არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უფრთხილდით ტყვიით მოწამვლას!

უფრთხილდით ტყვიით მოწამვლას!

უფრთხილდით ტყვიით მოწამვლას!

ბოლო წლებში მრავალი ქვეყნის მთავრობამ შეშფოთება გამოთქვა სათამაშოებსა და სამკაულებში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ტყვიის გამო. ეს კი ის საგნებია, რომელთა პირში ჩადება და ღეჭვა პატარებს უყვართ. ტყვიით მოწამვლა განსაკუთრებით სახიფათოა ექვს წლამდე ბავშვებისათვის, რომელთა ცენტრალური ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვლევის თანახმად, ტყვია აფერხებს ტვინისთვის ცილის მიწოდებას, რაც აუცილებელია მისი სათანადო განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის (Johns Hopkins Bloomberg School of Public Health). კვლევებმა ისიც გამოავლინა, რომ ბავშვის ორგანიზმი პირის ღრუდან მოხვედრილი ტყვიის 50 პროცენტს ითვისებს, მოზრდილთა შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 10—15 პროცენტია.

გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, ტყვია ჯანმრთელობისთვის შეიძლება იმ შემთხვევაშიც სახიფათო იყოს, თუ პროდუქციაში მისი შემცველობა მთავრობის მიერ დაშვებულ ნორმაზე დაბალია. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მონაცემებით, ტყვიით მოწამვლამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს „სწავლის უნარის დაქვეითება, ყურადღების გაფანტვის სინდრომი, ქცევითი დარღვევები, შეფერხებული ზრდა, სმენის გაუარესება და თირკმლის დაზიანება“. ამ ფაქტორების გათვალისწინება განსაკუთრებით მართებთ მათ, ვისაც ბავშვის ყოლის სურვილი აქვს, რადგან ტყვია ვნებს ჩანასახს. *

ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვებით, რომელიც მომზადებულია ტყვიის შემცველი მინანქრით დაფარულ ჭურჭელში, რომელსაც ძირითადად აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში იყენებენ. გრილად რომ შეინახონ, ზოგჯერ წყალს თიხის ჭურჭელში ასხამენ, ცხელ სასმელებს კი მომინანქრებული ჭიქებით შეექცევიან. მეხიკოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევამ აჩვენა, რომ წლინახევრის ბავშვების თითქმის ნახევარს სისხლში ტყვიის ნორმა მომატებული ჰქონდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მომინანქრებულ ჭურჭელში მომზადებული საკვები დასახელდა. ტყვია თიხის ნაკეთობებს ბზინვარებას ანიჭებს, მაგრამ ის ადვილად ხვდება საკვებში, თუ ჭურჭელს აცხელებენ ან მასში ხილ-ბოსტნეულს ინახავენ.

ტყვიით მოწამვლის სხვა მიზეზები

მართალია ბოლო წლებში განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ დაიწყო ტყვიისგან გამოთავისუფლებული საწვავის გამოყენება, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დაახლოებით 100 ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოიყენება ტყვიის შემცველი საწვავი. ტყვია არ იშლება და არ იწვის. ტრანსპორტის გამონაბოლქვში არსებული ტყვიის ნაწილაკები გზისპირა ნიადაგში ხვდება. ამგვარად ტყვიის მტვერს შევისუნთქავთ ან ფეხსაცმლით შეგვაქვს სახლში.

კიდევ ერთ საშიშროებას წარმოადგენს ტყვიის შემცველი საღებავები, რომლებსაც იყენებდნენ მაშინ, ვიდრე მათი გამოყენების შემზღუდველი კანონები ამოქმედდებოდა. როგორც ვარაუდობენ, შეერთებულ შტატებში სახლების დაახლოებით 40 პროცენტი ანუ 38 მილიონი სახლი ასეთი საღებავებით არის შეღებილი. განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის აფცქვნილი საღებავი და მისი მტვერი, რომელიც რემონტის დროს ხვდება ჰაერში.

ძველ ქალაქებსა და სახლებში ტყვიის მილები ან ტყვიით შედუღებული სპილენძის მილებია გაყვანილი წყლისთვის. შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ცენტრის, მეიოს კლინიკის რეკომენდაციით სასურველია, რომ დალევამდე ასეთი მილებიდან წამოსულმა წყალმა 30-60 წამი იდინოს. ასეთ მილებში გამავალი ცხელი წყლის დალევა და საჭმლის მოსამზადებლად მისი გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით ბავშვის საკვების მოსამზადებლად.

სისხლში ტყვიის დონე საგრძნობლად კლებულობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი წყვეტს ტყვიის შემცველ ნივთებთან კონტაქტს. ვისაც აინტერესებს, აქვს თუ არა სისხლში ტყვია, ამის დადგენა სისხლის ანალიზით შეუძლია. თუ ტყვიის დონე სისხლში დასაშვებ ნორმაზე მეტია, აუცილებელია სათანადო ზომების მიღება.

საზოგადოების ინფორმირება

ტყვია ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება და მოწამვლას იწვევს. თუმცა მისი დიდი რაოდენობით სისხლში ერთხელ მოხვედრაც შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებით 2006 წელს ოთხი წლის ბავშვი დაიღუპა ტყვიის მაღალი შემცველობის სამკაულის ჩაყლაპვის გამო.

იმის ხაზგასასმელად, რამდენად აუცილებელია ამ საფრთხის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ერთ სამედიცინო ენციკლოპედიაში მოყვანილია შემდეგი სტატისტიკა: შეერთებულ შტატებში სკოლამდელი ასაკის ყოველი 20 ბავშვიდან ერთს სისხლში ტყვიის დონე მომატებული აქვს. და თუ ეს ასეა იმ ქვეყანაში, სადაც პროდუქციაში ტყვიის დონეს აკონტროლებს კანონი, რა მდგომარეობა იქნება იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კანონები არ არსებობს?! ამიტომ სიფრთხილე ყველას გვმართებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ზრდასრულებში ტყვიით მოწამვლა შეიძლება გამოიხატოს ნერვული აშლილობით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მეხსიერებისა და კონცენტრირების უნარის დაქვეითებით.

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

ტყვიით მოწამვლის ზოგიერთი სიმპტომი ბავშვებში

ტკივილი მუცლის არეში, აგრესიულობა, ანემია, ყურადღების გაფანტვა, ყაბზობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი, გაღიზიანება, გონებრივი განუვითარებლობა, მადის დაქვეითება, ზრდის შეფერხება (MEDLINE PLUS MEDICAL ENCYCLOPEDIA).