როცა მზე სისხლისფერი გახდა
როცა მზე სისხლისფერი გახდა
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ვრცელი ტერიტორიები 1783 წლის ზაფხულში რამდენიმე თვე უცნაური მშრალი ბურუსით იყო მოცული. მზე სისხლივით გაწითლდა, მცენარეულობა გახმა და უამრავი ადამიანი დაიღუპა. როგორც ვარაუდობენ, მხოლოდ საფრანგეთსა და ინგლისში დაღუპულთა რიცხვმა ათობით ათასს მიაღწია. გარდა ამისა, იმდენი დაავადდა, რომ ფერმერები მუშახელს ვეღარ პოულობდნენ მოსავლის ასაღებად.
ამ ნისლს „ბოლო ათასწლეულის ყველაზე უცნაური მეტეოროლოგიური და გეოფიზიკური მოვლენა“ უწოდეს. იმ დროს მხოლოდ ისლანდიელები ხვდებოდნენ, რა იყო ამის მიზეზი. ეს იყო ადგილობრივი ვულკანის ამოფრქვევა, რომლის მსგავსიც, სპეციალისტების მტკიცებით, მხოლოდ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ ხდება. ბუნებრივია, ამ ამოფრქვევამ ყველაზე მეტად ისლანდია დააზარალა, სადაც სტიქიამ მოსახლეობის 20 პროცენტი იმსხვერპლა.
ვულკან ლაკის ამოფრქვევა
1783 წლის 8 ივნისს, ისლანდიის სამხრეთით, სიტას რეგიონის მცხოვრებლებმა ვულკან ლაკის ამოფრქვევის პირველი ავის მომასწავებელი ნიშნები შენიშნეს. ეს მოვლენა იმ დროს რამდენიმე ქვეყანაში წერილობით აღწერეს, რის საფუძველზეც მეცნიერებმა შეძლეს რუკის შედგენა, რომელზეც ზუსტად არის აღნიშნული, დღითი დღე როგორც ვრცელდებოდა ვულკანური ღრუბელი. ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ისლანდიელმა იონ სტინგრიმსონმა ჩრდილოეთიდან მომავალი „შავი ღრუბელი“ იხილა. ცა დაბნელდა და მიწა ფერფლით დაიფარა, ამას ბიძგები და მიწისძვრა მოჰყვა. ის წერს, რომ ერთი კვირის შემდეგ „შემზარავი ცეცხლის ნაკადი წამოვიდა სკაფტას [მდინარე] კალაპოტში“, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებდა. სტინგრიმსონი ამ მოვლენას რვა თვის განმავლობაში წერილობით აფიქსირებდა.
დედამიწის ქერქში გაჩენილი 25-კილომეტრიანი ნაპრალიდან 15 კუბური კილომეტრი ლავა ამოიფრქვა. მსგავსი მასშტაბის ამოფრქვევა ისტორიას არ ახსოვს. გავარვარებული ქანები ასობით მეტრ სიმაღლეზე იფრქვეოდა. ნაპრალიდან ამოხეთქილი ლავა 80 კილომეტრზე გაიშალა და მთლიანობაში 580 კვადრატული კილომეტრი დაფარა. მან მდინარე სკაფტას კალაპოტიც ამოავსო.
ისლანდიის საძოვრებზე მოფენილმა ფერფლმა და ტოქსიკურმა ნივთიერებებმა მომდევნო წლის განმავლობაში მსხვილფეხა საქონლის 50 პროცენტი, ხოლო ცხენებისა და ცხვრების 80 პროცენტი გაწყვიტა. ამას შიმშილობაც დაემატა. ლაკის ნაპრალიდან ატმოსფეროში დაახლოებით 122 მილიონი ტონა გოგირდის ორჟანგი ამოიფრქვა, ხოლო ორთქლთან ურთიერთქმედებით 200 მილიონი ტონა მჟავური აეროზოლი წარმოიქმნა. *
გავრცელების მასშტაბი
ზაფხულის ქარებმა მომწამლავი აირები შორ მანძილებზე წაიღო. ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოსახლეობის თქმით, არავის ენახა ასეთი უცნაური ნისლი. ამ გოგირდოვანმა ნისლმა, რომელსაც თან მეტად არასასიამოვნო სუნი ჰქონდა, მოსახლეობაში დიზენტერია, თავის ტკივილი, თვალებისა და ყელის წვა, სასუნთქი გზების დაავადებები და სხვა პრობლემები გამოიწვია. გოგირდის ორჟანგითა და გოგირდმჟავით გაჯერებულმა
სქელმა ღრუბელმა არც დიდი დაინდო და არც პატარა.როგორც გერმანული წყაროებიდან ვიგებთ, ტოქსიკურმა ღრუბელმა ერთ ღამეში გაახმო მდინარე ემსის სანაპიროზე მდგარი ხეების ფოთლები. ინგლისში მცენარეულობა ისე დაჭკნა, თითქოს დაიხრუკაო. იმავეს იუწყებოდნენ საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან, სკანდინავიიდან და სლოვაკეთიდან. ეს ნისლი ისეთ შორეულ ქვეყნებსაც მისწვდა, როგორებიცაა პორტუგალია, ტუნისი, სირია, რუსეთი, ჩინეთის დასავლეთი ნაწილი და ნიუფაუნდლენდი.
