არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთმა თავისი სიმართლის მარჯვენა ჩამჭიდა

ღმერთმა თავისი სიმართლის მარჯვენა ჩამჭიდა

ღმერთმა თავისი სიმართლის მარჯვენა ჩამჭიდა

▪ მექსიკაში მცხოვრები იზრეელი კანის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა. ამ სნეულებას იქთიოზი ჰქვია. იზრეელს კანი ექერცლებოდა და თითქმის მთლიანი კანის რქოვანი შრე შეუსქელდა. ის ამბობს: „ამის გამო ძალიან ცუდი შესახედავი ვარ, თუმცა ეს დაავადება გადამდები არ არის“.

ბავშვობიდან მოყოლებული იზრეელმა არაერთ საავადმყოფოში იმკურნალა. როცა ის ორი წლის იყო, ინფექციის თავიდან არიდების მიზნით იზოლირებულ პალატაში, სტერილურ გარემოში მოათავსეს. მკურნალობის მიუხედავად, მისი კანის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ასეთი გარეგნობის გამო იზრეელს ხალხი თავს არიდებდა, ამიტომ ის ფსიქოლოგთან დაჰყავდათ, რომ უარყოფით გრძნობებს გამკლავებოდა.

ვინც ფიქრობდა, რომ იზრეელის დაავადება გადამდები იყო, მასთან ურთიერთობას გაურბოდა. ეს განსაკუთრებით რთული იყო მაშინ, როცა პატარა იზრეელს სხვა ბავშვებთან თამაში უნდოდა. იზრეელი იხსენებს: «ბავშვები დამცინოდნენ და მეტსახელად „მუმიას“ და „უცხოპლანეტელს“ მეძახდნენ, რაც ძალიან მტკენდა გულს».

მეორე მხრივ, ასეთი დაავადება შესაძლებლობას აძლევს იზრეელს, რომ სხვებს ბიბლიური იმედის შესახებ ელაპარაკოს. ხალხი ხშირად აჩერებს მას და ეკითხება: „რატომ გაქვთ ასეთი კანი, დაიწვით?“ როცა ის ეუბნება, რომ არ დამწვარა, ეკითხებიან, რატომ გამოიყურება ასე. იზრეელი უხსნის, რომ კანის ისეთი დაავადება აქვს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ კურნავენ.

შემდეგ ის დასძენს: „იეჰოვა ღმერთი ადამიანებს ჰპირდება, რომ ყველა, ვინც მის მცნებებს დაიცავს, იცხოვრებს ახალ ქვეყნიერებაში, სადაც ავადმყოფობა და ტკივილი აღარ იარსებებს. მეც სწორედ ეს იმედი მაქვს“ (გამოცხადება 21:3, 4). ასეთი საუბრების შემდეგ ზოგთან მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ისინი იეჰოვას მოწმეები გახდნენ.

„ძალიან მიხარია, რომ ქრისტიანულ ოჯახში დავიბადე და იეჰოვას მოწმეებს შორის ბევრი ახლო მეგობარი მყავს, — ამბობს იზრეელი. — ჩემი გარეგნობის გამო ზურგს არავინ მაქცევს. 17 წლისა ვიყავი, როცა მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და დიდი პატივი მხვდა წილად, რომ ქრისტიანულ კრებაში სხვადასხვა პასუხისმგებლობას ვასრულებ“.

იზრეელს ყოველთვის ახსოვს იეჰოვას მიერ ნათქვამი გამამხნევებელი სიტყვები, რომლებიც ესაიას 41:10, 13-შია ჩაწერილი: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ . . . ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ. რადგან მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“.

‘იეჰოვას სიმართლის მარჯვენის ჩაჭიდება’ დაეხმარა იზრეელს უღირსობის გრძნობის დაძლევასა და დაავადებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებაში. ღვთის მილიონობით მსახურის მსგავსად, იზრეელიც მთელი გულით ელის იეჰოვას დიდებული დაპირებების შესრულებას.