არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალბარასინი — უჩვეულო „არწივის ბუდე“

ალბარასინი — უჩვეულო „არწივის ბუდე“

ალბარასინი — უჩვეულო „არწივის ბუდე“

„თუ გსურთ, ნახოთ ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ესპანეთში, ეწვიეთ ალბარასინს“ (რუის ხოსე მარტინესი, ესპანელი მწერალი, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც აზორინი, 1873—1967).

ლბარასინი უნიკალური ქალაქია. რატომ შეიძლება ამის თქმა? პირველ რიგში ამ ქალაქს უნიკალურს ხდის მისი გეოგრაფიული მდებარეობა, შემდეგ მისი ისტორია და ბოლოს საუცხოო შემოგარენი. ამ ყველაფრის გამო ესპანეთის მთავრობამ 1961 წელს ტერუელის პროვინციაში მდებარე ეს პატარა ქალაქი ეროვნულ ძეგლად გამოაცხადა. ტურისტული სააგენტოების 2005 წლის მონაცემებით, ალბარასინი „ესპანეთის ულამაზესი ქალაქია“.

ცენტრალური ესპანეთის მთიან რეგიონში მდებარე ალბარასინი უძველესი ქალაქია, სადაც დაახლოებით 1000 კაცი ცხოვრობს. მის შემოგარენს მთაგრეხილი და მწვანედ მობიბინე მდელოები ამშვენებს, რომლებიც ახლომდებარე მდინარეებით ირწყვება. სწორედ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა ამ ქალაქს სიერა ალბარასინი.

წყალუხვი და მოსავლიანი

ძველ დროში გარეული ცხოველების სიმრავლის გამო ალბარასინი ბევრ სხვა ხალხს იზიდავდა, რაც კარგად არის ასახული ჩინებული მხატვრებისა და ბუნების მოტრფიალეთა მიერ მოხატულ გამოქვაბულის კედლებზე. ისინი უზარმაზარ ხარებსა და სხვა ცხოველებს ისეთი თეთრი საღებავით ხატავდნენ, რომელსაც მხოლოდ ამ მხარეში თუ შეხვდებით. სწავლულები ფიქრობენ, რომ ამ გამოქვაბულებში, რომელთა კედლებზეც იქაური ხალხის ყოველდღიური ყოფაა ასახული, საერო თუ სასულიერო საქმეების შესასრულებლად იკრიბებოდნენ.

მონტეს უნივერსალეს ნაკრძალში დღესაც მრავლად არიან ირმები, გარეული ღორები და სხვა პატარა ცხოველები, ხოლო მდინარე გვადალავიარი (არაბულად ნიშნავს თეთრ მდინარეს) სავსეა საუკეთესო ჯიშის კალმახებით.

ძვ. წ. 133 წელს რომაელებმა დაიპყრეს კელტ-იბერიელების ტომი და დააარსეს რამდენიმე სოფელი ალბარასინის რეგიონში. ახ. წ. I საუკუნეში რომაელმა ინჟინრებმა ააგეს 18 კილომეტრი სიგრძის აკვედუკი (1). ამ ნაგებობას ესპანეთში რომაელების მიერ აგებულ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად მიიჩნევენ. მასზე აშკარად ჩანს რომაული რელიგიის კვალი. ქალაქ ალბარასინში აღმოჩენილი ერთი რომაელის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა იმაზე მოწმობს, რომ იქ იმპერატორს სცემდნენ თაყვანს.

ეკონომიკური აღმავლობა მუსლიმანთა მმართველობის დროს

IX-ე საუკუნეში ამ ტერიტორიას მავრები შემოესივნენ. ფიქრობენ, რომ სახელი ალბარასინი წარმოდგება მუსლიმანი ახალმოსახლეების სახელისგან, ბერბერ კლან ბანუ რაზინისგან. შუა საუკუნეებში მავრები, იუდეველები და ნომინალური ქრისტიანები ერთად მშვიდობიანად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. ალბარასინის ისტორიაში ეს პერიოდი ეკონომიკური აღმავლობის ხანად ითვლებოდა.

ძველად ქალაქის ხელოსნები უჩვეულოდ ლამაზ ნივთებს ამზადებდნენ. როგორც ჩანს, იქ მედიცინაც კარგად იყო განვითარებული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქირურგიული იარაღები იმაზე მოწმობს, რომ ადგილობრივი ქირურგები კატარაქტის ოპერაციებსაც კი აკეთებდნენ. ალბარასინი მუსლიმანთა მმართველობის ქვეშ XII საუკუნის ბოლომდე იყო, ხოლო შემდეგ რომაელი კათოლიკების ხელში გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ესპანეთის ისტორიაში როცა პოლიტიკური მმართველობა მშვიდობიანი გზით შეიცვალა.

როგორ გამოიყურება ალბარასინი დღეს? ტურისტებს დღესაც შეუძლიათ ისეირნონ შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქის ქუჩებში, რომელიც თანამედროვეობისგან შორს დგას.

