არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი დანიაში

ღვთის სახელი დანიაში

ღვთის სახელი დანიაში

ყოველწლიურად კოპენჰაგენში ჩასული ათასობით ტურისტი გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს დედაქალაქსა თუ მის შემოგარენში არსებულ ციხესიმაგრეებსა და სხვა შენობებზე გამოსახულ ღვთის სახელს, იეჰოვას, ან ებრაულ ტეტრაგრამატონს יהוה. * მაგალითად, ქალაქის ცენტრში ჰოლმენსის ეკლესიის კარიბჭეზე ღვთის სახელი ოქროს დიდი ასოებით არის დაწერილი. ეს სახელი აგრეთვე გვხვდება 1661 წელს გაკეთებულ მემორიალურ დაფაზე, რომელიც ამავე ეკლესიაშია.

დოკის ეკლესიასთან ახლოს დგას შენობა, რომელსაც მრგვალი კოშკი (რუნდეტაარნი) ეწოდება. გარეთა ფასადზე გაკეთებულია ლათინური წარწერა, რომელშიც ღვთის სახელი ებრაულად წერია. ამ წარწერის თარგმანი ასეთია: „დაე იეჰოვამ მისცეს სამართლიანად განსჯის ძალა და უნარი სამეფო ტახტზე ასულ მეფე კრისტიან IV-ს“. როგორ გახდა ღვთის სახელი ასე ცნობილი დანიაში?

პროტესტანტული რეფორმაცია და ბიბლიის თარგმანი

ღვთის სახელის ფართოდ გავრცელებას ძირითადად პროტესტანტულმა რეფორმაციამ შეუწყო ხელი. ევროპელმა რეფორმატორებმა მარტინ ლუთერმა, ჟან კალვინმა და ულრიხ ცვინგლმა საფუძვლიანად შეისწავლეს ბიბლია და ის ენები, რომლებზეც ბიბლია თავდაპირველად დაიწერა — ებრაული, არამეული და კოინე ანუ საერთო ბერძნული ენა. შედეგად, მათ გაიგეს ღვთის სახელი. მარტინ ლუთერმა ქადაგებისას თქვა: „იეჰოვა . . . მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთის საკუთარი სახელია“.

მიუხედავად ამისა, ბიბლიის გერმანულ თარგმანში ლუთერმა წინამორბედთა შეცდომა გაიმეორა და ღვთის საკუთარი სახელის ნაცვლად ზოგან „უფალი“, ზოგან კი „ღმერთი“ დაწერა. მოგვიანებით, მან თავის თანამოაზრეს იოჰანეს ბუგენჰაგენს სთხოვა, მის მიერ ნათარგმნი ბიბლია ქვემო გერმანულ ენაზე ეთარგმნა, რომელზეც ჩრდილოეთ გერმანიასა და სამხრეთ დანიაში ლაპარაკობდნენ. 1541 წელს გამოცემული ბიბლიის წინასიტყვაობაში (ამ ბიბლიის პირველი გამოცემა 1533 წელს გამოქვეყნდა) ბუგენჰაგენმა რამდენიმე ადგილას მოიხსენია ღვთის სახელი. მან აგრეთვე დაწერა, რომ „იეჰოვა ღვთის წმინდა სახელია“.

1604 წელს ახალგაზრდა თეოლოგი ჰანს პაულზენ რეზენი მეფე კრისტიან IV-ს ლუთერის ბიბლიის დანიურ თარგმანში დაშვებულ შეცდომებზე ესაუბრა. მან სთხოვა მეფეს, მიეცა ნებართვა, ებრაული და ბერძნული ორიგინალიდან გაეკეთებინა ახალი თარგმანი, რაზეც მეფე დათანხმდა. დაბადების 2:4-ზე დართულ კომენტარში რეზენმა დაწერა, რომ „იეჰოვა“ არის „ერთადერთი უზენაესი უფალი“. *

