რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
„მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს მობილური ტელეფონი აქვს . . . ეს დიდი ცვლილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ექვსი წლის წინ მობილურ ტელეფონზე მოსახლეობის 15 პროცენტზე ნაკლებს მიუწვდებოდა ხელი“ (MACLEAN’S, კანადა).
გასულ ათწლეულში მწერებისა და ცხოველების 1 068 ახალი სახეობა აღმოაჩინეს სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში, მდინარე მეკონგის მიდამოებში (WORLD WILDLIFE FUND, შეერთებული შტატები).
„ამერიკაში მსოფლიო მოსახლეობის 5 % ცხოვრობს, მაგრამ მსოფლიოში პატიმართა დაახლოებით 25 % ამ ქვეყანაზე მოდის. ყოველი 100 000 მოსახლიდან 756 პატიმარია, რაც მსოფლიოში საშუალო მონაცემებთან შედარებით ხუთჯერ მეტია“ (THE ECONOMIST, ბრიტანეთი).
მუდმივად გაფანტული ყურადღება
ზოგიერთი საკომუნიკაციო საშუალება ხელს უშლის ადამიანს სამუშაოზე კონცენტრირებაში. სპეციალისტები სწავლობენ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე ტექნიკა, მაგალითად მყისიერი შეტყობინებები, კალენდრისა და ელექტრონული ფოსტის სიგნალები და კომპიუტერის მოლივლივე ფანჯრები. მათი აზრით ეს ტექნიკური საშუალებები მის მომხმარებელს ხელს უშლის კონცენტრირებაში, რადგან მას ყურადღება მუდმივად ათას რამეზე აქვს გადატანილი. როგორც ჟურნალ „ნიუსუიკშია“ ნათქვამი, მუდმივი მომცდენი ფაქტორების გამო ადამიანი დიდხანს ვერ ახდენს ერთ აზრზე კონცენტრირებას და უჭირს საქმის ბოლომდე მიყვანა. ყურადღების მუდმივი გაფანტვა შეიძლება გახდეს ამნეზიის, მეხსიერების დაქვეითებისა და კატასტროფული შედეგების გამომწვევი შეცდომების მიზეზი.
მოთხოვნილება მთარგმნელებზე
სასამართლოებს, სამართალდამცავ ორგანოებს, საავადმყოფოებს და სხვა დაწესებულებებს შეერთებულ შტატებში ხშირად სჭირდებათ მთარგმნელები, რომ შეძლონ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანების დახმარება. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ ცნობით სპეციალური სააგენტოები მთარგმნელთა მომსახურებას სთავაზობენ დღევანდელ „მრავალენოვან მსოფლიოს“. კალიფორნიაში არსებულ ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში 5 200 მთარგმნელი მუშაობს, რომლებიც 176 ენაზე საუბრობენ. ამ ენებს შორისაა ისეთი გავრცელებული ენები, როგორიცაა ჩინური, რუსული და ესპანური და უფრო ნაკლებად გავრცელებული ენები, რომლებზეც აფრიკისა და მექსიკის ზოგიერთ ნაწილში საუბრობენ. ასეთ კომპანიებს წუთიც არ სჭირდებათ იმის დასადგენად, რომელ ენაზე საუბრობს ადამიანი და მაშინვე აკავშირებენ მთარგმნელთან, რომელსაც შეუძლია კლიენტს გაესაუბროს.
ოქროს უცნაური საბადო
„რეიტერის“ ცნობით ტოკიოს ჩრდილო-დასავლეთით, ნაგანოს პრეფექტურამ სასარგებლო წიაღისეულის ახალ წყაროს მიაგნო კანალიზაციაში. ქალაქ სუვაში გამწმენდ ნაგებობებში გადამუშავებულ თხევად მასაში ოქროს იმაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა, ვიდრე იაპონიის ოქროთი მდიდარ საბადოებში. პრეფექტურა იმედოვნებს, რომ ერთ საფინანსო წელში 15 მილიონი იენის ანუ 167 000 დოლარის მოგებას ნახავს. როგორც ვარაუდობენ კანალიზაციაში ოქროს ასეთი დიდი პროცენტული მაჩვენებელი განპირობებულია ახლომდებარე ქარხნების სიმრავლით, რომლებიც წარმოებაში ოქროს იყენებენ.