არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

70 წელზე მეტია, ღმერთს ერთგულად ვემსახურები

70 წელზე მეტია, ღმერთს ერთგულად ვემსახურები

70 წელზე მეტია, ღმერთს ერთგულად ვემსახურები

მოგვითხრო ჟოზეფინა ელიასმა

ჩემმა ქმარმა ციხის გისოსებიდან ჩუმად მითხრა: „არ ინერვიულო! მომკლავენ თუ გამომიშვებენ, იეჰოვას ერთგული ვიქნები“. მეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბოლომდე ერთგულება შემენარჩუნებინა. თვალსაზრისი დღესაც არ შემიცვლია.

დავიბადე 1916 წელს პატარა ქალაქ სუკაბუმში, რომელიც დასავლეთ იავის (ინდონეზია) მთაგორიან ნაწილში მდებარეობს. ჩემი მშობლები ჩინელები იყვნენ. ჩვენ მდიდრები ვიყავით, დიდ სახლში ვცხოვრობდით და მოსამსახურეები გვყავდა. მე ხუთი ძმა მყავდა — სამი უფროსი და ორი უმცროსი. რამდენადაც ძმებთან ერთად ვიზრდებოდი, ქალაბიჭა ვიყავი — სახლის სახურავებზე დავცოცავდი და ძალიან მიყვარდა სპორტი. მაგრამ ერთი საკითხი მოსვენებას არ მაძლევდა.

ძალიან მეშინოდა, რომ ჯოჯოხეთში დავიწვებოდი. ჩემი სკოლის მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ცელქი გოგონები ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. მე ძალიან ცელქი ვიყავი, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჯოჯოხეთი არ ამცდებოდა. მოგვიანებით ჯაკარტაში (შემდეგ მას ბატავია ეწოდა) გადავედი სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ავად გავხდი. ექიმი ფიქრობდა, რომ მოვკვდებოდი, ამიტომ სახლის პატრონმა, სადაც ვცხოვრობდი, მანუგეშა, რომ მალე ზეცაში წავიდოდი. მაგრამ მე მაინც მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჯოჯოხეთში დავიწვებოდი.

დედაჩემი კანგ ნიო და უფროსი ძმა დოდო სასწრაფოდ ჯაკარტაში ჩამოვიდნენ ჩემ წასაყვანად. როცა სახლში ვბრუნდებოდით, დოდომ მკითხა: „იცოდი, რომ ბიბლია არ ასწავლის ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ?“

„შენ საიდან იცი?“ — ვკითხე მას. დედამ ბიბლიიდან წამიკითხა, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ და ისინი აღდგებიან (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 5:28, 29). „ჩვენ ეს იეჰოვას მოწმეებმა გვასწავლეს“, — მითხრეს მათ და მომცეს ბუკლეტი სათაურით „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ * ბუკლეტის კითხვა მაშინვე დავიწყე. სანამ სახლში მივიდოდით, ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო.

ჩემი რწმენის შესახებ სხვებთან ვსაუბრობ

ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ ბანდუნგში (დასავლეთი იავა) გადავიდა. იქ თანდათანობით გამოვკეთდი. 1937 წლის მარტში ჩვენთან ჩამოვიდა ავსტრალიელი მოწმე კლემ დეშომპი, რომელიც ჯაკარტაში მსახურობდა. მისი სტუმრობის დროს ჩვენი ოჯახის ხუთი წევრი — მე, დედაჩემი და ჩემი უფროსი ძმები, ფელიქსი, დოდო და პენგი — ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ. მოგვიანებით ჩემი უმცროსი ძმები, ჰარტანატო და იუსაკი, და მამაჩემი ტან გიმ ჰოკი აგრეთვე მოწმეები გახდნენ. *

ნათლობის შემდეგ ყველანი კლემს შევუერთდით ცხრადღიან სამქადაგებლო კამპანიაში. მან გვასწავლა, როგორ გამოგვეყენებინა სამქადაგებლო ბარათი, რომელიც შეიცავდა ბიბლიურ ცნობას სამ ენაზე. ჩვენ აგრეთვე არაფორმალურად ვამოწმებდით ნათესავებთან და მეგობრებთან. მალე ბანდუნგში არსებული ჩვენი პატარა ჯგუფი გაიზარდა და კრება ჩამოყალიბდა. ინდონეზიაში ეს მეორე კრება იყო.