მას შემდეგ, რაც ღვთის სახელი ცნობილი გახდა, ის საზოგადოებრივ ადგილებშიც გამოჩნდა. მაგალითად, 1624 წელს, მას შემდეგ, რაც ჰანს პაულზენ რეზენი ეპისკოპოსად დანიშნეს, მან ბრძანა, რომ ბრონსჰოის ეკლესიაში დაფა დაედგათ. დაფის თავში დანიურ ენაზე ოქროს ასოებით წერია ღვთის სახელი, იეჰოვა. გარდა ამისა, რეზენი მრავალ ხელნაწერში თავის ხელმოწერას შემდეგ სიტყვებს ურთავდა: „იეჰოვას ვიმოწმებ“.

მე-18 საუკუნის მიწურულს იოჰან დავიდ მიხაელისის ბიბლიის გერმანული თარგმანი დანიურ ენაზე ითარგმნა. ამ ბიბლიაშიც მრავალ ადგილას არის მოხსენიებული ღვთის სახელი. მე-19 საუკუნეში ბიბლიის მთარგმნელებმა, მათ შორის კრისტიან კალკარმა, თავიანთ თარგმანებში ღვთის სახელი უმეტეს ადგილას გამოიყენეს ბიბლიის დედნისეული ტექსტის მიხედვით. მოგვიანებით, 1985 წელს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი დანიურ ენაზე. ღვთის მსახურებმა ძალიან გაიხარეს, რომ ამ თარგმანში ღვთის სახელი იეჰოვა 7 000-ზე მეტჯერ იყო მოხსენიებული.

იესო ქრისტემ ლოცვისას ღმერთს უთხრა: „შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს“ (იოანე 17:6). ლოცვის ნიმუშის წარმოთქმისას, რომელსაც ზოგჯერ „მამაო ჩვენოს“ უწოდებენ, იესომ თქვა: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). დანიის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ ბევრი ადგილობრივი მცხოვრები სერიოზულად მოეკიდა ამ სიტყვებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ეს ოთხი ებრაული ასო, რომელსაც ტეტრაგრამატონი ეწოდება, მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ჩვეულებრივ, მისი ტრანსლიტერაციაა ჲჰვჰ. ძველ დროში მკითხველი კითხვის დროს თავად სვამდა გამოტოვებულ ხმოვნებს, როგორც ეს დღეს ხდება აბრევიატურის კითხვისას.

^ აბზ. 7 ბიბლიის ორიგინალში ღვთის საკუთარი სახელი პირველად დაბადების 2:4-ში გვხვდება. ღვთის სახელი, რომელიც დედანში დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული, ნიშნავს „აქცევინებს“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იეჰოვა არის ერთადერთი, რომელიც თავის განზრახვებს ყოველთვის ასრულებს. მისი ნათქვამი არასდროს გამტყუნებულა.

[ჩარჩო⁄სურათი 25 გვერდზე]

ტიხო ბრაჰე და ღვთის სახელი

ცნობილ დანიელ ასტრონომს ტიხო ბრაჰეს დანიის დიდგვაროვნებთან და მეფე კრისტიან IV-თან უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც 1597 წელს მშობლიური მხარე დატოვა. დანიისადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებელ ლექსში ბრაჰემ ლათინურად დაწერა: „იეჰოვას ნებით, უცხოელები კარგად მომეპყრობიან“.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ჰოლმენსის ეკლესიის კარიბჭე

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

მრგვალი კოშკი

[სურათი 25 გვერდზე]

ჰანს პაულზენ რეზენი

[სურათი 25 გვერდზე]

1541 წელს იოჰანეს ბუგენჰაგენმა ლუთერის ბიბლია ქვემო გერმანულ ენაზე თარგმნა, რომლის წინასიტყვაობაშიც ღვთის სახელი გამოიყენა

[სურათის საავტორო უფლება 25 გვერდზე]

Hans Paulsen Resen and Tycho Brahe: Kobberstiksamlingen, Det Kongelige Bibliotek, København