რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ „უახლესი მონაცემებით რუსეთის ტერიტორიაზე 2 მილიარდი ტონა ტოქსიკური ნარჩენია, რომელიც არ იციან, სად წაიღონ“ („რია-ნოვოსტი“, რუსეთი).
▪ XXI საუკუნეში მკვეთრად იმატა მეკობრეობის ფაქტებმა. მაგალითად, 2007 წელს „პირატული თავდასხმის 263 შემთხვევა დაფიქსირდა“ (THE WALL STREET JOURNAL, აშშ).
ალკოჰოლი და ორსულობა
„ყოველწლიურად გერმანიაში დაახლოებით 10 000 ბავშვი იბადება თანდაყოლილი დეფექტით, რომელსაც ალკოჰოლი იწვევს“, — ნათქვამია გერმანულ გაზეთში (Süddeutsche Zeitung). მათგან 4 000-ს ქრონიკული დეფექტი აქვს. „რთულია იმის თქმა, რა რაოდენობის ალკოჰოლის მიღება შეუძლია ორსულს ისე, რომ ნაყოფს არ ავნოს. ჩვენ უნდა დავანახვოთ ექიმებს, მეანებსა და ორსულ ქალებს, რომ ათასში ერთხელ ერთი ჭიქის დალევამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ან ქცევის მოშლა გამოიწვიოს“, — ამბობს მედიკამენტების კონტროლის კომისიის წევრი, საბინ ბეტცინგი.
ბაღში მუშაობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
„მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროდუქტის საკუთარი ხელით მოყვანა, ცოტა იქნება ეს თუ ბევრი, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რაც აქამდე რთული წარმოსადგენი იყო“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Psychology Today). გამოკვლევებმა ცხადყო, რომ „ნიადაგში მობინადრე ზოგიერთი მიკობაქტერიის“ ჩაყლაპვის ან შესუთქვის შედეგად „ადამიანს მკვეთრად უძლიერდება იმუნური სისტემა“. აქედან გამომდინარე, ჟურნალში ნათქვამია: „ყველაფერი იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ნიადაგში არსებული მიკრობების ჩაყლაპვას ისეთივე დადებითი შედეგები მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც ამ ნიადაგზე მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის ჭამას“.
რეკორდი შეუსვენებლივ ფრენაში
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) მკვლევარებმა დააფიქსირეს „ყველაზე ხანგრძლივი და შეუსვენებელი ფრენის ფაქტი, რომელიც ხმელეთზე მობინადრე ფრინველმა განახორციელა“. რამდენიმე პატარა ლიას (Limosa lapponica) სატელიტით აკვირდებოდნენ, როცა ისინი ყოველწლიურ გადაფრენას ასრულებდნენ წყნარ ოკეანეზე. ერთმა მდედრმა რვა დღე იფრინა შეუსვენებლივ ალასკიდან ახალ ზელანდიამდე და 11 650 კილომეტრი დაფარა. ეს ფრინველი 700 გრამს იწონის. მოგზაურობის დასასრულს ის „წონის ნახევარს კარგავს“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (The Week). უკანა გზაზე ლიები ახალი ზელანდიიდან ჩინეთში მიფრინავენ, იქიდან კი — ალასკაში. „მთლიანობაში ისინი საშუალოდ 29 000 კილომეტრს ფარავენ, — აღნიშნავს ზემოთ ხსენებული გეოლოგიური სამსახური. — გამოდის, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლია საშუალოდ 463 000 კილომეტრს დაფრინავს“.
კაქტუსის ქურდები
არიზონაში (აშშ) მდებარე საგუაროს ეროვნული პარკიდან იშვიათი ჯიშის კაქტუსები იკარგება. „ყველას სურს, რომ ეს კაქტუსი მის ეზოში იზრდებოდეს“, — ამბობს ჯიმ მაკ-გინისი, არიზონას სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სპეციალური კვლევის სამსახურის თანამშრომელი. ამ უდაბნოში ხშირად შენიშნავთ მანქანებს კაქტუსებით. ქურდებს განსაკუთრებით მოსწონთ ერთ ან ორ მეტრიანი კაქტუსები, რომლებიც 1000 დოლარამდე ღირს. ქურდობის შესაჩერებლად, პარკის დირექციამ გადაწყვიტა, რომ კაქტუსებში მიკროჩიპები ჩადგან. სკანერების მეშვეობით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, მოპარულია თუ არა გასაყიდი კაქტუსები.