არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გველის კულტი რელიგიებში ძველად და ახლა

გველის კულტი რელიგიებში ძველად და ახლა

გველის კულტი რელიგიებში ძველად და ახლა

ძველი ეგვიპტელები და კრეტის პირველი მოსახლეები, მინოსელები, გველებს სცემდნენ თაყვანს. ზოგი ისრაელი სპილენძის გველს სწირავდა მსხვერპლს, ზოგიც ქვეწარმავლების გამოსახულებებს უკმევდა საკმეველს (ეზეკიელი 8:10—12; 2 მეფეები 18:4).

გველღმერთების თაყვანისცემა ძველად მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებშიც იყო გავრცელებული. მაიას ტომის უზენაესი ღვთაება იტცამნა ზოგჯერ გველით იყო წარმოდგენილი. კეცალკოატლი ფრთოსანი გველი, ტოლტეკთა ტომების სწავლა-განათლების, კულტურისა და ფილოსოფიის ღმერთი იყო. კეცალკოატლს აცტეკებიც სწავლა-განათლების ღმერთად მიიჩნევდნენ; უფრო მეტიც, მას თაყვანს სცემდნენ, როგორც ადამიანის შემოქმედს. გველღმერთების მრავალმხრივი როლისა და შესაძლებლობების შესახებ, ჟურნალ „მექსიკურ არქეოლოგიაში“ აღნიშნულია: „არც ერთ სხვა ღვთაებას არ ჰქონდა იმდენი როლი, რამდენიც ფრთოსან გველს“.

მეზოამერიკის მკვიდრნი ფრთოსან გველს საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებოდნენ. დღეს ამ ღვთაების თაყვანისცემა შემორჩენილია მექსიკაში, კერძოდ კორასა და უიჩოლის ხალხებში. ზოგ რელიგიურ დღესასწაულზე დღესაც სრულდება ცეკვები, რომლის დროსაც მოცეკვავეებს ბუმბულები უკეთიათ და გველის მოძრაობებს ასრულებენ. კეჩუას ტომი ნაყოფიერების რიტუალის შესრულებისას, ცოცხალ გველებს იყენებს. გვატემალაში მცხოვრები მაიას ტომთა ჯგუფი, ჩორტი, თაყვანს სცემს ფრთოსან გველს და ზოგიერთ კათოლიკე წმინდანთან აიგივებს.

ისმის კითხვა: რას ფიქრობს ადამიანისა და ცხოველის, მათ შორის გველის შემოქმედი, გველღმერთების თაყვანისცემაზე?

ღვთის შეხედულება გველების თაყვანისცემაზე

იეჰოვა ღმერთმა ძველად ისრაელ ერს უბრძანა: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5).

იეჰოვა უკრძალავდა თავის ხალხს ცხოველთა გამოსახულებების თაყვანისცემას, მათ შორის გველების. აქედან გამომდინარე, განა ნათელი არ არის, რომ ვისაც ღვთისმოსაწონად ცხოვრება უნდა, გველებს თაყვანი არ უნდა სცეს? რატომ კრძალავს ღმერთი კერპთაყვანისმცემლობას? მიზეზი მარტივია: ღმერთია ადამიანის, გველის თუ ყველა სხვა ცოცხალი არსების შემოქმედი. ყველაფერი მისი ნახელავია, ამიტომ თაყვანი მხოლოდ მას უნდა ვცეთ და არა იმას, რაც მისი შექმნილია.

წარმოიდგინეთ, რომ არქიტექტორმა დააპროექტა და ააშენა სახლები და შემდეგ ხალხს გადასცა, რომ ეცხოვრათ და გაეხარათ. რას იფიქრებდით, თუ ხალხი მადლობას არქიტექტორს კი არა, სახლებს გადაუხდიდა? ეს სასაცილო იქნებოდა, თანაც კეთილი არქიტექტორის შეურაცხყოფა. მსგავსადვე შეურაცხყოფს ცხოველების თაყვანისცემა ღმერთს.

ვისაც სურს ღვთისმოსაწონად ცხოვრება, იოანე მოციქულის რჩევა უნდა გაითვალისწინოს: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).

[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]

გველის ხელში აყვანა თაყვანისმცემლობისას

● შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებობს ისეთი ქარიზმატული ეკლესიები, რომლის წევრებიც შხამიან გველებს ხელში იყვანენ. ზოგი გველს მხრებზე იხვევს, ზოგს კი შეუძლია ერთდროულად რამდენიმე შხამიანი გველი დაიჭიროს ხელში. ამ დროს გველი შეიძლება დაფრთხეს და კაცს უკბინოს. თაყვანისცემისას გველის ნაკბენით ბევრი მომკვდარა.

ვინც თაყვანისმცემლობის დროს გველებს იყენებს, თავის მოქმედებას ხსნის მარკოზის 16:17, 18-ში ჩაწერილი სიტყვებით, სადაც მოხსენიებულია გველების ხელში აყვანა. აღსანიშნავია, რომ „მეფე ჯეიმზის თარგმანსა“ და სხვა უფრო ძველ თარგმანებში ეს მუხლები ორიგინალი ტექსტის ნაწილად არის მიჩნეული. „ახალ გადამუშავებულ სტანდარტულ თარგმანში“, „ახალ ამერიკულ სტანდარტულ ბიბლიასა“ და „მეფე ჯეიმზის თარგმანის გადამუშავებულ გამოცემაში“ აღნიშნულია, რომ მარკოზის სახარების უძველეს მანუსკრიპტებში ეს მუხლები არ გვხვდება.

ბიბლიური სწავლებები მხარს არ უჭერს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გველების გამოყენებას. ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ალბათ, დაეთანხმებით იმ აზრს, რომ მოსიყვარულე შემოქმედი არ ისურვებდა, თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მის საამებლად სახიფათო რიტუალები შეესრულებინათ. იესო ხალხს ეუბნებოდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, 29). იეჰოვა ღმერთს და იესოს ნამდვილად არ სურთ, რომ მათმა მიმდევრებმა გველის ნაკბენით გამოწვეული ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი განიცადონ!

[საავტორო უფლება]

REUTERS/Tami Chappell

[სურათი 22 გვერდზე]

ფრთოსანი გველის თავი აცტეკების ტაძრის კედელზე

[სურათი 22 გვერდზე]

ტოლტეკთა ღმერთი კეცალკოატლი, ფრთოსანი გველი (ბარელიეფი)

[სურათის საავტორო უფლებები 22 გვერდზე]

Top: REUTERS/Tami Chappell; bottom: © Leonardo Díaz Romero/age fotostock