არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბრძოლა კონფიდენციალურობისთვის

ბრძოლა კონფიდენციალურობისთვის

ბრძოლა კონფიდენციალურობისთვის

გაგიშიფრიათ ოდესმე ანაგრამა ანუ ისეთი თავსატეხი, როცა ასოების გადასმით ერთი სიტყვიდან სხვა სიტყვა მიიღება? შეგიძენიათ რამე ინტერნეტით ან შეგიმოწმებიათ კომპიუტერით თქვენი საბანკო ანგარიში? თუ დიახ, მაშინ თქვენ შეგიღწევიათ კოდების, შიფრების, დაშიფრული და გაშიფრული ინფორმაციის სამყაროში.

იყო დრო, როცა საიდუმლო კოდებს მხოლოდ სახელმწიფო აპარატები, ელჩები, საიდუმლო და სამხედრო სპეცსამსახურები იყენებდნენ. მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა. კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოგონებასთან ერთად კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის პაროლით, რომელიც ინფორმაციის მიღებამდე ყოველ ჯერზე უნდა შეიყვანოს მომხმარებელმა. ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა არასდროს ყოფილა ისე აქტუალური, როგორც დღეს.

ამიტომ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები: რამდენად კარგად გვაქვს შენახული პირადი ინფორმაცია და როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები? ვიდრე ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს, თვალი გადავავლოთ კოდების შექმნისა და მათი გატეხვის ისტორიას, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თვით დამწერლობა.

საიდუმლო ტექსტები

საიდუმლო დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი მეთოდი არის სტეგანოგრაფია, იგივე „საიდუმლო დამწერლობა“. მისი მიზანია, უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი გახადოს ინფორმაცია. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მოგვითხრობს ერთ გადასახლებულ ბერძენზე, რომელმაც შეიტყო, რომ სპარსეთი საბერძნეთზე მოულოდნელი თავდასხმისთვის ემზადებოდა. ეს ინფორმაცია მან ხის ფირფიტებზე დაწერა, ცვილით დაფარა და ასე გაუგზავნა თანამემამულეებს. ამ ხერხს ძველი რომაელებიც მიმართავდნენ. როგორც ჰეროდოტე გვამცნობს, ბერძენის მოხერხებულობით სპარსეთის მეფე ქსერქსეს ჩაეშალა საბერძნეთზე მოულოდნელად თავდასხმის გეგმა, რასაც მისი დამარცხება მოჰყვა.

თანამედროვე სტეგანოგრაფია ითვალისწინებს მიკროფოტოების, წყლის ნიშნებისა და საავტორო უფლებების დამცავი ჰოლოგრამების გამოყენებას. ჯერ კიდევ II მსოფლიო ომის დროს შეძლეს ფოტოების დაპატარავება წერტილის ზომამდე. ადრესატი წერტილს ადიდებდა და ისე კითხულობდა ინფორმაციას. დღესდღეობით პორნოგრაფიული მასალით არალეგალურად მოვაჭრენი მსგავს ხერხებს მიმართავენ. ისინი კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით უხამს ფოტოებს მალავენ უწყინარი შინაარსის ციფრულ გამოსახულებებში, ტექსტებსა თუ აუდიო ფაილებში.

ვინაიდან სტეგანოგრაფიის გამოყენებით ინფორმაცია კარგად არის შენიღბული, ინფორმაციის გადაცემა და მიღება ეჭვს არავის აღუძრავს. მაგრამ შენიღბული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი წაკითხვა, თუ ის ამავე დროს დაშიფრული არ არის.

მნიშვნელობის დამალვა

კრიპტოლოგია („დაფარული სიტყვა“) არის ინფორმაციის მნიშვნელობის დაფარვის მეთოდი. ამაში შედის წინასწარგანსაზღვრული წესით მონაცემების არევა და შემდეგ მათი დაწყობა. ამიტომ ინფორმაციის გაშიფვრა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც აქვს გასაღები და იცის ეს წესები.