იმავე წელს ჩვენი ოჯახი საქადაგებლად გადავიდა ჯაკარტაში, სადაც 80 000 ჩინელი ცხოვრობდა. მე, დედამ და ფელიქსმა სრული დროით ანუ პიონერებად დავიწყეთ მსახურება. ჩვენ აგრეთვე ვქადაგებდით ბანდუნგში, სურაბაიასა და სხვა ადგილებში. ქადაგება ძირითადად მარტოს მიწევდა. ახალგაზრდა და ენერგიული ვიყავი და ღმერთს სიხარულით ვემსახურებოდი. მაგრამ ომის დაწყების საშიშროება დღითი დღე მატულობდა და ჩემი რწმენა მალე გამოიცდებოდა.

ომით გამოწვეული სირთულეები

1941 წლის დეკემბერში აზია მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში ჩაება. იაპონიის ჯარები ინდონეზიაში შეიჭრნენ და პოზიციები დაიკავეს. ბიბლიური ლიტერატურა აიკრძალა და თავისუფლად ქადაგება შეუძლებელი გახდა. როდესაც დაინტერესებულები უნდა მომენახულებინა, თან ჭადრაკის დაფა მიმქონდა, რომ სხვებს ეფიქრათ, ვითომ მათთან ჭადრაკის სათამაშოდ მივდიოდი.

1943 წელს უშიშარ პიონერზე, ანდრეზე გავთხოვდი. მას იმდენად მჭექარე ხმა ჰქონდა, რომ ხალხის ყურადღებას იქცევდა. იავაზე მცხოვრები მოწმეებისთვის ბიბლიური ლიტერატურა ჩუმად შეგვქონდა. თუ დაგვიჭერდნენ, წამებით სიკვდილი არ აგვცდებოდა. ხშირად გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ძლივს დავაღწიეთ თავი პოლიციას.

ერთხელ სუკაბუმში რკინიგზის სადგურზე, როცა მატარებელში უნდა ჩავმსხდარიყავით, მე და ანდრე იაპონიის სამხედრო პოლიციამ გაგვაჩერა. ლიტერატურა ჩანთის ძირში მქონდა დამალული. „რა გაქვთ ჩანთაში?“ — გვკითხა პოლიციელმა.

„ტანსაცმელი“, — უპასუხა ანდრემ.

„ტანსაცმლის ქვეშ?“ — ჩაგვეძია პოლიციელი.

„კიდევ ტანსაცმელი“, — მიუგო ანდრემ.

„ჩანთის ძირში რა გიდევთ?“ — არ მოგვეშვა პოლიციელი. მღელვარებისგან სუნთქვა შემეკრა და გულში იეჰოვას ლოცვით მივმართე. „თქვენ თვითონ ნახეთ“, — უთხრა ანდრემ.

პოლიციელის თანაშემწემ ღრმად ჩაყო ჩანთაში ხელი. უცებ სიმწრისგან შეჰყვირა და სწრაფად ამოიღო ჩანთიდან ხელი, რადგან თითში ქინძისთავი შეერჭო. პოლიციელმა გვიბრძანა, რომ ჩანთა აგვეღო და მატარებელში ჩავმსხდარიყავით.

სუკაბუმში მეორედ ჩასვლისას ერთმა პოლიციელმა მიცნო, რომ მოწმე ვიყავი და მიბრძანა, პოლიციის განყოფილებაში გავყოლოდი. ანდრე და ჩემი ძმა ფელიქსიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ. პირველად ანდრე დაკითხეს. მას კითხვას კითხვაზე უსვამდნენ: „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები? ეწინააღმდეგებით იაპონიის მთავრობას? ჯაშუშები ხართ?“

„ჩვენ ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურები ვართ და ცუდს არაფერს ვაკეთებთ“, — უპასუხა ანდრემ. პოლიციის ოფიცერმა ხელი სტაცა კედელზე დაკიდებულ სამურაის ხმალს და ჰაერში დაიწყო ქნევა.

„ახლავე სიცოცხლეს გამოგასალმებ!“ — დაუყვირა მან ანდრეს. ანდრემ მაგიდაზე დადო თავი და გულში ილოცა. ხანმოკლე პაუზის შემდეგ პოლიციელმა სიცილი დაიწყო და ანდრეს უთხრა: „მამაცი ყოფილხარ!“ ამის შემდეგ მან ანდრე გამოუშვა და მე და ფელიქსი შეგვიყვანა დასაკითხად. როცა ჩვენი და ანდრეს ჩვენებები დაემთხვა, მან გვითხრა: „თქვენ ჯაშუშები არა ხართ. შეგიძლიათ წახვიდეთ“.

