ნაირფერი ალკუნი
ნაირფერი ალკუნი
ჰაერში რაღაცამ ლურჯად გაიელვა, წყალში ჩაყვინთა, წყლიდან სწრაფადვე ამოვიდა და ნისკარტში თევზგაჩრილმა ჰაერში შეიფრთხიალა. ხშირ შემთხვევაში ალკუნს სწორედ ამ საქმით გართულს ნახავთ. ამ ნაირფერ ფრინველს, დიდი თავი და გრძელი ნისკარტი აქვს. ალკუნები მხოლოდ თევზებზე არ ნადირობენ. ალკუნის ზოგი სახეობა ნადირობს ხვლიკებზე, გველებზე, კიბორჩხალებზე და მწერებზე, რომელთაც ჰაერშივე იჭერს. ალკუნების მხოლოდ მესამედი ბინადრობს წყლის პირას. სად აღარ შეხვდებით მათ — უღრანი ტროპიკული ტყეებით დაწყებული, მარჯნის კუნძულებითა და უდაბნოებით დამთავრებული. ალკუნის ერთ-ერთი სახეობა, წითელზურგა ალკუნი ავსტრალიის მშრალ და უდაბურ ადგილებში ბინადრობს.
თევზებზე მონადირე ალკუნები ამ საქმის ნამდვილი ოსტატები არიან. ჩვეულებრივ, ეს ფრინველი მსხვერპლს ტოტიდან უთვალთვალებს. თევზის დანახვისთანავე ის თავდასხმისთვის ემზადება და ინსტინქტურად საზღვრავს თევზის ზუსტ მდებარეობას წყალში. შემდეგ ფრთების ინტენსიური მოძრაობით სისწრაფეს უმატებს და წყალში ეშვება. თუ თევზი ზედაპირთან ახლოსაა, ალკუნი სწრაფადვე ავლებს მას ნისკარტს. მაგრამ თუ თევზი წყლის სიღრმეშია, ის ფრთებს უკან იკეცავს და წყალში ისარივით ეშვება. „ამ ყველაფერს ისინი საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით აკეთებენ“, — ნათქვამია წიგნში „ფრინველების ცხოვრება“. ალკუნებს ერთ ჩაყვინთვაზე რამდენიმე თევზის დაჭერაც შეუძლიათ. ზოგჯერ ისინი თხელი ყინულის ფენასაც კი არღვევენ ნადავლის ხელში ჩასაგდებად. ავსტრალიაში მობინადრე ტყის ლაჟვარდოვანი ალკუნი მდინარეში მონადირე იხვნისკარტას მიერ შეშინებულ პატარა წყლის ცხოველებსაც იჭერს.
შეწყვილება და ბუდის შენება
ალკუნების საქორწილო რიტუალი საკმაოდ თავშესაქცევი სანახაობაა. ზოგი სახეობის ალკუნი მეწყვილეს ჰაერში ფრენის დროს ირჩევს, რის შემდეგაც მამალი დედალს ბუდის შენების ოსტატობით აწონებს თავს. დედლის გულის მოსაგებად ზოგჯერ მამალი მისთვის გემრიელ საკვებსაც ეზიდება.
ალკუნები ფრინველებისთვის დამახასიათებელ ბუდეებში არ ცხოვრობენ. ზოგი ბინას მდინარის ნაპირას ან არხებში გათხრილი გვირაბების ბოლოში იდებს. ზოგი კი კურდღლის სოროში ან ხის ფუღუროში იბუდებს.
მიწაში დასაბუდებლად ალკუნმა შეიძლება თითქმის ერთმეტრიანი გვირაბი გათხაროს. მაგრამ ეს არცთუ ისე ადვილია. ზოგიერთი სახეობის ალკუნი ამ პრობლემას ასე აგვარებს — ისინი ნისკარტით ეჯახებიან იმ ადგილს, სადაც უნდათ, რომ ბინა დაიდონ. ეს კი საკმაოდ სახიფათო სტრატეგიაა, რადგან ამას შეიძლება ფრინველი ემსხვერპლოს კიდეც. ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებსა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში მობინადრე სამოთხის ალკუნი ბინას ტერმიტების ბუდეში იდებს. მაგრამ, როგორც ჩანს, მწერები ადვილად ეგუებიან დაუპატიჟებელ სტუმრებს. მას შემდეგ, რაც ფრინველები ბუდეს დატოვებენ, ტერმიტები თავიანთი ბუდის შეკეთებას იწყებენ.
