არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯოჯოხეთში დაიწვებიან ბოროტები?

ჯოჯოხეთში დაიწვებიან ბოროტები?

ბიბლიის თვალსაზრისი

ჯოჯოხეთში დაიწვებიან ბოროტები?

გერტრუდს, რომელიც ორმოცდაათიანელი იყო, სწამდა, რომ ჯოჯოხეთი არსებობდა. მას მიაჩნდა, რომ უსამართლობა იქნებოდა, თუ ასეთი ადგილი არ იარსებებდა. მისი აზრით, ჯოჯოხეთის ცეცხლი რომ არა, ბოროტმოქმედები დაუსჯელები დარჩებოდნენ. გერტრუდი ღრმად იყო დარწმუნებული თავის შეხედულებაში. მან თქვა: „არანაირი სურვილი არ მექნებოდა, თაყვანი მეცა ღმერთისთვის, რომელიც ჯოჯოხეთში არ დაწვავდა ბოროტებს“.

მოხვდებიან ჯოჯოხეთში ბოროტი ადამიანები, როგორც ამას მრავალი რელიგია ასწავლის? თუ ეს ასე არ არის, მაშ როგორ დაისჯებიან ისინი?

ღვთის მიერ გამოტანილი პირველი სასჯელი

ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი სრულყოფილები შექმნა (დაბადება 1:27; კანონი 32:4). შემოქმედმა ისინი სამოთხის ბაღში დაასახლა და შესაძლებლობა მისცა, რომ მარადიულად ეცხოვრათ. თუმცა ღმერთმა ადამსა და ევას ერთი რამ აუკრძალა. მან ასეთი გაფრთხილება მისცა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბადება 2:16, 17).

სამწუხაროდ, ჩვენმა პირველმა მშობლებმა ერთგულება და მორჩილება არ გამოავლინეს. შემოქმედმა მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ღმერთმა ადამს უთხრა: „პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19).

თუ ადამი და ევა ორგულობის გამო ჯოჯოხეთში დაიწვებოდნენ, განა ღმერთი არ გააფრთხილებდა მათ?! მაგრამ ღმერთს არაფერი უთქვამს მათთვის ამის შესახებ, ამიტომ სიკვდილის შემდეგ ისინი არ დაიტანჯებოდნენ. მათ არ ჰქონდათ უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ ისევ განაგრძობდა სიცოცხლეს. ბიბლიაში გასაგებად არის ნათქვამი: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4). *

ჩვენმა შემოქმედმა, სიცოცხლის მომცემმა, სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ყველაფერი იცის. თავის სიტყვაში ის გვეუბნება, რომ „მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). აქედან გამომდინარე, ადამი და ევა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში არ დაიტანჯებოდნენ. ისინი დაუბრუნდნენ მტვერს, საიდანაც იყვნენ აღებული და აღარაფერს გრძნობდნენ.

შესაძლებელია, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ დაიტანჯოს?

ბიბლიაში, რომაელების 5:12-ში ნათქვამია: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“. განა გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ადამიანები ჯოჯოხეთში დაიტანჯებიან, მაშინ როცა ადამი, რომელმაც კაცობრიობას სიკვდილი მოუტანა, სიკვდილის შემდეგ უბრალოდ მტვრად იქცა?! (1 კორინთელები 15:22).

ადამზე ნათქვამი სიტყვები ჩვენც გვეხება. „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. როცა ადამიანი კვდება, მას ‘ცოდვა ეხსნება’ (რომაელები 6:7, 23). თუ სიკვდილის შემდეგ ცუდი ადამიანები არ იტანჯებიან, როდისღა დასჯის ღმერთი მათ სამართლიანად?

ღვთის სამართლიანი განაჩენი

ღმერთმა პირველი წყვილი იმ განზრახვით შექმნა, რომ შვილები ჰყოლოდათ და დედამიწაზე ეზრუნათ. მორჩილი ადამიანებისადმი ღვთის ეს თავდაპირველი განზრახვა არ შეცვლილა (დაბადება 1:28). ეს კარგად ჩანს მის სიტყვებში, რომლებიც მოგვიანებით თქვა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

ყურადღება მიაქციეთ, რომ მართლები დედამიწაზე იცხოვრებენ. მათ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და ბედნიერები იქნებიან. ღვთის ეს განზრახვა უთუოდ შესრულდება მაშინ, როცა ღმერთი გაანადგურებს ბოროტ სისტემას და დაამყარებს ახალ ქვეყნიერებას (ესაია 55:11; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:4).

მილიარდობით გარდაცვლილი ადამიანი, რომლებიც ღვთის ნების თანახმად არ ცხოვრობდნენ, მკვდრეთით აღდგებიან და მიეცემათ შესაძლებლობა, ისწავლონ, რათა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრონ (ესაია 11:9; იოანე 5:28, 29). მაგრამ ისინი, ვინც ღვთის მოთხოვნებს არ შეასრულებენ, „მეორე სიკვდილით“ დაისჯებიან და აღარასოდეს აღდგებიან (გამოცხადება 21:8; იერემია 51:57).

ღმერთი სიყვარულია, ამიტომ ის არ აწამებს ადამიანებს ჯოჯოხეთში (1 იოანე 4:8). იეჰოვა არც ბოროტებს შეიწყალებს სამუდამოდ. ფსალმუნის 145:20 გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს, ყველა ბოროტს კი მოსპობს“. განა ეს ღვთის სიყვარულსა და სამართლიანობაზე არ მეტყველებს?!

[სქოლიო]

^ აბზ. 8 ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სული“ მიუთითებს თვითონ ადამიანზე და არა ისეთ რამეზე, რაც თითქოს სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობს. დაბადების 2:7-ში ნათქვამია: „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. ღმერთს ადამისთვის არ მიუცია სული, რომელიც მისი სხეულისგან დამოუკიდებლად იარსებებდა. პირიქით, ადამი თვითონ იყო ცოცხალი სული.

გიფიქრიათ?

▪ გვაქვს უკვდავი სული? (ეზეკიელი 18:4)

▪ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები? (ეკლესიასტე 9:5)

▪ როგორ დასჯის ღმერთი ბოროტებს? (ფსალმუნი 145:20)

[ჩანართი 11 გვერდზე]

„მკვდრებმა . . . არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5)

[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]

Photo: www.comstock.com