არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეუძლიათ ახალგაზრდებს დახმარების მიღება?

სად შეუძლიათ ახალგაზრდებს დახმარების მიღება?

სად შეუძლიათ ახალგაზრდებს დახმარების მიღება?

მსოფლიოში რომ იდეალური პირობები ყოფილიყო, ყველა მშობელი სიყვარულით იზრუნებდა შვილებზე, დაეხმარებოდა და სათანადოდ აღზრდიდა მათ. ისინი ერთად ისადილებდნენ, ისაუბრებდნენ, წიგნებს წაუკითხავდნენ შვილებს და უკეთ გაუგებდნენ მათ. მაგრამ დღეს იდეალური პირობები არ არის და მშობლებიც სრულყოფილები არ არიან. ბიბლიაში მართებულად არის ნათქვამი: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).

თუ ახალგაზრდა ხარ, შესაძლოა ფიქრობ, რომ თქვენს ოჯახში არსებული ატმოსფერო იდეალურისგან შორს არის და შეიძლება მართალიც იყო. მიუხედავად ამისა, შენ ბევრის გაკეთება შეგიძლია, რომ თავიდან აირიდო ზედმეტი საწუხარი და უფრო ბედნიერი გახდე. ყურადღებით წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები, რომლებიც პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარება.

პირველი რჩევა

ნუ იქნები განმარტოებული!

„განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“ (იგავები 18:1). ზოგი ახალგაზრდა ხალხის გარემოცვაში თავს უხერხულად გრძნობს, ამიტომ ურჩევნიათ, ტელევიზორს უყურონ ან კომპიუტერული თამაშებით გაერთონ. ზოგი იმიტომ არის განმარტოებული, რომ მეტისმეტად მორცხვია. ელიზაბეტი, რომელიც 21 წლისაა, ამბობს: „ყოველთვის მორცხვი ვიყავი. იმდენად მორცხვი ვარ, რომ მიჭირს ხალხთან მისვლა და დალაპარაკება. სიმორცხვე უკვე შიშში გადამივიდა“.

როგორ უმკლავდება ელიზაბეტი ამ გრძნობას? ის იეჰოვას მოწმეა და რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლობის ნაწილია. ელიზაბეტი ამბობს: „სიმორცხვის მიუხედავად, მიზნად დავისახე, რომ ყოველ შეხვედრაზე ერთ ადამიანთან მაინც მივიდე და დაველაპარაკო. თუ არაფერი გამომდის, ვცდილობ, გული არ გავიტეხო და ვფიქრობ იმაზე, რასაც უკვე მივაღწიე. მივხვდი, რომ სხვების გაცნობა ჩემზე დადებითად მოქმედებს“.

ჩამოწერე ორი ან სამი ადამიანის სახელი, რომელთა გაცნობაც უკეთ გსურს. მიზნად დაისახე, რომ მომდევნო კვირაში ან ახლო მომავალში გამოელაპარაკო მათ და რაღაც ახალი გაიგო მათ შესახებ. შემდეგ დაწერე, რისი გაკეთება შეგიძლია თითოეული მათგანისთვის მომდევნო თვეში და შესაბამისად მოიქეცი (საქმეები 20:35).

თუ გაექცევი პრობლემებსა და ხალხს, უფრო მეტად იქნები საკუთარ თავზე კონცენტრირებული, რაც შენთვისვე იქნება საზიანო. ბიბლია გვირჩევს: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4). თუ ამ პრინციპს ოჯახის წევრებთან და სხვებთან გამოიყენებ, გაწონასწორებული თვალსაზრისი გექნება საკუთარ პრობლემებზე და უკეთ გაუმკლავდები მათ.

მეორე რჩევა

გაექეცი უზნეობას

„გაექეცით სიძვას. ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18). როგორ შეგიძლია გაექცე უზნეობის ჩადენის ცდუნებას, როცა შენ გარშემო ახალგაზრდებში ეს ჩვეულებრივი რამ არის?

პირველი, ამ საკითხზე მანამდე უნდა იფიქრო, სანამ ცდუნების წინაშე აღმოჩნდები ან ვინმე უზნეობის ჩადენისკენ გიბიძგებს. ერთ ბრძნულ იგავში ნათქვამია: „წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები მბალი ამბობს: „ჩემი კლასელი ბიჭი გამუდმებით მთავაზობდა სექსს. თანაკლასელი გოგონები სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ შევხვედროდი მას, რადგან ძალიან სიმპათიური იყო — ის მოდელად მუშაობდა და ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა. ის მართლაც მიმზიდველი იყო, მაგრამ მე გადაწყვეტილი მქონდა, არ დამერღვია ზნეობრივი ნორმები. ჩემი თანატოლები ქორწინებამდე სქესობრივ კავშირში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ. მაგრამ მე ვიცოდი, რატომ იყო ეს ცუდი, ამიტომ დიდი ხნით ადრე მქონდა გადაწყვეტილი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, თუ ასეთი ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებოდი“.

მეორე, ღმერთს მიმართე ლოცვით, რომ დაგეხმაროს, ზნეობრივი ნორმები არ დაარღვიო. მეგი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს, ამბობს: „ლოცვა მაძლიერებს, რომ უზნეობა არ ჩავიდინო, როცა სხვები ამისკენ მიბიძგებენ. მხოლოდ საკუთარ ძალებს არასოდეს ვენდობი. ამ საკითხის თაობაზე მშობლებს და მოწიფულ მეგობრებს ვესაუბრები“.