ალკუნებისთვის მშობლის პასუხისმგებლობის შესრულება საკმაოდ რთულია. აფრიკაში ერთმა დამკვირვებელმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ უზიდავდნენ ყოველდღე მშობლები თავის ხუთ ბარტყს 60-70 თევზს, თუ არ ჩავთვლით იმას, რასაც თვითონ ჭამდნენ. ერთმა მამალმა, რომელსაც მეწყვილე ბარტყების გამოჩეკამდე ოთხი დღით ადრე დაეღუპა, ბარტყების მოვლა-პატრონობას მარტომ გაართვა თავი. ზოგ შემთხვევაში მშობლებს ბარტყების გამოჩეკასა და გაზრდაში ის ალკუნები ეხმარებიან, რომელთაც საკუთარი ბარტყები არა ჰყავთ.
ირლანდიიდან სოლომონის კუნძულებამდე
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცისფერი ალკუნია. ის ბინადრობს როგორც ევროპის ჩრდილო-დასავლეთით, ირლანდიაში, ისე რუსეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოლომონის კუნძულებზე. ზოგ ადგილებში, სადაც ალკუნები ბინადრობენ, ზამთარში ტემპერატურა საკმაოდ ეცემა. ამის გამო ალკუნები იმ იშვიათ ფრინველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც 3 000 კილომეტრის გადაფრენა უწევთ. მცირე მომღერალ და წითელნისკარტა ალკუნებს ხშირად შეხვდებით ისრაელშიც, გალილეის ზღვისა და მდინარე იორდანის სანაპიროებზე. როგორც ჩანს, იესო ქრისტეც აკვირდებოდა ამ ლამაზ ფრინველებსა და მათ ქცევებს (იხილეთ ჩარჩო „დააკვირდით ცის ფრინველებს“).
ალკუნისებრთა ოჯახის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ავსტრალიური მომღერალი კუკაბარაა. ეს ფრინველი სიგრძეში 43 სანტიმეტრს აღწევს და 8-სანტიმეტრიანი ძლიერი ნისკარტი აქვს. ეს მოყავისფრო ფრინველი ავსტრალიის ბაღებს ამშვენებს. მისი ხმა დამცინავ სიცილს მოგვაგონებს. ის უშიშარი მონადირეა და მის მენიუში თითქმის ერთმეტრიანი გველებიც შედის. *
მართალია ალკუნებს ბევრი მტერი არა ჰყავთ, მაგრამ მათი რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს მდინარეების დაბინძურებისა და მათი საცხოვრებელი ტყეების გაჩანაგების გამო. ალკუნის დაახლოებით 25 სახეობა გადაშენების პირას მისულთა კატეგორიაში მოხვდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ბუნების დაცვისთვის გათვალისწინებული პროგრამებით შესაძლებელი იქნება ამ ლამაზი და საინტერესო ფრინველის გადარჩენა.
[სქოლიო]
^ აბზ. 11 მისი მონათესავე ლურჯფრთიანი კუკაბარა, რომელიც ჩრდილოეთ ავსტრალიაში გვხვდება, არ იცინის.
[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]
„დააკვირდით ცის ფრინველებს“
იესო ქრისტე ყურადღებით აკვირდებოდა ბუნებას და დაკვირვების შედეგებს ხშირად იყენებდა მაგალითებში, რომ ხალხისთვის ზნეობრივი და სულიერი საკითხები ესწავლებინა. ერთხელ მან თქვა: „დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არა ხართ?“ (მათე 6:26). ეს მართლაც შესანიშნავი მაგალითია ადამიანებისთვის ღვთის სიყვარულის დასანახვებლად.