არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?

როგორ შეგიძლიათ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორ შეგიძლიათ სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება?

ადამიანისთვის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზიკური საკვების მიღება. ფიზიკური საკვების მრავალფეროვნების გამო დიდი არჩევანი გვაქვს. შეიძლება იმავეს თქმა სულიერ საკვებზე? ბევრი ფიქრობს, რომ უამრავი კულტურული ღონისძიება თუ რელიგიური წეს-ჩვეულება ჩვენი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება.

ბევრის აზრით, მთავარია რაღაცით დაიკმაყოფილო სულიერი მოთხოვნილება და მნიშვნელობა არა აქვს, რა გწამს ან ვის სცემ თაყვანს. თქვენი აზრით, აქვს მნიშვნელობა როგორ დაიკმაყოფილებთ სულიერ მოთხოვნილებას? რას ამბობს ბიბლია?

რას ნიშნავს სინამდვილეში სულიერობა

ბიბლიაში, დაბადების 1:27-ში ახსნილია, თუ რატომ გვაქვს სულიერი მოთხოვნილება: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“. რადგან იეჰოვა ღმერთს სულიერი სხეული აქვს, ამ სიტყვებში ფიზიკური მსგავსება არ იგულისხმება; აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ შექმნილი ვართ ისეთი თვისებებით, როგორიც ღმერთს აქვს. შემოქმედის მსგავსად, პირველი კაცი, ადამი აფასებდა და ავლენდა ისეთ თვისებებს, როგორიცაა უანგარო სიყვარული, სიკეთე, თანაგრძნობა, სამართლიანობა და თავშეკავება. ღმერთმა ადამი სინდისითაც დააჯილდოვა. ამის წყალობით ის შეძლებდა, ნების თავისუფლება ისე გამოეყენებინა, რომ ღვთის კანონები არ დაერღვია. სწორედ ეს თვისებები განასხვავებდა მას ცხოველისგან და საუკეთესოდ დაეხმარებოდა შემოქმედის ნების შესრულებაში (დაბადება 1:28; რომაელები 2:14).

ბიბლიაში საუბარია იმაზე, თუ რა დაეხმარება ადამიანს სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. 1 კორინთელების 2:12—15-ში აღწერილია სულიერი ადამიანი, რომელიც ღვთისგან იღებს სულს. ეს სული ღვთის მოქმედი ძალაა და მისი მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანი ჩაწვდეს სულიერ საკითხებს. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის გამოიკვლიოს და ჩაწვდეს ამა თუ იმ საკითხზე ღვთის თვალსაზრისს. ამის საპირისპიროდ, ხორციელ ადამიანს არა აქვს ღვთის სული და მას სულიერი საკითხები სისულელედ მიაჩნია. ამიტომ ის დასკვნებს მხოლოდ ადამიანური სიბრძნიდან გამომდინარე აკეთებს.

სულიერი მოთხოვნილება იმის გამო გვაქვს, რომ ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი. ამიტომ მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია საკუთარი თავის უკეთ შეცნობით, პირადი მიღწევებით ან ადამიანური სიბრძნით. ამისათვის აუცილებელია ღვთის წმინდა სულის დახმარება. ბიბლიაში იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ სურთ, მათზე წმინდა სულმა იმოქმედოს, ნათქვამია, რომ „სულიერობა არა აქვთ“. მათ არჩიეს, საკუთარ გულისთქმას აჰყოლოდნენ და ღვთისთვის მიუღებელი საქმეები ეკეთებინათ. ასეთ ადამიანებს ხორციელი სურვილები მართავს (1 კორინთელები 2:14; იუდა 18, 19).

სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება

სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვაღიარებთ, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედია და არსებობისთვის მას უნდა ვუმადლოდეთ (გამოცხადება 4:11). ამგვარად, ექნება თუ არ ჩვენს ცხოვრებას აზრი დამოკიდებულია იმაზე, ვასრულებთ თუ არა ღვთის ნებას (ფსალმუნი 115:1). ღვთისმოსაწონად მოქცევა აზრს სძენს ჩვენს ცხოვრებას. ეს კი ჩვენი სულიერობისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზმისთვის საკვები. ამიტომაც თქვა იესომ: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო“ (იოანე 4:34). ღვთის ნების შესრულება იესოს ძალებს ჰმატებდა და კმაყოფილებას ჰგვრიდა.

რადგან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი, სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, მაქსიმალურად მივბაძოთ მას თვისებებით (კოლოსელები 3:10). თუ ასე მოვიქცევით, აღარ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც რეპუტაციას შეგვილახავს ან ღმერთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს (ეფესოელები 4:24—32). იეჰოვას ნორმების გათვალისწინება ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის და სულის სიმშვიდეს გვგვრის, რადგან სინდისი სუფთა გვაქვს (რომაელები 2:15).

სულიერ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით, იესომ კიდევ ერთ ჭეშმარიტებას გაუსვა ხაზი: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). ჩვენს სულიერობაზე გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა გვპასუხობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც ყველას აღელვებს (2 ტიმოთე 3:16, 17).

ჭეშმარიტი ბედნიერების წყარო

ადამიანმა შიმშილის გრძნობა შეიძლება არაჯანსაღი საკვებით მოიკლას. მსგავსად ამისა, ჩვენც შეიძლება გვეგონოს, რომ ამქვეყნიური სიბრძნითა თუ კულტურული ღონისძიებებით, სულიერ შიმშილს ვიკმაყოფილებთ. მაგრამ, როგორც არაჯანსაღი კვება გამოგვფიტავს, დაგვაავადებს ან კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩაგვყრის, ასევე სულიერი მოთხოვნილებების არასწორად დაკმაყოფილება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

თუ ვცდილობთ, იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის განვითარებას, ვასრულებთ მის ნებას და მივყვებით მის ხელმძღვანელობას, ჩვენც შევიგრძნობთ ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებას: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

გიფიქრიათ?

▪ რატომ გვაქვს სულიერი მოთხოვნილება? (დაბადება 1:27)

▪ შეგვიძლია თავად დავიკმაყოფილოთ სულიერი მოთხოვნილება? (1 კორინთელები 2:12—15)

▪ რა უნდა გავაკეთოთ, რომ სულიერი წყურვილი მოვიკლათ? (მათე 4:4; იოანე 4:34; კოლოსელები 3:10)

[ჩანართი 13 გვერდზე]

სულიერი მოთხოვნილებების არასწორად დაკმაყოფილება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს