სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორია
სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორია
რით იკვებებით — თქვენი მოყვანილი მოსავლით თუ ნაყიდი პროდუქტებით? არც ისე დიდი ხნის წინ დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას მისდევდა და თავისი მოყვანილი საკვებით გაჰქონდა თავი. დღეს კი ზოგ განვითარებულ ქვეყანაში ასიდან მხოლოდ ორი ადამიანი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება?
სოფლის მეურნეობის განვითარება თავიდან ნელი ტემპით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ძალიან დაჩქარდა. თითოეულმა ნაბიჯმა დიდი ცვლილება მოუტანა მილიონობით ოჯახს და ეს ცვლილებები დღემდე გრძელდება. იმის გაგება, თუ რა გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობის განვითარებამ ადამიანთა ცხოვრებაზე, დაგეხმარებათ, უკეთ დაინახოთ, რას მიაღწია ამ მხრივ მსოფლიომ.
ცვლილებების დასაწყისი
რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნატურალური მეურნეობის განვითარებაში ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა მეთორმეტე საუკუნეში, როცა ევროპაში ცხენის უღელი გამოიგონეს. ცხენს მუშაობისას თოკი ყელში აღარ უჭერდა და აღარ ახრჩობდა. უღელში შებმული ცხენი უფრო კარგად, სწრაფად და დიდხანს მუშაობდა, ვიდრე ხარები, რომლებსაც მანამდე აბამდნენ უღელში. ამის წყალობით მიწათმოქმედებს დიდი მოსავალი მოჰყავდათ. მათ შეეძლოთ რკინის გუთნით დაემუშავებინათ ყამირი მიწები. შემდეგი ნაბიჯი იყო ნიადაგის განოყიერება აზოტის შემცველი ისეთი მცენარეებით, როგორიცაა პარკოსნები, მუხუდო, სამყურა და იონჯა; აზოტით გამდიდრებულ ნიადაგზე კი უხვი მოსავალი მოდიოდა.
სოფლის მეურნეობის განვითარებამ ზოგ მიწათმოქმედს შესაძლებლობა მისცა, იმდენი მოსავალი მოეყვანათ, რომ გაეყიდათ კიდეც. ქალაქებში მოსახლეობის რიცხვმა იმატა, რადგან ხალხს იქ გასაყიდად ჩაჰქონდა საკვები და ბევრი მეწარმეობითა და ვაჭრობით იყო დაკავებული. მდიდარი მეწარმეები, ვაჭრები და მიწათმოქმედები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოიგონეს.
დაახლოებით 1700 წელს ინგლისელმა ფერმერმა ითრო ტულმა გამოიგონა ცხენზე მისაბმელი სათესი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელი იყო მწკრივებად დათესვა. ამ ახალმა გამოგონებამ შეცვალა ხელით თესვის მეთოდი, რომლის დროსაც მარცვალი იკარგებოდა. 1831 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა საირის მაკ-კორმიკმა გამოიგონა
მოსამკელი მოწყობილობა, რომელშიც ასევე ცხენს აბამდნენ. ამ მეთოდით ხუთჯერ სწრაფად ხდებოდა მოსავლის მომკა, ვიდრე ცელით. დაახლოებით ამ პერიოდში ვაჭრებმა ევროპაში სასუქის შემოტანა დაიწყეს ანდებიდან, სამხრეთი ამერიკის სანაპიროდან. ასეთი ტექნიკის გამოგონებამ და სასუქის გამოყენებამ მოსავლის რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. მაგრამ, როგორ იმოქმედა მიწათმოქმედებზე ტექნიკის წინსვლამ?სამრეწველო რევოლუციამ ანუ ტექნიკურ-ეკონომიკურმა პროგრესმა მოსავლიანობას შეუწყო ხელი, რის გამოც ქალაქებში საკვები პროდუქტები გაიაფდა. სამრეწველო რევოლუცია ყველაზე ადრე მოხდა ინგლისში დაახლოებით 1750—1850 წლებში. ათასობით ოჯახი იძულებული გახდა სამრეწველო ქალაქებში გადასულიყო, რათა ქვანახშირის მაღაროებში, საფეიქრო ფაბრიკებში, თუჯსასხმელ და გემთსაშენ ქარხნებში ემუშავათ. პატარა შემოსავლის მქონე ფერმერები ვერ იძენდნენ თანამედროვე ტექნიკას, ამიტომ დიდ მოსავალს ვერ იღებდნენ და გადასახადებს ვერ ფარავდნენ. მათ მოუწიათ თავიანთი ოჯახებისა და ადგილების მიტოვება და ხალხმრავალი ქალაქების ღარიბ უბნებში გადასვლა. ბავშვებიც კი საათობით მუშაობდნენ ქარხნებში. მსგავსი ცვლილებები მალე სხვა ქვეყნებშიც მოხდა.
