არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

„დღეს სტიქიური უბედურებების ათი შემთხვევიდან ცხრა კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული. ბოლო ოცი წლის განმავლობაში სტიქიური უბედურებების რიცხვი გაორმაგდა. თუ ადრე ყოველ წელს 200 სტიქიური უბედურება ხდებოდა, ახლა ეს რიცხვი 400-ზე მეტია“ (ჯონ ჰოლმესი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარული დახმარების დარგში და სასწრაფო დახმარების კოორდინატორი).

ადგილობრივი ხალხის უფლებები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული, მაია და ნაუატლ ენებზე ითარგმნა. მექსიკის ადგილობრივი მკვიდრნი ძირითადად ამ ენებზე ლაპარაკობენ. „[მექსიკაში] სულ მცირე ათმა მილიონმა ადამიანმა თავისი უფლებების შესახებ არაფერი იცის. ამიტომ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ მათ უფლებებს ლახავენ“, — ნათქვამია გაზეთ „უნივერსალში“. ეს თარგმანები, როგორც გაზეთშია ნათქვამი, დაეხმარება ადგილობრივ ხალხს, რომ იცოდნენ და დაიცვან თავიანთი უფლებები.

ქალწულობის გაყიდვა

როგორც გაზეთი „ნიუსუიკ პოლსკა“ იუწყება, სოციოლოგები გაოგნებულები არიან იმის გამო, რომ ზოგი პოლონელი ახალგაზრდა თავის ქალწულობას ყიდის. «ახალგაზრდებს ყოველი მხრიდან გამუდმებით ესმით: „იყიდება ყველაფერი“», — ამბობს ფსიქოლოგი იაცეკ კუჟენპა, რომელიც პოლონეთის უნივერსიტეტში მუშაობს. მრავალ მათგანს თავისი ქალწულობა ინტერნეტში აუქციონზე გამოაქვს. ასეთი საქციელი ახალგაზრდებს მართლაც რომ ძვირად უჯდებათ. „ეს დიდ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე და მომავალ პარტნიორთან ურთიერთობაზე“, — ამბობს კუჟენპა.

ამაზონის სამხრეთით ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა

სამხრეთ ამაზონის სანაპიროს დიდ ნაწილზე, სადაც ახლა გაუვალი ტყეებია, ადრე ქალაქები იყო გაშენებული, რომლებსაც „დიდი გალავანი ჰქონდა შემოვლებული“. ამ დასკვნამდე მივიდნენ მატუ-გროსუში (ბრაზილია) მომუშავე ანთროპოლოგები. მათ აღმოაჩინეს „გალავანშემოვლებული ქალაქებისა და პატარა სოფლების“ ნანგრევები. ამ ადგილს გარს ეკრა ტროპიკული ტყეები. ეს ტერიტორია 30 000 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ზოგი ქალაქის ფართობი 60 ჰექტარი იყო. ანთროპოლოგების მიერ გაკეთებული აღმოჩენების შესახებ ფლორიდის უნივერსიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს დასახლებები „დაახლოებით 1250—1650 წლებით თარიღდება. შესაძლოა ამ პერიოდში შემოსულმა ევროპელმა კოლონისტებმა მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჟლიტეს ან მათ მიერ შემოტანილმა დაავადებებმა მოუსწრაფა იქ მცხოვრებთ სიცოცხლე“.

მცენარეები ხელს უწყობს გამოჯანსაღებას

დიდი ხანია მიიჩნევენ, რომ ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესს, იწვევს დადებით გრძნობებს და შვება მოაქვს ავადმყოფისთვის. ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ ეს მოსაზრება განამტკიცა. „ოპერაციის შემდეგ ზოგი პაციენტი ისეთ პალატაში მოხვდა, სადაც მცენარეები იყო, ზოგის პალატაში კი მცენარეები არ ყოფილა“, — ნათქვამია ჟურნალ „საიენს დეილიში“. იმ პაციენტებს, რომელთა პალატებშიც მცენარეები იყო, ნაკლებად აწუხებდათ ტკივილი, შედარებით ცოტა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდებოდათ, უკეთესი პულსი და სისხლის წნევა ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი უფრო კმაყოფილები იყვნენ თავიანთი პალატებით, ვიდრე ის პაციენტები, რომელთა პალატებშიც მცენარეები არ იყო. 93 პროცენტმა თქვა, რომ მათში „ყველაზე დადებით“ ემოციას მცენარეები იწვევდა.