არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუნებით მოხიბლულნი

ბუნებით მოხიბლულნი

ბუნებით მოხიბლულნი

მეცნიერულმა კვლევებმა სამყაროში ანუ კოსმოსში მიმდინარე ბევრ პროცესს ახადა ფარდა. დღეს ადამიანმა გაცილებით მეტი იცის სამყაროს შესახებ — იქნება ეს მატერიის უმცირესი ნაწილაკები თუ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეები. და მაინც, ადამიანის გონებისთვის ბევრი რამ ჯერ კიდევ ჩაუწვდომელი რჩება.

ამ უსაზღვრო სამყაროში ჩვენი დედამიწა ნამცეცივით არის. მიუხედავად ამისა, ჩვენს პლანეტაზე ბევრი რამ გვაოგნებს რთული აგებულებითა და სილამაზით. ამის მაგალითია ულამაზესი ყვავილები, თვალწარმტაცი ხედები, ნაირფერი ფრინველები და პეპლები, მზის ჩასვლა თუ საყვარელი ადამიანის ღიმილი.

ბევრისთვის ხილულ სამყაროში საკმარისი მტკიცება შეიძლება მოიძებნოს იმის დასაჯერებლად, რომ არსებობს მოაზროვნე პირველმიზეზი. როგორც ისინი ამბობენ, ფიზიკის კანონები ისეა დარეგულირებული, რომ სიცოცხლემ იარსებოს. სამყარო ოდნავ სხვანაირად რომ ყოფილიყო მოწყობილი, სიცოცხლე არ იქნებოდა. მაგრამ სიცოცხლე არსებობს, თანაც საოცარი მრავალფეროვნებით.

ასტროფიზიკოსი პოლ დეივისი წერს: „როცა კოსმოსურ დრამას თვალს ადევნებ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყველაფერი კარგად მოფიქრებული სცენარის მიხედვით ვითარდება . . . ბუნების არსებობას შემთხვევითი მოვლენების თანხვედრას ვერ მივაწერთ. ეს უფრო მათემატიკური კანონების იდეალურად აწყობილი ჯაჭვის დამსახურებაა“. ზოგი მეცნიერი ეთანხმება დეივისს, ზოგი — არა.

მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატმა სტივენ უაინბერგმა განაცხადა: „რაც უფრო გვგონია, რომ სამყაროს ჩავწვდით, მით უფრო უაზროდ გვეჩვენება მისი არსებობა“. პარადოქსულია, მაგრამ უაინბერგსვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ზოგჯერ ბუნება იმაზე ლამაზია, ვიდრე ამას აუცილებლობა მოითხოვს . . . ძალაუნებურად იმ აზრამდე მიდიხარ, რომ ეს სილამაზე ჩვენთვის არსებობს“.

რაზე მეტყველებს ეს? თუ ბუნებაში ყველაფერი ასე მოწესრიგებულია, უნდა არსებობდეს მომწესრიგებელიც — დიზაინერი ანუ შემოქმედი, რომელსაც კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა. ჰქონდა სამყაროს შექმნას და ჩვენს სიცოცხლეს რაიმე მიზანი? თუ ჩვენი არსებობა უმართავმა ფიზიკურმა პროცესებმა განაპირობა? მომდევნო სტატიები ამ კითხვებზე გაგვცემს პასუხს.