არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?

ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?

ახალგაზრდების შეკითხვები

ნუთუ მშობლების გარეშე ერთი ნაბიჯი ვერ უნდა გადავდგა?

აღნიშნე ✔ მოყვანილ სიტუაციებში რომელი პასუხია შენთვის ყველაზე მისაღები.

1. შენს ოთახში ხარ და ამ დროს შენი და ან ძმა დაკაკუნების გარეშე შემორბის.

რა პრობლემაა, მეც ასე ვიქცევი.

ეს ხომ უზრდელობაა. იქნებ ტანსაცმელს ვიცვლი.

2. ტელეფონით მეგობარს ელაპარაკები და შეამჩნიე, რომ დედა იქვე დგას და გისმენს.

რა პრობლემაა, დასამალი არაფერი მაქვს.

ეს საშინელებაა, ასე მგონია მითვალთვალებენ.

3. სახლში ახალი შესული ხარ და მშობლები კითხვებს გაყრიან: სად იყავი? ვისთან ერთად იყავი? რას აკეთებდი?

რა პრობლემაა, მათ ისედაც ყველაფერს ვეუბნები.

ეს გამაღიზიანებელია. გამოდის, რომ მშობლები არ მენდობიან.

ბავშვობაში ალბათ ბევრ რამეზე პრეტენზია არ გქონდა. როცა შენს ოთახში პატარა ძამიკო ან დაიკო შემოირბენდა, საწინააღმდეგო არაფერი გქონდა. თუ მშობლები რამეს გკითხავდნენ, უპრობლემოდ პასუხობდი. შენი ცხოვრება გადაშლილ წიგნს ჰგავდა, რადგან არაფერს მალავდი. მაგრამ ახლა ფიქრობ, რომ წიგნის დახურვის დრო მოვიდა და შენს პირად საქმეში სხვები არ უნდა ჩაახედო: „ზოგჯერ არ მინდა, რომ მშობლებს ყველაფერი ვუთხრა“, — ამბობს 14 წლის კორე *.

მაშ, რატომ გაგიჩნდა დამოუკიდებლობისა და განმარტოების სურვილი? უპირველესად იმიტომ, რომ უკვე პატარა აღარა ხარ. მოზარდობის ასაკში სხეულში მიმდინარე ცვლილებების გამო ზოგ ახალგაზრდას კომპლექსები უჩნდება და ოჯახის წევრებთანაც კი შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს. გარდა ამისა, ამ პერიოდში მას განსაკუთრებით უჩნდება განმარტოებისა და ფიქრის სურვილი. თუ შენს შემთხვევაშიც ასეა, ეს იმის ნიშანია, რომ „ცოდნა და ჭკუა“ გემატება; ბიბლია ძალიან აფასებს ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებსაც ფიქრი უყვართ (იგავები 1:1, 4; კანონი 32:29). იესოც წავიდა „უკაცრიელ ადგილზე“, რათა ეფიქრა (მათე 14:13).

ვინაიდან ჯერ კიდევ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ხარ, მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ხდება შენს ცხოვრებაში (ეფესოელები 6:1). მაგრამ, თუ ფიქრობ, რომ უკვე დიდი ხარ და დამოუკიდებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები, ამის გამო შეიძლება მშობლებთან კამათი მოგივიდეს. როგორ შეგიძლია ამ უთანხმოების მოგვარება? განვიხილოთ, რა დროს წამოიჭრება პრობლემა.

როცა განმარტოება გსურს

განმარტოება შესაძლოა ბევრი მიზეზის გამო გინდოდეს: მაგალითად, „ცოტა დასვენებისთვის“ (მარკოზი 6:31); ან ლოცვისთვის, როგორც ეს იესომაც ურჩია თავის მოწაფეებს: „შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას“ (მათე 6:6; მარკოზი 1:35). მაგრამ, როცა ოთახში იკეტები, მშობლებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ ლოცულობ და არც შენს და-ძმებს ესმოდეთ, რატომ განმარტოვდი.

რა უნდა გააკეთო. ნაცვლად იმისა, რომ იკამათო და იჩხუბო, სცადე:

● შენმა და-ძმებმა წარამარა რომ არ შეგაწუხონ, რამდენიმე გონივრული წესი დაუდგინე. შეგიძლია ამ საქმეში მშობლები დაიხმარო.

● შედი მშობლების მდგომარეობაში. 16 წლის რებეკა ამბობს: „მშობლები მამოწმებენ ხოლმე, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მათ ადგილზე მეც გავაკონტროლებდი ჩემს შვილს, მით უმეტეს, როცა ვიცი, რა განსაცდელებს ხვდებიან დღეს ახალგაზრდები“. რებეკას მსგავსად, შეგიძლია შენც გაიგო, რატომ წუხან შენზე მშობლები? (იგავები 19:11).

