არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვკამათობთ ყოველთვის?

რატომ ვკამათობთ ყოველთვის?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ ვკამათობთ ყოველთვის?

ქვემოთ აღწერილ სიტუაციაში რეიჩელი სამი რამის გამო ხდება კამათის მიზეზი. შეგიძლია ამ სამი ფაქტორის დანახვა? შენი პასუხები ქვემოთ დაწერე და შემდეგ შეადარე სტატიის ბოლოს მოცემულ პასუხებს.

ოთხშაბათ საღამოს 17 წლის რეიჩელი როგორც იქნა სახლის საქმეებს მორჩა, ტელევიზორი ჩართო და თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდა.

ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა უკმაყოფილო სახით. „რეიჩელ, რა დროს ტელევიზორის ყურებაა. ახლა შენს დას არ უნდა ეხმარებოდე გაკვეთილების მომზადებაში?! შენ ხომ წესიერად არასდროს არაფერს აკეთებ!“

— აუ, ისევ დაიწყო, — ჩაილაპარაკა რეიჩელმა ისე, რომ დედასაც გაეგო.

— რა თქვი, ქალბატონო? — ჰკითხა დედამ.

— არაფერი, დე, — ამოიოხრა რეიჩელმა და უკმაყოფილების ნიშნად სახე შეეჭმუხნა.

— ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები! — გაბრაზდა დედა.

— შენ თვითონ რა ტონით მელაპარაკები? — სიტყვა შეუბრუნა რეიჩელმა.

დასვენების ნაცვლად ყველაფერი კამათით დამთავრდა.

1. ․․․․․

2. ․․․․․

3. ․․․․․

გეცნობათ ეს სიტუაცია? ხშირად კამათობთ შენ და შენი მშობლები? თუ ასეა, დაფიქრდი, რა არის ამის მიზეზი. ქვემოთ აღნიშნე, რა ხდება თქვენს შემთხვევაში კამათის მიზეზი. ბოლოში შეგიძლია შენი ვარიანტიც მიაწერო.

◯ ხასიათი

◯ საოჯახო საქმეები

◯ ჩაცმულობა

◯ სახლში დაბრუნების დრო

◯ გართობა

◯ მეგობრები

◯ საპირისპირო სქესი

◯ სხვა ․․․․․

რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კამათი არც შენთვის და არც შენი მშობლებისთვის იქნება სასიამოვნო. რა თქმა უნდა, შეიძლება არ შეეპასუხო მშობლებს და თავი ისე მოაჩვენო, თითქოს ყველაფერში ეთანხმები, მაგრამ ამას მოითხოვს ღმერთი შენგან? არა. ბიბლია მხოლოდ იმას არ მოითხოვს, რომ პატივი ვცეთ დედას და მამას (ეფესოელები 6:2, 3). იქ ისიც წერია, რომ გონიერებას მოვუხმოთ და გააზრებულად მოვიქცეთ (იგავები 1:1—4; რომაელები 12:1). ბუნებრივია, შენი და შენი მშობლების აზრები ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ იმ ოჯახებში, სადაც ბიბლიურ პრინციპებს იყენებენ, მშობლები და შვილები მშვიდად საუბრობენ მაშინაც კი, თუ ერთმანეთს არ ეთანხმებიან (კოლოსელები 3:13).

როგორ უნდა გამოთქვა აზრი ისე, რომ თქვენი საუბარი ცხარე კამათში არ გადაიზარდოს? ადვილია თქვა: „ყველაფერი მშობლების ბრალია, ისინი ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებენ“. მაგრამ გახსოვდეს, ერთადერთი, ვინც შეგიძლია შეცვალო, ისევ შენ ხარ. ასე რომ, თუ შენი მხრიდან ცდილობ განმუხტო სიტუაცია, მშობლებიც სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და ყურადღებით მოგისმენენ.

მოდი, ვიმსჯელოთ რა შეგიძლია გააკეთო, რომ საქმე კამათამდე არ მივიდეს. გაითვალისწინე ქვემოთ მოცემული რჩევები და შედეგით შენც გაოცდები და შენი მშობლებიც.

(მითითება: მონიშნე ის რჩევა, რომლის გათვალისწინებაც გჭირდება).

დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. ბიბლიაში წერია: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“ (იგავები 15:28). როცა გრძნობ, რომ მშობლები „გიტევენ“, მაშინვე ნუ მიახლი მათ ყველაფერს, რაც ენაზე მოგადგება. დავუშვათ დედა გეუბნება: „რატომ არ გარეცხე ჭურჭელი? შენ არასდროს აკეთებ იმას, რასაც გთხოვ!“ პირველივე რეაქცია შეიძლება ასეთი იყოს: „დე, რა გამიწყალე გული!“ ეცადე გონიერება გამოავლინო და დაინახო, სინამდვილეში რისი თქმა უნდოდა დედას. ყურადღებას ნუ გაამახვილებ სიტყვებზე „ყოველთვის“ და „არასდროს“, რადგან მშობელი ამ სიტყვებს სხვა რამის გამო ამბობს. რა შეიძლება იყოს ეს?

