არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სირთულეებს ხვდებიან ახალგაზრდები დღეს?

რა სირთულეებს ხვდებიან ახალგაზრდები დღეს?

რა სირთულეებს ხვდებიან ახალგაზრდები დღეს?

თქვენი აზრით, ხვდებიან დღეს ახალგაზრდები წინა თაობებთან შედარებით მეტ სირთულეს? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, შეიძლება ფიქრობთ, რომ სხვა თაობებთან შედარებით ისინი ძალიან ბედნიერები არიან.

დღეს მრავალ ქვეყანაში მკურნალობას ექვემდებარება ისეთი დაავადებები, რომლებიც ადრე ახალგაზრდების ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ხდებოდა. ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ისეთი ელექტრონული მოწყობილობებისა და სათამაშოების წარმოება, რასაც წინა თაობა ვერც კი წარმოიდგენდა. ეკონომიკის წინსვლის შედეგად მრავალმა ოჯახმა სიღარიბეს თავი დააღწია. მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილებს კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნან და უმაღლესი განათლება მიაღებინონ, რისი შესაძლებლობაც თავად არ ჰქონდათ.

უდავოა, რომ დღეს ახალგაზრდებს ბევრ რამეზე მიუწვდებათ ხელი. მაგრამ წინა თაობებთან შედარებით ისინი მეტ სირთულეს ხვდებიან. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დღეს ვცხოვრობთ პერიოდში, რომელსაც ბიბლია „ქვეყნიერების აღსასრულს“ უწოდებს (მათე 24:3). იესო ქრისტემ მართებულად იწინასწარმეტყველა, რომ დღევანდელ მსოფლიოში ძირეული ცვლილებები მოხდებოდა (მათე 24:7, 8). ბიბლია ამ პერიოდს აგრეთვე უწოდებს „ბოლო დღეებს“, რომელიც „ძნელად ასატანი“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). განვიხილოთ ზოგიერთი სირთულე, რომელსაც ახალგაზრდები ამ ძნელად ასატან დროში ხვდებიან.

პირველი სირთულე

განმარტოება

ფილმებში, სატელევიზიო გადაცემებსა და ჟურნალებში ახალგაზრდები ისე არიან წარმოდგენილნი, თითქოს ყოველთვის ბავშვობის მეგობრების გარემოცვაში არიან, რომლებთან ერთადაც სკოლაში სწავლობდნენ და დღემდე მეგობრობენ. სინამდვილეში ახალგაზრდების უმრავლესობის შემთხვევაში ეს ასე არ არის.

მკვლევარები ბარბარა შნაიდერი და დეივიდ სტივენსონი შეერთებულ შტატებში ათასობით ახალგაზრდის გამოკითხვის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათგან „უმრავლესობა ძალიან ხშირად იცვლიდა მეგობრებს . . . ბევრ ახალგაზრდას უჭირს მეგობრებთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნება. ძალიან ცოტას ჰყავს ისეთი ახლო მეგობარი, რომელსაც გულისტკივილსა თუ სიხარულს გაუზიარებს“.

ბევრი ახალგაზრდა ძალიან ცოტა დროს უთმობს მეგობრებს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების უმეტესობა თავიანთი დროის დაახლოებით 10 პროცენტს მეგობრებთან ატარებს, 20 პროცენტზე მეტს კი — მარტო, რაც ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან გატარებულ დროს ბევრად აღემატება. ისინი ჭამენ, მოგზაურობენ თუ ერთობიან, უმეტესწილად, მარტოები არიან.

ასეთ ტენდენციას ტექნიკის პროგრესმა შეუწყო ხელი. მაგალითად, 2006 წელს ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამი იყო, რომ ამერიკაში 8—18 წლამდე ახალგაზრდები დღეში საშუალოდ ექვსსაათ-ნახევარს უთმობენ ტელევიზორის ყურებას, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენას და კომპიუტერს, იქნება ეს თამაშები, ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტი თუ სხვა რამ. *

ცხადია, წინა თაობებიც უთმობდნენ დროს მუსიკის მოსმენასა და თამაშებს (მათე 11:16, 17). მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდები დროის უმეტეს ნაწილს ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ნაცვლად ელექტრონულ მოწყობილობებთან ატარებენ, რამაც შეიძლება მათზე საზიანოდ იმოქმედოს. მკვლევარები შნაიდერი და სტივენსონი ამბობენ, რომ „ასეთ ახალგაზრდებს უღირსობის გრძნობა აქვთ, სრულად არ არიან ბედნიერები, დიდ კმაყოფილებას არ ანიჭებთ ის, რასაც აკეთებენ, და ნაკლებად აქტიურები არიან“.