● გულწრფელად ჰკითხე საკუთარ თავს: ხომ არ ვაძლევ მშობლებს ეჭვის საბაბს, როცა ოთახში ვიკეტები? ისე ხომ არ ვასაიდუმლოებ ჩემს ცხოვრებას, რომ მშობლებს ისღა დარჩენიათ, მითვალთვალონ? როგორც წესი, რაც უფრო გახსნილი იქნები მშობლებთან, მით ნაკლებად დაგიწყებენ ეჭვის თვალით ყურებას. *

სამოქმედო გეგმა. ქვემოთ დაწერე, რას ეტყვი მშობლებს ამ საკითხზე.

․․․․․

როცა მეგობრებს ირჩევ

თუ ოჯახის წევრების გარდა სხვებთანაც გინდა მეგობრობა, ეს სავსებით ნორმალურია. ისიც ბუნებრივია, რომ მშობლები დაინტერესდნენ შენი მეგობრების ვინაობით და იმით, თუ რას აკეთებთ ერთად. სიმართლე რომ ვთქვათ, ამის ცოდნა მათი მოვალეობაა. შენ კი, მშობლების ამგვარი დაინტერესება, შეიძლება არანორმალური მოგეჩვენოს. „არ მინდა რომ მშობლები თავზე მადგნენ, ელ-ფოსტა და მობილური მიმოწმონ და ყოველ ათ წუთში მკითხონ, ვის ველაპარაკები“, — ამბობს 16 წლის ემი.

რა უნდა გააკეთო. ნაცვლად იმისა, რომ მეგობრების გამო შენსა და მშობლებს შორის კედელი აღმართო, სცადე:

● უთხარი მშობლებს, ვინ არიან შენი მეგობრები და გააცანი ისინი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სხვა არჩევანს არ დაუტოვებ გარდა იმისა, რომ დეტექტივის როლი ითამაშონ. გახსოვდეს, მშობლებმა კარგად იციან, რომ მეგობრები შენზე გავლენას მოახდენენ (1 კორინთელები 15:33). მშობლები უფრო მშვიდად იქნებიან, თუ ეცოდინებათ ვისთან ატარებ დროს.

● მშობლებს პატივისცემით ელაპარაკე. ნუ ეტყვი, რომ შენს საქმეში არ უნდა ჩაერიონ. დაახლოებით ასეთი რამ უთხარი: „ყველაფერი, რასაც მეგობრებს თქვენი თანდასწრებით ვეტყვი, ასე მგონია, კრიტიკულად იქნება გაშიფრული. ზოგჯერ არც კი ვიცი, რა ვთქვა“. ამის შემდეგ მშობლებმა შეიძლება მეგობრებთან საურთიერთოდ განმარტოვების საშუალება მოგცენ (იგავები 16:23).

● გულწრფელი იყავი საკუთარ თავთან. მართლა განმარტოება გინდა, თუ მშობლებს რაღაცას უმალავ? ბრიტანი ამბობს: „თუ მოზარდი ხარ და მშობლებს შენი მომავალი აფიქრებთ, ასე იმსჯელე: თუ ცუდს არაფერს ვაკეთებ, რა მაქვს დასამალი? მაგრამ, თუ რაღაცის დამალვა გინდა, ესე იგი, საქმე არც ისე კარგადაა“.

სამოქმედო გეგმა. ქვემოთ დაწერე, რას ეტყვი მშობლებს ამ საკითხზე.

․․․․․

საკუთარ თავთან მარტო დარჩენა

ახლა დაფიქრდი, როგორ შეგიძლია კონკრეტულ შემთხვევებში გამოსავლის მოძებნა.

ნაბიჯი 1: გაერკვიე, რა გინდა.

რა შემთხვევაში გინდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა?

․․․․․

ნაბიჯი 2: გაითვალისწინე მშობლების აზრი.

დაფიქრდი, რატომ წუხან ისინი შენზე?

․․․․․

ნაბიჯი 3: ეძებე გამოსავალი.

ა) დაწერე თუნდაც ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება შენდა უნებურად პრობლემა გამოიწვიოს.

․․․․․

ბ) დაწერე, რა შეგიძლია შეცვალო ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად?

․․․․․

გ) რა ზომით ისურვებდი, რომ მშობლები შენს საქმეში ჩარეულიყვნენ?

․․․․․

ნაბიჯი 4: დაელაპარაკე მშობლებს.