შეიძლება დედა საოჯახო საქმეებით არის გადატვირთული და უნდა, რომ მხარში ამოუდგე. სიმართლე რომ ვთქვათ, შეიძლება შენც ბევრჯერ დაგეზარა, რომ დედას მიხმარებოდი. მაგრამ შენი მკვახე პასუხით, „დე, რა გამიწყალე გული!“, ვერაფერს მოიგებ და სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავ. შეგიძლია დედა დაამშვიდო და ასეთი სიტყვები უთხრა: „დე, არ გამიბრაზდე, ახლავე გავრეცხავ ჭურჭელს“. ოღონდ დაუკვირდი, რა ტონით ეტყვი ამას. თუ თანაგრძნობას გამოავლენ მშობლის მიმართ, თქვენ შორის ურთიერთობა აღარ დაიძაბება.

ქვემოთ დაწერე მშობლის რომელმა სიტყვებმა შეიძლება გაგაღიზიანოს.

․․․․․

ქვემოთ დაწერე, ამ შემთხვევაში რა შეგიძლია უთხრა მშობელს ისე, რომ მისი გრძნობებიც გაითვალისწინო.

․․․․․

ილაპარაკე პატივისცემით. მიშელმა საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, როგორ ესაუბრება დედას. „მნიშვნელობა არა აქვს რაზე ვსაუბრობთ, დედას არასდროს მოსწონს ჩემი საუბრის ტონი“, — ამბობს ის. თუ შენს შემთხვევაშიც ასე ხდება, ეცადე უფრო მშვიდად და ნელა ილაპარაკო. მოერიდე უკმაყოფილების გამომხატველ ჟესტებსა და მიმიკებს (იგავები 30:17). თუ გრძნობ, რომ მოთმინებას კარგავ ღმერთს ლოცვით მიმართე გულში (ნეემია 2:4). ლოცვისას ღმერთს მოთმინება უნდა სთხოვო, რომ ცეცხლზე ნავთი არ დაასხა და არა ის, რომ მშობლებმა თავი დაგანებონ (იაკობი 1:26).

ქვემოთ ჩამოწერე, რისი თქმა ან გაკეთება არ ღირს ამ დროს.

სიტყვები:

․․․․․

ჟესტები და მიმიკები:

․․․․․

იყავი მომსმენი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია“ (იგავები 10:19). დააცადე მშობლებს ლაპარაკი და ყურადღებით მოუსმინე. გამორთე მუსიკა, წიგნი ან ჟურნალი გვერდზე გადადე და ლაპარაკისას თვალებში უყურე. თავის გასამართლებლად სიტყვას ნუ გააწყვეტინებ, უბრალოდ მოუსმინე. ბოლომდე ათქმევინე მათ სათქმელი და მერე უთხარი რისი თქმაც გინდოდა. თუ გაჯიუტდები და სათქმელს მაშინვე მიახლი, სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავ. უფრო მეტის თქმაც რომ გინდოდეს, შეიძლება ამ დროს გაჩუმება ჯობდეს (ეკლესიასტე 3:7).

მზად იყავი მობოდიშებისთვის. თუ ხვდები, რომ შენი საქციელი გახდა კამათის მიზეზი, მოიბოდიშე (რომაელები 14:19). შეგიძლია იმისთვისაც მოიხადო ბოდიში, რომ სიტუაცია შენ გამო დაიძაბა. თუ სიტყვიერად გიჭირს ამის გაკეთება, შეგიძლია შენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანო. მხოლოდ ამას ნუ დასჯერდები და ეცადე აღარ გააკეთო ის, რამაც უთანხმოება გამოიწვია (მათე 5:41). თუ კამათის მიზეზი შენი სიზარმაცე გახდა, მშობლებს სიურპრიზი გაუკეთე და მათი თხოვნა შეასრულე. ამ საქმის გაკეთება რომც არ გსიამოვნებდეს, აჯობებს გააკეთო ის და თავი აარიდო უსიამოვნებას (მათე 21:28—31).

თუ ეცდები, რომ თქვენ შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს, ამით ცხოვრებას უფრო გაიადვილებ. ბიბლიაში წერია, რომ „კეთილი კაცი აჯილდოებს თავის სულს“ (იგავები 11:17). იფიქრე იმაზე, რა მხრივ იქნება შენთვის კარგი, თუ ყველაფერს გააკეთებ, რომ მშობლებთან ურთიერთობა არ გაიფუჭო.