სახლში გახარებულები დავბრუნდით და იეჰოვას მთელი გულით ვუძღვნიდით მადლობას. წარმოდგენაც არ გვქონდა, კიდევ რა სირთულეები გველოდა წინ.

ვხვდებით რწმენის გამოცდებს

რამდენიმე თვის შემდეგ „ცრუ ძმებმა“ ანდრე დაასმინეს და პოლიციამ ის ციხეში ჩასვა (2 კორინთელები 11:26). როცა მის მოსანახულებლად მივედი, ის ძალიან გამხდარი და დასუსტებული იყო. საკანში მილი გადიოდა, რომელშიც საჭმლის ნარჩენებს ყრიდნენ. ანდრე ამ ნარჩენებით იკვებებოდა. ციხის ზედამხედველებმა მას ერთგულება ვერ შეურყიეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ანდრემ ციხის გისოსებიდან ჩუმად მითხრა: „არ ინერვიულო! მომკლავენ თუ გამომიშვებენ, იეჰოვას ერთგული ვიქნები. აქედან შეიძლება მკვდარი გამიტანონ, მაგრამ ღმერთს არ ვუღალატებ“.

ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ ანდრე ჯაკარტის უზენაესი სასამართლოს წინაშე წარადგინეს. სასამართლო დარბაზში ჩვენმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მოიყარეს თავი. ყველანი დაძაბულები ვიყავით.

„რატომ არ შეუერთდი იაპონიის ჯარს?“ — ჰკითხა ანდრეს მოსამართლემ.

„მე ღვთის სამეფოს მეომარი ვარ. მეომარი კი ერთდროულად ორ არმიაში ვერ იმსახურებს“, — უპასუხა ანდრემ.

„სხვებსაც მოუწოდებ, რომ იაპონიის ჯარში არ წავიდნენ?“ — ჰკითხა მას მოსამართლემ.

„არა, ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს“, — მიუგო ანდრემ.

თავის დაცვის დროს ანდრეს ბიბლიიდან ციტატები მოჰყავდა. ამ ყოველივემ მოსამართლეზე, რომელიც მუსლიმანი იყო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოსამართლემ ანდრეს უთხრა: „ჩვენ სხვადასხვა მრწამსი გვაქვს, მაგრამ არ შემიძლია გაიძულოთ, სინდისის წინააღმდეგ წახვიდეთ. თქვენ თავისუფალი ხართ“.

დარბაზში ყველამ შვებით ამოისუნთქა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ანდრე მოვიდა ჩემთან და ხელი ჩამჭიდა. ოჯახის წევრები და მეგობრები შემოგვეხვივნენ და გვილოცავდნენ.

ვქადაგებთ ნამდვილ თავისუფლებაზე

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ინდონეზიაში ჰოლანდიის ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო რევოლუცია, რომელიც ოთხი წელი გაგრძელდა. ათასობით ადამიანი მოკლეს. სოფლის მცხოვრებთ სახლების დატოვება მოუწიათ. პატრიოტები გვაიძულებდნენ, რომ მისალმების დროს მათი საომარი შეძახილი „მერდეკა“ გვეთქვა, რაც თავისუფლებას ნიშნავს. მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ პოლიტიკაში არ ვერეოდით.

წინააღმდეგობის მიუხედავად, განვაგრძობდით კარდაკარ ქადაგებას. მსახურებისას ვიყენებდით სამქადაგებლო ბარათს და იმ ლიტერატურას, რომელიც ომამდე გვქონდა. 1948 წლის მაისში, როცა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მე და ანდრემ პიონერული მსახურება განვაახლეთ. ინდონეზიაში მაშინ მხოლოდ ჩვენ ვიყავით პიონერები. სამი წლის შემდეგ ძალიან გაგვიხარდა, რომ ჯაკარტაში 14 მისიონერი ჩამოვიდა. მათ დაამთავრეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადი ნიუ-იორკის (აშშ) ჩრდილოეთ ნაწილში. მათი გამოცდილებიდან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც მომავალში სხვადასხვა პასუხისმგებლობის შესრულებაში დაგვეხმარა.