მეცნიერული მეთოდები ხელს უწყობს მრეწველობას
1850 წლისთვის ზოგ ქვეყანაში იმდენი შემოსავალი ჰქონდათ ფერმერებს, რომ შეძლეს მეცნიერული კვლევების დაფინანსება. ასეთმა კვლევებმა სოფლის მეურნეობის განვითარებას უფრო მეტად შეუწყო ხელი. ამ დარგში დღემდე შეიმჩნევა დიდი ცვლილებები. მაგალითად, ზოგმა მეცნიერმა გულდასმით გამოიკვლია მცენარეთა გენეტიკა და იმ მცენარეების გამრავლებას შეუწყო ხელი, რომლებიც უხვმოსავლიანი იქნებოდა და უფრო რეზისტენტულები იქნებოდნენ. მათ აგრეთვე დაადგინეს მცენარეებში ნიტრატებისა და ფოსფატების ზუსტი რაოდენობა, რომელიც საჭიროა სხვადასხვა მცენარისა თუ ნიადაგისთვის. დაქირავებული მუშები მთელი სეზონი თოხნიდნენ, რომ ნათესები სარეველა ბალახისგან გაესუფთავებინათ. მაგრამ მრავალი მუშა სამუშაოს გარეშე დარჩა, როდესაც მეცნიერებმა გამოიგონეს ჰერბიციდები, რაც სარეველას ზრდას უშლიდა ხელს. გარდა ამისა, ქიმიური ნივთიერებების წყალობით აღარც მწერები და მატლები წარმოადგენდა საფრთხეს მოსავლისთვის. *
ტექნიკის წინსვლამ იმ ადამიანთა ცხოვრებაზეც იმოქმედა, რომლებიც მესაქონლეობას მისდევდნენ. ძროხების საწველი აპარატისა და კომპიუტერიზებული ფიდერების გამოგონებამ შესაძლებელი გახადა, რომ მენახირესა და მის დამხმარეს 200 ძროხისთვის მიეხედათ. ფერმერებმა აგრეთვე ძროხისა და ღორის ისეთი ჯიშები გამოიყვანეს, რომლებიც ძალიან სწრაფად იმატებდნენ წონაში. ნაცვლად იმისა, რომ საძოვრებზე გაეშვათ, პირუტყვი ფერმებში ჰყავდათ, სადაც მათ საკვებით უზრუნველყოფდნენ და შესაფერის გარემო-პირობებს უქმნიდნენ.
მეცნიერების მიერ ახლად დანერგილმა მეთოდებმა გასაოცარი შედეგები გამოიღო. ზოგიერთი ფერმერის მოგება ასობით და ათასობითაც კი გაიზარდა. მაგრამ, რა გავლენა მოახდინა ასეთმა წინსვლამ ხალხის ცხოვრებაზე?
მიწათმოქმედთა ცხოვრება იცვლება
ტექნიკის წინსვლამ მიწათმოქმედთა ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა. მიწათმოქმედთა უმრავლესობას და მათ მუშებს კარგად უნდა ესწავლათ რთული ტექნიკის მართვა და შეკეთება. ძირითადად, ისინი მარტონი ასრულებდნენ სხვადასხვა საქმეს. კოლექტიური თესვა, თოხნა და მკა დამოუკიდებლად მუშაობამ შეცვალა.
ბევრ ქვეყანაში ფერმერები მაღალკვალიფიციური ბიზნესმენებიც გახდნენ და ერთი ან რამდენიმე სახეობის დიდი რაოდენობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებენ. ისინი დიდ თანხას ხარჯავენ მიწისა და ტექნიკის შეძენაში და შენობების აგებაში. მაგრამ ისინი მაინც სხვებზე არიან დამოკიდებულნი. კვების მრეწველობის მსხვილი კომპანიები და სუპერმარკეტები მათ კარნახობენ არა მარტო ფასებს, არამედ პროდუქციის მრავალფეროვნებას, ზომასა და ფერს. აგრონომები მათთვის ქმნიან სამრეწველო პროგრამას, სპეციალური კომპანიები კი უზრუნველყოფენ მათ ზუსტი რაოდენობის სასუქით, პესტიციდებით და გამოყვანილი ჯიშებით, რისთვისაც შესაფერისი გარემო-პირობებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედებთან შედარებით მიწათმოქმედებმა მუშაობის მეთოდები გააუმჯობესეს, ზოგი წუხს, რომ ამას უარყოფითი მხარეებიც აქვს.
რა პრობლემებს ხვდებიან ისინი?
