მსოფლიოში ყველაზე პატარა ღამურა
მსოფლიოში ყველაზე პატარა ღამურა
● 1973 წელს ტაილანდელმა ბიოლოგმა, კიტი ტონგლონგიამ და მისმა კვლევითმა ჯგუფმა საი იოკის ჩანჩქერის (ტაილანდი) მახლობლად მდებარე მღვიმეში დაუდგენელი სახეობის 50-ზე მეტი ღამურა იპოვეს. ეს ნიმუშები მან დოქტორ ჯონ ჰილს გაუგზავნა ლონდონში, ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმში. სამწუხაროდ, კიტი მანამ გარდაიცვალა, სანამ გაირკვეოდა, რომ მან ღამურის ახალი სახეობა აღმოაჩინა, რომელსაც დოქტორმა ჰილმა მის პატივსაცემად ტონგლონგიას ღორისდინგოსანი (Craseonycteris thonglongyai) დაარქვა. მას ხშირად კიტისეულ ნალცხვირა ღამურასაც უწოდებენ.
ამ ღამურის სიგრძე 3 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე კი დაახლოებით 13 სმ. კიტისეული ნალცხვირა, როგორც ღამურებში, ისე ძუძუმწოვრებში ყველაზე პატარა ცხოველია. ის გამოირჩევა ღორის დინგის მსგავსი ცხვირით (როგორც ეს სახელწოდებიდან ჩანს), უკუდოა და დიდი ყურსარქველები აქვს.
გავრცელების ვიწრო არეალი
ღამურის ამ სახეობას ტაილანდში, საი იოკის ეროვნულ პარკსა და მეზობელ მიანმაში შეხვდებით. როგორც სხვა ღამურები, კიტისეული ნალცხვირებიც ექოლოკაციას იყენებენ მწერებზე სანადიროდ. სხეულთან შედარებით მათ საკმაოდ დიდი ფრთები აქვთ, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ჰაერში გაჩერება და ფოთლებში მიმალული მსხვერპლის მიგნება. დღისით ისინი თავს აფარებენ კირქვიანი გამოქვაბულების ჭერს, სადაც მეტი სითბოა. აქ ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ და ნაკლებად კარგავენ სითბოს, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პატარა, თბილსისხლიანი ძუძუმწოვრებისთვის. რა შესანიშნავი ინსტინქტებითა და თვისებებით დააჯილდოვა ეს საოცარი ქმნილება ჩვენმა შემოქმედმა! (გამოცხადება 4:11).
კიტისეული ნალცხვირა ღამურები ძალიან იშვიათად გვხვდება. ამიტომაც, თუ გარემო პირობები არ შეიცვლება, მათ გადაშენების საფრთხე დაემუქრებათ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაცავად ბევრი რამ გაკეთდა, ისინი მაინც საფრთხის წინაშე დგანან ტყის მასიური ჩეხვის, გზების მშენებლობისა და ტურიზმის გამო. გადაურჩებიან თუ არა ეს პაწია ძუძუმწოვრები მათ მყუდრო გარემოში ადამიანთა უხეშ შეჭრას, ამას დრო გვიჩვენებს.
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა
მსოფლიოში ღამურების დაახლოებით 1 000 სახეობა არსებობს. ის ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც ფრენა შეუძლია. ყველაზე დიდ ღამურას 1) მფრინავ მელას უწოდებენ, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 1,5 მეტრს აღწევს და დაახლოებით 1 კილოგრამს იწონის. 2) კიტისეული ნალცხვირას გაშლილი ფრთების სიგრძე 13 სანტიმეტრია და 2 გრამს იწონის.
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Photos: © Merlin D. Tuttle, Bat Conservation International, www.batcon.org