ძველი სპარტელები ინფორმაციას შიფრავდნენ მარტივი მოწყობილობის, ეგრეთ წოდებული, სკიტალას დახმარებით. ქამრის ფორმის ტყავის ან პაპირუსის ნაჭერს მჭიდროდ, სპირალურად ახვევდნენ ჯოხზე და შემდეგ სიგრძეზე წერდნენ შეტყობინებას. შემოხსნილ ტყავის ნაჭერზე უაზრო ასოების კომბინაცია რჩებოდა. ადრესატი იმავე დიამეტრის ჯოხზე ახვევდა ტყავის ნაჭერს და ტექსტს კითხულობდა. ზოგჯერ სტეგანოგრაფიასაც მიმართავდნენ, მაგალითად, ტყავის ნაჭერს წელზე ქამარივით ირტყავდნენ ისე, რომ ნაწერი პირი შიგნიდან მოქცეულიყო.

როგორც ამბობენ, იულიუს კეისარი სტრატეგიულ შეტყობინებებს აგზავნიდა შეცვლის მეთოდით — თითოეულ ასოს ცვლიდნენ სხვა ასოთი, მაგალითად, ანბანში მისგან რიგით მესამე ასოთი. აქედან გამომდინარე, „ა“-ს მაგივრად წერდნენ „დ“-ს, „ბ“-ს მაგივრად — „ე“-ს და ა.შ.

რენესანსის ეპოქაში კრიპტოგრაფიის მეთოდები კიდევ უფრო დაიხვეწა. ერთ-ერთი, ვინც ამ დარგის განვითარებას შეუწყო ხელი, იყო ფრანგი დიპლომატი, ბლაზ დე ვიჟნერი, რომელიც 1523 წელს დაიბადა. მან წამოაყენა წინადადება, გამოეყენებინათ უკვე გამოგონილი, მრავალალფაბეტური შიფრაციის სისტემა. მისი სისტემა ძალიან საიმედო ეგონათ, ამიტომ „გაუშიფრავი შიფრი“ (le chiffre indéchiffrable) უწოდეს. მაგრამ კოდების სისტემის დახვეწასთან ერთად იხვეწებოდა კოდების გატეხვის სისტემაც.

მაგალითად, მუსლიმანმა მკვლევარებმა არაბულ ენაზე დაწერილი ყურანის გამოკვლევისას შენიშნეს, რომ ზოგი ასო უფრო ხშირად მეორდებოდა ტექსტში. ასეთი რამ უცხო არ არის სხვა ენებისთვისაც. ამ აღმოჩენის შედეგად განვითარდა კრიპტოგრაფიის მეთოდი, რომელსაც სიხშირული ანალიზი უწოდეს. ამ ანალიზით შესაძლებელი იყო კონკრეტული ასოების ან ასოთა ჯგუფების ფარული მნიშვნელობების დადგენა იმის მიხედვით, თუ რა სიხშირით იყო თითოეული ასო ტექსტში გამოყენებული.

XV საუკუნისთვის კრიპტოგრაფიას ფართოდ იყენებდნენ ევროპელი დიპლომატები. მაგრამ ეს ყოველთვის არ იყო უსაფრთხო. მაგალითად, ფრანგმა ფრანსუა ვიეტმა მოახერხა ესპანეთის სამეფო კარის საიდუმლო კოდის გატეხვა. მისი წარმატებით აღშფოთებულმა მეფე ფილიპე II-მ ვიეტი ეშმაკის მოციქულად შერაცხა და მისი ინკვიზიციისთვის გადაცემა მოითხოვა.

ბრძოლაში ტექნოლოგია ერთვება

XX საუკუნეში ორმა მსოფლიო ომმა კრიპტოგრაფია ახალ საფეხურზე გადაიყვანა. შეიქმნა უფრო რთული მექანიზმები, მაგალითად გერმანული წარმოების მანქანა „ენიგმა“, რომელიც ჩვეულებრივ საბეჭდ მანქანას ჰგავდა. ოპერატორს მანქანაში შეჰყავდა ღია ტექსტი, რომლის დაშიფვრაც ხდებოდა მთელი რიგი ელექტრული როტორების მეშვეობით. ამის შემდეგ დაშიფრული ტექსტი მორზეს ანბანით იგზავნებოდა და მისი გაშიფვრა სხვა „ენიგმაზე“ ხდებოდა. მაგრამ გადაღლილი ოპერატორების დაუდევრობისა და შეცდომების გამო კოდების გამტეხებმა მალევე მიაგნეს დაშიფრული ინფორმაციის გასაღებს.

თანამედროვე ციფრული ინფორმაციის სამყაროში საბანკო, ფულადი გადარიცხვებისა და გადასახადების მონაცემები რთული დაშიფვრის სისტემით არის დაცული. ამგვარადვეა დაცული სამედიცინო, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინფორმაცია. დაშიფრული ტექსტის წაკითხვა შეუძლია მას, ვისაც აქვს გაშიფრისთვის საჭირო გასაღები თავდაპირველი მონაცემების აღსადგენად.