მეორე სირთულე

უზნეობის ჩადენის ცდუნება

დღეს მოზარდებს ბევრი რამ უბიძგებს, რომ უზნეობა ჩაიდინონ. ერთი ავსტრალიელი ახალგაზრდა, ნათანი ამბობს: „12—15 წლამდე ბავშვების უმრავლესობას, რომლებიც ჩემს სკოლაში სწავლობდნენ, უკვე ჰქონდა სქესობრივი კავშირი“. ერთი მექსიკელი გოგონა, ვინბეი აღნიშნავს, რომ მის სკოლაში მოსწავლეებისთვის ჩვეულებრივი რამ არის ვინმესთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ის დასძენს: „უცნაურ ადამიანად თვლიან მას, ვისაც სექსი არ ჰქონია“. 15 წლის ბრაზილიელი ანა ამბობს: „ჩემი თანატოლები იმდენად ჩვეულებრივად მიიჩნევენ სქესობრივ კავშირს, რომ არაერთხელ გიწევს უარის თქმა“.

დიდი ბრიტანეთის მკვლევარებმა სხვადასხვა წარმოშობის 12—19 წლამდე ათასობით ახალგაზრდა გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ მათგან თითქმის 50 პროცენტს რეგულარულად ჰქონდა ამა თუ იმ სახის სქესობრივი ურთიერთობა. 20 პროცენტზე მეტმა სულ რაღაც 12 წლის ასაკში დაიწყო სქესობრივი ცხოვრება. დოქტორი დილან გრიფიტი, რომელმაც ეს გამოკითხვა ჩაატარა, ამბობს: „რამდენადაც მშობლებმა, ეკლესიამ და საზოგადოებამ მოზარდებზე გავლენა დაკარგეს, მოზარდები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან“.

მართლა საფრთხეს უქმნის სქესობრივი ცხოვრება მოზარდებს? 2003 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, მკვლევარები ნოიზი, რექტორი და ჯონსონი აღნიშნავენ, რომ დეპრესია და თვითმკვლელობის მცდელობა ხშირია ისეთ მოზარდებში, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. 6 500 მოზარდის გამოკითხვამ ცხადყო, რომ „ის გოგონები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, თითქმის სამჯერ მეტად ცვივდებიან დეპრესიაში, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ ცხოვრებას არ ეწევა“. დეპრესიაში მყოფი ბიჭების შემთხვევაში „ეს მაჩვენებელი ორზე მეტჯერ აღემატებოდა იმ ბიჭების რიცხვს, რომლებიც დეპრესიაში იყვნენ, მაგრამ სქესობრივ ცხოვრებას არ ეწეოდნენ“.

მესამე სირთულე

დაყოფილი ოჯახები

შეერთებულ შტატებში ოჯახური მდგომარეობა და ღირებულებები სწრაფად იცვლება. ერთ წიგნში ნათქვამია: „გასული ათწლეულების მანძილზე რამდენიმე სერიოზული დემოგრაფიული ცვლილება მოხდა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მოზარდებზე. ამერიკაში შობადობამ იკლო, ამიტომ გაიზარდა ისეთი ოჯახების რიცხვი, სადაც ერთი ან ორი შვილი ჰყავთ. რამდენადაც განქორწინების რიცხვი მატულობს, უფრო მეტი ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ერთი მშობელია. მარტოხელა დედების უმეტესობა, რომელთა შვილებიც 18 წლამდე არიან, მუშაობს და, როგორც ჩანს, მათი მოზარდი შვილები სახლში მეთვალყურეობის გარეშე რჩებიან“ (The Ambitious Generation — America’s Teenagers, Motivated but Directionless).

ბავშვი ერთ მშობელთან იზრდება თუ ორივესთან, მშობლები სწორედ მაშინ არ არიან შვილების გვერდით, როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში 7 000 მოზარდის გამოკითხვამ ცხადყო, რომ უმეტესობა მათგანის მშობელი, როგორც თავად მიაჩნიათ, მოსიყვარულე და გამგებია. მაგრამ „გამოკითხულთა მხოლოდ მესამედმა თქვა, რომ მშობლები განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენენ მათ მიმართ და ეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში“. გამოკითხულ „მოზარდთა უმეტესობას არა აქვს იმის იმედი, რომ პრობლემების დროს მშობლები დაეხმარებიან და მხარში ამოუდგებიან“.

