არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქალ-ვაჟის ურთიერთობა ქორწინებამდე

ქალ-ვაჟის ურთიერთობა ქორწინებამდე

ბიბლიის თვალსაზრისი

ქალ-ვაჟის ურთიერთობა ქორწინებამდე

ჯული და ლი ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ურთიერთობის დროს ზნეობრივი სიწმინდე შეენარჩუნებინათ. * მაგრამ ერთ საღამოს, როცა ისინი მარტონი დარჩნენ, მათში სქესობრივმა ლტოლვამ გაიღვიძა. საბედნიეროდ, ისინი დროზე მოეგნენ გონს და უფრო სერიოზულ შეცდომას აარიდეს თავი.

ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემა მხოლოდ ყოველკვირეულ რელიგიურ შეხვედრებზე დასწრებას არ გულისხმობს. ეს არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ქცევასა და ზნეობაზე. იესო ქრისტემ თქვა, რომ ღვთის მოწონებას მხოლოდ ის დაიმსახურებს, „ვინც ასრულებს“ მის ნებას (მათე 7:21). თუ გვინდა, ღმერთს ვასიამოვნოთ, საპირისპირო სქესის ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ, თუ დაქორწინებას ვაპირებთ და ეს ურთიერთობა ღირსეული უნდა იყოს.

როგორ უნდა შეინარჩუნოთ საპირისპირო სქესის ადამიანთან ღვთის თვალში წმინდა ურთიერთობა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოებრივი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი ზნეობრივი სიწმინდის დაცვა? პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ ღმერთმა ყველა პრინციპი ისევ ჩვენს სასიკეთოდ დაადგინა. მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ჩვენი არასრულყოფილი ბუნებაა. მესამე, წინასწარ უნდა დაადგინოთ საზღვარი, რომელსაც არ გადახვალთ. და მეოთხე, თქვენი ურთიერთობის დროს ღვთის პრინციპები არ უნდა დაივიწყოთ. ახლა სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ჩვენს სასიკეთოდ დადგენილი კანონები

ესაიას 48:17 18-ში ვკითხულობთ: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“.

ღვთის წმინდა სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები და კანონები ჩვენ სასარგებლოდ დაიწერა (2 ტიმოთე 3:16, 17). ეს პრინციპები და კანონები იმაზე მოწმობს, რომ შემოქმედი ნამდვილად ზრუნავს ჩვენზე და უნდა, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებულები და ბედნიერები ვიყოთ (ფსალმუნი 19:7—10). თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტ სიბრძნეს ფლობთ.

გაითვალისწინეთ ადამიანის არასრულყოფილი ბუნება

იეჰოვა ნამდვილი მეგობარივით გულწრფელად გვეუბნება სიმართლეს ჩვენს შესახებ. მაგალითად, ის თავის სიტყვაში გვაფრთხილებს: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერემია 17:9). მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ „საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია; სიბრძნით მავალი გადარჩება“ (იგავები 28:26).

რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ქალ-ვაჟი, რომელიც ერთმანეთს ხვდება, საკუთარ გულზეა დაიმედებული? თუ სტატიის დასაწყისში მოხსენიებული წყვილის მსგავსად თავს არ არიდებენ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც ადვილად შეიძლება მეტისმეტი სიახლოვის სურვილი გაუჩნდეთ; ან თუ არ ითვალისწინებენ ღვთისმოშიში მშობლების რჩევებს, რომლებსაც კარგად ესმით, რომ სექსუალური სურვილები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ძალიან ძლიერია და აუცილებელია მათი გაკონტროლება.

ღვთისმოშიში ახალგაზრდები კი სერიოზულად ეკიდებიან მშობლების რჩევებს და გულთან ახლოს მიაქვთ მათი სიტყვები, რადგან ესმით, რომ მშობლები სიყვარულით აძლევენ რჩევებს, მიუხედავად იმისა სიამოვნებთ თუ არა ეს შვილებს. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მეტად თქვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს უყვარხართ. ის გირჩევთ: „გულიდან მოიშორე მწუხარება და აარიდე ხორცს უბედურება“ (ეკლესიასტე 11:9, 10). ამას კი იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ არასწორ სურვილებს არ აჰყვებით.

წინასწარ დაადგინეთ საზღვარი, რომელსაც არ გადახვალთ

„მოთათბირეებთან . . . სიბრძნეა“ (იგავები 13:10). ამ მუხლიდან გამომდინარე გონიერი წყვილი ურთიერთობის დასაწყისშივე ადგენს, ზომიერების ფარგლებში როგორ გამოხატავენ სითბოს ერთმანეთის მიმართ და ცდილობენ, რომ ამ საზღვარს არ გადავიდნენ. თუ თავს ზედმეტ თავისუფლებას მისცემენ და საკუთარ თავში ზედმეტად იქნებიან დარწმუნებულნი, ეს ისეთივე სახიფათო იქნება, როგორიც მანქანის დაუდევრად მართვა. რა აზრი ექნება უსაფრთხოების ზომების მიღებას მაშინ, როცა მანქანა გადაიჩეხება?!

ბიბლიაში წერია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ამიტომ, გაცნობის პერიოდში გონივრულია, თუ წყვილი მეგობრების წრეში ხვდება ერთმანეთს ან ვინმეს სთხოვს, რომ მათთან ერთად იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი სინდისის ქენჯნა, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ პატივისცემის დაკარგვა და ოჯახის შერცხვენა იქნება. იყავით გამჭრიახები და მთელი გულით ეცადეთ, ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები გამოიყენოთ.

იეჰოვა იყოს „მესამე ძაფი“

ქორწინება სამმაგი ძაფივითაა, რომელშიც მთავარი ადგილი ღმერთს უკავია. „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 4:12-ში. ქალ-ვაჟმა, რომელიც დაქორწინების მიზნით ერთმანეთს ხვდება, იგივე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს. თუ წყვილს უნდა, რომ მათი ურთიერთობა ღვთისგან იყოს კურთხეული, პირველ რიგში ისინი ღმერთს უნდა დაუახლოვდნენ. „ბედნიერია კაცი [ან ქალი], რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის . . . იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ . . . ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“, — ნათქვამია ფსალმუნის 1:1—3-ში.

ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ცხოვრებაში წარმატებული, მათ შორის ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, თუ ყველაფერს იეჰოვას მოსაწონად აკეთებს. ის ჩვენი შემოქმედია და რომანტიკული ურთიერთობაც და ქორწინებაც მისგან ბოძებული საჩუქრებია, რომლებსაც დაფასება და მოფრთხილება სჭირდება (იაკობი 1:17).

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

გიფიქრიათ?

● საიდან ვიცით, რომ იეჰოვას საუკეთესო სურს ჩვენთვის? (ესაია 48:17, 18).

● რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი არასრულყოფილი ბუნების შესახებ? (იერემია 17:9).

● როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ? (ფსალმუნი 1:1—3).

[სურათი 13 გვერდზე]

გონიერი ქალ-ვაჟი ურთიერთობის დასაწყისშივე ადგენს, ზომიერების ფარგლებში როგორ გამოხატონ სითბო ერთმანეთის მიმართ და ცდილობენ, რომ ამ საზღვარს არ გადავიდნენ