის სამი ბორცვი ადვილი შესამჩნევია. ესენია ბუნარჯიკ ტეპე, ჯენდემ ტეპე და საჰათ ტეპე. ამ უკანასკნელს ეს სახელწოდება თურქებმა შეარქვეს, რადგან ამ ბორცვზე აღმართული იყო ნაგებობა, რომლის თავზეც საათი იყო. ტრიმონტიუმში, როგორც რომაელებმა უწოდეს პლოვდივს, დანარჩენ სამ ბორცვს ჰქვია ჯამბ ტეპე, ყველაზე დიდი და მაღალი ბორცვი, ტაქსიმ ტეპე და ნებეტ ტეპე, რომელიც თურქულად „საყარაულო ბორცვს“ ნიშნავს.

ტრიმონტიუმის ქუჩებში გავლისას თქვენ თვალწინ გადაიშლება პლოვდივის წარსული: ფილიპეპოლისის ნანგრევებიდან და კედლებიდან დაწყებული რომაული თეატრით დამთავრებული, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. დიდ ინტერესს იწვევს აგრეთვე კარგად შემონახული ბულგარეთის აღორძინების ხანის შენობებიც, რომლებიც ვიწრო მოკირწყლული ქუჩების გასწვრივ არის ჩამწკრივებული.

[საავტორო უფლება]

© Caro/Andreas Bastian

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბულგარეთი

სოფია

პლოვდივი

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Top: © Wojtek Buss/age fotostock; bottom: David Ewing/Insadco Photography/age fotostock