როგორ გავხდი ესესის ოფიცერი ჭეშმარიტი ღვთის მსახური
როგორ გავხდი ესესის ოფიცერი ჭეშმარიტი ღვთის მსახური
მოგვითხრო გოტლიბ ბერნჰარდტმა
გერმანიის ესესში, ჰიტლერის პრივილეგირებულ სამხედრო დაცვაში ოფიცრად ვმსახურობდი. 1945 წლის აპრილში, როცა ვეველსბურგის ციხესიმაგრეში ვიმყოფებოდით, მივიღე ბრძანება, რომ ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრები დამეხოცა. ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. ჩემგან, როგორც ესესის ოფიცრისგან, უსიტყვო მორჩილება მოითხოვებოდა. ამის გამო სერიოზული არჩევნის წინაშე დავდექი. ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, რატომ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში.
დავიბადე 1922 წელს გერმანიაში, მდინარე რაინის პირას მდებარე ერთ პატარა სოფელში. მართალია სოფელში უმეტესობა კათოლიკე იყო, მაგრამ ჩვენ პიეტისტები ვიყავით. ამ რელიგიურ მიმდინარეობას მე-17 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. 1933 წელს, როცა 11 წლის ვიყავი, გერმანიის ხელისუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა. იმის გამო, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი და სპორტშიც წარმატებებს ვაღწევდი, რამდენიმე წელიწადში პოლონეთში, მარიენბურგთან, ახლანდელ მალბორკთან ახლოს, მიმიწვიეს აკადემიაში სასწავლებლად. იქ, სახლიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, ნაციონალ-სოციალისტურ ანუ ნაცისტურ იდეოლოგიას გვინერგავდნენ. ამავე დროს აკადემიაში გვინერგავდნენ ღირსებას, გულმოდგინებას, ერთგულებას, მორჩილებას, მოვალეობის გრძნობას და ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაფასებას.
მეორე მსოფლიო ომი და ესესი
1939 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერის მოიერიშე რაზმში (Leibstandarte SS) დავიწყე მსახურება. ეს ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ ჰიტლერის ბრძანებას ემორჩილებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლების დაცვისა და სპეციალური სამხედრო მოქმედებებისთვის იყო განკუთვნილი. არაერთ ბრძოლას შევესწარი ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში. ბულგარეთში ერთ რელიგიურ ცერემონიალს დავესწარი, რომელსაც არმიის მღვდელი ატარებდა. იქ ყოფნისას ვფიქრობდი: „ნეტავ, ჩვენი მტრებიც ატარებენ მსგავს ცერემონიებს? აკურთხებს ღმერთი ომებს ან უჭერს მხარს ის რომელიმე მხარეს?“
მოგვიანებით, სამხედრო აკადემიაში ( Junkerschule) ჩავირიცხე. ამ აკადემიაში ახალგაზრდა ჯარისკაცებს მაღალი სამხედრო წოდებისთვის ამზადებდნენ. ამის შემდეგ დავინიშნე იმ რაზმში, რომელსაც ბერლინში რაიხის შტაბის დაცვა ევალებოდა. ერთხელ შევესწარი, როგორ უყვირა სახალხოდ ჰიტლერმა ერთ გავლენიან პოლიტიკოსს. ეს უღირს საქციელად ჩავთვალე, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას როგორ გავბედავდი.