ატმოსფერო იმდენად იყო დაბინძურებული, რომ მზის სხივებს არ ატარებდა, რამაც ტემპერატურაზეც იმოქმედა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში 1784 წელი ევროპის კონტინენტურ ნაწილში ყველაზე ცივი იყო, რადგან ტემპერატურა საშუალოსთან შედარებით 2 გრადუსით დაეცა, ისლანდიაში კი თითქმის — 5 გრადუსით. ჩრდილოეთ ამერიკაში 1783-1784 წლებში ზამთარი ძალიან ცივი იყო. მაშინდელი ცნობების თანახმად, ყინულის ნატეხები „მისისიპის ჩამოჰყვა . . . და მექსიკის ყურემდე მიაღწია“.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ალასკის ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ესკიმოსი კაუვერაკები გადაშენების საფრთხის წინაშე იმ შიმშილობის გამო დადგნენ, რომელიც ვულკან ლაკის ამოფრქვევას მოჰყვა. დენდროქრონოლოგიის (ხის წლიური რგოლების ანალიზი) საფუძველზე დასტურდება, რომ ბოლო 400 წლის განმავლობაში 1783 წლის ზაფხული ალასკაზე ყველაზე ცივი იყო. კაუვერაკების ზეპირი გადმოცემის თანახმად, ერთ წელიწადს თბილი სეზონი ივნისში დასრულდა, რასაც ყინვები და შიმშილობა მოჰყვა.
ვულკანი ლაკი და თანამედროვე მსოფლიო
1783 წელს მომხდარი სტიქიური უბედურება დავიწყებას მიეცა ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდი ხნის წინ მოხდა, მეორეც უმეტესობა ვერ მიხვდა, რამ გამოიწვია ეს. მაგრამ ისლანდიელთათვის ვულკან ლაკის ამოფრქვევა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე საშინელ კატასტროფად ითვლება.
ზოგს ეს მოვლენა ღვთის სასჯელი ეგონა. მაგრამ ბიბლია არ ეთანხმება ამ შეხედულებას (იაკობი 1:13). ღმერთი განურჩევლად არ ანადგურებს კეთილსა და ბოროტს, რადგან „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). მომავალში ღმერთი თავის სამართლიანობას თვალსაჩინოდ დაამტკიცებს, როცა ადამიანთა ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. როგორც ბიბლიაში წერია, მისი მიზანია, მოსპოს სიკვდილისა და ტანჯვის, მათ შორის სტიქიური უბედურებების გამომწვევი ყველა მიზეზი (ესაია 25:8; გამოცხადება 21:3, 4).
[სქოლიო]
^ აბზ. 7 გოგირდის ორჟანგი დღესდღეობით ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია, რაც მჟავურ წვიმებს იწვევს. გაზები წარმოიქმნება წიაღისეული საწვავის — ნახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის — წვის შედეგად.
[სურათი 14, 15 გვერდებზე]
ვულკან ლაკის ზემოდან გადაღებული ფოტო
[სურათი 14, 15 გვერდებზე]
გავარვარებული ლავის შადრევანი
[სურათი 15 გვერდზე]
სატელიტიდან გადაღებული ისლანდია
[სურათის საავტორო უფლებები 14 გვერდზე]
Lava fountain: © Tom Pfeiffer; aerial photo: U.S. Geological Survey; satellite photo: Jacques Descloitres, MODIS Rapid Response Team, NASA/GSFC