არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო, ყურადღებას ნუ მოაკლებთ შვილებს!

მშობლებო, ყურადღებას ნუ მოაკლებთ შვილებს!

მშობლებო, ყურადღებას ნუ მოაკლებთ შვილებს!

„ადრე მხოლოდ ტელევიზორი გვართმევდა დიდ დროს, დღეს კი მას ვიდეოთამაშები, კომპიუტერი და მობილური ტელეფონი დაემატა. ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ისინი იმდენად ეჩვევიან ტექნიკას, რომ მასზე დამოკიდებულები ხდებიან. ტექნიკის მეშვეობით მათი ტვინი მხოლოდ სმენითა და მხედველობით აღიქვამს მზა ინფორმაციას და როცა მის გარეშე რჩებიან, აღარ იციან, რა გააკეთონ“ (მალი მენი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი).

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ტექნიკის გაუმჯობესებისა და ინტერნეტის განვითარების წყალობით უფრო და უფრო „იხლართება“ საკომუნიკაციო ქსელში. მრავალი ახალგაზრდა სახლიდან პლეიერის ან მობილურის გარეშე არ გადის. რამდენადაც ეს და სხვა მსგავსი მოწყობილობები უფრო დაიხვეწა, მეტი ფუნქცია შეიძინა და გაიაფდა, ეს ალბათ მეტად შეუწყობს ხელს ტექნიკის განვითარებას. ამის გამო მშობლებს შეიძლება უფრო გაუჭირდეთ შვილებისთვის ყურადღების მიქცევა და მათი სათანადოდ აღზრდა.

მშობლებს ამ სირთულეების დაძლევაში ორი მნიშვნელოვანი რამ დაეხმარებათ. პირველი, მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ იგავების 22:15-ში ჩაწერილი სიტყვები: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს; აღზრდისას ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას“. მეორე, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ტექნიკას მათ შვილებზე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ისინი უნდა დაეხმარონ ბავშვებს, რომ ტექნიკა გონივრულად გამოიყენონ.

პატარაობიდანვე ასწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა!

მრავალ ოჯახში ბავშვის ტექნიკასთან შეხება პირველად ტელევიზორით იწყება. ხშირად ტელევიზორი ბავშვისთვის ძიძა ხდება. მაგრამ ზოგი ფსიქოლოგის აზრით, თუ ბავშვი პატარაა და დიდხანს უყურებს ტელევიზორს, ის შეიძლება ფიზიკურად არააქტიური გახდეს, რეალობა ფანტაზიისგან ვეღარ გაარჩიოს, ემოციური პრობლემები გაუჩნდეს და მოგვიანებით სკოლაში ყურადღებით ყოფნა გაუჭირდეს. ასეთ ბავშვებს შეიძლება „არასწორად დაუსვან ყურადღების დეფიციტის ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დიაგნოზი ან შეცდომით დაასკვნან, რომ ბიპოლარული დარღვევა აქვთ“, — თქვა დოქტორმა მალი მენმა. ზოგი მედიკოსი მშობლებს ურჩევს, რომ ორ წლამდე ბავშვებს ტელევიზორი არ აყურებინონ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვის ცხოვრებაში პირველი ორი წლის განმავლობაში ხდება, არის ის, რომ მშობლებსა და შვილს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ყალიბდება“, — ამბობს ამერიკის პედიატრთა აკადემიის წარმომადგენელი დოქტორი კენეთ გინზბურგი. ეს ურთიერთობა მაშინ ვითარდება, როცა მშობლები თავიანთ პატარას ელაპარაკებიან, ეთამაშებიან და უკითხავენ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები რეგულარულად უკითხავენ, კითხვის სიყვარული უვითარდებათ.

მილიონობით ბავშვისთვის კომპიუტერისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენების ცოდნა მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კი. მაგრამ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სულ კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, ინტერნეტშია შესული ან სხვა მსგავსი რამით არის გატაცებული, კარგი იქნება, თუ დაეხმარებით, რომ სხვა საქმითაც დაკავდეს. ასწავლეთ შვილებს რაიმე ხელობა ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა — ნებისმიერი რამ, რაც სასარგებლო, განსხვავებული და მათთვის საინტერესო იქნება.

კარგად შერჩეული სახალისო საქმე მომავალში უფრო წაადგება ბავშვს, ვიდრე უბრალოდ გართობა. ეს აგრეთვე დაეხმარება თქვენს შვილს, იყოს მიზანდასახული, ისწავლოს მოთმინებისა და თავშეკავების გამოვლენა და განივითაროს შემოქმედებითი უნარი. ეს თვისებები მას რეალურ ცხოვრებაში გამოადგება, სადაც ვირტუალურისგან განსხვავებით, პრობლემები „მაუსზე“ ერთი დაწკაპუნებით არ წყდება.

