არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუნება შთაგონების წყარო

ბუნება შთაგონების წყარო

ბუნება შთაგონების წყარო

„ჰკითხე . . . ცის ფრინველებს, და გეტყვიან . . . ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია“ (იობი 12:7—9).

ფრინველის აგებულება იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ფრენისთვის არიან შექმნილი. მაგალითად, ფრთის ბუმბულის ღეროები ფრენისას ფრინველის მთელ სხეულს იჭერს ჰაერში. როგორ არის შესაძლებელი, რომ ფრინველის ფრთები მსუბუქიცაა და ამავდროულად მტკიცე? ამას მაშინ გაიგებთ, თუ ბუმბულის ღეროს გადაჭრით. ის სენდვიჩ-პანელებს მოგვაგონებს, რომლებსაც მშენებლობაში იყენებენ. ღეროს შიდა ნაწილი ფორებიანია, გარეთა კი — უხეში. ინჟინრებმა ბუმბულის ღერო შეისწავლეს და თვითმფრინავების ასაგებად სენდვიჩ-პანელები გამოიყენეს.

ფრინველის ძვლებიც საოცრად არის შექმნილი. მათი უმეტესობა ღრუიანია, ზოგი გამაგრებულია შიდა საყრდენებით. საინტერესოა, რომ მსგავსი კონსტრუქციით იყო აგებული კოსმოსური ხომალდის ფრთები.

თანამედროვე საჰაერო ხომალდებს პილოტები წონასწორობას უნარჩუნებენ ფრთაუკანებისა და კუდის მოძრაობით. ფრინველი კი ფრთებისა და მხრების დაახლოებით 48 კუნთს იყენებს იმისათვის, რომ ფრთები და ცალკეული ბუმბული ამოძრაოს და საჭირო მიმართულებით მოხაროს; ის ამას წამში რამდენჯერმე აკეთებს. გასაკვირი არ არის, რატომ უყურებენ ავიაინჟინრები შურის თვალით ფრინველის შესაძლებლობებს.

ფრენა, განსაკუთრებით კი აფრენა დიდ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც აქვთ ფრინველებს ძლიერი „ძრავა“, რომელიც სწრაფად „წვავს საწვავს“. ფრინველის გული გაცილებით სწრაფად ფეთქავს, ვიდრე იმავე ზომის ძუძუმწოვრის გული, თანაც ფრინველის გული უფრო დიდი და ძლიერია. მათ ფილტვებიც განსხვავებული აქვთ ძუძუმწოვრების ფილტვებისგან. ფრინველებს გააჩნიათ ორმაგი სუნთქვის სისტემა. ამიტომაც ძუძუმწოვრებთან შედარებით ისინი უფრო კარგად ითვისებენ ჟანგბადს.

და მაინც, რამდენად „ეფექტური ძრავა“ აქვს ფრინველს? თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია საკმარისი საწვავის მარაგით აფრენა და დიდი მანძილის დაფარვა, ეფექტურად ითვლება. ბოინგ 747-მა ათი საათი რომ იფრინოს, ავზში დაახლოებით თავისი წონის მესამედი საწვავი უნდა ჰქონდეს. მსგავსადვე, შაშვი, რომელიც გადამფრენი ფრინველია, ათსაათიანი ფრენის განმავლობაში თავისი წონის თითქმის ნახევარს კარგავს. ხოლო ლია (Limosa lapponica baueri), ალასკადან ახალ ზელანდიაში დაახლოებით 190 საათს (8 დღე და ღამე) შეუსვენებლივ მიფრინავს. აფრენის დროს მისი სხეულის მასის ნახევარზე მეტი ცხიმია. გასაოცარია, რომ მასთან ვერც ერთი საჰაერო ხომალდი ვერ მოვა.