ბერლინში გავიცანი ინგე, რომელიც რაიხის შტაბში მუშაობდა. როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ, მოულოდნელად ჩვენი ნაწილი რუსეთის ფრონტზე გადაიყვანეს ისე, რომ წესიერი ზამთრის
ტანსაცმელიც არ მოუციათ. ყველას ძალიან გაგვიჭირდა, რადგან 1941 წლის ზამთარში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა. ამ პერიოდში მეორედ მივიღე რკინის ჯვარი, უმაღლესი სამხედრო ორდენი. მოგვიანებით მძიმედ დავიჭერი, რის გამოც ისევ გერმანიაში გადამიყვანეს. 1943 წელს მე და ინგე დავქორწინდით.ამის შემდეგ დამნიშნეს ჰიტლერის ობერზალცბერგის შტაბში, რომელიც ბავარიის მთებში მდებარეობდა. ამ შტაბში მუშაობდა ესესის მეთაური ჰაინრიხ ჰიმლერიც. მან თავის პირად ექიმს და მასაჟისტს, ფელიქს კერსტენს დაავალა ჩემი მოვლა. მოგვიანებით გავიგე, რომ კერსტენს ადგილ-მამული ჰქონდა ჰარცვალდეში, ბერლინთან ახლოს. ომის წლებში მან ჰიმლერისგან აიღო ნებართვა, რომ ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკში დატყვევებული იეჰოვას მოწმეები თავის მამულში ემუშავებინა. კერსტენი პატივისცემით ეპყრობოდა მოწმეებს. მოწმე, რომელიც შვედეთში კერსტენის სახლში მუშაობდა, გერმანელი მოწმეებისთვის „საგუშაგო კოშკის“ ეგზემპლარს ყოველთვის დებდა კერსტენის ჩანთაში. *
შეხვედრა იეჰოვას მოწმეებთან
1944 წლის ბოლოს ჰიმლერმა ესესის გენერლის პირად ადიუტანტად დამნიშნა. ის განაგებდა ქალაქ პადერბორნთან მდებარე 400 წლის წინათ აშენებულ ვეველსბურგის ციხესიმაგრეს. ჰიმლერს უნდოდა, რომ ვეველსბურგი ესესელთა იდეოლოგიის ცენტრად ექცია. ამ ციხესიმაგრესთან იყო ერთი პატარა საკონცენტრაციო ბანაკი, ნიდერჰაგენი, სადაც სხვა პატიმრებთან ერთად განსაკუთრებული ჯგუფი ჰყავდათ დატყვევებული; ესენი იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რომლებსაც ბიბლიის მკვლევარებსაც ეძახდნენ.
ერთ-ერთი პატიმარი, ერნსტ შპეხტი რამდენჯერმე მოვიდა ჩემთან ჭრილობების დასამუშავებლად. „დილა მშვიდობისა, ბატონო“, — ჩვეულებრივ ასე მესალმებოდა ის.
— რატომ არ ამბობ, ჰაილ ჰიტლერ? — ვკითხე ერთხელ.
— თქვენ ქრისტიანი ხართ? — კითხვაზე კითხვით მომიგო პატივისცემით.
— კი, პიეტისტების ოჯახში გავიზარდე, — ვუთხარი მე.
— მაშინ გეცოდინებათ, რომ ბიბლია ხსნას (ჰაილ) მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით გვპირდება. ამიტომ ვერ ვიტყვი, ჰაილ ჰიტლერ! — მითხრა მან.
— აქ რატომ ხარ? — ვკითხე გაოცებულმა.
— მე ბიბლიის მკვლევარი ვარ, — მიპასუხა მან.
ერნსტთან და კიდევ ერთ მოწმესთან, ერიხ ნიკოლაიციგთან, საუბრები ჩემს გულს შეეხო. ერიხი
პარიკმახერი იყო. მათთან რელიგიურ თემებზე საუბარი აკრძალული იყო და ჩემს მეთაურსაც ვყავდი გაფრთხილებული, რომ მათთან არ მელაპარაკა. მიუხედავად ამისა, ვხვდებოდი, რომ თუ ყველა მოწმეებივით მოიქცეოდა გერმანიაში, სადაც უმეტესობა თავს ქრისტიანად აცხადებდა, ომი არ მოხდებოდა. „ამ ხალხს კი არ უნდა დევნიდნენ, დიდ პატივს უნდა სცემდნენ“, — ვფიქრობდი ჩემთვის.იმ პერიოდში ერთმა სასოწარკვეთილმა ქვრივმა დამირეკა და ტრანსპორტი მთხოვა შვილისთვის. მის ვაჟს ბრმა ნაწლავის სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მას მაშინვე გამოვუყავი ტრანსპორტი, მაგრამ ჩემმა მეთაურმა ბრძანება გააუქმა, რადგან მისი ქმარი სიკვდილით დასაჯეს 1944 წლის ივლისში ჰიტლერზე თავდასხმის მცდელობის გამო. ქალს ვერაფრით დავეხმარე და ბავშვიც დაიღუპა. ამის გამო სინდისი დღესაც მაწუხებს.
საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ დავინახე, რომ რეალობა ისეთი არ იყო, როგორც ამას ნაცისტები გვიხატავდნენ. ამავე დროს უფრო მეტად ვიხიბლებოდი იეჰოვას მოწმეებითა და მათი სწავლებით. ამის გამო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწია.
