არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა იყოს საზოგადოება დაყოფილი სასულიერო და საერო პირებად?

უნდა იყოს საზოგადოება დაყოფილი სასულიერო და საერო პირებად?

ბიბლიის თვალსაზრისი

უნდა იყოს საზოგადოება დაყოფილი სასულიერო და საერო პირებად?

უწმინდესი, უნეტარესი, მამაო, რაბი, მოძღვარი, ყოვლადუწმინდესი, მისი მოწყალება — ეს არის მიმართვის ზოგიერთი ფორმა, რომელიც სამღვდელოებას გამოარჩევს საერო პირებისგან. მსგავსი განსხვავება მრავალ რელიგიაში არსებობს. ღვთის მიერ არის ეს დაწესებული თუ ადამიანისგან? იწონებს ღმერთი ასეთ დაყოფას?

„ახალ აღთქმაში არსად გვხვდება იდეა იმის შესახებ, რომ საზოგადოება სასულიერო ან საერო პირებად უნდა იყოს დაყოფილი. ეს იდეა უცხო იყო მოციქულებისთვისაც“, — აღნიშნა თეოლოგმა კლეტუს ვესელმა. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „თანდათანობით გამოიკვეთა ორი კლასი: სამღვდელოება, როგორც მაღლა მდგომი და საერონი, როგორც დაბლა მდგომი. სამღვდელოებამ ეკლესიის არასასულიერო წევრები სულიერად გაუთვითცნობიერებელ მასად მიიჩნია“ (The Encyclopedia of Christianity). ეს დაყოფა განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ახ. წ. III საუკუნეში, ქრისტეს სიკვდილიდან ორას წელზე მეტი ხნის შემდეგ.

თუ ასეთი განსხვავება არც ქრისტეს მოციქულებს დაუწესებიათ და არც პირველი საუკუნის ქრისტიანებს, მისაღები უნდა იყოს ეს ჩვენთვის? თუ ბიბლიით ვიხელმძღვანელებთ, არა. რატომ ვამბობთ ამას?

„თქვენ ყველანი ძმები ხართ“

ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ყველა ქრისტიანი ღვთის მსახურია და მათ შორის არავინ უპირატესობს (2 კორინთელები 3:5, 6). „[პირველი ქრისტიანების] ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ ისინი მთელი მონდომებით ცდილობდნენ, მათ შორის კლასობრივი დაყოფა არ ყოფილიყო“, — ამბობს თეოლოგი ალექსანდრ ფევრი. კლასობრივი დაყოფის არარსებობა ეთანხმება იესოს სიტყვებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სულიერად მოწიფული მამაკაცები ზედამხედველებად მსახურობდნენ და მათ მოვალეობაში კრების დასწავლება და დამწყემსვა შედიოდა (საქმეები 20:28). მაგრამ ეს მამაკაცები არ იღებდნენ გასამრჯელოს. ისინი ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანები იყვნენ და უმეტესობას ცოლ-შვილი ჰყავდა. ეს მამაკაცები ზედამხედველებად იმიტომ არ მსახურობდნენ, რომ სასულიერო სემინარიები ჰქონდათ დამთავრებული. ისინი გულმოდგინედ იკვლევდნენ ღვთის სიტყვას და ღვთის მოსაწონ თვისებებს ავლენდნენ. ბიბლიური მოთხოვნის თანახმად, ზედამხედველი უნდა იყოს ზომიერი, საღად მოაზროვნე, წესრიგიანი, სტუმართმოყვარე, გონიერი, უნდა შეეძლოს სწავლება, „არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი, ფულის მოყვარული; ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს“ (1 ტიმოთე 3:1—7).

რატომ უნდა დავეყრდნოთ ბიბლიას

„არ გადახვიდეთ დაწერილს“, — ნათქვამია ბიბლიაში (1 კორინთელები 4:6). სამწუხაროდ, როცა ადამიანები არ ითვალისწინებენ ღვთის მითითებებს, ღმერთთან ურთიერთობას იფუჭებენ. ეს ეხება სამღვდელო და არასამღვდელო კლასებად დაყოფასაც. განვიხილოთ ექვსი მიზეზი, თუ რატომ ვამბობთ ასე.

