როცა თავს არარაობად გაგრძნობინებენ
როცა თავს არარაობად გაგრძნობინებენ
„როცა საცხოვრებლად ესპანეთში გადავედით და დაწყებით სკოლაში შემიყვანეს, კლასელები მთელი წელი დამცინოდნენ, რადგან მათზე დაბალი ვიყავი. თითქმის ყოველდღე სახლში ტირილით ვბრუნდებოდი“ (ჯენიფერი, ფილიპინელი იმიგრანტების ქალიშვილი).
„ახალ სკოლაში თეთრკანიანი კლასელები მამცირებდნენ. ვხვდებოდი, რომ ჩემი გაღიზიანება და ჩხუბის ატეხა უნდოდათ. ვცდილობდი, არ ავყოლოდი, მაგრამ გული მტკიოდა და თავს დათრგუნულად ვგრძნობდი“ (ტიმოთე, აფრო-ამერიკელი).
„შვიდი წლის ვიყავი, როცა ნიგერიაში იბო და ჰაუსა ხალხები ერთმანეთს დაერივნენ. ამ კონფლიქტმა ჩემზეც იმოქმედა. ამიტომ დაცინვა დავუწყე ჩემს კლასელს, რომელიც ჰაუსა იყო, თუმცა მანამდე მეგობრები ვიყავით“ (ჯონი, იბოს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი).
„მისიონერად მსახურებისას, ერთხელ, როცა მე და ჩემი პარტნიორი ვქადაგებდით, ადგილობრივი სამღვდელოების მიერ წაქეზებული ბავშვები გამოგვყვნენ და ქვების სროლა დაგვიწყეს. სამღვდელოებას უნდოდა, რომ ქალაქი დაგვეტოვებინა“ (ოლგა).
თქვენც გამოგიცდიათ, რა არის სიძულვილი და დისკრიმინაცია თქვენი კანის ფერის, რელიგიის, ეკონომიკური მდგომარეობის, სქესის ან ასაკის გამო? ადამიანებს, რომლებსაც გამუდმებით ცუდად ექცევიან, დიდი სტრესის ფასად უჯდებათ, ქუჩაში გავლა, მაღაზიაში შესვლა, ახალ სკოლაში გადასვლა ან საზოგადოებრივ ადგილებში სიარული.
გარდა ამისა, ასეთ ადამიანებს შეიძლება უარი უთხრან სამსახურში მიღებაზე, ნორმალურ სამედიცინო მომსახურებაზე, უმაღლეს განათლებაზე, სოციალურ დახმარებაზე და მისი უფლებების დაცვაზე. როცა დისკრიმინაციას და სიძულვილს თავად ხელისუფლება უწყობს ხელს, ამას შეიძლება ეთნიკური წმენდა და გენოციდი მოჰყვეს. გენოციდის მცდელობის უძველესი შემთხვევა ჩაწერილია ბიბლიაში, ესთერის წიგნში. ყურადღება მიაქციეთ, რომ მთავარი როლი ამ შემთხვევაში სიძულვილმა და ათვალწუნებამ ითამაშა (ესთერი 3:5, 6).
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კანონით იკრძალება ადამიანის დისკრიმინაცია, ბევრი მაინც ხდება მიკერძოებისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი. გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა თქვა: „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან ექვსი ათეული წლის შემდეგაც კი . . . თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები უხეშად ირღვევა“. ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან იმიგრაციამ და ლტოლვილთა მოზღვავებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბევრი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა.
ნუთუ თანასწორობა და სამართლიანობა აუხდენელი ოცნებაა? მოეღება ოდესმე ბოლო მიკერძოებასა და დისკრიმინაციას? ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო სტატიები გასცემს.