რატომ აღარ მიყვარს ომი
რატომ აღარ მიყვარს ომი
მოგვითხრო ტომას სტუბენვოლმა
დავიბადე 1944 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში. გავიზარდე სამხრეთ ბრონქსში, სადაც მთელი სამეზობლო რასობრივ ჯგუფებად იყო დაყოფილი. ქუჩაში ვიზრდებოდი და მალევე ვისწავლე, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის ტერიტორიებზე არ უნდა გამევლო, რადგან მათი ბანდები სასტიკად უსწორდებოდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს.
12 წლისა უკვე ერთ-ერთი ასეთი ბანდის წევრი ვიყავი. ჩვენს დაჯგუფებას „თავის ქალას“ ვეძახდით. მე და ჩემი ამხანაგები სატვირთო ვაგონებიდან არაქისის კარაქსა და სხვა პროდუქტებს ვიპარავდით. ჩვენზე რამოდენიმე წლით უფროსი ბიჭებისგან შემდგარი ბანდები უფრო თავზეხელაღებულები იყვნენ. მათ შორის შეტაკებების დროს ბევრი სისხლი იღვრებოდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ჩემ თვალწინ სასიკვდილოდ დაჭრეს ჩემი მეგობარი.
ომით მოხიბლული
ქუჩური ცხოვრებით ნამდვილად არ ვყოფილვარ ბედნიერი. ცოტა ხანში გადავწყვიტე, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავსულიყავი. ბიძაჩემი ედი, კორეის ომის დროს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფში იბრძოდა. სამხედრო-საზღვაო სამსახური მან იმდენად კარგად დამიხასიათა, რომ გადავწყვიტე მეც იქ მემსახურა. ბიძაჩემმა მითხრა, რომ საზღვაო ფლოტში ყველა ჯარისკაცი კარგ წვრთნას გადიოდა და ძლიერი მეომარი ხდებოდა. ამერიკის საზღვაო ფლოტს ლათინური დევიზი „Semper fidelis“ ჰქონდა, რაც „მუდამ ერთგულს“ ნიშნავს. შესაბამისად, ჯარისკაცებისგან განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვებოდა. მალე იქ მსახურება სანუკვარ ოცნებად მექცა.
1961 წლის 8 ნოემბერს, 17 წლის რომ გავხდი, სამხედრო-საზღვაო ძალებში დავიწყე მსახურება. დაახლოებით ოთხი თვის მანძილზე დაწყებით საზღვაო
წვრთნებს გავდიოდი. ასე დაიწყო ჩემი თერთმეტწლიანი სამხედრო კარიერა.ფლოტში მსახურება მშვიდობიან პერიოდში დავიწყე, თუმცა წვრთნებს ყოველთვის გავდიოდი. თავდაპირველად ოაჰუში (ჰავაი) გამგზავნეს, სადაც ორი წლის განმავლობაში ქვეითი ჯარისა და პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას ვეუფლებოდი. გავხდი სნაიპერი და შემეძლო დაახლოებით 500 მეტრიდან 25 სანტიმეტრიანი მიზნისთვის მომეხვედრებინა. ვისწავლე ბრძოლის სხვადასხვაგვარი ხელოვნება, მაგალითად ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კომუნიკაციების მართვა, რუკების კითხვა და შენობების აღება. ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მგვრიდა.
ჰავაის შემდეგ ექვსი თვე იაპონიაში, ქალაქ აცუგისთან ვმსახურობდი ავიამზიდზე, სადაც წყალქვეშა იარაღს ვიცავდი. მალე შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ ვიეტნამს შორის ურთიერთობა გამწვავდა. მე ამერიკის ავიამზიდ „რეინჯერზე“ არსებულ საზღვაო ქვედანაყოფში გამგზავნეს. ტონკინის ყურეში ჩვენი გემი საჰაერო ბომბდამშენებთან ერთად ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. როგორც იქნა ნამდვილი ომი ვიხილე. თუმცა გული მწყდებოდა, რომ მხოლოდ გემზე მიწევდა ყოფნა და უშუალოდ არ ვიყავი ჩაბმული ბრძოლაში.