განვითარებულ ქვეყნებში ბევრი ფერმერი კონკურენციას ვერ უწევს დიდ ფერმერებს, რის გამოც ისინი მიწების გარეშე რჩებიან. ზოგ ფერმერს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ შემოსავლის მიზნით ტურისტებს ოთახები მიაქირავოს ან თავის ტერიტორიაზე კარვები
გააშლევინოს, გოლფის მოედნები გააკეთოს და ეროვნული სუვენირების სახელოსნოები გახსნას. სხვები კი განსაკუთრებულ პროდუქტებს აწარმოებენ, მაგალითად ნატურალურ საკვებს, მოჰყავთ ყვავილები და აშენებენ სირაქლემებსა და ალპაკებს.ღარიბ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი მიწის დამუშავებით ირჩენს თავს, მრავალი მიწათმოქმედის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდა. უცხოურმა კომპანიებმა მათ ქვეყნებში საუკეთესო მიწები შეიძინეს, რომ მოსავალი საერთაშორისო ბაზარზე გაეტანათ. ამიტომ ადგილობრივ მიწათმოქმედებს ოჯახის სარჩენად უნაყოფო მიწების ან პატარა ნაკვეთების დამუშავება უწევთ, რისთვისაც ხშირად ტექნიკაც არა აქვთ.
საუკუნეების წინ დაწყებული პროცესის შედეგად დღეს ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა სოფლებიდან მასობრივად გადადის ქალაქებში. სოფლის მეურნეობაში მომხდარმა ცვლილებებმა და მოსახლეობის ურბანიზაციამ ზოგს სარგებლობა მოუტანა, ზოგს კი სირთულეები შეუქმნა. მთავრობებიდან ცოტა თუ სთავაზობს პრაქტიკულ დახმარებას თავის მოსახლეობას. დღეს კაცობრიობას მართლაც ძალიან სჭირდება ღვთის სამეფო, რომელიც სიყვარულით იზრუნებს და მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის! (ესაია 9:6).
[სქოლიო]
^ აბზ. 10 „გამოიღვიძეთ!“-ი რეკომენდაციას არ უწევს მიწის დამუშავების რომელიმე კონკრეტულ მეთოდს.
[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]
მიწის დამუშავების ორი მეთოდი
ეუსებიო ანდებში ცხოვრობს. მას მოჰყავს მოსავალი და ჰყავს 14 სული მსხვილფეხა საქონელი, რომელთაგანაც თითოეულს სახელი დაარქვა. ის ამბობს: „ძალიან მიყვარს მიწაზე მუშაობა. მე და ჩემს ცოლს ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს. მეზობლები ერთმანეთს ვეხმარებით ხვნა-თესვასა და მკაში. ტექნიკა არც ერთს არა გვყავს. მიწას ხარებით ვხნავთ, ფერდობებს კი ვბარავთ.
ერთხელ ჭირმა მთელი საქონელი გაგვიწყვიტა. ამიტომ ვეტერინართა მოკლე კურსი გავიარე. მას შემდეგ არც ერთი ცხოველი აღარ მოგვკვდომია და მეზობლებსაც ვეხმარები, როცა საქონელი ავად უხდებათ. ყველს სოფლის ბაზარში ვყიდით. მართალია დიდი შემოსავალი არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ და ჩვენს ექვს შვილს საკვები არასდროს გვაკლია“.
რიჩარდს კანადის პრერიებში 500 ჰექტარი მიწა აქვს. მას მხოლოდ ერთი დაქირავებული მუშა ეხმარება ხვნა-თესვასა და მოსავლის აღებაში.
„ჩვენს დროში მიწათმოქმედები ემოციურად უფრო იღლებიან, ვიდრე ფიზიკურად, — ამბობს რიჩარდი. — ჩემს ტრაქტორსაც და კომბაინსაც კონდენციონერი აქვს, ამიტომ მტვერი და მწერები არ მაწუხებს. თითოეული მათგანი 9 მეტრი სიგანისაა და ერთ დღეში შემიძლია 65 ჰექტარ მიწაზე დავთესო ან მოვმკა. მაგრამ იმდენად ვარ ტექნიკაზე დამოკიდებული, რომ ეს სტრესს მიქმნის. ზოგჯერ ახალი ტრაქტორის გამოტანა კრედიტით მიწევს. ხშირად ძნელია ვალის დაფარვა, რადგან დიდი წვიმებისა და ყინვების გამო ვერ ვმუშაობ ხოლმე ან ბაზარზე ფასები იწევს და ბანკი პროცენტებს ზრდის. ასეთი სტრესი ბევრ ფერმერს ოჯახში სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ზოგი თვითმკვლელობამდეც კი მიდის“.
[სურათი 21 გვერდზე]
1831 წელს მაკ-კორმიკმა გამოიგონა მოსამკელი მოწყობილობა, რომლითაც ადრინდელთან შედარებით ხუთჯერ სწრაფად ხდებოდა მოსავლის მომკა
[საავტორო უფლება]
Wisconsin Historical Society, WHi-24854