არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღემდე მნიშვნელოვანია ბიბლიის ყველა ნაწილი?

დღემდე მნიშვნელოვანია ბიბლიის ყველა ნაწილი?

ბიბლიის თვალსაზრისი

დღემდე მნიშვნელოვანია ბიბლიის ყველა ნაწილი?

„თანამედროვე ადამიანისთვის ბიბლია პრაქტიკულად გამოუსადეგარი წიგნია. ამ წიგნიდან ზოგი რამის ცოდნა კროსვორდების ამოსახსნელად და სატელევიზიო თამაშების მოსაგებად თუ გამოადგება კაცს“.

„ბიბლიურ დროში მცხოვრებთათვის ისეთი საკითხები, როგორიცაა გენეალოგია, უმანკოება და ღვთის შიში ხალხის კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ეს ყველაფერი უკვე აღარავის აინტერესებს“.

„ბიბლია ჯერ კიდევ მაშინ იყო მოძველებული, სანამ პირველად დაიბეჭდებოდა“.

ეს კომენტარები ახლახან განთავსდა ვებ-გვერდზე, რომლის თემაც იყო „მოძველებული და უსარგებლო წიგნია ბიბლია?“ თქვენც იზიარებთ ზემოთქმულ აზრებს?

შეიძლება ბიბლია ერთი ხელის მოსმით არ უარყოთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ყველაფერი, რაც მასში წერია მნიშვნელოვანი არ არის. მრავალ ეკლესიაში ბიბლიას „ძველ აღთქმად“ და „ახალ აღთქმად“ ყოფენ, ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბიბლიის 75 პროცენტი მოძველებულია.

დღეს აღარავინ სწირავს მოსეს კანონით გათვალისწინებულ ცხოველურ შესაწირავს. მაშ, რა საჭირო იყო ჩვენამდე მოეღწია მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებულ დეტალებს, რომლებიც „ლევიანების“ წიგნშია ჩაწერილი? (ლევიანები 1:1—7:38). რას ვიტყვით „პირველი მატიანეს“ პირველ რამდენიმე თავზე, რომელიც უმეტესწილად საგვარეულო ნუსხას ეხება? (1 მატიანე 1:1—9:44). თუკი დღეს არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია იმის დადგენა, ამ თავებში მოხსენიებულ რომელ საგვარეულო ხაზს ეკუთვნის, რაღა საჭიროა მათი წაკითხვა?

დავუშვათ, ხიდან ვაშლი მოწყვიტე. რაკი უკვე გაქვს ვაშლი, იტყვი, რომ ხე, რომელმაც ეს ვაშლი მოისხა, უსარგებლოა? ცხადია, არა, თუ ვაშლი კიდევ გინდა. იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიაზე. მისი ზოგი მონაკვეთი, მაგალითად „ფსალმუნები“ და „მთაზე ქადაგება“, პრაქტიკული და სულისთვის საამოა. თუ ბიბლიის ეს მონაკვეთები ჩვენთვის ისეთივე „გემრიელია“, როგორც საყვარელი ხილი, ნუთუ დანარჩენს ხაზი უნდა გადავუსვათ?

ახ. წ. დაახლოებით 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა. ის ტიმოთეს ახსენებდა: „ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“. შემდეგ განაგრძო: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:15, 16). მხოლოდ „ახალ აღთქმას“ გულისხმობდა პავლე სიტყვებში „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“?

შენიშნეთ, პავლე ამბობს, რომ ტიმოთემ „წმინდა წერილები“ ჩვილობიდან იცოდა. ცნობილია, რომ ტიმოთე დაახლოებით 30 წლის იყო, როცა პავლემ მას ეს წერილი მისწერა. აქედან გამომდინარე, როცა იესო მოკვდა, ტიმოთე ჩვილი იყო. იმ პერიოდში კი ახალი აღთქმა ანუ ბერძნული წერილები ჯერ არ იყო დაწერილი. ტიმოთეს დედა ებრაელი იყო, ამიტომ ის პატარა ტიმოთეს, როგორც ჩანს, ძველ აღთქმას ანუ ებრაულ წერილებს ასწავლიდა (საქმეები 16:1). „მთელ წმინდა წერილებში“ პავლე, უდავოდ, ძველ აღთქმას გულისხმობდა, რომელშიც ასევე შესული იყო მსხვერპლშეწირვის წესები და გენეალოგია.

