არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

«ერთხელ შემთხვევით ყური მოვკარი, რომ ჩემზე ხუმრობით ამბობდნენ: „თუ გინდა, რომ ოთხზე მოვიდეს, შეხვედრა სამზე დაუნიშნე“. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დრო გონივრულად უნდა გამომეყენებინა» (რიკი). *

ხომ არ ისურვებდი, დღის საათები რომ გაზრდილიყო? რაში გამოიყენებდი ამ დროს?

□ მეგობრებთან დროის გასატარებლად

□ დასაძინებლად

□ სამეცადინოდ

□ სავარჯიშოდ

□ სხვა საქმისთვის ․․․․․

კარგი იქნებოდა, დღის საათები რომ გაზრდილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია! მაშ, რა შეგიძლია გააკეთო? ბევრი ახალგაზრდა მიხვდა, რომ დროის გონივრულად განაწილებამ შესაძლებლობა მისცა, გამოენახათ დრო, რომელიც ასე სჭირდებათ. მათ აგრეთვე დაინახეს, რომ დროის განკარგვის შედეგად სტრესი შეუმცირდათ, უკეთეს ნიშნებზე დაიწყეს სწავლა და მშობლების ნდობა მოიპოვეს. ახლა ვნახოთ, რაში დაგეხმარებათ დროის გონივრულად განაწილება.

გადასალახავი სირთულე №1 შეადგინე გეგმა

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? გეგმის ხსენებაზე თავი შეიძლება გალიაში გამომწყვდეულ ფრინველად წარმოიდგინო. შენ გიყვარს ყველაფრის სპონტანურად კეთება და ვერ წარმოგიდგენია, რომ შენი ცხოვრების ყოველი წუთი დაგეგმილი იყოს.

და მაინც, რატომ უნდა გააკეთო? მეფე სოლომონმა დაწერა: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). სოლომონს, უეჭველად, აუარებელი საქმე ექნებოდა. იგი, ალბათ, ჯერ 20 წლისაც არ იყო, როცა ქმარი, მამა და მეფე გახდა. მოგვიანებით მას უფრო მეტი საქმე დაემატებოდა. ალბათ, შენც ძალიან დაკავებული ხარ. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება უფრო მეტი საქმე დაგემატოს. რაც უფრო მალე გახდები ორგანიზებული, შენთვის მით უფრო უკეთესი.

რას ამბობენ შენი თანატოლები? „დაახლოებით ექვსი თვის წინ რეგულარულად დავიწყე გეგმის შედგენა. ვცდილობდი ცხოვრების გამარტივებას, რაშიც ეს გეგმა მეხმარებოდა“ (ჯოი).

„წერილობით შედგენილი გეგმა დამეხმარა, ყველაფერი თანმიმდევრულად მეკეთებინა. როცა ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე და დედაჩემი ვსხდებით და სიას ვადგენთ; შემდეგ ვმსჯელობთ, როგორ გავინაწილოთ ეს საქმეები“ (მალერი).

რა დაგეხმარება? წარმოდგინე, რომ სადღაც აპირებ მანქანით გამგზავრებას. შენ და შენი ოჯახის წევრები დაუდევრად ყრით საბარგულში ჩანთებს. საბარგულში კი აღარაფერი ეტევა. რას გააკეთებ? საბარგულიდან ჩანთებს ამოალაგებ და ხელახლა დაიწყებ ჩალაგებას — ჯერ დიდ ჩანთებს ჩადებ და შემდეგ დაინახავ, რომ პატარა ჩანთებისთვისაც არის ადგილი.

ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება შენს ცხოვრებაზეც. თუ თავიდან უმნიშვნელო საქმეებით დაკავდები, მნიშვნელოვანისთვის ვეღარ გამონახავ დროს. ჯერ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთე და შემდეგ შენ თვითონ გაგიკვირდება, რამდენი დრო დაგრჩება სხვა რამისთვის (ფილიპელები 1:10).

