როგორ გადაარჩინა „გამოიღვიძეთ!“-მა არშობილი ბავშვი სიკვდილს
როგორ გადაარჩინა „გამოიღვიძეთ!“-მა არშობილი ბავშვი სიკვდილს
● სამი შვილის დედა, მექსიკელი ანიტა მეოთხე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. * მას ამ ბავშვის გაჩენა არ უნდოდა, ამიტომ მეუღლეს უთხრა, რომ ყველანაირად ეცდებოდა მის მოშორებას. მას ბავშვის გაჩენას თავის მოკვლა ერჩივნა. ანიტა იმ პერიოდში ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ ნასწავლს ცხოვრებაში თითქმის არ იყენებდა. „ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი“, — გვიყვება ის.
მოწმემ, რომელიც ანიტას ბიბლიას ასწავლიდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მას ბიბლიის პრინციპი დაანახვა. მან ანიტას აჩვენა, რომ ღვთის თვალში ჯერ არშობილი ბავშვის სიცოცხლეც წმინდაა. ძველ ისრაელში, თუ ვინმე ორსულ ქალს ზიანს მიაყენებდა და შედეგად ქალი ან ბავშვი დაიღუპებოდა, ღვთის კანონის თანახმად ზიანის მიმყენებელი მკვლელად ითვლებოდა (გამოსვლა 21:22, 23). * მაგრამ ანიტას არაფრის გაგონება არ სურდა. ის აზრის შეცვლას არ აპირებდა.
„ვიღაცამ მითხრა, რომ თუ ერთ წამალს გავიკეთებდი, მუცელი თავისით მომეშლებოდა. ვიყიდე წამალი და მეგობარს ვთხოვე, გაეკეთებინა. მან გამიკეთა, მაგრამ არაფერი მომხდარა. მოგვიანებით გავიგე, რომ წამლის ნაცვლად თურმე წყალი გამიკეთა იმის შიშით, რომ მკვლელობის თანამონაწილე არ გამხდარიყო“, — ამბობს ანიტა.
ანიტა თავისას არ იშლიდა. ოთხი თვის ფეხმძიმემ ერთი ექიმი დაითანხმა აბორტის გაკეთებაზე. ექვსი დღით ადრე, ვიდრე ანიტა ექიმთან მივიდოდა, მოწმემ მას მისცა 1980 წლის 22 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში გამოქვეყნებული სტატია „არშობილი ბავშვის დღიური“ (ქართულად ეს სტატია შეგიძლიათ ნახოთ 1996 წლის ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში). დღიური ასეთი სიტყვებით მთავრდება: „დღეს ჩემმა დედიკომ მომკლა“. ამ სიტყვებმა ანიტა შოკში ჩააგდო და რამდენიმე საათი გულამოსკვნილი ქვითინებდა. „ამ სტატიამ თვალები ამიხილა“, — ამბობს ის.
ანიტას ჯანმრთელი გოგონა შეეძინა. ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ იეჰოვას, რომელიც მთელი გულით მიყვარს“. ანიტა თავის გოგონას ასწავლის ბიბლიას, რომ მანაც შეიყვაროს იეჰოვა. მისი გოგონა აღიარებს, რომ ღვთის წყალობით არის ცოცხალი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის არის სიცოცხლის წყარო და მეორეც იმიტომ, რომ ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“, რომელშიც ღვთის სიტყვებია განხილული, ის სიკვდილს გადაარჩინა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.
^ აბზ. 3 ორიგინალში ამ სიტყვებში იგულისხმება დედის ან ბავშვის სიკვდილი.