მესამე რჩევა

შეეცადე, გაუგო მშობლებს

„ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი“ (1 პეტრე 3:8). შენზე არ არის დამოკიდებული, მშობლები განქორწინდებიან თუ არა და არც ის, ორივე მშობელი იმუშავებს თუ არა სრულ განაკვეთზე. მაგრამ გარკვეულწილად შენზეა დამოკიდებული, მისცემ თუ არა ასეთ სიტუაციებს იმის საშუალებას, რომ მშობლებთან ურთიერთობა გაგიფუჭოს. თუ მშობლებისადმი თანაგრძნობას გამოავლენ და გაითვალისწინებ, რა სირთულეებს ხვდებიან ისინი, თავიდან აირიდებ ზედმეტ საწუხარს და უფრო ბედნიერი იქნები.

23 წლის ამბერმა ეს რჩევა გამოიყენა. დედასთან ურთიერთობის დროს მას ადრე უთანხმოება მოსდიოდა, იმედგაცრუება ეუფლებოდა და სტრესი ჰქონდა. ამბერი ამბობს: „დედამ ბევრი რამ გადაიტანა ცხოვრებაში. მან მარტომ გაგვზარდა ოთხი შვილი. ყოველთვის გვქონდა თავშესაფარი, საჭმელი და ტანსაცმელი. მაოცებს მისი მხნეობა და ძალიან მინდა, რომ სირთულეების დროს მეც დედასავით მოვიქცე“.

თუ საკუთარ თავს მშობლების ადგილას დააყენებ და მათ გრძნობებს გაიზიარებ, ეს დაგეხმარება, რომ შენს პრობლემებზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეს. გარდა ამისა, თუ ასე მოიქცევი, მშობლების კარგ თვისებებს დაინახავ და მიჰბაძავ.

სად შეგიძლია საიმედო რჩევების პოვნა?

ზემოთ მოცემული რჩევები მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ პრაქტიკული სიბრძნისა, რომლის პოვნაც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია შესაძლებელი. რაც მეტად გაეცნობი ამ წიგნს, დაინახავ, რომ მასში მართლაც სანდო რჩევებია ჩაწერილი. *

ბიბლიის უკეთ გაგებაში იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა და ბიბლიის შესწავლა დაგეხმარება. მოწმეებს შორის ისეთ მეგობრებს შეიძენ, რომლებიც რთულ სიტუაციებში მხარში ამოგიდგებიან და დაგეხმარებიან, რომ ბიბლიის ბრძნული რჩევები ცხოვრებაში გამოიყენო. ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ თუ ამ გზას აირჩევ, ეს მარადიულ კურთხევებს მოგიტანს (ესაია 48:17, 18).

[სქოლიო]

^ აბზ. 21 იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2“ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევების შესანიშნავ წყაროს წარმოადგენს, რაც ახალგაზრდებს სირთულეებთან გამკლავებაში დაეხმარება. მსგავსი ინფორმაციის ნახვა შეგიძლია ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[ჩარჩო⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

რჩევები მშობლებისთვის

გამოუყავით დრო შვილებს: იეჰოვა ღმერთმა ისრაელ მშობლებს უთხრა, რომ ხშირად ესაუბრათ შვილებთან „სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას“ (კანონი 6:6, 7). ეს მშობლების მხრიდან შვილებისთვის დროის გამოყოფას მოითხოვს. იესო როგორც ჩანს გრძნობდა, რომ საჭირო იყო ბავშვებისთვის დროის გამონახვა. როგორ მოიქცა ის, როცა „ხალხს მასთან ბავშვები მიჰყავდა, რომ შეხებოდა“? იესო ‘მოეხვია ბავშვებს და აკურთხა ისინი’ (მარკოზი 10:13, 16). მან მართლაც კარგი მაგალითი დაუტოვა მშობლებს!

გქონდეთ გულახდილი ურთიერთობა: ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). როდესაც თქვენი შვილები პატარები იყვნენ, გულახდილი საუბარი აუცილებელი იყო. მაგრამ ეს განსაკუთრებით საჭიროა მოზარდობის ასაკში, როცა ისინი შესაძლოა დროის უმეტეს ნაწილს კლასელებთან ან სხვა მეგობრებთან ატარებენ. თუ მშობლებსა და შვილებს გულწრფელი საუბარი და თავისუფალი ურთიერთობა არ ექნებათ, შვილები შეიძლება გაუცხოვდნენ მშობლებისგან.

დაარიგეთ შვილები: დარიგებაში იგულისხმება შეცდომებზე მითითება და სწავლება, თუმცა შეიძლება დასჯაც საჭირო იყოს. „უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას, წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას“, — ნათქვამია იგავების 15:5-ში. მოზარდი ვერ ‘მიიღებს შეგონებას’, თუ არავინ შეაგონებს. ცხადია, მშობლები გაწონასწორებულები უნდა იყვნენ. ისინი ისე მკაცრად არ უნდა მოექცნენ შვილებს, რომ გააღიზიანონ და ღირსების გრძნობა დააკარგვინონ (კოლოსელები 3:21). მაგრამ ისინი არც ისეთი ლმობიერები უნდა იყვნენ, რომ შვილები სათანადო მითითებების გარეშე დატოვონ, რადგან ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიღოს. *

[სქოლიო]

^ აბზ. 29 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავები 5, 6.