რა გაქვს პირველ რიგში გასაკეთებელი?

․․․․․

ახლა კვლავ გადახედე იმ საქმეებს, რომლებიც შენთვის პრიორიტეტულია. თუ მნიშვნელოვან საქმეებს პირველ რიგში გააკეთებ, სხვა დანარჩენისთვისაც დაგრჩება დრო. მაგრამ გახსოვდეს, რომ თუ პირიქით გააკეთებ, არაფერი გამოგივა!

რისი გაკეთება შეგიძლია? ჯიბით ატარე გეგმა და განსაზღვრე, პირველ რიგში რა უნდა გააკეთო. შეიძლება ქვემოთ მოცემული ვარიანტებიც გამოგადგეს.

□ მობილური ტელეფონის კალენდარი

□ პატარა ბლოკნოტი

□ სამაგიდო კალენდარი

□ კომპიუტერის კალენდარი

გადასალახავი სირთულე 2 მიჰყევი გეგმას

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? სკოლის შემდეგ შეიძლება მოდუნება მოგინდეს და რამდენიმე წუთით ტელევიზორის ყურება, ან დაგეგმილი გაქვს გაკვეთილების მომზადება, მაგრამ ტექსტურ შეტყობინებას იღებ მეგობრისგან, რომელიც ფილმის სანახავად გეპატიჟება. ფილმი ვერ მოიცდის, სამაგიეროდ მეცადინეობას საღამოსთვის გადადებ. თანაც შენს თავს ეუბნები: „სტრესის დროს გაკვეთილებს უკეთ მოვამზადებ“.

და მაინც, რატომ უნდა გააკეთო? შეიძლება უკეთესი ნიშანი მიიღო, თუ მაშინ იმეცადინებ, როცა გონებას მეტის ათვისების უნარი აქვს. განა ისედაც საკმარისი სტრესი არ გაქვს? რა ძალა გადგას, რომ გვიან ღამით ნაჩქარევად მოამზადო გაკვეთილები და დამატებითი სტრესი შეუქმნა თავს? არ გაგიჭირდება დილით ადგომა? ალბათ დროულად ვერ გაიღვიძებ, ვეღარაფერს მოასწრებ, სახლიდან გიჟივით გავარდები და შეიძლება სკოლაშიც დაგაგვიანდეს (იგავები 6:10, 11).

რას ამბობენ შენი თანატოლები? „მიყვარს ტელევიზორის ყურება, გიტარაზე დაკვრა და მეგობრებთან დროის გატარება. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას ვერ ვასწრებ, რის გამოც გადარბენაზე ვარ“ (ჯულიანი).

რა დაგეხმარება? მხოლოდ აუცილებელი საქმეების გაკეთებას ნუ დაგეგმავ — ისეთი საქმეებიც დაგეგმე, რომელთა კეთებაც გსიამოვნებს. „შედარებით ადვილია აუცილებელი საქმეების გაკეთება, როცა იცი, რომ მოგვიანებით სასიამოვნო საქმე გელოდება“, — ამბობს ჯულიანი.

გარდა ამისა, თუ დიდი მიზნების მიღწევა გსურს, ჯერ პატარ-პატარა მიზნები დაისახე. ზემოთ მოხსენიებული 16 წლის ჯოი ამბობს: „მინდა, რომ სრული დროით მქადაგებელი გავხდე. ეს მიზანი მეხმარება, მივყვე გეგმას, რათა მომავალში უფრო დატვირთული გრაფიკისთვის მოვემზადო“.

რისი გაკეთება შეგიძლია? ჩამოწერე ერთი ან ორი რეალური მიზანი, რომლის მიღწევასაც მომავალი ექვსი თვის მანძილზე აპირებ.

․․․․․

რომელი რეალური მიზნის განხორციელებას აპირებ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, და რისი გაკეთება უნდა დაიწყო ახლავე, ამ მიზანს რომ მიაღწიო?