შეარჩიე შესაფერისი დრო, რომ მშობლებს იმაზე ესაუბრო, რაც ზემოთ დაწერე.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 21 თუ მშობლებს არაფერს უმალავ, მაგრამ ისინი მაინც არ გენდობიან, მშვიდად და პატივისცემით აუხსენი, რას გრძნობ. კარგად მოუსმინე და დაფიქრდი, ხომ არ აკეთებ ისეთ რამეს, რაც მშობლებს დააეჭვებდა (იაკობი 1:19).

დაფიქრდი

● რატომ აქვთ მშობლებს შენი ცხოვრებით დაინტერესების უფლება?

● თუ დღესვე სწავლობ მშობლებთან პატივისცემით საუბარს, როგორ დაგეხმარება ეს მომავალში სხვებთან ურთიერთობისას?

[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]

შენი თანატოლები ამბობენ. . .

„თუ ახალგაზრდებს მშობლებთან დასამალი არაფერი აქვთ, მშობლებსაც ნაკლები საფუძველი ექნებათ, შვილებს ელ-ფოსტა და SMS-ები შეუმოწმონ “

„არ გავბრაზდები, თუ მშობლები წერილებს შემიმოწმებენ. თუ ზოგ ქვეყანაში დამსაქმებელს აქვს უფლება თავის ხელქვეითს წერილები შეუმოწმოს, მშობლებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამის უფლება?“

„მშობლებს არ უნდათ, რომ ხიფათს გადაეყარო, ამიტომ ზოგჯერ ისინი ერევიან ჩვენს პირად ცხოვრებაში. შეიძლება ეს სწორად არ მიგვაჩნია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მათ ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი“

[სურათები]

იდენი

კევინი

ალანე

[ჩარჩო 21 გვერდზე]

მშობლებისთვის

● თქვენი ბიჭი საძინებელში შევიდა და კარი მიიხურა. შეხვალთ დაკაკუნების გარეშე?

● თქვენს ქალიშვილს სკოლაში ეჩქარებოდა და მობილური ტელეფონი სახლში დარჩა. წაიკითხავთ მის SMS-ებს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ერთი მხრივ, უფლება გაქვთ იცოდეთ, რა ხდება თქვენი შვილის ცხოვრებაში და მოვალე ხართ, დაიცვათ ის. მეორე მხრივ, ჯაშუშივით ვერ დაუწყებთ დევნას და მის ყოველ ნაბიჯს ვერ გააკონტროლებთ. მაშ, სად არის ოქროს შუალედი?

პირველი: გახსოვდეთ, თუ თქვენი შვილი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდება. მოზარდისთვის ნორმალურია დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. დამოუკიდებელი ადამიანი თავისუფლად ირჩევს მეგობრებს და ცდილობს საზრიანად გადაჭრას პრობლემები (რომაელები 12:1, 2). გარდა ამისა, მას უვითარდება აზროვნების უნარი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს (1 კორინთელები 13:11). დამოუკიდებლობა ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობასაც აძლევს, რომ კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე თავიანთ მრწამსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხებს გასცემენ (იგავები 15:28).

მეორე: იფიქრეთ იმაზეც, რომ თუ თქვენს შვილს ყოველ ნაბიჯს გაუკონტროლებთ, ის შეიძლება გაღიზიანდეს და გაჯიუტდეს (ეფესოელები 6:4; კოლოსელები 3:21). მაშ, თავის ნებაზე უნდა მიუშვათ ბავშვი? არა, რადგან ის ჯერ არასრულწლოვანია. თქვენი მიზანი ის უნდა იყოს, რომ შვილს სინდისის გაწაფვაში დაეხმაროთ (კანონი 6:6, 7; იგავები 22:6). რჩევა-დარიგებით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე თვალთვალით.

მესამე: ესაუბრეთ შვილს და გაიგეთ, რა აწუხებს. ზოგჯერ დათმობაზეც წადით (ფილიპელები 4:5). უთხარით, რომ თუ თქვენს ნდობას გაამართლებს, ზომიერების ფარგლებში თავისუფლებას მისცემთ. აუხსენით, როგორ დაისჯება დაუმორჩილებლობის შემთხვევაში და თუ საჭირო გახდება, დასაჯეთ კიდეც. ასე რომ, შვილს ყოველ ნაბიჯს ნუ გაუკონტროლებთ, თუმცა არც თქვენი მოვალეობა დაივიწყოთ.

[სურათი 20 გვერდზე]

ნდობა შეიძლება ხელფასს შევადაროთ. მის მოპოვებას დამსახურება სჭირდება