1945 წლის აპრილში მოკავშირეთა ჯარები მოგვიახლოვდნენ. ჩემი მეთაური ვეველსბურგიდან გაიქცა. ჩვენთან ჰიმლერის გამოგზავნილი რაზმი მოვიდა და მისი ბრძანება გადმოგვცა, რომ ციხესიმაგრე დაგვენგრია და პატიმრები დაგვეხოცა. ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკის მეთაურმა გადმომცა იმ პატიმართა სია, რომლებიც უნდა დამეხოცა. სიაში სულ მოწმეები იყვნენ შეტანილი. როგორც ვარაუდობდნენ, მოწმეებმა იცოდნენ მესამე რაიხის მიერ მოპარული ხელოვნების ნიმუშების ადგილსამყოფელი. ამის შესახებ კი არავის უნდა სცოდნოდა. ორ ცეცხლს შუა აღმოვჩნდი.
ბანაკის მეთაურთან მივედი და ვუთხარი: „ამერიკელები გვიახლოვდებიან. ხომ არ აჯობებს, რომ თქვენ და თქვენმა ხალხმა აქაურობა დატოვოთ?“. მის დასაყოლიებლად დიდი დრო არ დამჭირვებია. მისი წასვლის შემდეგ ესესის ოფიცრისთვის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მივიღე — ბრძანებას არ დავემორჩილე და მოწმეებს სიცოცხლე შევუნარჩუნე.
მეც ერთ-ერთი მათგანი ვხდები
ომის შემდეგ მე და ინგე იეჰოვას მოწმეებს დავუკავშირდით და მთელი გულით შევუდექით ბიბლიის შესწავლას. შესწავლაში ერთი მოწმე, ავგუსტა გვეხმარებოდა. ომში მიღებული ჭრილობებისა და ომისშემდგომი კრიზისის გამო ცხოვრება ძალიან გვიჭირდა. მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ მაინც მივუძღვენით თავი იეჰოვას და 1948 წელს მე მოვინათლე, ერთ წელიწადში კი — ინგე.
1950-იან წლებში ის მოწმეები, რომლებიც ომის პერიოდში ვეველსბურგში იმყოფებოდნენ, ერთმანეთს ისევ იქ შეხვდნენ. მათ შორის იყო ერნსტ შპეხტი, ერიხ ნიკოლაიციგი და კიდევ ერთი ერთგული მოწმე, მაქს ჰოლვეგი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ იმ გაბედული ქრისტიანების ძმა მქვია, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რომ ჩემთვის ექადაგათ. ამ შეხვედრას ესწრებოდა მარტა ნიმანი, რომელიც ომის დროს მდივნად მუშაობდა ვეველსბურგში. იეჰოვას მოწმეების საქციელმა მასზე ისე იმოქმედა, რომ მოგვიანებით ისიც იეჰოვას მსახური გახდა.
როცა წარსულს ვიხსენებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის [სატანა ეშმაკის] ხელშია“, რასაც თავის დროზე ჩემი გულუბრყვილობით ვერ ვაცნობიერებდი (1 იოანე 5:19). დავინახე, რამხელა განსხვავებაა ჰიტლერის ტირანულ რეჟიმსა და იეჰოვას მსახურებას შორის. ეს ტირანული რეჟიმი ბრმად მორჩილებას მოითხოვდა, იეჰოვას კი სურს, რომ ბიბლიის მეშვეობით ჯერ გავიცნოთ ის და გავიგოთ მისი განზრახვები, შემდეგ კი სიყვარულით ვემსახუროთ მას (ლუკა 10:27; იოანე 17:3). მზად ვარ, იეჰოვას სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურო.
[სქოლიო]
^ აბზ. 9 იხილეთ 1972 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 399 (ინგლ.).
[სურათი 19 გვერდზე]
ჩვენი ქორწილის სურათი, 1943 წლის თებერვალი
[სურათი 19 გვერდზე]
ვეველსბურგის ციხესიმაგრე, რომელიც ესესელთა იდეოლოგიის ცენტრად უნდა ექციათ
[სურათი 20 გვერდზე]
ჩემს მეუღლესთან, ინგესთან ერთად