․․․․․

გადასალახავი სირთულე №3 იყავი მოწესრიგებული და ორგანიზებული

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, რა კავშირშია მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა დროის გონივრულად განაწილებასთან. ალბათ ფიქრობ, არეულ-დარეულ ოთახში ყოფნა რა პრობლემაა?! ოთახი შეიძლება ხვალ დავალაგო ან საერთოდ არ დავალაგო! შენ არ გაღელვებს მოუწესრიგებელი ოთახი, მაგრამ ამას ნამდვილად უნდა მიაქციო ყურადღება.

და მაინც, რატომ უნდა გააკეთო? როდესაც ყველაფერი მოწესრიგებული გაქვს, დროს დაზოგავ, რადგან არ მოგიწევს ნივთების ძებნა. ამასთან ერთად, მშვიდად იქნები (1 კორინთელები 14:40).

რას ამბობენ შენი თანატოლები? „ზოგჯერ დრო არ მაქვს, ტანსაცმელს თავ-თავისი ადგილი მივუჩინო, ამიტომ დიდი დრო მჭირდება იმის მოსაძებნად, რის ჩაცმასაც ვაპირებ“ (მანდი).

„ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვპოულობდი ჩემს საფულეს, ნერვები დამაწყდა. ბოლოს, ოთახს რომ ვალაგებდი, როგორც იქნა ვიპოვე“ (ფრანკი).

რა დაგეხმარება? როგორც კი რაღაცას გამოიყენებ, მაშინვე თავის ადგილზე დადე. ნუ დაელოდები იმ დროს, როცა ყველაფერი აირევ-დაირევა, არამედ ეცადე, დროულად მიალაგო, რაც ნაკლებ დროს წაგართმევს.

რისი გაკეთება შეგიძლია? იყავი აკურატული. ყოველთვის ეცადე, იყო მოწესრიგებული და დაინახავ, როგორ გაგიადვილებს ეს ცხოვრებას.

დაიწყე მცირედით — დღეიდან! ამ სტატიიდან ყველაზე მეტად რომელი რჩევა გამოგადგება?

․․․․․

შევეცდები, ეს რჩევები გავითვალისწინო ․․․․․ კვირის განმავლობაში და ვნახავ, როგორ გამომადგება ისინი.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილეთ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სტატიაში სახელები შეცვლილია.

დაფიქრდი

▪ რამდენი საათი უნდა გეძინოს, რომ მეორე დღეს შრომისუნარიანი იყო?

▪ ვის შეგიძლია სთხოვო, დაგეხმაროს გეგმის განხორციელებაში?

▪ თუ უკვე გაქვს შემუშავებული გეგმა, რა ცვლილებების შეტანა შეიძლება გახდეს საჭირო ამ გეგმაში?

[ჩარჩო⁄სურათი 20, 21 გვერდებზე]

რაში ხარჯავენ დროს კვირის განმავლობაში 8—18 წლის მოზარდები?

17 სთ.

მშობლებთან

30 სთ.

სკოლაში

44 სთ.

ტელევიზორის ყურებაში, კომპიუტერულ თამაშებში, მესიჯების წერასა თუ მუსიკის მოსმენაში

რაში ვხარჯავ დროს?

ჩამოწერე, ყოველ კვირა რამდენ საათს უთმობ:

ტელევიზორის ყურებას ․․․․․

კომპიუტერულ თამაშებს ․․․․․

კომპიუტერს ․․․․․

მუსიკის მოსმენას ․․․․․

ჯამი ․․․․․

რამდენ საათს დავუთმობდი უფრო მნიშვნელოვან საქმეებს? ․․․․․

[სურათი 20 გვერდზე]

თუ თავიდან უმნიშვნელო საქმეებით დაკავდები, მნიშვნელოვანისთვის ვეღარ გამონახავ დროს