ბავშვებმა „სიბრძნე და ჭკუა“ უნდა შეიძინონ

ბიბლია როგორც დიდებს, ისე პატარებს მოუწოდებს, რომ შეიძინონ ‘საზრიანობა და ჭკუა’ (რომაელები 12:1; იგავები 1:8, 9; 3:21). ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ერთმანეთისგან განვასხვავოთ არა მხოლოდ ის, თუ რა არის სწორი და რა არასწორი, არამედ ისიც, თუ რა არის გონივრული და რა არაგონივრული. მაგალითად, აკრძალული არ არის, რომ საათობით უყურო ტელევიზორს ან ითამაშო კომპიუტერული თამაშები, მაგრამ განა ეს გონივრულია?! აკრძალული არც ის არის, რომ იყიდო უახლესი ტექნიკა და ლიცენზირებული პროგრამები, მაგრამ დაფიქრდი, გონივრული იქნება ეს?! როგორ შეგიძლიათ, დაეხმაროთ შვილებს, შეიძინონ ბრძენი გული, როცა საქმე ტექნიკის გამოყენებას ეხება?

დაანახვე საფრთხე. ბავშვები ადვილად ითვისებენ ტექნიკას და მალევე ერკვევიან ინტერნეტში, მაგრამ ისინი გულუბრყვილოები არიან, რადგან სიბრძნე და გამოცდილება აკლიათ. ამიტომ დაანახვეთ საფრთხე და აუხსენით, როგორ შეუძლიათ მისი თავიდან არიდება. მაგალითად, სოციალურ ქსელში ახალგაზრდებს შეუძლიათ განათავსონ პირადი მონაცემები და თანატოლები გაიცნონ, მაგრამ ასეთი საიტების მეშვეობით პედოფილები თუ სხვა არაკეთილმოსურნეები ადვილად იგდებენ ხელში თავიანთ მსხვერპლს (1 კორინთელები 15:33). * ამიტომ წინდახედული მშობლები უხსნიან შვილებს, თუ რატომ არ უნდა განათავსონ პირადი მონაცემები ვებ-გვერდზე. *

მშობლებო, ცხადია, ბავშვებს ზრდასთან ერთად მეტ თავისუფლებას აძლევთ, მაგრამ თქვენ ღვთისგან უფლებამოსილნი და პასუხისმგებელნი ხართ, აღზარდოთ შვილები და ყურადღება მიაქციოთ მათ (იგავები 22:6; ეფესოელები 6:4). იმედია, ბავშვები თქვენს ასეთ ზრუნვაში უანგარო სიყვარულს დაინახავენ და არ იფიქრებენ, რომ მეტისმეტად ზღუდავთ.

მაგრამ თქვენ შეიძლება თქვათ: „როგორ დავეხმარო ჩემს შვილს, როცა თანამედროვე ტექნიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი?“. კარგი იქნება, თუ ძირითადს მაინც ისწავლით. 90 წლის მელბა რამდენიმე წელიწადია, რაც კომპიუტერით სარგებლობს. „როცა პირველად ვცადე კომპიუტერის გამოყენება, ლამის ფანჯრიდან მოვისროლე, — ამბობს ის. — მაგრამ სულ რაღაც ორ თვეში ვისწავლე მისი ძირითადი ფუნქციები. ახლა იმეილის გაგზავნაც შემიძლია და სხვა ფუნქციებშიც ვერკვევი“.

დაუდგინეთ შვილს საზღვრები გონიერების ფარგლებში. თუ თქვენი შვილი საათობით უყურებს ტელევიზორს, ინტერნეტშია შესული ან კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენების კონკრეტულ დროს დაუდგენთ და ტექნიკას გამოსაჩენ ადგილზე დადგამთ. ეს დაეხმარება თქვენს შვილს, დაინახოს, რამდენად გონივრულია შემდეგი ბიბლიური მუხლის გამოყენება: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, საოჯახო საქმეების კეთებას, ჭამას, ფიზიკურ ვარჯიშსა თუ სხვა ნებისმიერ რამეს, თავისი დრო აქვს (ეკლესიასტე 3:1). გონივრულად დადგენილი წესების მტკიცედ მიყოლა ოჯახს აძლიერებს და ეხმარება ბავშვებს, განივითარონ კარგი ჩვევები, გაითვალისწინონ სხვისი თვალსაზრისი და უყვარდეთ ურთიერთობა.

ამ სტატიათა სერიის ბოლო ნაწილში განხილული იქნება ზოგი პრინციპი, რომლებიც დაეხმარება როგორც პატარებს, ისე დიდებს, ტექნიკა გონივრულად გამოიყენონ და დრო დაზოგონ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 მშობლებისთვის დამხმარე იქნება 2008 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში დაბეჭდილი სტატია „ბავშვები და ინტერნეტი — რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?“. გარდა ამისა, პორნოგრაფიასთან, ვიდეოთამაშებთან და ინტერნეტთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები მოცემულია 2007 წლის მარტისა და დეკემბრის, ასევე 2008 წლის იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ში.

^ აბზ. 12 ზოგი მოზარდი მობილური ტელეფონით მეგობრებს უგზავნის საკუთარ სურათებს, რომლებშიც გამომწვევად გამოიყურება. ამგვარი საქციელით ის არა მხოლოდ იმცირებს თავს, არამედ თავის უგუნურებასაც ავლენს. ასეთ სურათებს მისი მეგობრები ხშირად მის დაუკითხავად სხვებს უგზავნიან.

[სურათი 7 გვერდზე]

დაეხმარეთ შვილს, დახელოვნდეს სხვადასხვა საქმის კეთებაში, იყოს მომთმენი და მიზანდასახული