ომის სინამდვილე
„რეინჯერზე“ ოთხი წლის მსახურების შემდეგ, 1966 წლის გაზაფხულზე, ნება დამრთეს, სახლში დავბრუნებულიყავი. ჩემს ადგილზე ჯარისკაცების უმეტესობა სიხარულით დაბრუნდებოდა სახლში და სისხლისღვრას თავს აარიდებდა. მაგრამ სახლში დაბრუნებაზე უარი ვთქვი, რადგან, როგორც პროფესიონალს, ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა.
ბრძოლა მწყუროდა. ამისთვის ხომ წლები ვემზადებოდი. ასე რომ, ქვეით ჯარში მოხალისედ წავედი. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად გამგზავნიდნენ. ჩემთვის მთავარი იყო, რომ საზღვაო ქვეით ჯარში მებრძოლა. მიზნად დავისახე გამოცდილი ჯარისკაცი გავმხდარიყავი. ომი მალე ჩემი ღმერთი გახდა.
1967 წლის ოქტომბერში ვიეტნამში გამგზავნეს. მიხაროდა და ამავე დროს ვნერვიულობდი, როცა კუანგჩის პროვინციაში ჩასვლისთანავე ფრონტის წინა ხაზზე აღმოვჩნდი. ერთი დღეც არ იყო გასული, რომ ცხარე ბრძოლაში ჩავები. ჩემ გარშემო ელვის სისწრაფით იყრებოდნენ დაჭრილები და დახოცილები. ტყვიებისგან მიწას ბუღი ასდიოდა. რამდენიმე ბუჩქის გარდა სხვა თავშესაფარი არსად გვქონდა. სროლა დავიწყე. საშინელება იყო. მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. როგორც იქნა, სროლა შეწყდა. მე გადავრჩი, მაგრამ ის დაჭრილები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოვიყვანე, დაიღუპნენ.
მომდევნო 20 თვის განმავლობაში ვიეტნამში ყველაზე ცხელ წერტილებში მიწევდა ბრძოლა. თითქმის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ხან ტყვიებს ვისროდი, ხან ვიგერიებდი, ხან მტერს ვუსაფრდებოდი, ხან ვემალებოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში მტერს სანგრებიდან ვესროდი. წვიმიან ამინდში იქაურობა ერთ დიდ ტლაპოდ იქცეოდა ხოლმე. ზოგჯერ ძალიან ციოდა და აუტანელ პირობებში მიხდებოდა ჭამა და ძილი.
მისიის შესასრულებლად ხშირად მიხდებოდა ტენიან ჯუნგლებში შესვლა, სადაც ხშირ ბუჩქებში დამალული მტერი შეიძლებოდა ნებისმიერ დროს დამსხმოდა თავს. ზოგჯერ ძლიერი აფეთქებების ხმა საათების განმავლობაში არ წყდებოდა. კე-სონთან მომხდარ ბრძოლაში ჩემი დანაყოფის სამი მეოთხედი გაწყდა, მხოლოდ 13 ადამიანი გადავრჩით.
1968 წლის 30 იანვარს როგორც იქნა მივაღწიე სამხედრო ბაზას, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად დავიძინე ნორმალურად კარავში.
ჩემი კომფორტი მხოლოდ დილამდე გაგრძელდა, სანამ ნაღმის აფეთქების გამაყრუებელმა ხმამ არ გამაღვიძა. ნაღმის ნამსხვრევებმა ზურგი და მხარი დამიზიანა. იმ დილით მტერმა მთელი ძალით შემოგვიტია.ამ შემთხვევის შემდეგ, საპატიო მედლით, „მეწამული გულით“, დამაჯილდოვეს. ჭრილობები იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ უარი მეთქვა ბრძოლაზე. ექიმებმა მალევე ამომიღეს ნამსხვრევები ჭრილობებიდან და ქალაქ ჰიუეს მივაშურე, სადაც ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა გაიმართა. აი, იქ კი ნამდვილ „სიკვდილის მანქანად“ ვიქეცი. მტერს უკვე თვალის დაუხამხამებლად ვკლავდი. 32 დღის მანძილზე დილიდან გვიან ღამემდე სახლიდან სახლში დავდიოდი, მტრებს ვეძებდი და ვხოცავდი.
იმ დროს ჩემს საქციელს აბსოლუტურად ვამართლებდი. ვფიქრობდი, რომ ჰიუეში მტერი ათასობით უდანაშაულო კაცს, ქალსა თუ ბავშვს კლავდა. ქუჩები ცხედრებით იყო მოფენილი. ყველაფერი დანაღმული იყო, ის ადგილებიც კი, სადაც გვამები ეყარა. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა სნაიპერის სამიზნე გავმხდარიყავით. თუმცა ამანაც ვერ შემაჩერა, რადგან მეგონა, რომ ჩემს მისიას პირნათლად ვასრულებდი.