ქალაქის მკაფიოდ გამოკვეთილი სილუეტი

ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა გასეტი (1883—1955) ალბარასინს აღწერს, როგორც „ცად ატყორცნილ მთის მწვერვალებზე მკაფიოდ გამოკვეთილ სილუეტს“. მისი სიტყვები მართლაც რომ სიმართლეს შეესაბამება, რადგან ქალაქი ზღვის დონიდან 1 200 მეტრი სიმაღლის ციცაბო კლდეზეა გაშენებული და გარშემორტყმულია ღრმა ხეობით, რაც საუკუნეების მანძილზე იცავდა ქალაქს. ამიტომ ეწოდა ალბარასინს მეტსახელად „არწივის ბუდე“.

ტურისტებს, რომლებიც მიუყვებიან ქალაქის ვიწრო მოკირწყლულ ქუჩებს, შეუმჩნეველი არ რჩებათ გასული საუკუნეების თვალწარმტაცი არქიტექტურა. ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულია კუთხის აივანი, ლურჯი სახლი (2) და ჯულიანეტას სახლი (3). ეს უკანასკნელი ისე დგას, თითქოს წონასწორობას ინარჩუნებს ორ ქუჩას შორის.

ამ დროის სახლები აგებულია ხითა და ბათქაშით, ისეთი საშენი მასალით, რომელიც ქვაზე გაცილებით მსუბუქია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ მთის წვერზე აპირებთ სახლის აშენებას. მნახველებს არც გისოსებიანი (4) და მაქმანიანი ფარდებით გაწყობილი პატარა ფანჯრები რჩებათ შეუმჩნეველი. ერთმანეთზე მიჯრილი სახურავის კიდეები, ხის მოჩუქურთმებული აივნები, კარზე დასაკაკუნებლები, რომლებსაც ხშირად სხვადასხვა ცხოველის ფორმას აძლევდნენ, ქალაქის კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა.

ისინი, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ, უნდა ერიდონ გადმოკიდებული სახლებიდან გადმოხედვას. რამდენადაც ქალაქი ციცაბო კლდეზეა გაშენებული და არცთუ ისე დიდი ფართობი უკავია, ზოგმა სახლი კლდის კიდეზეც კი აიშენა.

მავრიტანული ციხე-კოშკი გვირგვინივით ადგას გორას, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებს ქალაქს. სწორედ ეს ციხე-კოშკია ქალაქის უძველესი ნაწილი. ტორე დელ ანდადოური X საუკუნეში არაბების მიერ აშენებული კედლის ნაწილია. მოგვიანებით, XVI საუკუნეში აშენდა გოტიკური საკათედრო ტაძარი და ნალის ფორმის ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც ამშვენებდა თაღის ფორმის დახურული გალერეა.

ბუნებრივი საგანძური

ბუნების მოყვარულთ ალბარასინი კიდევ უფრო გააოცებს. ქალაქის შემოგარენში მდებარე მთაგრეხილი მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ტყით დაფარულ მთებს წყაროები, ნაკადულები და ჩანჩქერები ამშვენებს. მათ, ვინც ამ ადგილას კარვებს შლიან, შეუძლიათ ვარსკლავებით მოჭედილი ცის სილამაზით დატკბნენ.

ამ მხარეში იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე ოჯახი სახლობს. ეს მშვენიერი გარემო შეახსენებთ მათ, რომ ბიბლიის დაპირების თანახმად, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მორჩილი ადამიანები დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. ისინი სწორედ ამ სასიხარულო ცნობას უზიარებენ თავიანთ მეზობლებს (ფსალმუნი 98:7—9; მათე 24:14).

ყოველწლიურად ალბარასინის ვიწრო ქუჩებში ასობით ათასი ტურისტი სეირნობს. თუ ესპანეთს ეწვევით, აუცილებლად მოინახულეთ მთებში ჩაკარგული „არწივის ბუდე“.

[ჩარჩო⁄სურათები 18 გვერდზე]

ალბარასინში აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები

ვერცხლის დოქი. მავრების მეფემ, აბდელმელიქმა, ეს ვერცხლის დოქი თავისი ცოლისთვის, ზირასთვის, გააკეთებინა, რომლის სახელიც არაბულად ყვავილს ნიშნავს. დოქზე ოქროთი ამოტვიფრულია შემდეგი წარწერა: „დღეგრძელობა, . . ღვთის შემწეობა, სიკეთე და სამართლიანობა“. ეს ჭურჭელი ვერცხლის ნაკეთობათა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევრადაა მიჩნეული ესპანურ-არაბულ კულტურაში.

მთის ბროლის თევზი. ამ ნაკეთობას ვერცხლის პირი და ოქროს ფარფლები აქვს. ბროლის თევზს ქერცლიც კი გამოკვეთილი აქვს. ის აგრეთვე შემკულია მარგალიტებითა და ლალის თვლებით. ეს იმდენად ნატიფი და რთული ნამუშევარია, რომ სპეციალისტების აზრით, ერთ ადამიანს მთელი სიცოცხლე არ ეყოფოდა მის დასასრულებლად.

[საავტორო უფლებები]

Jar: Museo de Teruel. Foto Jorge Escudero; crystal: Sta. Ma de Albarracín Foundation

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

პორტუგალია

ესპანეთი

მადრიდი

ალბარასინი

[სურათი 17 გვერდზე]

1 აკვედუკი

2 ლურჯი სახლი

3 ჯულიანეტას სახლი

4 გისოსებიანი ფანჯრები

[სურათის საავტორო უფლება 17 გვერდზე]

© Ioseba Egibar/age fotostock