დღეს ბიბლიის ეს მონაკვეთები ჩვენთვის ისევე სასარგებლოა, როგორც 1 900 წელზე მეტი ხნის წინათ ტიმოთესთვის იყო. ღვთის ნება რომ არა, ბიბლია არ დაიწერებოდა და არც ღვთის რჩეულები შემოინახავდნენ მას ჩვენს დრომდე (რომაელები 3:1, 2). ისრაელისთვის მოსეს კანონი უბრალოდ წმინდა რელიკვია არ ყოფილა, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემოდა. ის ერის კონსტიტუცია იყო. კანონში აღწერილი დეტალები, რომლებიც დღეს უსარგებლო გვეჩვენება, აუცილებელი იყო ისრაელი ერის გადარჩენისა და კეთილდღეობისთვის. ბიბლიაში გენეალოგიური ნუსხის შეტანა კი საჭირო იყო მესიის ამოსაცნობად, ვინც წინასწარმეტყველებისამებრ მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (2 სამუელი 7:12, 13; ლუკა 1:32; 3:23—31).

მართალია, ქრისტიანები მოსეს კანონს არ ვემორჩილებით, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები მესია, იესო ქრისტე აუცილებლად უნდა გვწამდეს. ბიბლიაში ჩაწერილი ძველი გენეალოგიური ნუსხები იმაზე მოწმობს, რომ იესო ნამდვილად დაპირებული „დავითის ძე“ იყო. შესაწირავებთან დაკავშირებული დეტალები თუ გვეცოდინება, უკეთ დავაფასებთ გაცილებით მნიშვნელოვან მსხვერპლს, იესო ქრისტეს (ებრაელები 9:11, 12).

პირველ საუკუნეში პავლემ რომის კრებას მისწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). ამ მუხლიდან ჩანს, რომ ბიბლია ჩვენ სასარგებლოდ დაიწერა, და არა მარტო ჩვენ სასარგებლოდ. 3 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სინას უდაბნოში, აღთქმულ მიწაზე, ბაბილონის ტყვეობაში თუ რომის იმპერიის დროს ღვთივშთაგონებული სიტყვები ღვთის ხალხს ხელმძღვანელობდა, მოძღვრავდა და უკეთესობისკენ ცვლიდა. ეს დღესაც ასეა მთელ მსოფლიოში. ამით ვერც ერთი სხვა წიგნი ვერ დაიკვეხნის. როგორც ვაშლის ხის ფესვები არ ჩანს მიწის ზედაპირზე, ისე ბიბლიის ზოგი მონაკვეთის მნიშვნელოვნების დანახვა, ერთი შეხედვით, შეიძლება გაგვიჭირდეს. მეტი კვლევაა საჭირო, რომ ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია, დავაფასოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი მცდელობა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

გიფიქრიათ?

● რა ასაკიდან იცოდა ტიმოთემ „წმინდა წერილები“? (2 ტიმოთე 3:15)

● ბიბლიის რომელი ნაწილია ღვთისგან შთაგონებული და სასარგებლო? (2 ტიმოთე 3:16)

● რატომ არის ჩვენთვის კარგი იმის ცოდნა, „რაც წინათ დაიწერა“? (რომაელები 15:4)

[სურათები 29 გვერდზე]

შესაწირავებთან დაკავშირებული დეტალები თუ გვეცოდინება, უკეთ დავაფასებთ იესო ქრისტეს მსხვერპლს