ჩვეულებრივ მეტალის გასაღებს რამდენიმე ღარი აქვს. ციფრულ გასაღებს კი ქმნის ერთიანებისა და ნულებისგან (ბიტი) შემდგარი სხვადასხვა კომბინაციის სისტემა. გრძელ გასაღებს აქვს უფრო მეტი კომბინაცია, რის გამოც მისი გატეხვა უფრო რთულია. მაგალითად, 8-ბიტიან გასაღებს აქვს 256 შესაძლო კომბინაცია, მაშინ როცა 56-ბიტიან გასაღებს აქვს 72 კვადრილიონი კომბინაცია. თანამედროვე სტანდარტით ვებ-გვერდების დათვალიერებისთვის საჭიროა 128-ბიტიანი გასაღები, რომელიც 4, 7 სექსტილიონჯერ მეტ კომბინაციას შეიცავს, ვიდრე 56-ბიტიანი გასაღები. *

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის უსაფრთხოება აბსოლუტურად მაინც არ არის დაცული. მაგალითად, 2008 წელს შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურორებმა ბრალდება წაუყენეს 11 კაცს, რომლებმაც პირადი ინფორმაციის ქურდობის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია განახორციელეს. ამ ჯგუფმა ლეპტოპების, უკაბელო ტექნოლოგიებისა და სპეციალური პროგრამების საშუალებით ხელში ჩაიგდო იმ საკრედიტო და დებეტური ბარათების კოდები, რომლებითაც საკასო აპარატებში იხდიან ფულს.

კარგად გაქვთ დაცული პირადი ინფორმაცია?

საბანკო ანგარიშებისა და ფულადი გადარიცხვების კოდების გატეხვა საკმაოდ რთულია. მაგრამ თქვენზე მაინც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ასე რომ, გამოავლინეთ წინდახედულობა და თაღლითებისა და ქურდებისგან დაიცავით კონფიდენციალური ინფორმაცია, რაშიც შემდეგი რჩევები გამოგადგებათ:

▪ გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამა.

▪ გამოიყენეთ ანტიჯაშუშური პროგრამა.

▪ დააყენეთ „ცეცხლოვანი კედელი“ (Firewall).

▪ სისტემატურად განაახლეთ თქვენი ყველა პროგრამა და ოპერაციული სისტემა.

▪ სიფრთხილით მოეკიდეთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ბმულებს ან სწრაფ შეტყობინებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას „დაუპატიჟებელი სტუმარი“ გიგზავნით და გთხოვთ პირად ინფორმაციას ან პაროლს.

▪ ისეთი კონფიდენციალური მონაცემების გაგზავნისას, როგორიცაა საკრედიტო ბარათის მონაცემები, ისარგებლეთ დაშიფრული კავშირებით და გაგზავნისთანავე გამოდით სისტემიდან. *

▪ აირჩიეთ ისეთი პაროლი, რომელიც რთული მისახვედრია და საიდუმლოდ შეინახეთ.

▪ ნუ გადმოწერთ და ნუ ჩართავთ პროგრამებს უცხო წყაროებიდან.

▪ რეგულარულად გააკეთეთ თქვენი ფაილების სათადარიგო ასლები და უსაფრთხოდ შეინახეთ.

თუ დაიცავთ ამ და სხვა უსაფრთხოების წესებს, თქვენ მეტი შანსი გექნებათ გაიმარჯვოთ კონფიდენციალურობისთვის ბრძოლაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 კვადრილიონი არის ერთი 15 ნულით, სექსტილიონი არის ერთი 21 ნულით.

^ აბზ. 28 დაშიფრულ ვებ-გვერდებს ვებ-ბრაუზერში აქვს უსაფრთხო ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი ანუ მისამართის ზოლში ჩნდება დამცავი სიმბოლო „https://“. სიმბოლო „s“ ნიშნავს უსაფრთხოს.

[სურათი 26 გვერდზე]

ძველი სპარტული სკიტალა

[სურათი 26 გვერდზე]

XX საუკუნეში შექმნილი გერმანული „ენიგმა“

[სურათი 26 გვერდზე]

დღეს პირადი ინფორმაცია დაცულია რთული შიფრებით