ომის მანიით შეპყრობილი
ჰიუეს ბრძოლის დამთავრებიდან ცოტა ხანში, ჩემი 13-თვიანი კონტრაქტი ამოიწურა. რადგანაც ომი კვლავ მიმდინარეობდა, მინდოდა, რომ ბრძოლა გამეგრძელებინა. ვიეტნამში დასარჩენად კონტრაქტი გავაფორმე. როგორც უფროს სერჟანტს, სპეციალური მისია დამევალა. საზღვაო ქვედანაყოფები პატარა სოფლებში უნდა შემეყვანა და მშვიდობიან მოსახლეობისთვის მესწავლებინა, როგორ დაეცვათ თავიანთი საკუთრება. მუდმივად ვფხიზლობდით, რადგან მტრის ჯარისკაცები ხშირად იპარებოდნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში ირეოდნენ. ღამით ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, რომ დაგვეჭირა და დაგვეხოცა მტრის ბანაკიდან შემოპარული მებრძოლები. ყველაფრის მიუხედავად, ომის მიმართ სიყვარული უფრო მიძლიერდებოდა.
მეორე კონტრაქტის ვადაც სწრაფად ამოიწურა. ისევ ბრძოლის ველზე დარჩენა ვითხოვე. მაგრამ ამჯერად ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. როგორც ჩანს, შენიშნეს, ომის მანიით რომ ვიყავი შეპყრობილი. მაგრამ ჩემი, როგორც საზღვაო ჯარისკაცის კარიერა ამით არ დასრულებულა. ამის შემდეგ შეერთებულ შტატებში ახალწვეულების ინსტრუქტორად გამგზავნეს. სამ წელიწად-ნახევარი ვასრულებდი ამ მოვალეობას. მოსაყოლი მართლაც ბევრი მქონდა ჯარისკაცებისთვის, ამიტომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რომ ისინიც ისეთივე სიკვდილის მანქანებად მექცია, როგორიც მე ვიყავი.
ნამდვილად აზრიანი ცხოვრება
დავუმეგობრდი ერთ ინსტრუქტორს, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა და ცოლს ახალი მიტოვებული ჰყავდა. მისმა დამ, კრისტინ ანტისდელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, შესთავაზა, რომ საცხოვრებლად მასთან გადავიდოდა და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის აღზრდაში დაეხმარებოდა. პირველად მაშინ შევხვდი იეჰოვას მოწმეებს.
მე კათოლიკე ვიყავი და რვა წელი კათოლიკურ სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვობაში ეკლესიაში მღვდელს ვეხმარებოდი, მაგრამ ფაქტიურად
არაფერი ვიცოდი ბიბლიიდან. კრისტინი დამეხმარა ბიბლიიდან ისეთი საკითხების გაგებაში, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ მქონდა. გავიგე, სინამდვილეში რას ასწავლის ბიბლია და რას — არა.მაგალითად ვისწავლე, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთი ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში არ აწამებს (ეკლესიასტე 9:5, 10). გავიგე, რომ ღმერთი სამება არ არის (იოანე 14:28). ბიბლიაში წერია, რომ ღმერთი მალე მოსპობს ბოროტებას, ტკივილსა და სიკვდილს. მორჩილი ადამიანები კი მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 37:9—11; გამოცხადება 21:3, 4). ისიც გავიგე, რა ზნეობრივი ნორმები აქვს ღმერთს (1 კორინთელები 6:9, 10). აგრეთვე ის, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია (ფსალმუნი 83:18). ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.
1972 წლის ნოემბერში ერთ სამხედრო ბაზაში გადამიყვანეს, სადაც დაბალი რანგის ოფიცრებისთვის საბრძოლო ტაქტიკა უნდა მესწავლებინა. იქ ბიბლიის შესწავლა დავიწყე იეჰოვას მოწმეებთან. ვესწრებოდი კრების შეხვედრებს და ძალიან მომწონდა მოწმეებს შორის არსებული მეგობრული ატმოსფერო და ნამდვილი ძმობა.
რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიიდან, მით უფრო მაწუხებდა სინდისი. ვხედავდი, რომ ჩემი ცხოვრება ბიბლიის ნორმებს არ შეესაბამებოდა. ჩემი ცხოვრებით მხარს ვუჭერდი ღვთისთვის საძულველ ნაციონალიზმსა და ძალადობას.
მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო საზღვაო ფლოტშიც მემსახურა და ამავე დროს იეჰოვას თაყვანისმცემელი ვყოფილიყავი. სწორედ მაშინ გამინელდა ომის სიყვარული. გადავწყვიტე, ჩემი პროფესიისთვის თავი დამენებებინა. ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას, გასაუბრებასა და ფსიქიატრიულ გამოკვლევას რამდენიმე თვე დასჭირდა. ამის შემდეგ გამათავისუფლეს, როგორც პირი, რომელმაც რელიგიური მრწამსის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. ასე დასრულდა ჩემი 11-წლიანი მსახურება საზღვაო ფლოტში.
ახლა უკვე შემეძლო იეჰოვასთვის მეთქვა სიტყვები, რომელიც ესაიას 6:8-შია ჩაწერილი: „მე წავალ! მე გამგზავნე“. მზად ვიყავი, რომ ჯარში მსახურების ნაცვლად, მთელი ჩემი ენერგია და ენთუზიაზმი ღვთის მსახურებაში გამომეყენებინა. 1973 წლის 27 ივლისს მოვინათლე, როგორც იეჰოვას მოწმე. ხუთი თვის შემდეგ კი დავქორწინდი კრისტინზე, პირველ მოწმეზე, რომელსაც შევხვდი.
მე და კრისტინი 36 წელია, რაც ადამიანებს ბიბლიიდან ცოდნის მიღებასა და ღმერთთან დაახლოებაში ვეხმარებით. რვა წელი მისიონერებად ვიმსახურეთ დომინიკელთა რესპუბლიკაში, მომდევნო 18 წელი კი მიმოსვლით მსახურებაში გავატარეთ. მეუღლესთან ერთად ვინახულებდი ასობით ესპანურენოვან კრებას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
ომს არანაირი კვალი არ დაუტოვებია ჩემს ემოციურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. არც პოსტტრავმული სტრესი მაწუხებს, არც კოშმარები და არც მტანჯველი მოგონებები. მართალია, იეჰოვა ღმერთს დავუახლოვდი, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ არაერთ ადამიანს მოვუსწრაფე სიცოცხლე.
მიხარია, რომ ასე შევიცვალე. ვგრძნობ, რომ ღმერთმა მაპატია ყველაფერი, რაც წარსულში ჩავიდინე. დღეს ხალხს სიცოცხლეს აღარ ვუსწრაფებ. პირიქით, მათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს ვუზიარებ. ვიდრე ჯარისკაცი ვიყავი, ყველაფერს უვიცობითა და არასწორი მოტივებით ვაკეთებდი. მაგრამ ახლა, როცა იეჰოვას მოწმე გავხდი და ბიბლიის ნორმებს გავეცანი, ყველაფერს მტკიცე რწმენიდან გამომდინარე ვაკეთებ. მჯერა, რომ არსებობს ჭეშმარიტი, ცოცხალი და მოსიყვარულე ღმერთი. მწამს ისიც, რომ საუკეთესო მომავალი ელით მათ, ვისაც უყვარს იეჰოვა და მას ემორჩილება.
[ჩანართი 25 გვერდზე]
თითქმის ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ხან ტყვიებს ვისროდი, ხან ვიგერიებდი, ხან მტერს ვუსაფრდებოდი, ხან ვემალებოდი
[ჩანართი 27 გვერდზე]
მართალია, იეჰოვა ღმერთს დავუახლოვდი, მაგრამ ძალიან ვნანობ, რომ არაერთ ადამიანს მოვუსწრაფე სიცოცხლე
[სურათები 24 გვერდზე]
ინსტრუქტორად მსახურების დროს (ზევით) და ვიეტნამში ქვეით ჯარში მსახურების დროს (მარცხნივ)
[სურათი 25 გვერდზე]
„მეწამული გულით“ დამაჯილდოვეს, მაგრამ ჭრილობები იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ უარი მეთქვა ბრძოლაზე
[სურათი 26 გვერდზე]
მე და კრისტინი 36 წელია, რაც ადამიანებს ბიბლიიდან ცოდნის მიღებასა და ღმერთთან დაახლოებაში ვეხმარებით