იაპონიაში ერთ დროს მყარ ოჯახებს მატერიალიზმის გამო ბზარი გაუჩნდა. სოციოლოგიის პროფესორი იოკო კავანიში ამბობს: „დღეს მოზარდთა მშობლების უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობაა. ისინი ისეთ პერიოდში გაიზარდნენ, როცა საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკურ კეთილდღეობასა და მატერიალურ ქონებას ენიჭებოდა“. რა ფასეულობებს უნერგავენ ისინი შვილებს? კავანიში დასძენს: „მრავალი მშობლის უმთავრესი საზრუნავი დღეს შვილებისთვის კარგი განათლების მიცემაა. როცა შვილები სწავლობენ, ოჯახში სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი ან უმნიშვნელო ხდება“.

როგორ აისახება ასეთი გაუწონასწორებელი შეხედულება ახალგაზრდებზე? იაპონიაში მასმედია ხშირად იყენებს სიტყვა „კირერუს“ ისეთ ახალგაზრდებთან მიმართებით, რომლებიც დაძაბულობის დროს თავშეკავებას ვერ ავლენენ და მალე გამოდიან მდგომარეობიდან. კავანიში ამბობს: „მოზარდები შეიძლება იმიტომ იქცევიან თავაშვებულად, რომ ოჯახში არავინ აძლევს შენიშვნას“.

ოპტიმიზმის საფუძველი

ჩვენ მართლაც რომ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). მაგრამ ბიბლიაში მხოლოდ ის არ არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო დღეებში ადამიანებს მრავალ სირთულესთან მოუწევდათ გამკლავება.

ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ახალგაზრდებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მის ავტორს, იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ახალგაზრდებმა პრობლემებთან გამკლავება ისწავლონ (იგავები 2:1—6). ღმერთს მათთვის კარგი ცხოვრება სურს. მის სიტყვას, ბიბლიას შესწევს ძალა, რომ ‘გამოუცდელებს წინდახედულობა მისცეს, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და ჭკუა’ (იგავები 1:4). ვნახოთ, როგორ შეუძლია ბიბლიურ პრინციპებს ახალგაზრდების დახმარება.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იაპონიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დროის დიდ ნაწილს თავის ოთახში განმარტოებით ატარებს. ამის გამო მათ „ჰიკიკომორი“ (კარჩაკეტილები) შეარქვეს. ერთ-ერთი გამოთვლის თანახმად, იაპონიაში ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე კარჩაკეტილი ახალგაზრდა ცხოვრობს.

[ჩანართი 5 გვერდზე]

ერთი გამოკითხვის თანახმად, ის გოგონები, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან, თითქმის სამჯერ მეტად ცვივდებიან დეპრესიაში, ვიდრე ისინი, ვინც ასეთ ცხოვრებას არ ეწევა

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

დამღუპველი ჩვევა

დიდ ბრიტანეთში 2006 წელს გამოცემულ მთავრობის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ერთ წელიწადში გაორმაგდა 11—15 წლამდე მოზარდების რიცხვი, რომლებიც კოკაინს იყენებენ. დაახლოებით 65 000-მა მოზარდმა აღიარა, რომ გასინჯული ჰქონდა ნარკოტიკი. ჰოლანდიაში 16—24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 20 პროცენტზე მეტმა თქვა, რომ გარკვეულწილად დამოკიდებულნი იყვნენ ალკოჰოლზე ან ალკოჰოლით გამოწვეული დაავადებები აწუხებდათ.

ბევრი ახალგაზრდა ემოციური ტკივილის დასავიწყებლად საკუთარ სხეულს ისერავს, ჰკბენს და იწვავს. „სამი მილიონი ამერიკელი საკუთარ თავს ისახიჩრებს, ორასიდან ერთს კი ეს ჩვევაში აქვს გადასული“, — ამბობენ მკვლევარები ლენ ოსტენი და ჯული კორტემი.

[სურათი 3 გვერდზე]

მრავალ ახალგაზრდას არ ჰყავს ახლო მეგობრები, ვისაც მიენდობოდა