კონფლიქტები კარგ ოჯახებშიც ხდება, მაგრამ მათ იციან, როგორ მოაგვარონ ყველაფერი მშვიდობიანად. გამოიყენე სტატიაში მოცემული რჩევები და თავად დარწმუნდები, რომ მშობლებთან კამათის გარეშე შეძლებ ნებისმიერ თემაზე საუბარს.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი

● რატომ ფიქრობს ზოგი შენი თანატოლი, რომ კამათში ცუდი არაფერია?

● რატომ უწოდებს იეჰოვა მოკამათე ადამიანს უგუნურს? (იგავები 20:3).

[ჩარჩო⁄სურათები 27 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ. . .

„მართალია თავს თვითონ ვირჩენ, მაგრამ ჯერ ისევ დედასთან ვცხოვრობ, ამიტომ ვალდებული ვარ, მასაც მოვუსმინო. ის წლების განმავლობაში ზრუნავდა ჩემზე, ამიტომ კარგად მესმის, რატომ მამოწმებს, მაგალითად, რომელ საათზე ვბრუნდები სახლში“

„თუ მე და ჩემი მშობლები რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ ამ საკითხზე შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიოთ და ერთად ვიმსჯელოთ. ასე მივდივართ ერთ აზრამდე. როცა იეჰოვას არ ვივიწყებთ ასეთ სიტუაციებში, ყველაფერი კარგად მთავრდება“

[სურათები]

დანიელი

კამერონი

[ჩარჩო 29 გვერდზე]

პასუხები

1. ირონიულმა სიტყვებმა („აუ, ისევ დაიწყო“) ცეცხლზე ნავთი დაასხა და დედა უფრო გააღიზიანა.

2. რეიჩელის მიმიკამ (სახის შეჭმუხნა) უფრო დაძაბა სიტუაცია.

3. ენის შებრუნება („შენ თვითონ რა ტონით მელაპარაკები?“) ყოველთვის უარყოფით რეაქციას იწვევს.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

მშობლების საყურადღებოდ

გადახედეთ ამ სტატიის დასაწყისში მოცემულ სიტუაციას. თქვენი აზრით რეიჩელის დედის რომელმა საქციელმა გამოიწვია კამათი? როგორ უნდა აარიდოთ თავი თქვენს მოზარდ შვილთან კამათს? შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა.

მოერიდეთ ფრაზებს: „შენ ყოველთვის . . .“ ან „შენ არასდროს . . .“. ასეთი ფრაზების შემდეგ თქვენი შვილი ავტომატურად თავდაცვაზე გადავა. ეს ფაქტების გაზვიადებაა, რაც თქვენმა შვილმაც კარგად იცის. ის იმასაც ხვდება, რომ ამას ცხელ გულზე ამბობთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი უპასუხისმგებლობა გაწუხებთ.

შვილთან საუბრისას სულ იმას ნუ ეტყვით „შენ . . . შენ“. ამის ნაცვლად, თქვენს გრძნობებზე ილაპარაკეთ. მაგალითად, „როდესაც შენ . . ., მე თავს . . . ვგრძნობ“. თქვენი შვილისთვის სულერთი არ არის, რას გრძნობთ. თუ მას დაანახვებთ თქვენს გრძნობებს, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ გაგიგებთ.

რთულია თავის შეკავება, როცა გაღიზიანებული ხართ (იგავები 10:19). თუ კამათი ხშირად საოჯახო საქმეების გამო გიწევთ, დაელაპარაკეთ შვილს ამის შესახებ. დაწერეთ, კონკრეტულად რას ითხოვთ მისგან და რა ზომებს მიიღებთ, თუ თქვენი მოლოდინი არ გამართლდება. მოთმინებით მოუსმინეთ შვილს მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ის არასწორად მსჯელობს. ბევრი მოზარდი მოსმენას უფრო აფასებს, ვიდრე ნოტაციების კითხვას.

მაშინვე ნუ დაასკვნით, რომ თქვენს შვილს ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელი მოჯანყე სული აქვს. ეს შეიძლება ბავშვის ზრდისთვის დამახასიათებელი მოვლენებია. ზოგჯერ მათ კამათით უნდათ დაგიმტკიცონ, რომ დიდები არიან. ნუ აჰყვებით მათ კამათში. გახსოვდეთ, თქვენი რეაქციიდან ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს. იყავით მომთმენი და სულგრძელი და შვილებს კარგ მაგალითს მისცემთ (გალატელები 5:22, 23).

[სურათი 28 გვერდზე]

მშობლებთან კამათი სარბენ ბილიკზე სირბილს ჰგავს — ბევრ ენერგიას ხარჯავ, მაგრამ ისევ ერთ ადგილს ტკეპნი