1. სამღვდელოების არსებობა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ იყვნენ ღვთის მსახურები. მაგრამ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი უნდა ემსახუროს ღმერთს და განადიდოს მისი სახელი (რომაელები 10:9, 10). რაც შეეხება კრებაში მსახურებას, სასურველია, რომ ქრისტიანი მამაკაცები ისწრაფვოდნენ ზედამხედველად მსახურებისკენ. ასე ხდება იეჰოვას მოწმეთა კრებებში (1 ტიმოთე 3:1).

2. სასულიერო და საერო პირებად საზოგადოების დაყოფა სამღვდელოების განდიდებას ემსახურება, რაზეც მათთვის მინიჭებული ტიტულებიც მოწმობს. იესომ კი თქვა: „ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:48). იესოს მითითებით მის მიმდევრებს რელიგიური ტიტულები არ უნდა ჰქონოდათ, რაც მათი თავმდაბლობის მაჩვენებელი იქნებოდა (მათე 23:8—12).

3. სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს ითხოვს, ტვირთად აწვება მრევლს, მით უმეტეს, თუ სამღვდელოება ფუფუნებას არის მიჩვეული. მაგრამ ქრისტიანი ზედამხედველები საკუთარი შრომით ირჩენენ თავს. ამგვარად, ისინი კარგ მაგალითს აძლევენ სხვებს * (საქმეები 18:1—3; 20:33, 34; 2 თესალონიკელები 3:7—10).

4. როცა სასულიერო პირი ფინანსურად სხვებზეა დამოკიდებული, ადვილი შესაძლებელია, რომ მან თავისი მრევლის გულის მოსაგებად დაამახინჯოს ბიბლიური სწავლება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს ასეც მოხდებოდა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად“ (2 ტიმოთე 4:3).

5. სასულიერო და საერო პირებად დაყოფა ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ საერონი პასიური მორწმუნეები ხდებიან, რადგან მთელ პასუხისმგებლობას სამღვდელოებას აკისრებენ. მაგრამ თითოეული ქრისტიანი თავად უნდა ზრუნავდეს თავის სულიერობაზე და ბიბლიის კარგი მკვლევარი უნდა იყოს (მათე 4:4; 5:3).

6. როცა მრევლს კარგად არ ესმის ბიბლია, სამღვდელოებამ ის ადვილად შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში და საკუთარი ინტერესებისთვისაც კი გამოიყენოს. ისტორიამ არაერთი ასეთი შემთხვევა შემოგვინახა * (საქმეები 20:29, 30).

იეჰოვას მოწმეები ზედმიწევნით მიჰყვებიან ბიბლიის სწავლებებს, ამიტომ მათ არ ჰყავთ სამღვდელოება. მათ ჰყავთ სულიერი მწყემსები და მასწავლებლები, რომლებიც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ემსახურებიან ღვთის სამწყსოს. თქვენ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამაში, თუ დაესწრებით იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას სამეფო დარბაზში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 პირველ საუკუნეში ზოგი მისიონერი ზედამხედველი ზოგჯერ „სასიხარულო ცნობით“ ცხოვრობდა ანუ თანამორწმუნეების სტუმართმოყვარეობასა და შემოწირულობაზე იყო დამოკიდებული (1 კორინთელები 9:14).

^ აბზ. 16 ამის მაგალითია ინდულგენციებით ვაჭრობა, კათოლიკური ინკვიზიცია, სამღვდელოების მიერ ბიბლიების დაწვა იმ მიზნით, რომ ისინი მრევლის ხელში არ მოხვედრილიყო (იხილეთ 2002 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27).

გიფიქრიათ?

▪ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ღვთის მსახურებს ერთმანეთის მიმართ? (მათე 23:8)

▪ რა მოეთხოვებათ ქრისტიან მამაკაცებს, რომ ზედამხედველებად იმსახურონ კრებაში? (1 ტიმოთე 3:1—7)

▪ რატომ არ იწონებს ღმერთი საზოგადოების სასულიერო და საერო პირებად დაყოფას? (1 კორინთელები 4:6)

[ჩანართი 23 გვერდზე]

სასულიერო პირებისგან განსხვავებით იესო „უმცირესივით“ იქცეოდა