1952 წლის ივნისში ჩვენ სპეციალურ პიონერებად დავიწყეთ მსახურება სემარანგში (ცენტრალური იავა). ერთ წელიწადში გალაადის 22-ე კლასში მიგვიწვიეს სასწავლებლად. გალაადის დამთავრების შემდეგ დაგვნიშნეს ტიმორის ქალაქ კუპანგში (ინდონეზია). მოგვიანებით სამხრეთ და ჩრდილოეთ სულავესში განვაგრძეთ მსახურება. იქ რწმენის არაერთ გამოცდას შევხვდით.

ჩვენს საქმიანობას კვლავ კრძალავენ

1965 წელს ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ აირია, რასაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დაპირისპირებაში სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელიც ჩაება. მღვდლები ირწმუნებოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები კომუნისტებს ემხრობოდნენ. საბედნიეროდ ხელისუფლებას მათი განაცხადის არ სჯეროდა. მიუხედავად ამისა, სამღვდელოება განაგრძობდა მოწმეების ცილისწამებას. ბოლოს, 1976 წლის 25 დეკემბერს ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა აიკრძალა.

აკრძალვის გამოცხადებიდან მალევე, ქალაქ მანადოში ოლქის პროკურორმა ანდრე დაიბარა და ჰკითხა: „იცი, რომ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა?“

„დიახ“, — უპასუხა ანდრემ.

„მზად ხარ, რომ შეიცვალო რელიგია?“ — ჰკითხა პროკურორმა.

ანდრემ მკერდზე ხელი დაიდო და მჭექარე ხმით უთხრა: „თქვენ შეგიძლიათ გული ამომგლიჯოთ, მაგრამ რელიგიას ვერასოდეს შემაცვლევინებთ“.

შეცბუნებულმა პროკურორმა ჰკითხა: „რა ჩავწერო ოქმში?“

„დაწერე, რომ მე ისევ იეჰოვას მოწმე ვარ და ცუდი არაფერი გამიკეთებია“, — მიუგო ანდრემ.

„ლიტერატურა უნდა ჩამოგართვათ!“ — უთხრა პროკურორმა.

იმ ღამეს ახალგაზრდა მოწმეებმა ჩვენი სახლიდან ლიტერატურა სხვაგან წაიღეს დასამალად და ცარიელი ყუთები დატოვეს. ჩვენ მხოლოდ ბიბლიით ვქადაგებდით. საოლქო პროკურორს მეტად აღარ შევუწუხებივართ.

ბედნიერი ცხოვრება მქონდა!

მე და ანდრე მოგვიანებით პიონერებად ვმსახურობდით იავის კუნძულ სურაბაიაზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ სუმატრას კუნძულ ბანგკაზე. 1982 წელს ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებულები გავხდით ჯაკარტაში დავბრუნებულიყავით. 2000 წელს ჩემი მეუღლე ანდრე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ის პიონერად მსახურობდა. მისი სიკვდილიდან ერთ წელიწადში ჩვენს ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა კანონიერად ცნეს.

მართლაც ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა! ახლა 93 წლის ვარ და 70 წელზე მეტია, რაც პიონერად ვმსახურობ. 1937 წელს, როცა მოვინათლე, ინდონეზიაში მხოლოდ 25 მოწმე იყო, დღეს კი მოწმეების რიცხვი 22 000 აღწევს. მიხარია, რომ ამ ზრდაში მეც მივიღე მონაწილეობა. მართალია 93 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებას ახლა ვიწყებ, რადგან მინდა, ღმერთს მარადიულად ვემსახურო.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 9 ამ ოჯახის ორი წევრი, ჟოზეფინა და იუსაკი, დღემდე ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ოჯახის დანარჩენი წევრები სიკვდილამდე იეჰოვას ერთგულები იყვნენ.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„მე ღვთის სამეფოს მეომარი ვარ. მეომარი კი ერთდროულად ორ არმიაში ვერ იმსახურებს“

[ჩანართი 14 გვერდზე]

„თქვენ შეგიძლიათ გული ამომგლიჯოთ, მაგრამ რელიგიას ვერასოდეს შემაცვლევინებთ“

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ადგილები, სადაც ვცხოვრობდით და ვქადაგებდით

ინდონეზია

სულავესი

მანადო

სუმატრა

ბანგკა

იავა

ჯაკარტა

სუკაბუმი

ბანდუნგი

სემარანგი

სურაბაია

ტიმორი

კუპანგი

[სურათი 15 გვერდზე]

ანდრესთან ერთად, 1970 წელი

[სურათები 15 გვერდზე]

15 წლის ასაკში წავიკითხე ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ და მივხვდი, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე