არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ოკეანის დიდი „ურჩხულები“

ოკეანის დიდი „ურჩხულები“

ოკეანის დიდი „ურჩხულები“

უეცრად წყლიდან ამომხტარი ურჩხული თავს ესხმის გემს და მეზღვაურებს ოკეანის სიღრმისკენ მიაქანებს. ეს თქმულება საუკუნეების მანძილზე არაერთ გამოგონილ ისტორიას დაედო საფუძვლად. მართლა არსებობენ ზღვის ასეთი გიგანტური ბინადრები?

მეთევზეებმა 2007 წელს ანტარქტიდასთან როსის ზღვაში შემთხვევით დაიჭირეს კოლოსალური კალმარი. მისი სიგრძე საცეცებიანად 10 მეტრს აღწევდა და დაახლოებით 500 კილოგრამს იწონიდა. მეცნიერთა აზრით, ამ სახეობის კალმარი უფრო დიდი ზომისაც იზრდება.

ზღვის კიდევ ერთი „ურჩხული“ გიგანტური კალმარის სახელით არის ცნობილი. მას აქვს ტორპედოსებრი სხეული, ადამიანის თავისხელა თვალები და თუთიყუშის ნისკარტისმაგვარი ცხვირი, რომლითაც რკინის ბაგირის გადაჭრაც კი შეუძლია. მას აქვს მისაწოვრებით დაფარული რვა ხელი და ორი გრძელი საცეცი. საცეცების მეშვეობით მას საკვები პირთან მიაქვს. ამ კალმარს შეუძლია საათში 30 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდეს და წყლიდანაც კი ამოხტეს.

გასულ საუკუნეში ზღვის ეს გიგანტები სულ რაღაც 50-ჯერ ნახეს. ამიტომაც მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს ამ ცხოველების მათ საარსებო ბუნებრივ გარემოში შესწავლა.

ზღვის გიგანტი ვეშაპები

უნდა აღინიშნოს, რომ ზღვის ეს დიდი კალმარები ზოგჯერ მათზე გაცილებით დიდი „ურჩხულის“, კაშალოტის, გემრიელ ლუკმად იქცევიან ხოლმე. კაშალოტი სიგრძეში 20 მეტრამდე იზრდება და 50 ტონას იწონის. მისი თითო კბილი 900 გრამია. რამდენიმე ნაპოვნი მკვდარი კაშალოტის კუჭში გიგანტური კალმარის ნაწილები იპოვეს. ამ კაშალოტებს ვეებერთელა ბრტყელ თავებზე წრიული ფორმის ნაიარევი ემჩნეოდათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კალმარები უბრძოლველად არ დანებებულან. 1965 წელს ვეშაპებზე მონადირე ერთი საბჭოთა ხომალდის ეკიპაჟი ირწმუნებოდა, რომ შეესწრო გიგანტური კალმარისა და 40-ტონიანი კაშალოტის ორთაბრძოლას, რომელიც ორივე გიგანტის სიკვდილით დასრულდა. ზღვაზე მოტივტივე მოხრჩობილი ვეშაპის კუჭში კალმარის თავი იპოვეს.

მართალია, გიგანტური კალმარი და კაშალოტი უსაშველოდ დიდები არიან, მაგრამ ზომით ლურჯ ვეშაპს მაინც ვერ შეედრებიან. ის ყველაზე დიდი ზომის ძუძუმწოვარია. ყველაზე დიდი ლურჯი ვეშაპი, რომელიც ანტარქტიდის წყლებში დაიჭირეს, იყო 33 მეტრი სიგრძის მდედრი. ლურჯი ვეშაპი შეიძლება 150 ტონასაც კი იწონიდეს და მისი ენა ზრდასრული სპილოს წონის იყოს. ლურჯი ვეშაპის ნაშიერი 7—8 მეტრი სიგრძისაა და სამ ტონას იწონის. ვეშაპებზე ინტენსიური ნადირობის გამო, ეს სახეობა 1960-იან წლებში ლამის გადაშენდა და დღემდე გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა რიცხვს განეკუთვნება.

დაუნდობელი და უწყინარი ზვიგენები

თეთრი ზვიგენი, რომელიც 3 000 ბასრი კბილით არის „შეიარაღებული“, ყველაზე საშიშ მტაცებელ თევზად ითვლება. ყველაზე დიდი თეთრი ზვიგენი, რომელიც ოდესმე უნახავთ, 7 მეტრი იყო და 3 200 კილოგრამს იწონიდა. ამ ზვიგენს გამძაფრებული ყნოსვა აქვს. მას შეუძლია 1 წვეთი სისხლი შეიგრძნოს 100 ლიტრ წყალში.

ვეშაპისებრი ზვიგენი ყველაზე დიდი თევზია, რომელსაც ჯერჯერობით გადაშენების საფრთხე არ ემუქრება. ის სიგრძეში 7,5 მეტრს აღწევს, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება 15 მეტრამდეც გაიზარდოს. მისი პირის სიგანე დაახლოებით 1,4 მეტრია და თავისუფლად შეუძლია ადამიანის გადაყლაპვა. სიდიდის მიუხედავად, ის ზღვის სხვა დიდ ბინადრებზე კი არ ნადირობს, არამედ მხოლოდ პლანქტონითა და პატარა ზომის თევზებით იკვებება.

ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ ვკითხულობთ: „ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ უჩვეულო საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს, რის გამოც ის შეიძლება იყოს იონას ისტორიაში მოხსენიებული თევზი“. სტატიის ავტორი გულისხმობს ბიბლიურ ისტორიას, რომლის თანახმადაც წინასწარმეტყველი იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა. ვეშაპისებრი ზვიგენი „პირიდან დაუზიანებლად ანთხევს შემთხვევით გადაყლაპულ საგნებს, რომლებსაც მისი კუჭი ვერ ინელებს“ (იონა 1:17; 2:10).

მორცხვი გიგანტი

ზღვის კიდევ ერთი დიდი ბინადარი გიგანტური რვაფეხაა, რომელიც 250 კილოგრამამდე იწონის. ერთ დროს ეგონათ, რომ მას გემების ჩაძირვაც კი შეეძლო, რის გამოც „ზღვის ეშმაკი“ უწოდეს. სინამდვილეში, ეს რვაფეხა ძალიან მორცხვია და იმალება ზღვის ფსკერზე არსებულ კლდოვან ქვაბულებსა და ნაპრალებში. მას რვა „ხელი“ აქვს, რომლებსაც 10 მეტრის დიამეტრზე შლის. უხერხემლოებიდან მას ყველაზე დიდი მოცულობის ტვინი აქვს. ის მართლაც გონიერია და შეუძლია გადალახოს გზად შემხვედრი დაბრკოლებები და ქილასაც კი ახადოს თავი.

გიგანტურ რვაფეხას, გიგანტური კალმარის მსგავსად შეუძლია შეფერილობის შეცვლა, მძლავრად გამოტყორცნილი წყლის ნაკადის მეშვეობით გადაადგილება და საფრთხისგან თავის დასაღწევად ღრუბლისმაგვარი მელნისფერი ნერწყვის გამოფრქვევა. საკვების მოსაპოვებლად მას მცირე ხნით ხმელეთზე ამოსვლაც შეუძლია.

ოკეანის ეს ბინადარნი მართლაც ხოტბას ასხამენ თავიანთ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს. ამიტომაც დაწერა ფსალმუნმომღერალმა: „ადიდეთ იეჰოვა დედამიწიდან, ზღვის დიდო ცხოველებო და წყლის სიღრმეებო“ (ფსალმუნი 148:7).

[დიაგრამა 17 გვერდზე]

რა ზომის არიან ისინი?

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

თეთრი ზვიგენი

გიგანტური რვაფეხა

ვეშაპისებრი ზვიგენი

გიგანტური კალმარი*

კოლოსალური კალმარი*

*მიახლოებითი ზომა

კაშალოტი

ლურჯი ვეშაპი

ფუტი 100 90 80 70 60 50 40 30 20 10 0

მეტრი 30 25 20 15 10 5 0

[სურათი 15 გვერდზე]

თეთრი ზვიგენი

[სურათი 15 გვერდზე]

გიგანტური რვაფეხა

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ვეშაპისებრი ზვიგენი

[სურათი 17 გვერდზე]

ლურჯი ვეშაპი და მისი ნაშიერი

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Shark: © Steve Drogin/SeaPics.com; drawing: Getty Images; octopus: © Brandon Cole

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Sperm whale: © Brandon Cole; blue whales: © Phillip Colla/SeaPics.com; whale shark: © Steve Drogin/SeaPics.com